ბაქოში ზამთრის ეშინიათ

იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე წარმოვიდგენდით; ახლა არ ველოდით თოვლს; არაპროგნოზირებადი ამინდია – ასეთი ტიპის განცხადებებს წლიდან წლამდე ტრადიციულად ვისმენთ ხოლმე ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ქალაქის წყალსაკანალიზაციო სისტემაზე პასუხისმგებელი კომპანია “აზერსისა” და ქალაქის სხვა სამსახურებისგან.

აზერბაიჯანულ მედიას არაერთხელ წამოუწევია საკითხი, რომ ქალაქის წყალსაკალიზაციო სისტემა არ მუშაობს და ზამთარის დადგომისთანავე, პირველივე ნალექის შემდეგ ბაქო წყალში ტივტივებს.

ჯერ კიდევ ოქტომბერში, როდესაც ქალაქში უხვი ნალექი მოვიდა, ბაქოს ერთ ცენტრალური პროსპექტი – ზია ბუნიადოვი იმის გამო გადაკეტეს, რომ გვირაბები წყლით აისვო, გზები ჩახერგა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც შეფერხდა.

რა უშლის ხელს აზერბაიჯანის დედაქალაქს ზამთარს შიშის გარეშე შეხვდეს

ავტომობილების სიჭარბე

2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აზერბაიჯანში ავტომობილების რიცხვი 1,3 მილიონი იყო. ბოლო 10 წლის მანძლზე ეს მაჩვენებელი 2,2 ჯერ გაიზარდა. ქვეყანაში ყოველ 1000 ადამიანზე 119 მსუბუქი ავტომობილი მოდის, ყოველ 100 ოჯახზე – 52. მანქანების ყველაზე დიდი ნაწილი ბაქოშია კონცენტრირებული და გასაკვირი არ არის, რომ პიკი საათებში საცობია, რომელიც ნალექის დროს კიდევ უფრო ძლიერდება და ქალაქი ფაქტიურად პარალიზებული ხდება.

პოლიტიკური მოძრაობა “რეალის” წევრი, ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ამბობს, რომ ბაქოში მშენებლობის ბუმის პერიოდში მშენებლები შენობის ფუნდამენტის მოწესრიგებისას წყლის მილებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ – მილებს უბრალოდ ჭრიდნენ და საკანალიზაციო ხაზებს უერთებდნენ. შედეგად, მთელი წყალსაკანალიზაიციო სისტემა წყობიდან გამოვიდა.

მეორე მიზეზი ურბანიზაციაა. ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც აზერბაიჯანის რეგიონებიდან საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოდის. საკანალიზაციო მილები, კი, რომელიც ოდესღაც 2 მილიონ მცხოვრებზე იყო გათვლილი, დღეს, ბაქოს 3,5 მილიონი მცხოვრებლისთვის საკმარისი აღარ არის.

საზოგადოებრივი გაერთიანების “მძღოლების განათლების მხარდასჭერად” თავმჯდომარე, ფაზილ მამედოვი ამბობს, რომ პრობლემა იმაშია, რომ დიდი წვიმების დროს წყალი გვირაბებსა და ქალაქის ქვედა შრეებში შედის, რაც ავარიებისა და საცობების მიზეზი ხდება.

“ერთი შეხედვით ბაქოს გზები თითქოს იდეალურია, თუმცა, ცივი სეზონის დადგომისთანავე პრობლემები თავს იჩენს. იმის მიუხედავად, რომ თოვლი იშვიათია ბაქოსთვის, ძირითადი პრობლემები წვიმის დროს იჩენს ხოლმე. შემოდგომის წვიმები კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად უხარისხო გზებია ქალაქში. იმის გამო რომ სადრენაჟო სისტემა არ მუშაობს, გზებზე მუდმივად წყალი გროვდება.

გზები აბსოლუტურად უხარისხოა. ამის ნათელი მაგალითია ბაგიროვის ხიდი ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე. ეს ხიდი ორი ნაწილისგან შედგება. ძირითადი ნაწილი 1953 წელს აშენდა, გვერდითი მონაკვეთები კი 2010-2011 წლებში. ნალექის დროს ვხედავთ, რომ ცენტრალური ნაწლი მუდმივად მუშაობს, დანარჩენი ნაწილი კი წყალმა ჩარეცხა. ეს იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ეკიდებიან გზების მშენებლობის საკითხს. ამის მიზეზი ან განათლების არქონაა ან გულგრილობა”, – ამბობს ფაზილ მამედოვი.

ნალექიანი ამინდის დროს ბაქოში მცხოვრებთა წყრომის ობიექტი ყოველთვის ქალაქის მერი, გაჯიბალა აბუტალიბოვი ხდება, რომელიც მოქალაქეებისთვის მთავარი დამნაშავეა იმის გამო, რომ წვიმების დროს ქალაქი ვენეციად იქცევა ხოლმე. ამასთან, მერიამ მუდმივად დუმს და ბრალდებებზეც არასდროს აკეთებს კომენტარს.

რატომ არ არის ბუნებრივი აირი?

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ზამთრის დადომამდე თავს იჩენს, ბუნებრივი აირის მიწოდებაა. აზერბაიჯანი, რომელიც ლამის მთელი ევროპული ბაზრის ბუნებრივი აირის პერსპექტიული მიმწოდებელი და სამხრეთის კორიდორის პროექტის ინიციატორია, ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემას ქვეყანაშივე ვერ აგვარებს – მოსახლეობის ნაწილს ქვეყანაში ბუნებრივი აირი არ აქვს.

SOCAR-ის ხელმძღვანელი როვნაგ აბდულაევი ამბობს რომ ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა არ დგას და ორიგინალურ გამოსავალს პოულობს ხოლმე ამ კითხვაზე: “ზამთრის პერიოდზე გასასვლა1 ნოემბრიდან იწყება. ზაფხულში ბუნებრივი აირის წნევა მცირდება და ზამთარში 3 ჯერ მატულობს. ამ დროს ადამიანები სახლებში ბუნებრივი აირით თბებიან და სითბოს დაწევის ნაცვლად, ფანჯრებს აღებენ ხოლმე”. ასეთი ხუმრობაც გაჩნდა ხალხში: ფანჯრის დაკეტვა ხომ არ დაგავიწყდა?

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ბუნებრივი აირი ზოგ საცხოვრებელ კორპუსში საერთოდ არ არის. თავისუფალ მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელი ეუბ გუსეინოვი ამბობს, რომ სიცივის დადგომისთანავე ყოველ წელს, ბევრი მოქალაქე აკითხავს.

“ისინი ჩივიან რომ ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ახალ კორპუსებში შეიძინეს ბინები. ეს ის კორპუსებია, რომელიც სახელმწიფო შესაბამის სტუქტურებს ჯერ არ ჩაუბარებია. მშენებელი კომპანიები კი მყიდველებს ატყუებენ რომ ყველანაირი პირობით უზრუნველყოფილ ბინებს ყიდიან. გარდა ამისა, მოგვმართავს ხალხი, რომელიც ჩივის, რომ ბუნებრივი აირის არასაკმარისი წნევის გამო, სახლებში წყალი საკმარისად არ ცხელდება”, – ამბობს გუსეინოვი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თეიმურ მაკსუტოვი არის ბაქოში მცხოვრები ჟურნალისტი. მუშაობს სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის. ნეტგაზეთს ის პერიოდულად აწვდის მასალებს 2016 წლის მარტიდან.