სამხრეთ კავკასიის ამბები

კამპანიური სიყვარულის შესახებ

28 ივნისი, 2016 • 1645
კამპანიური სიყვარულის შესახებ

ქართულ სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე მე მხოლოდ ზედაპირული დამკვირვებელი ვარ, მოყვარული, დილეტანტი. რაკი სიტყვა ,,დამკვირვებელი“ ვახსენე, ჩემს დაკვირვებებზეც ვიტყვი ორ სიტყვას. ამ დილეტანტობას პირველივე სტადიაში ვგრნობდი: ზედაპირული მხოლოდ მე არ ვიყავი, მხარეები, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან, საერთო წარსული და საერთო მომავალი აქვთ (რაკი ერთი რეგიონის მკვიდრნი არიან), “წრეზე სიარულის“ გვიანდელ სტადიაში იყვნენ, შესაბამის პროცესებში მონაწილე ადამიანებს უკვე დიდი ხნის მობეზრებული ჰქონდათ თვით პროცესიც, ერთმანეთიც და საკუთარი თავიც. ,,ზედაპირულობა’’განსაზღვრებითვეა ისეთი რაღაც, რაც ან პრობლემაში ჩაღრმავების და გაგების სურვილს/უნარს გამორიცხავს, ან გაგებულის გადაცემის, გავრცელების უსურვილობას/უუნარობას.

“წრეზე სიარულს“ დროდადრო აქციები და კამპანიები ახლდა. ამათ მხოლოდ ქართული მხარე მიმართავდა, საპირისპირო მხარეებს მიაჩნდათ, რომ მათი სიმართლე ხელისგულზე იდო და დანარჩენი მხოლოდ ქართული მხარის გასაკეთებელი იყო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბოლო 7-8 წელიწადია, ამ რწმენაში განმტკიცდნენ. ახლა ისინი თვლიან, რომ ქართული მხარე მთლად მხარეც არაა, ყველაფერს მხოლოდ რუსეთი წყვეტს და ქართველები ამ თავიანთი აქციებით- მობოდიშების- იქნებოდა ის, მისალმების თუ ჩახუტების-სულ ამაოდ ირჯებოდნენ. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილიც ასე ფიქრობდა, ახლაც ასე ფიქრობს. თუმცა ეს აქციები სულაც არ არის ერთგვარი, ერთნაირად ზედაპირული, უსარგებლო ან სასარგებლო. მაგალითად, 2007 წლის ,,ბოდიშის“კამპანია, რომელიც აფხაზეთისადმი იყო მიმართული და რომელმაც მაშინდელ სამთავრობო წრეებში გასაკვირი აგრესია გამოიწვია (ახლა აღარ ვიცი, როგორაა, აქციის საიტზე კარგა ხანს შეიძლებოდა ზოგიერთი ამ პოლიტიკური ფიგურის გაავებული კომენტარების წაკითხვა), აფხაზური საზოგადოებისადმი გაგზავნილი ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო და იმას მოასწავებდა, რომ მისი ვიზავი იცვლება, წარსულს იაზრებს და საურთიერთოდ უფრო საინტერესო ხდება. 2008 წლის ომმა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და შიდა ქართლის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ პროცესს აზრი დააკარგვინა. არადა, კამპანია სწორედ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ის ჯერ უღიარებელ, ესე იგი, მასზე სუსტ მხარეს ხელს უწვდიდა. საერთოდ, ბოდიშის მოხდა ხომ მხოლოდ მაშინაა ღირებული, როცა უპირატესობა შენს მხარესაა. როცა უსუსური ხარ, შენი მონანიებაც პოტენციის უქონელ საქმედ გამოიყურება.

სხვა დანარჩენ ჩახუტებებსა და დაძმური თუ დედაშვილური სიყვარულის შეთავაზებებს შორის პირადად ჩემთვის მხოლოდ ერთი აქცია იყო სიმპათიური. საახალწლო მილოცვა აფხაზურ ენაზე. ათობით ახალგაზრდა, ხალისიანი, პოზიტიური სახე საქართველოდან ღიმილს და კეთილ სურვილს უგზავნიდა აფხაზებს, პათეტიკის გარეშე, სადად, ჩვეულებრივი ადამიანური კეთილგანწყობით. ეს ყველაფერი ასევე სადად და ნიჭიერად იყო გადაღებული და მაშინ მომეჩვენა, რომ აფხაზებმაც ადეკვატურად მიიღეს ეს გზავნილი.

დარწმუნებული ვარ, წლევანდელ ,,მშიბზიას“ ავტორს უსიამოვნო ემოციები დღეისათვის უკვე საკმაოდ ექნება დაგროვებული. სკეპტიკოსების და ,,ძერა-ქორების“ სტანდარტული სეგმენტის გარდა, ამ კამპანიის ავტორს სხვა კატეგორიებისგანაც ერგო კრიტიკა. იმათგან, ვინც ყველა კეთილგანწყობილ ნაბიჯს ჩვეულებრივ მიესალმება. ერთ-ერთი ამათგანი მეც ვიყავი. საერთოდ, ძალიან ცუდი საქციელია, კარგის მოსურნეს კარგ საქმეზე ხელი აუკრა და გული გაუტეხო, ამიტომ ძალიან მოკლედ შევეცდები ავხსნა ამის მიზეზი. პირველი: დღეების თვლა. დღეებს მაშინ ითვლიან, როდესაც შეყრა ორივე მხარისთვის სასურველია. როცა შეხვედრამდე ( რომელიც ან შედგება, ან არა) დღეების მარტოდ თვლას ცალმხრივი და უიმედო სიყვარულის სუნი უდის. ჯანდაბას, ამ სიყვარულის მაინც სჯეროდეთ აფხაზებს. მაგრამ არ სჯერათ. იმიტომ, რომ თითქმის ნებისმიერი, ვინც ამნაირ სალამ-ქალამს კეთილი თვალით უყურებს, ლოყებს არ დაიხოკავს, თუკი ოდესმე რომელიმე ,,მადლიანი“ პოლიტიკური ძალა აფხაზეთს იარაღის ძალით დაუბრუნებს და ამ საქმეს აფხაზების სიცოცხლე ისევ შეეწირება. ამიტომ არ ელიან ჩვენთან შეყრა-შეხვედრას. ამიტომ ხედავენ ჩვენს ზურგს უკან დამალულ ქვას, როცა მარჯვენა მისასალმებლად გვაქვს გაწვდილი. ამნაირი, შეიძლება ცოტა სხვაგვარი, ენამოჩლექილი სალმის გამოცდილება ჩვენც ხომ გვაქვს. დაახლოებით მსგავსი ჩახუტებით უნდა ჩვენი დახრჩობა ჩრდილოელ მეზობელს.
კამპანიის ავტორის გულწრფელობაში რატომღაც ეჭვი მაინც არ მეპარება. თუმცა მთავარი მაინც არ მითქვამს – გამარჯობაზე ხელს ნებისმიერი აგიკრავს, როცა დიდი ხანია ერთ სივრცეში, ერთ წრეზე ერთად ტრიალებთ, როცა შენგან რაღაც ახალს და სხვას ელოდება.

აქამდე არ მიფიქრია, ახლა კი უცებ გამახსენდა, ვინ მავიწყდებოდა, მეც და ჩვენც, ყველას ერთად. ქართველების მხრიდან შეხმიანება აფხაზეთში ადამიანების მხოლოდ ერთ კატეგორიას გაახარებდა, იმას, რომელიც ყველაზე მეტადაა შევიწროებული, შეზღუდული და უფლებააყრილი. ქართული მხარე მას ჯერ არ მისალმებია, იმედი არ მიუცია, სიგნალი არ გაუგზავნია. გალელებმა მხოლოდ ის იციან, რომ ქართველებისგან შენიშვნა არ უნდა დაიმსახურონ, ღალატში არ უნდა იქნან მხილებული. ცალი ასეთი წნეხი საქართველოდანაა, ცალი – აფხაზების მხრიდან. არავინ იცის, როგორია ცხოვრება მუდმივი ბრალდების, მუდმივი ეჭვის ქვეშ. ამ ხალხისთვის ჯერ არავის მოუფიქრებია სხვა როლი, არც ქართველებს, არც აფხაზებს, იმის მიუხედავად ( ადრეც დამიწერია), რომ აფხაზეთში მათ საკმაოდ ჰყავთ გულშემატკივარი და დამცველი. ამ ხალხის გამო მათი ინტერესების დასაცავად არავინ გაუწვდის ხელს აფხაზებს. ძმური სიყვარულის შემხსენებლებს ,,შესარიგებლად“ უფრო ხშირად ერთი მოტივი აქვთ: გალელების იქით, ბევრად შორს რომ პლაჟებია, იქ დაბრუნების სურვილი.

ახლა კი აქ ზოგს აინტერესებს, რატომ არ გვპასუხობენ აფხაზები სალამზე სალმით, დობაზე- ძმობით, ძმობაზე- დობით ან თუნდაც ძმობით და ზოგადად, ჩვენს აღფრთოვანებას ჩვენივე სიყვარულით რატომ არ იზიარებენ, როცა სალამი ღვთისაა, სიყვარული კი თავად არის ღმერთი. არ ვიცი, გამიჭირდება დათვლა, რამდენ აფხაზს აწუხებს გალელების ხვედრი, არც ის ვიცი, ადევნებენ თუ არა თვალს ისინი, სად, როგორ და რა პირობებში დაასახლა ქართულმა სახელმწიფომ, როგორ ეხმარება მათ და რამდენჯერ ესალმება ( ესალმება კი საერთოდ?) გასაჭირში მყოფ დევნილს, რომელიც მას დახმარებისთვის მიმართავს. ბევრს ისიც აინტერესებს, დარწმუნებული ვარ, რა შედეგი მოიტანა აფხაზების უფასოდ მკურნალობამ: შეიგნეს თუ არა, რომ მარტო ქართული სახელმწიფო დახარჯავს მათზე იმ ფულს, რომელიც არაერთი მომაკვდავი თუ უსასოო საკუთარი მოქალაქისთვის არ ემეტება. ოდესღაც, წლების წინ, ვიღაცას აფხაზების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა და გაეაზრებინა, რომ თვალები, ყურები და ვითარების შეფასების უნარი მათაც აქვთ. ბოდიშს ვიხდი ამ შედარებისთვის, მაგრამ რატომღაც ამეკვიატა და ვერ ვიშორებ: მამაკაცის საგარეო გალანტურობისა არავის სჯერა, როცა მისი სახლიდან მისი ცოლის ტირილის ხმა ისმის.

მასალების გადაბეჭდვის წესი