სამხრეთ კავკასიის ამბები

ერთეულთა ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის აზერბაიჯანში

7 ივნისი, 2016 • 2717
ერთეულთა ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის აზერბაიჯანში

ქალთა უფლებების, ფემინისტური ორგანიზაციების, მოძრაობებისა და ფემინისტთა განსაკუთრებული აქტივობის შესახებ  აზერბაიჯანში თითქმის არ საუბრობენ.  თუმცა აზერბაიანშიც არიან  ერთეული ქალები, რომლებიც  ქალთა უფლებებისთვის იბრძვიან. 

ნეტგაზეთი ლეილა ჰასანოვასა და ლეილა ჯაფაროვას – აზერბაიჯანულენოვანი ბლოგის, “პრესის გენდერული მონიტორინგის” დამფუძნებლებს ესაუბრა.

თქვენ ხართ ბლოგის, “პრესის გენდერული მონიტორინგის” ავტორები. რა არის ბლოგის იდეა, არის თუ არა ეს ბლოგი თავისებური პროტესტი? ასევე, წერთ, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში ხშირად ხვდებით სექსისტურ და ჰომოფობიურ გამონათქვამებსა და მოსაზრებებს. ატარებს თუ არა ეს გამონათქვამები და მოსაზრებები განგებ აგრესიულ ხასიათს, თუ ეს, უბრალოდ, ამ თემის ირგვლივ არსებული არასაკმარისი ცოდნის დემონსტრირებაა?

ლეილა ჰასანოვა: ჩვენი მიზანია აზერბაიჯანში სექსიზმისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი ადამიანის ჩართვა. ვცდილობთ, ამ კუთხით მოქალაქეების ცნობიერება გავზარდოთ. გვინდოდა, ჩვენი საქმიანობით საზოგადოებაში გავლენიანი ფიგურები, ცალკეული სტრუქტურები და მედია მოგვეცვა. ადრე ვფიქრობდით, რომ სექსისტური და ჰომოფობური გამონათქვამების გამოქვეყნება, კომენტარების გარეშე, ან მოკლე კომენტარებით, საკმარისი იქნებოდა. თუმცა შემდეგ ვნახეთ, რომ სექსისტური სტერეოტიპების საფუძვლები იმდენად ღრმა იყო, რომ 2-3 წინადადებით ამის შესახებ დაწერა უბრალოდ შეუძლებელი და არაეფექტური იყო. დავიწყეთ უფრო მოსაზრებების წერა. აქვე მითითებული გვაქვს, რომ განხილვებში მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია. ეს არის ბლოგი ყველასთვის, ვინაიდან პრობლემა მთელ საზოგადოებას ეხება და არა ერთ კონკრეტულ პირს.

ლეილა ჯაფაროვა

ლეილა ჯაფაროვა

რაც შეეხება სექსისტური და ჰომოფობიური გამონათქვამების ხასიათს, მიზეზები სხვადასხვაა. არიან ადამიანები, რომელთათვის სექსიზმი და ჰომოფობია ხელსაყრელია და ჰომოფობებად პოზიცირებენ თავს. არიან ისეთებიც, რომლებიც წერენ და საუბრობენ გაუთვითნობიერებლად. საზოგადოებრივი ფიგურები, რომლებიც საკუთარ თავს ინტელექტუალად და ყველაფერში გათვითცნობიერებულად წარმოაჩენენ, არასდროს გამოთქვამენ სურვილს აღიარონ, რომ რაღაც შეეშალათ, ან არ იციან. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი განგებ უჭერენ მხარს სექსიზმისა და ჰომოფობიის პოლიტიკას.
ზოგადად, გავლენიანი ფიგურები ყურადღებით უნდა ეკიდებოდნენ საკუთარ გამოსვლებსა და მოქმედებებს. ისინი ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, მათ ბევრი ადამიანი აკვირდება და გარკვეუწილად რაღაც გავლენას ახდნენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეც.

ლეილა ჯაფაროვა: მსგავსი გამონათქვამები შეიძლება, როგორც განგებ აგრესიულ ხასიათს ატარებდეს, ასევე იყოს შედეგი პატრიარქალური საზოგადოების ნორმების ინტერნალიზაციისა. ჩვენ ვაწყდებით ღია მიზოგინურ გამონათქვამებს, ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამართლებასა და სექსისტურ გამონათქვამებს, ქალების დახასიათებას დამამცირებელი სტერეოტიპული განსაზღვრებების შესაბამისად. მსგავსი გამონათქვამები კეთდება არა მხოლოდ კაცების მიერ, და ეს გასაკვირიც არ არის. პატრიარქალურ საზოგადოებაში მრავალი სოციალური ინსტიტუტის [ოჯახი, სასაწავლო დაწესებულებები, მედია და ა.შ] საშუალებით ქალები ნორმად აღიქვამენ საკუთარ მეორეხარისხოვნებას, ასევე იმ უამრავ სტერეოტიპს, რომელიც კაპიტალისტურ პატრიარქალურ სისტემაში არსებობს. ადამიანები სექსისტებად და მიზოგინებად არ იბადებიან, ისინი გარკვეული სოციალური პროცესების შედეგად ხდებიან ასეთები: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი სექსიზმსა და მიზოგენობას ეხებიან ადრეული ასაკიდანვე. ბავშვებს გამუდმებით უდებენ თავში, როგორი უნდა იყოს “ბიჭი” და როგორი უნდა იყოს “გოგო”. ეს ხდება მულტფილმებში, სკოლებში, სახლებში. ეს სტერეოტიპები შესაბამის გავლენას ახდენს მათი პიროვნების ფორმირებაზე და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ემპირიული მასალების არარსებობის გამო არ შემიძლია ამა თუ იმ საკითხზე მთელი აზერბაიჯანული საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ ვისაუბრო, თუმცა შემიძლია საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ. ნაცნობებთან ფემინიზმის შესახებ ჩემ მიერ დაწყებული წარუმატებელი საუბრები, როგორც წესი, მათი ორი სახის პასუხით მთავრდება:

მპასუხობენ, რომ ფემინისტებმა არა ქალების უფლებებისთვის,- ყველას უფლებებისთვის უნდა იბრძოლონ. ანუ მხოლოდ ქალების უფლებებზე ფოკუსირებით ფემინისტები ავტომატურად საკუთარი თავის ვიქტიმიზაციას და მამაკაცების დისკრიმინაციას ახდენენ. დიდი მოთმინება გმართებს, ამ ადამიანებს პუნქტებად დაულაგო, რომ ქალთა უფლებების დარღვევებზე, მათ შევიწროებაზე, სექსუალურ ობიექტებად ქცევაზე და იმაზე, რომ ეს ყველაფერი ნორმა არ არის [იმის მიუხედავად, რომ ამას გვიმტკიცებენ მედიაც და გავლენიანი პირებიც] ფოკუსირების გარეშე, შეუძლებელია გარშემომყოფები დაარწმუნო იმაში, რომ პატრიარქალურ ნორმებთან ბრძოლაა საჭირო.

hasanova

ზოგიერთი ამბობს, რომ ფემინიზმი არ გვჭირდება იმიტომ, რომ ისედაც ყველა იმით არის დაკავებული, რაც მას სურს. მსგავსი შეხედულება ძირითადად მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენლებს აქვს, რომლებიც გარკვეულ ვაკუუმში ცხოვრობენ და თავიანთი სოციალური მდგომარეობის წყალობით გვერდს უვლიან ყოველდღიური ბრძოლის იმ რეალიებს, რასაც ქალები აწყდებიან ქუჩაში [როდესაც კაცები მიიჩნევენ, რომ სრული უფლება აქვთ მიაშტერდნენ, რეპლიკა ესროლონ, ან უსტვინონ მათ], დასაქმების დროს [როდესაც მამრობითი სქესის კანდიდატს ანიჭებენ უპირატესობას მაშინ, როდესაც “სერიოზულ” სამსახურზეა საუბარი], ოჯახებში [როდესაც მშობლები გენდერთან ასოცირებული სტერეოტიპებით ზრდიან შვილებს] და ა.შ.

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ფემინისტური მოძრაობები აგრესიულია. რას ეძახიან ისინი აგრესიას და რა არის ამის თქმის საფუძველი, თქვენი აზრით?

ლეილა ჰასანოვა: დავიწყოთ იქიდან, რომ აზერბაიჯანში ფემინისტური მოძრაობა არ არსებობს, არსებობს კრიზისული ცენტრები, რომლის პოლიტიკაც ცოტა გაუგებარია. ქვეყანაში არც ფემინისტური ცნობიერება არსებობს. ზოგადად, ადამიანები აგრესიას ეძახიან რეაქციას, რომელიც მანამდე ნანახი არ ჰქონდათ. ეს არის იმ ადამიანების რეაქცია, რომელთაც სურს ქალი იხილონ პასიური. როგორც კი ქალის ხმა ესმით, მას მაშინვე აგრესიაში დებენ ბრალს. ზოგადად ძალიან აბსურდულია, კაპიტალისტურ პატრიარქალურ სისტემაში შექმნა “ქალის აგრესიის” ილუზია და შემდეგ ამაზე პროტესტი გამოხატო.

და როგორ უნდა იბრძოლოს ქალმა თავისი უფლებისთვის – თქვას – “გთხოვთ, არ გამანადგუროთ”, ანდა “გთხოვთ, ჩემი უფლებები დაიცავით?! ანუ, ადამიანი, რომელიც საკუთარი უფლების დაცვას ითხოვს, აგრესიას გამოხატავს?!

უფრო ხშირად სად ილახება ქალთა უფლებები აზერბაიჯნაში, ოჯახში, სამსახურში.. და საიდან უნდა დაიწყოს ქვეყანაში საზოგადოებამ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა?

ლეილა ჰასანოვა: ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ სახლში, ან მხოლოდ სამსახურში ხდება უფლებების შელახვა. ეს შეამცირებდა პრობლემის მასშტაბებს. ქალი ძალადობას აწყდება ძმის, მამის, საყვარელი ადამიანის, ქმრის მხრიდან. სახელმწიფო და საზოგადოება კი, თავისი პატრიარქალური სისტემის მხარდაჭერით, მხოლოდ აქეზებს ამ ძალადობას.

პირველ რიგში, საჭიროა ქალთა უფლებების შესახებ უკვე გაწერილი სამართლებრივი ნორმების დაცვა [ეს პრობლემა მხოლოდ აზერბაიჯანს არ აქვს]. ქვეყნის კონსტიტუცია მთლიანად დაცული რომ ყოფილიყო, ამდენი პრობლემა ქვეყანაში არ იარსებებდა.

გულწრფელად რომ ვთქვა, პესიმისტი ვარ, როდესაც აზერბაიჯანში გენდერულ თანასწორობას ეხება საუბარი. თუ ჩვენ ამას ოდესმე მივაღწევთ, ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ. თუმცა იმისიც მჯერა, რომ უფლებებს მარტივად ვერ მოიპოვებ, მათ მისაღებად ბრძოლაა საჭირო. ამიტომაც ფემინისტური ცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მინიმუმ, იმისთვის, რომ დაიწყო ეს ბრძოლა და აჩვენო, რომ ქალთა პრობლემები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

Ilga Europe-ის ინდექსის მიხედვით, აზერბაიჯანი ლგბტი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი) ადამიანების მიმღებლობის კუთხით ყველაზე არატოლერანტულია. ეთანხმებით ამ შეფასებას? რასთან არის კავშირში ასეთი დაბალი მაჩვენებელი?

ლეილა ჯაფაროვა: სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცნობთ აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგიას და არ შეგვიძლია მის ჭეშმარიტებაზე საუბარი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვუარყოფთ ამ კვლევის ძირითად მესიჯს, რომელიც ამბობს, რომ ლგბტ ადამიანები აზერბაიჯანში რეგულარულად არიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რომ მათი ადამიანური ღირსება შელახულია. მედია კი გაჟღენთილია ჰომოფობიური გამონათქვამებით. მაგალითად, რიგი მედიასაშუალებები ცდილობს შიდსი, როგორც ჰომოსექსუალების დაავადება, ისე წარმოადგინოს და ამგვარად ცდილობს საზოგადოებაში არაჰეტეროსექსუალთა მარგინალიზაციას. ამ საკითხზე ჩვენც ვწერდით ჩვენს ბლოგში.

გარდა ამისა, პოლიტიკოსები ჰომოსექსუალობას განიხილავენ როგორც “ეროვნული ნორმების საწინააღმდეგოს” და “ერის საფრთხედ”. ხშირად გაიგონებთ პოლიტიკოსებისგან “გეი ევროპა”. მსგავსი ქმედებები თავისთავად იწვევს არაჰეტეროსექსუალების შევიწროებას და საზოგადოების მხრიდან დევნას.

რელიგია თუ ახდენს გავლენას ამ საკიხებზე? მაგალითად, ირანში არაერთხელ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ფემინიზმი ისლამთან არ არის თავსებადი.

ლეილა ჰასანოვა: ზოგადად, ვფიქრობ, ყველა რელიგია პატრიარქალურია და შეუძლებელია პატრიარქალური რელიგიის, მენტალიტეტის, პოლიტიკური სისტემის შეცვლა ერთ დღეში. თუმცა ვერ დავეთანხმები იმ პრინციპს, რომ თუ მუსლიმი ხარ, ფემინისტი ვერ იქნები.

ეს თემა ღიად განიხილება. ისლამის თანამედროვე ინგლისელი მკვლევარი ტიმ ვინტერი “ისლამურ ფემინიზიმს” ორი ძირითადი მიმართულებით ყოფს – აპოლოგეტიზმი და თეოლოგოცენტრიზმი. პირველის შესაბამისად, პრობლემა არა ისლამში, არამედ ყურანის ანდროცენტრისტულ ახსნაშია. ისინი მიიჩნევენ, რომ ყურანში ქალი და მამაკაცი თანაბარია, თუმცა იმის გამო, რომ ის კაცების სასარგებლოდ არის ახსნილი, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ამ თანასწორობას.

თეოლოგოცენტრისტები მიიჩნევენ, რომ ისლამი პატრიარქალურია. ანდროცენტრულია და ამიტომაც ფემინიზმს საწყისშივე ეწინააღმდეგება. როდესაც ირანში ქალების უფლებებზე იწყება საუბარი, მაშინვე ეს მიდგომა იჩენს თავს.

აზერბაიჯანის პოლიტიკურ სპექტრში ქალების რაოდენობა მცირეა. კვოტირებაზე რას ფიქრობთ?

ლეილა ჰასანოვა: როგორც მწერალი, ფემინისტი სუზენ ფალუდი ამბობს, თქვენ არ შეგიძლიათ სამყაროს შეცვლა ქალის ფიგურების სოციალური და ეკონომიკური ძალაუფლების სათავეში უბრალოდ განთავსებით. რა თქმა უნდა, არსებობს იმის საჭიროება, რომ ქალები ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს თანასწორობას არ გამოიწვევს. ბუნებრივად ფუნდამენტურ თანასწორობას შეძლებულ და ღარიბ ქალებს შორისაც არ გამოიწვევს. ბევრი ქალისთვის სიღარიბე და დაბალშემოსავლიანი სამუშაო იმაზე ბევრ დაბროკლებას უქმნის ღირსეული ცხოვრებისთვის, ვიდრე სექსისზმი პოლიტიკურ სფეროში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებულ კაპიტალისიტურ სისტემაში შეუძლებელია მიაღწიო სრულ თანასწორობას [მათ შორის გენდერულს] რაიმე ლოკალური რეფორმების საშუალებით, თუნდაც მათ ქალები ატარებდნენ. სიღარიბეში მცხოვრები ქალებისთვის არანაირი მნიშნელობა არ აქვს ქალების პოლიტიკაში ყოფნას. რა მნიშვნელობა აქვს, ქალი მოახდენს მისი შრომის ექსპლუატაციას თუ კაცი. მაგალითად, აზერბაიჯანის კონტექსტში თუ განვიხილავთ, პირველ რიგში, შეგვიძლია დავაკვირდეთ პოლიტიკურ პოზიციებზე მქონე ქალებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ავტორიტარულ პატრიარქალურ რეჟიმთან, რომელიც, როგორც ქალების, ასევე კაცების უფლებებს არღვევს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი