სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ანტირუსული განწყობა მწიფდება

21 ივნისი, 2016 • 1827
სომხეთში ანტირუსული განწყობა მწიფდება

ანტირუსული განწყობის მომწიფება სომხეთში განსაკუთრებით 2016 წლის აპრილის დასაწყისიდან შეინიშნება.

ბოლო საპროტესტო აქცია რუსეთ-სომხეთის მოკავშირეობის წინააღმდეგ ერევანში 13 ივნისს გაიმართა. ამჯერად მოქალაქეები სომხეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საზოგადოების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმება სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომელიც სომხეთს საკუთარ საჰაერო სივრცეზეც დააკარგინებს კონტროლს.

ის, რომ რუსეთი არ არის სანდო მოკავშირე, როგორც ეს არის დეკლარირებული, სომხეთის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2016 წლის აპრილის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ უფრო თვალნათლივ დაინახა. სომხეთის მოქალაქეები რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იმ სამხედრო შეიარაღების მიყიდვის ფაქტით შეშფოთდნენ, რომლითაც იმ დღეებში ყარაბაღში სომეხი ჯარისკაცებიც იღუპებოდნენ.

რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ აქციები ერევანში 12 აპრილს დაიწყო. მაშინ ასობით მოქალაქე სომხეთში რუსეთის საელჩოსთან მივიდა. თუმცა მრავალრიცხოვანმა საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების უფლება არ მისცეს. აქცია საელჩოს ტროტუართან მაინც გაიმართა, თუმცა დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. შენობაში შესვლის მოთხოვნის გამო პოლიციასთან დაპირისპირების ფაქტებიც მოხდა.

იმ დღეს დემონსტრანტები ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირისგან თავისი მოვალეობების დე იურე შესრულებას, გადაწყვეტილებების დროს სომხეთის ეროვნული ინტერსებისა და მისი უსაფრთხოების დაცვასა და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდნენ.

პროტესტის მონაწილეებს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა კონტრარგუმენტები დაახვედრეს, რომ თუკი მოსკოვი ბაქოს იარაღს არ მიჰყიდის, ამ ბაზარს სხვა ქვეყნები დაიკავებენ.

2016 წლის აპრილის დღეებში, იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანულ მხარესთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს მსხვერპლის რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, ეს თემა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა სომხეთის მოქალაქეებისთვის. იმის მიუხედავად, რომ 5 აპრილს მხარეებმა უკვე შეძლეს ცეცხლის შეწყვეტა, მოქალაქეთა პროტესტი მაინც არ შეჩერებულა.

21 აპრილს მორიგი აქცია გაიმართა. მომიტინგეები კვლავ რუსეთის საელჩოსკენ გაეშურნენ. აქციის ძირითადი მესიჯი იყო: “მიწის არც ერთ მტკაველს არ დავთმობთ”.

მაშინდელი აქციის, სახელწოდებით “ხელები შორს არწახისგან: ღირსების მსვლელობა”, მონაწილეთა შორის იყო სტუდენტი, 17 წლის შაგენ არუთუნიანი:

“საკმარისია ისტორიას გადავხედოთ და ვნახავთ, რომ რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მოკავშირე. ის არ ყოფილა არც მისი მფარველი, არც დამცველი, არც გადამრჩენელი”.

შაგენი ამბობს, რომ ხშირად უწევს თანატოლების დარწმუნება იმაში, რომ რუსოფილობა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

“ნებისმიერ დროს უნდა ელოდეს სომხეთი რუსეთის დარტყმას. ერთი ასეთი დარტყმა უკვე ვიხილეთ აპრილში აზერბაიჯანის მხრიდან, რუსული იარაღის ფორმით”.

შაგენი დარწმუნებულია, რომ რუსეთს კარგად აქვს გათვლილი თითოეული ნაბიჯი, კარგად იცოდა, ვის წინააღმდეგ გამოიყენებდა აზერბაიჯანი ამ იარაღს და შემთხვევით არაფერი მომხდარა. შემთხვევითი არ ყოფილა არც ლავროვის ვიზიტი.

სერგეი ლავროვის ერევანში ვიზიტის წინააღმდეგ გამართული აქციიდან; ფოტო: ნეტგაზეთი/2016

სერგეი ლავროვის ერევანში ვიზიტის წინააღმდეგ გამართული აქციიდან; ფოტო: ნეტგაზეთი/2016

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ერევანში ვიზიტის დროს, სომხეთს მთიანი ყარაბათის კონფლიქტის გადაჭრის გზებს შესთავაზებს. სერგეი ლავროვი არსად მიდის ხელცარიელი”, – წერდა ლავროვის ვიზიტამდე რუსეთის საინფორმაციო პორტალი რია-ნოვოსტი, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე დაყრდნობით.

“ჩვენი გამოსვლების დროს რუსეთის წინააღმდეგ ორი ამოცანა გვქონდა: პირველი -საზოგადოების ინფორმირება, ფხიზლად შეგვეფასებინა ის ფაქტი, რომ სტრატეგიული მოკავშირე არ გვყავს, და მეორე- რუსეთს გაეგო, რომ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება კრემლის მოთხოვნებს ასრულებს, სომხეთში არსებობს საზოგადოება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის შესაცვლელად”, – ამბობს დავით სანასარიანი, 21 აპრილის აქციის ორგანიზატორი.

დავით სანასარიანის განმარტებით, აპრილის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთს არ ჰყავს მოკავშირე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს:

“ბევრი ელოდა, რომ “უფროსი ძმა” მოვა და გადაგვარჩენს. ამ პერიოდში იმ ხალხსაც აეხილა თვალი, ვინც იქამდე რუსეთს თავგამოდებით იცავდა”.

აგასი ენოქიანი, პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ სომხეთის საზოგადოების გარკვეულ, განსაკუთრებით პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების წრეებში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის პროცესი დაიწყო.

“თუმცა იმავეს ვერ ვიტყოდი ოფიციალურ ერევანზე. ოფიციალურ პლატფორმებზე ყოველთვის არსებობდა რუსეთის მიმართ უნდობლობა, თუმცა ღია განცხადებები მუდამ კეთდებოდა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების სასარგებლოდ. ეს იმიტომ ხდება, რომ სომხეთში პრორუსიზმი ტრენდია და არ სურთ ამ ტრენდს ჩამორჩნენ”.

ამასთან, ენოქიანი ამბობს, რომ სომხეთს მექანიზმებიც აქვს რუსეთზე გავლენის მოსახდენად.

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთისგან არ ჩანს რაიმე კონკრეტული დახმარება, ვხედავთ, რომ რუსეთი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. შეგვიძლია, უბრალოდ, უარი ვთქვათ ყველაფერ რუსულზე – რუსული გაზიდან დაწყებული [რამდენადაც გვაქვს ალტერნატივა ირანული გაზის სახით], შეგვიძლია უარი ვთქვათ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე [ОДКБ] და ევრაზიულ კავშირზე. ჩვენ შეგვიძლია ეს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას ეშინია რუსეთის, რადგან ოფიციალურ მოსკოვს შეუძლია, უბრალოდ, ადგეს და შეცვალოს სომხეთის ხელისუფლება”.

დღესდღეობით რუსეთში თითქოს უკვე ჩანს სომხეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ჩანასახი.

28 მაისს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის, გარეგინ ნჟდეს ძეგლის დადგმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მაშინვე უარყოფითად შეფასდა, ვინაიდან, რუსების რწმენით, მეორე მსოფლიო ომის წლებში გარეგინ ნჟდე ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა.

“მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში სომხეთი ჯერ კიდევ მის გუბერნიად განიხილება და თუკი იდგმება გარკვეული ნაბიჯები რუსეთის სურვილების საწინააღმდეგოდ, რაც სიმბოლურად გამოხატავს დამოუკიდებელი სომხეთის სახელმწიფოებრიობას, რუსეთის ოფიციალურ წრეებში გაღიზიანებას იწვევს, და ამჟამადაც ვხედავთ ამ გაღიზიანებას”, – ამბობს რუბენ მეგრაბიანი, პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი.

ის მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია, თუ არა ოკუპანტისა და მტრის პოლიტიკა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი