აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია აფხაზეთის საეკლესიო განხეთქილების ერთ-ერთი მხარეა. აქაური ოფიციალური მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებით, მიტროპოლიის მოღვაწეები ქართული მართლმადიდებლურ ეკლესიის გარდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც ემიჯნებიან და რამდენიმე წელია, ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ საკუთარი, აფხაზური გზის გაკვალვას ავტოკეფალიისკენ და ამ საქმეში მსოფლიო პატრიარქის იმედი აქვთ.
რამდენიმე წელია, მიტროპოლია, რომელსაც აფხაზური მოსახლეობის დიდ ნაწილში ზნეობრივი კაპიტალი მოპოვებული აქვს, ერთგვარად ახალი აფხაზური იდენტობის აგებაზე მუშაობს, ისეთზე, მკაფიოდ რომ განსხვავდება საბჭოთა იდილიურ ,,სიმყუდროვეს” შეკედლებული ტიპაჟებისგან, რაც ალბათ ბოლო რამ იყო, რაც ქართველების უმეტესობას აფხაზეთიდან დაამახსოვრდა. პრაქტიკულად, მიტროპოლიის წამყვან ფიგურებს, დოროთე დბარს, ანდრეი ამპარს (დროებით გამოკლებულს ამ მოძრაობიდან) და დავიდ სარსანიას აფხაზური ეკლესიის ის მოდელი აქვთ დასახული განსახორციელებელ იდეალად, რომელიც აფხაზურ საზოგადოებას ყველა მეზობელი ხალხის გავლენისაგან ერთად გაათავისუფლებს.
ქართული ეკლესია პასიურად, დუნედ უქმნის წინააღმდეგობებს ამ დაჯგუფებას. რუსული ეკლესია მისი პრესიცაა და ძლიერი ეჭვია, სპეცსამსახურებიც ახალ-ახალ პრობლემებს ,,შობენ” მათთვის.
ამ დღეებში წმინდა მიტროპოლიის ირგვლივ ერთ-ერთი ასეთი ახალი სკანდალია ატეხილი აფხაზეთში. დავიდ სარსანიას რუსეთის მოქალაქეობა ( რომელიც აფხაზების უმეტესობას აქვს, როგორც ქვეყნის საზღვრების გადასაკვეთად აუცილებელი ლამის ერთადერთი საბუთი) ჩამოერთვა. ავადსახსენებელმა ინტერნეგაზეთმა ,,სპუტნიკმა” რამდენიმე დღის წინ სტატია გამოაქვყენა, რომელიც იუწყება, თითქოს დავიდ სარსანიას საქართველოს პასპორტი აღმოაჩნდა. სარასანია მათი გამახვილებული ყურადღების ქვეშაა მოქცეული, როგორც თბილისში ნასწავლი და აქვე ხელდასხმული სასულიერო პირი. რუსეთის საპატრიარქო პერიოდულად მიტროპოლიის სამივე წარმომადგენელს უკრძალავს სასულიერო მოღვაწეობას. დავიდ სარსანიამ, სხვათა შორის, უარყო ფეისბუქგვერდზე ეს ინფორმაცია. სკანდალი, როგორც ჩანს, იდეოლოგიურად ,,დაჭედილი” გაზეთის მიერ მიზანმიმართულადაა ატეხილი. მაგრამ ეს ამჟამად არაა ჩვენთვის საინტერესო თემა. ფაქტია, რომ ამჟამად შეზღუდვის ამ მცდელობებს მათი ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვის მცდელობაც დაერთო თან. სად შეუძლია გამგზავრება აფხაზს აფხაზური პასპორტით? მსოფლიოს რამდენიმე მეტისმეტად დაშორებულ სახელმწიფოში, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთის მცდელობებით აღიარა, და თავად რუსეთში. სულ ესაა აფხაზეთის მკვიდრთა განვითარებისათვის თუ სამოგზაუროდ გამოყოფილი არეალი.
ქართულ მხარეს ჯერჯერობით იმედი აქვს, რომ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შემოღება თავისთავად მოიტანს იმას, რომ აფხაზები ქართულ პასპორტებს დაეწაფებიან. მოდით, მცირე ხანს შევჩერდეთ ამ საკითხზე. რას ნიშნავს აფხაზისათვის ქართული პასპორტის აღება. ეს, შესაძლოა, მხოლოდ ,,უჩინო” თუ ,,უჩინარმა” აფხაზებმა გაბედონ – ანუ იმათ, ვის ჯიბეშიც არავინ იცქირება, ვის მიმართაც უბრალოდ არ არსებობს საჯარო ინტერესი. ისიც, ასეთმა ადამიანმა სულ გარკვეული შიშით უნდა იცხოვროს: აფხაზეთის კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას ( ცნობილი მიზეზის გამო, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობაა) არ ცნობს. ესე იგი, გაირკვევა თუ არა, რომ ადამიანს ქართული პასპორტი აქვს, იგი ა) ავტომატურად დაკარგავს აფხაზეთის მოქალაქეობას, ბ) ამას, როგორც ჩანს, იდელოგიურად გაბრაზებული რუსეთის სახელმწიფოს მიერ საკუთარი პასორტის ჩამორთმევაც მოჰყვება.
აფხაზეთის ყველა მოქალაქემაც რომ აიღოს ქართული პასპორტი, ამით ქართული სახელმწიფო მის მიერ წლების წინ დასახულ ამოცანებს ვერ მიაღწევს. რა ხელი აქვს თუნდაც რამდენიმე ასეული ქართული პასპორტის არსებობას ტერიტორიაზე, სადაც ქართველებსა და ქართულ სახელმწიფოს სულაც არ ელიან, აფხაზეთის დაბრუნებასთან? პენსიონერებისთვისა თუ სათანადო ასაკს მიღწეული ადამიანისთვის ქართულ პასპორტს რუსულის წინაშე უპირატესობა ვერ აქვს, თუ რატომ – ამას ახალგამოჩეკილი ქართველი ,,ცენტრისტებიც” კარგად ახსნიან. ისევ და ისევ, თუკი ვინმემ რამე მაქინაციებით მოახერხა ორი ან სამი ამ პასპორტის ერთად ქონა, მხოლოდ სრულიად უჩინარი ადამიანი თუ იქნება, თორემ მათ, ვისაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ მოგზაურობა – საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს, ეს ამბავი მხოლოდ თავზე დაკიდებულ მახვილად ექცევათ. რჩება კიდევ ერთი საინტერესო კატეგორია – სტუდენტები, ზოგადად, ახალგაზრდა ადამიანები, მაგრამ ქართული პასპორტის ისეთნაირი ,,ამოტივტივება”, როგორც ეს დავიდ სარასანიას მიმართ იყო ჩაფიქრებული, მათ კარიერას აფხაზეთში, და შესაძლოა რუსეთშიც, მაშინვე წერტილს დაუსვამს. საქართველოში დაფუძნება მათ მრავაპლანიან კონფლიქტებს შეუქმნით, სხვა ქვეყნებისაკენ კი ვალიდური პასპორტის უქონლობის გამო გზა მოეჭრებათ. ნუ მოგვერიდება და მორალურ მხარეზეც ვილაპარაკოთ; აფხაზეთში ცოტაა ოჯახი, რომლისთვისაც უკანასკნელი სცენარი ზნეობრივ არჩევანს არ უკავშირდება. ეს ახალგაზრდები 92-93 წლების, მისი მსხვერპლის ლამის ყოველდღიურ ხსენებაში იზრდებოდნენ. მაშასადამე, რა გამოდის – ერთ მხრეს ეს არჩევანია, მეორე მხარეს – რუსული სახელმწიფოს ყულფი, რომელიც სულ უფრო და უფრო ეჭირება აფხაზეთს – და არის მესამე, “მაცდუნებელი” მხარე, რომელიც ამ ცდუნებით საკუთარი მოქალაქეობის, საკუთარი პასპორტის ღირსებას ამცირებს.
ჩვენთვის ნაცნობმა სამყარომ ცხარე, სისხლიანი თუ გაყინული კონფლიქტი ბევრი იცის, ჩამცხრალი და მოგვარებული – თითქმის არა. ხშირად მიფიქრია, რომ საერთაშორისო სამართალში შესაძლოა ახალი ნორმების თუ ფორმების შემოტანა იყოს საჭირო. ასე ვთქვათ, ,,ჰუმანურად მატყუარა’’, მაგრამ შემრიგებლური ფორმებისა – როდესაც ორ კატეგორიულ მხარეს თანაარსებობის ისეთი ფორმა შეეთავაზება, რომელიც, ზოგადი მიუღებლობის მიუხედავად, რაღაცწილ, ორივე მხარეს აძლევს ხელს, ნაწილობრივ ილუზიას ქმნის იმისას, რასაც მხარეები ესწრაფვიან, ნაწილობრივ კი რეალურად არის მიმსგავსებული სასურველ სურათთან. ასეთი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ სუვერენულ სახელმწიფო წარმონაქმნში მეორე სუვერენული სახელმწიფო წარმონაქმნის არსებობაც, ორმხრივი შეზღუდვებით, რომლებიც მხარეებს მეორე მხარისათვის ზიანის მიმყენებელ ქმედებაში ხელს შეუშლიდათ. თუმცა ახლა კონკრეტული საკითხია ჩვენი სტატიის თემა: აფხაზური პასპორტი, და ახლა ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება, რომ ქართულმა სახელმწიფომ ცალმხრივად, თუნდაც აფხაზების უკითხავად ( კითხვას პასუხი მოჰყვება, როგორი – გასაგებია) მიიღოს კანონი აფხაზური პასპორტის შესახებ, რომლითაც აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემული პასპორტები ფუნქციურად ქართულ პასპორტებს გაუტოლდება? ქართული მხარისთვის ეს საკუთარი პოზიციის კიდევ ერთხელ განმტკიცება იქნება, რომ აფხაზეთი მისი ნაწილია, აფხაზები კი, მართალია, ამ აქტს მათი სუვერენიტეტისადმი მტრულ ქმედებად მიიჩნევენ, მაგრამ ამავე აქტის წყალობით ყველა ის კარი და საზღვარი გაეხსნებათ, რომელიც ჯერჯერობით, მეტ-ნაკლებად ორივეს დახურული გვაქვს, მაგრამ რომლის გახსნასაც ძალიან მალე გვპირდებიან. რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელი გახდა, ამას მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ, ვისაც ესმის, რომ აფხაზეთის იზოლირება რუსული სახელმწიფოსათვის მის მიგდებას ნიშნავს, ამის შემდეგ კი- ეს, მგონი, ადრეც დამიწერია- აფხაზეთს მხოლოდ საქართველო კი არ დაკარგავს, ის სამუდამოდ ამოიშლება მსოფლიოს რუკიდან, ჩვენ მის ადგილას რეგიონში შემოდგმულ ფეხს მივიღებთ, რომელიც მტრისათვის კარის მიხურვის საშუალებას ძალიან დიდი ხნით დაგვაკარგინებს.