სამხრეთ კავკასიის ამბები

“ტანკით” ერევნის ქუჩებში – არტისტის პროტესტი და ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა

23 მარტი, 2016 • 2987
“ტანკით” ერევნის  ქუჩებში – არტისტის პროტესტი და ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა

მხატვარი არტაკ გევორგიანი ვერ ტოვებს სომხეთის საზღვრებს – მას ბრალი ედება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6 თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოები, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცოტა ხნის წინ არტაკი შეიარაღებულმა სამოქალაქო პირებმა ქალაქის ცენტრში არსებული კაფედან უცნობი მიმართულებით გაიტაცეს. რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვა, რომ იგი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

რამდენიმე თვის წინ არტაკ გევორგიანმა მუყაოსგან ტანკი შექმნა და ერევნის ქუჩებში, სახელმწიფო დაწესებულებების წინ გაისეირნა. მუყაოს კონსტრუქცია საბოლოოდ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის კედელზე დაამსხვრია. ეს იყო მისი მორიგი პოლიტიკური აქცია სომხეთში.

არტაკი სომხეთში პოლიტიკური სტრიტ-არტის [Street Art] ჟანრში თავისი ნამუშევრებითაა ცნობილი.

“რეალურად, არც ვიცოდი, რომ “Street Art”-ით ვარ დაკავებული, ერთხელ გავიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ერევნის ერთ- ერთი ქუჩის კედელზე მივამაგრო გამოსახულება, რომელიც ასახავს პოლიციის უკანონობას და ძალადობას”, – ამბობს არტაკ გევორგიანი ნეტგაზეთთან საუბარში.

არტაკ გევორგიანის ნამუშევარი ერევანში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბიკის გვერდი

არტაკ გევორგიანის ნამუშევარი ერევანში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბიკის გვერდი

ამ ფაქტის შემდეგ ერთ-ერთმა მედიაგამოცემამ დაწერა, რომ სომხეთში “Street Art” გაჩნდა.

“მე მხატვარი ვარ, რომელიც ხელოვნებას თავისი პროტესტის გამოსახატად იყენებს. არ მომწონს ლამაზი ხელოვნება. ჩემი აზრით, ხელისუფლებას უნდა სძულდეს ხელოვნების ნიმუში – ეს იმას ნიშნავს, რომ ნიმუში ქმედითია. როდესაც ჩემი რომელიმე ნამუშევარი ქუჩების კედლებზე ნახევარ საათზე მეტხანს რჩება და მას არ შლიან და არ ანადგურებენ, ვფიქრობ, რომ ე.ი. ის არც ისეთი მნიშვნელოვანია”, – ამბობს არტაკი.

მისი ნამუშევრები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იშლება. მხოლოდ ერთი ნამუშევარი არ წაუშლიათ, ისიც იმიტომ, რომ არტაკმა და მისმა ჯგუფმა ის იმისთვის შექმნეს, რათა შეემოწმებინათ, მასაც წაშლიდნენ თუ არა.

Street-Art-ის წარმომადგენლისა და მისი ჯგუფის მიერ შექმნილი პოლიტპატიმრების გამოსახულებები ერევნის ქუჩებში მინიმუმ 10 წუთი რჩება. მაგალითად, სომხეთის პოლიტიკური აქტივისტის შანტ არუტუნიანის გამოსახულება კედელზე იმდენად მყარად იყო მიმაგრებული, პოლიციამ ვერ შეძლო მის მოგლეჯა და იძულებული გახდა კედელი დაემსხვრია.

“ჩვენ დავხატეთ წყვილი, რომელიც ერთმანეთს კოცნის. ის ერთ წელზე მეტ ხანს ხელუხლებელი იყო”, – ამბობს მხატვარი.

ხატავს ძირითადად პოლიციის ძალადობის ამსახველ სცენებს, სომხეთის პრეზიდენტს, რუსეთის პრეზიდენტს, პოლიტპატიმრებს და ზოგადად, იმ თემებსა და სცენებს, რომლებიც მისთვის და სომხეთის საზოგადოებისთვის იმ მომენტში მნიშვნელოვანია.

არტაკ გევორგიანი; ფოტო: ნეტგაზეთი

არტაკ გევორგიანი; ფოტო: ნეტგაზეთი

სომხეთში თითქმის ყველა, ვინც საპროტესტო აქციებს მართავს, გარკვეულწილად დაკავშირებულია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ან საერთაშორისო პროგრამებთან. გევორგიანის საპროტესტო აქციებს  არასოდეს მიაწერენ ამას.

“სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში სურდათ გაეგოთ, ვინ შემიკვეთა აქცია “ტანკით”, რომელმა პოლიტიკური პარტიამ ან ევროპულმა გაერთიანებამ. გრანტების მიღება არ მჭირდება. მე ვიღებ წერილებს, სადაც დახმარებას მთავაზობენ, ვპასუხობ, რომ ჩვენ თავად შეგვიძლია მათი დახმარება. ჩვენს ნამუშევრებზე 1000-2000 დრამს [2-4 ევრო] ვხარჯავთ. შესაბამისად, ამისთვის დახმარების მიღება არ არის საჭირო. თუკი დიდი მასშტაბების აქციებს გვეგმავთ, ჩვენს ფეისბუკის გვერდზე საჯაროდ ვწერთ, რომ გვჭირდება საღებავები, ფუნჯები და ა.შ”, -ამბობს მხატვარი.

აქცია “ტანკით”

“აქცია ტანკით ნიშნავდა იმას, რომ მეც მაქვს ტანკი, მხოლოდ ის ქაღალდისაა და მწვანე”, – ამბობს არტაკი.

მწვანე მუყაოს ტანკით ქალაქში, სახელმწიფო დაწესებულებების წინ გაისერინა.

არტაკ გევორგიანის "ტანკი" ერევანში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბუკის გვერდი

არტაკ გევორგიანის “ტანკი” ერევანში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბუკის გვერდი

“მე არ გამიკეთებია ამ აქციის ინტერპრეტაცია. საზოგადოებას დავუტოვე სამჯელოდ – ვინც როგორ გაიგებს, ისაა სიმართლე. თავიდან ტანკით ბაგრამიანის პროსპექტზე ჩავედი, გავედი პრეზიდენტის რეზიდენციისა და ეროვნული კრების შენობის წინ. მერე გადავწყვიტე, რომ ეს ტანკი უნდა განადგურებულიყო, როგორც ომისა და ძალადობის სიმბოლო. თავდაცვის სამინისტროსკენაც წავიდოდი, მაგრამ ძალიან შორს მდებარეობს. ბოლოს დავამსხვრიე.

ზოგიერთი დაწესებულების საკონტროლი გამშვებ პუნქტებზე შეეშინდათ ჩემი ტანკის, იფიქრეს, ნამდვილია. როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გავიარე, პოლიციელები შენობაში შევარდნენ და ფარდები დაუშვეს. ბევრი ვიცინე. ვუყვიროდი, რომ თუ გამოვიდოდნენ, გავისვრიდი. საპრეზიდენტო რეზიდენციიდან კი საგზაო პოლიცია გამოვიდა და მთხოვა, რომ ტანკი მხოლოდ გზის პირველ ხაზზე მეტარებინა, რამდენადაც მას არ ჰქონდა შუქური მოხვევის მაჩვენებელი”, – ამბობს არტაკ გევორგიანი.

ომის სიმბოლოზე საუბრისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემასაც შეეხო:

“როდესაც ტანკი დავამსხვრიე, აზერბაიჯანელებმა მომწერეს, მეკითხებოდნენ, ნიშნავს თუ არა ჩემი აქცია ომის დასასრულს? მე ვპასუხობდი, რომ კი, მათი აღქმაც სწორი იყო. ტანკის აქციას ფართო აღქმა შეიძლება ჰქონდეს – ლოკალურიდან გლობალურამდე. გლობალურია – ყველა ომის წინააღმდეგ, მათ შორის ყარაბაღის”.

ამბობს, რომ სომხეთი, ზოგადად, კარგი გარემოა Street Art-სთვის:

“ამასწინათ სანკტ-პეტერბურგში ვიყავი, სადაც Street-Art-ის ადგილობრივ მხატვრებს შევხვდი. ყველა ყვავილებს და ლამაზ სურათებს ხატავდა. ვკითხე, პოლიტიკურ სტრიტ-არტს თუ ხატავდნენ. მითხრეს, რომ ეშინიათ. ვერ მოვითმინე, წავედი და პეტერბურგის სასამართლოს კედელზე პოლიციური ძალადობის ამსახველი გამოსახულება დავხატე. მაგრამ რუსეთში ნამდვილად საშიშია, ამის გამო შეიძლება ადამიანი მოკლან”.

არტაკ გევორგიანის ნამუშევარი პეტერბურგში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბუკის გვერდი

არტაკ გევორგიანის ნამუშევარი პეტერბურგში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბუკის გვერდი

რუსეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში მისი ქვეყნის შესვლაზე კი ფიქრობს, რომ “სომხეთის პრეზიდენტმა უბრალოდ კრემლის ხელმძღვანელის დაკვეთა შეასრულა”.

მუქარა და ზეწოლა

მხატვარი ამბობს, რომ როდესაც პროტესტის გამოხატვა ხატვით დაიწყო, თავიდან პოლიცია მიდიოდა ადგილზე და ხატვის უფლებას უზღუდავდა:

“პირველად სწორედ პოლიციის ქმედების გამო გავხდით ინტერნეტით ცნობადები. ერთი წლის შემდეგ ტაქტიკა შეცვალეს, გადაწყვიტეს, არ აეტეხათ ზედმეტი ხმაური. ახლა გველოდებიან, რომ დავასრულოთ და წავიდეთ. მერე მოდიან და შლიან ნამუშევარს ან გლეჯენ. როდესაც შეიარაღებულმა ადამიანებმა ქუჩიდან გამიტაცეს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში მიმიყვანეს, მითხრეს- “დაწერე, რომ ინანიებ და სხვა დროს ამის გაკეთებას არ აპირებ”. მე ვუპასუხე, რომ შესაძლოა ახლა შიშის გამო დავწერო ეს და ხელიც მოვაწერო, მაგრამ როგორც კი გავალ, იმავეს გავაკეთებ”.

ერთ-ერთი აქციისთვის [“Хержик Суй”] 116 000 დრამის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს. სწორედ ამ ინციდენტის გამო მიმართეს მან და მისმა მეგობრებმა ევროპულ სასამართლოს.

“მიგვაჩნია, რომ მაშინ ჩვენი უფლებები დაირღვა”.

გალერეების წინააღმდეგი

გალერეების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ქუჩის ხელოვნება ქუჩაში უნდა დარჩეს. მაგრამ ცოტა ხნის წინ თანამედროვე ხელოვნების გამოფენა მაინც გამართა.

“დიახ, გალეერები აღარ უნდა ფუნქციონირებდნენ იმიტომ, რომ იქ ლამაზ ტანისამოსში გამოწყობილი ერთი და იგივე ადამიანები დადიან. მე ვხატავ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცვლილებები სჭირდება, ვხატავ იმ პოლიციელისვისაც, ვინც ჩემს ნახატს შლის. მანამდე, სანამ წაშლის მას პოლიციელი, უყურებს და ეს მასში რაღაცას ცვლის. მაგალითად, ჩემს გატაცებამდე ეროვნული უსაფთხოების სამსახური ერთი კვირის განმავლობაში მითვალთვალებდა, ცდილობდნენ კონტაქტი დაემყარებინათ ჩემთან. ოპერატიული ღონისძიების დროს ერთი პოლიციელი მოვიდა ჩემთან სამოქალაქო ჩაცმულობით და მითხრა, რომ Street-Art-ის დაკვეთა სურს, მეორე მეუბნებოდა, რომ მაკეტის ყიდვა უნდა ჩემგან. ამ პოლიციელებმა უკვე სიტყვა მაკეტის, სტრიტ-არტის გამოყენება ისწავლეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარემოში პროგრესია”.

თუმცა მხატვრის ბოლო გამოფენის ნაწილი სწორედ გალერეაში გაიმართა. დაინტერესებული მოქალაქეები შეკრიბეს დახურულ სივრცეში, საიდანაც Livestreem-ის საშუალებით ქუჩაში მომუშავე მხატვარს თვალს ადევნებდნენ.

“პოლიციელები რომც მოსულიყვნენ და თუნდაც კამერა დაემსხვრიათ, ესეც გახდებოდა გამოფენის ნაწილი. ამ გამოფენის შემდეგ მანიფესტი დავწერეთ, რომლის მიხედვით, ქუჩის ხელოვნება ასევე ხელოვნებაა, რომელიც სამუზეუმო სივრციდან გამოვიდა”.

როგორი წარმოუდგენია მომავალი?

“მინდა შვილი მყავდეს, რომელიც დაბადებისთანავე სახელმწიფოს წინაშე ვალში არ იქნება, მინდა თანაბარი შესაძლებლობები და უკეთესი გარემო. ქუჩის არასწორი გადაკვეთისთვის ერთნაირად მაჯარიმებდნენ მეც და საშიკასაც” (სომხეთის პრეზიდენტის ძმა, რომელიც ოლიგარქად არის ცნობილი).

არტაკ გევორგიანის ნამუშევარი ერევანში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბუკის გვერდი

არტაკ გევორგიანის ნამუშევარი ერევანში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბუკის გვერდი

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი