“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მიხეილ მაჭავარიანის კომენატარს ConIFA-ს ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის გასაძლიერებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება.
“მსგავსი ნეგატიური რეაქცია წმინდა სპორტული ხასიათის საერთაშორისო მოვლენებზე, რომელშიც მონაწილეობს აფხაზეთის რესპუბლიკა, სრულიად დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური ელიტისთვის”, – წერია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა იზოლაციის მცდელობა ანტიჰუმანურია და ადამიანის უფლებების კუთხით საერთაშორისო ნორმებთან სრულიად შეუსაბამო.
“ჩემპიონატმა ფეხბურთში, რომელიც ამ დღეებში აფხაზეთში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ აფხაზეთში, მის გარეთაც. ამ ღონისძიების გასაშუქებლად აფხაზეთში საერთაშორისო მედიის ასზე მეტი წარმომადგენელი ჩამოვიდა.
ნებისმიერი მცდელობები საქართველოს ხელისუფლებისა, ხელი შეუშალოს აღნიშნული სპორტული ღონისძიების ჩატარებას, განწირულია ჩასავარდნად და არანაირ შედეგს არ მოიტანს. ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას თავისი არაადეკვატური ქმედებებით, ეს არის ჩვენს ხალხსა და ქვეყნებს შორის დაძაბულობის ესკალაცია”, – წერია განცხადებაში.
მიხეილ მაჭავარიანმა 29 მაისს გამოცემა აიპრესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით გააქტიურება სჭირდება.