სამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე აცხადებს, რომ ჯარიაშენთან ხანძარსაწინააღმდეგო თხრილი შენდება

15 მარტი, 2016 • 1537
ოსური მხარე აცხადებს, რომ ჯარიაშენთან ხანძარსაწინააღმდეგო თხრილი შენდება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ერგნეთში დღეს, 15 მარტს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები სოფელ ჯარიაშენთან შექმნილ ვითარებასაც შეეხნენ.

ოსური გამოცემების, კონკრეტულად კი, სპუტნიკ-ოსეტიას ცნობით, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის თქმით, “ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღება სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის გასწვრივ ქართული მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს”.

“მონაწილეებმა მრავალი საკითხი განიხილეს. აღნიშნეს ბოლო შეხვედრის შემდეგ ინციდენტების სტატისტიკა. სამხრეთ ოსეთის მხარემ გამოხატა თავის მღელვარება საქართველოს მოქალაქეების უკანონო ქმედებებზე, რა დროსაც ისინი მიზანმიმართულად კვეთდნენ საზღვარს მოწინააღმდეგე ხაზის რაიონში”, – აცხადებს სანაკოევი.

მისი თქმით, “ქართული მხრიდან საზღვრის ზოლის ახლოს ორგანიზებული იყო საპროტესტო აქციები დროშებითა და ტრანსპარანტებით, მაშინ, როდესაც ოსურ სოფელ არცეუსა და ქართულ სოფელ ჯარიაშენს შორის ხანძარსაწინააღმდეგო თხრილი კეთდებოდა”.

“ჩვენ მოვუწუდეთ ქართულ მხარეს, საზღვრის გასწვრივ სტაბილურობა შეინარჩუნონ”.

მისივე განამრტებით, ხარძარსაწინააღმდეგო თხრილის გაკეთების გადაწყვეტილება მიღებული იყო “საზღვრის ხაზიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევების გახშირებით”.

შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 2016 წლის 20 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება ქართული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე, როგორც ერთ-ერთი მონაწილის, სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, “ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო სამუშაოების საკითხი დააყენეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით შექმნილი მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. საუბარი შეეხო ტირიფონის სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მოქალაქის, იძულებით გადაადგილებული პირის ოკუპირებული ახალგორის რაიონში მდებარე კერძო საკუთრებაში შეჭრისა და მისი ქონების უკანონო დაკავების ფაქტი”.

ოსური მხარის პოზიციაზე კი ოფიციალური თბილისის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

ის, რომ გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორია არ არის, ახალი გზის გასაყვანად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, “მიმდინარეობს გზის მშენებლობის სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. სახელიმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება მდგომარეობას და იმოქმედეს ვითარების შესაბამისად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი