სამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო ,,დამნაშავე ხალხებს’’ შუა

10 მარტი, 2016 • 2779
საქართველო ,,დამნაშავე ხალხებს’’ შუა

რამდენიმე წლის წინ, თუ სწორად მახსოვს, ფეისბუქზე დაწყებული კამათის თუ რომელიღაც სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საყვარელი მეგობრისგან წერილი მივიღე. წერილის ავტორი ძალიან კეთილი და რბილი ადამიანია და ასეთივე ტონით ორ რამეს ამბობდა: ა) ჩვენს წინაპრებს ხომ ასე ძალიან უყვარდათ აფხაზები. (არ ესმის, რა ბრალი მიგვიძღვის მათ წინაშე); ბ) ეს გაგრძელება იყო. რატომ (“მაინც რატომ, გაუგებარია”) ვძულდით ასე აფხაზებს.

ჩვენი რეგიონის ხალხებიდან თითქმის ყველას გამოვლილი აქვს მასშტაბური ტრაგედიები. ზოგს- ერთდროულად, ზოგს – დროში აცდენით. დროში დამთხვევასაც და აცდენასაც საკმაოდ გასაგები მიზეზები აქვს: მეზობელი იმპერიების გეგმებსა და ზრახვებში უდევს საფუძველი. სამწუხაროდ, იგივე ითქმის შიდაკავკასიურ კონფლიქტებზე: რომელიმე აგრესორი, საკუთარი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რეგიონის ამა თუ იმ ხალხს თავის ფავორიტად გაიხდიდა, დანარჩენებს, ზოგიერთს მაინც – ,,დამნაშავე ხალხებად“ აცხადებდა, მის ბედს ამახინჯებდა, ბუნებრივი განვითარების კალაპოტს უცვლიდა, ამ საზოგადოებების წევრებს დაუცველობის მუდმივ განცდას უჩენდა, რასაც ასევე ბუნებრივად მოჰყვებოდა განშტოება ამ ხალხებს შორის: ადამიანების ნაწილი პერსპექტივას, შესაბამისად, მიმიკრიის გზას ირჩევდა, შეურიგებელ ნაწილს განვითარების საშუალება ეზღუდებოდა, ხშირად მის დეკლასირებას იწვევდა.

თუმცა ამაზე არანაკლები ტრაგედიაა, როცა კავკასიის ხალხები, რომლებიც მანამდე მეტ-ნაკლებად სინქრონულად ვითარდებოდნენ, ან, განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთთან ურთიერთობას ასე თუ ისე უკონფლიქტოდ აგვარებდნენ, ძალიან ძველი, ნაცადი გზებით, ასეთი ჩარევის შემდეგ ერთმანეთის მიმართ არათანაბარ, თან ხელოვნურად არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. სურათის პირველი ასეთი ხილული ,, აჭრა’’ ოსმალების ექსპანსიამ გამოიწვია. კავკასიაში ისლამის შემოსვლამ ქართველებს ბუნებრივი მოკავშირეები ჩამოაშორა, ქართული მიწები მისთვის მტრული გავლენის რკალში მოაქცია. თუმცა, ცოდნა არ მყოფნის და მიჭირს თქმა, მოიტანა თუ არა ამ პროცესმა ის უთანაბრობის განცდა, როგორც რეგიონში რუსეთის იმპერიის შემოსვლამ.

თუ კავკასიაში ქრისტიანობის მიმდევარი ხალხების შემდგომი ბედი მას შემდეგ სხვადსხვაგვარი, თუნდაც წინააღმდეგობრივი ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა ( თუმცა ფავორიტიზმი მათ შორისაც ძაბავდა ურთიერთობას), თურქული გავლენის, ან უფრო ზოგადად, ისლამის მიმდევარი ხალხებისთვის მისი ექსპანსია კატასტროფა აღმოჩნდა. დაახლოებით ასწლიან ომს ჩრდილოეთ კავკასიის მთიელების პირველი მასობრივი გასახლება მოჰყვა.

რუსეთის დიდი კავკასიური ომი ჩრდილოეთ კავკასიასთან პრაქტიკულად აფხაზეთში დასრულდა, რუსეთ-თურქეთის ომების და ორი, 1866, 1877 წლების აჯანყების შემდეგ აფხაზმა ხალხმა – მათ, ვინც განდევნას და მუჰაჯირობას გადაურჩა და აფხაზეთის ტეროტორიაზე აგრძელებდა ცხოვრებას, რუსეთის იმპერიისაგან დამღა, ,,დამნაშავე ხალხის“ სტატუსი მიიღო. ბრალი იმაში მდგომარეობდა, რომ მეტწილად გამაჰმადიანებული აფხაზები ამ ომებში თურქებს ემხარობოდნენ. 1877 -1907 წლების შუალედში აფხაზებს წაერთვათ შავიზღვისპირა ზოლში და ქალაქებში დასახლების საშუალება, ქვეყნის, ანუ რუსეთის იმპერიის მოქალაქეობა, იარაღის ტარების და ქონის უფლება; აფხაზეთის ორი მხარის- ოჩამჩირის და გუდაუთის- აფხაზობას ერთმანეთთან კავშირი ეკრძალებოდა და ა.შ. აქვე მოკლედ მაინც უნდა ითქვას, რომ ამ და სხვა ტიპის აკრძალვები თუ შეზღუდვები კავკასიაში რუსეთის შემოსვლასთან ერთად ყველა მუსლიმ ხალხს დაეკისრა. არაბული ენის მცოდნე ინტელიგენცია, სასულიერო ფენაზე რომ არაფერი ვთქვათ, უმკაცრესად იყვნენ რეპრესირებული, ზოგან -დახვრეტილნი. რასაკვირველია, მათი განვითრების პერსპექტივები სხვა იყო, კავკასიის ქრისტიანული ერებისა – სხვა. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა დეპორტირება საკონტროლო გასროლას ჰგავდა. გასაგები მიზეზების გარდა იყო ისეთებიც, მაგალითად, როგორზეც ა. სოლჟენიცინი წერს: გადასახლებული ჩეჩნები დაწყებითი კლასების შემდეგ ბავშებს სკოლაში აღარ ატარებდნენ, საბჭოთა სისტემის გამრყვნელი ზემოქმედებისგან რომ დაეცვათ.

“დამნაშავეობის” პერიოდში დაიწყო დაცარიელებულ და უფლებააყრილ აფხაზეთში სხვა ეთნიკური ჯგუფების შესახლება. იმპერიამ თავიდან მხოლოდ რუსების ჩასახლება დაიწყო, ისე, როგორც ყუბანში. მაგრამ აფხაზეთის ეს ახალმოსახლეეები საცხოვრებლად შესაფერის ადგილებს ვერ არჩევნდნენ და მასობრივად იხოცებოდნენ. მათ შემდეგ იმპერიამ ბერძნების, ქართველების და სომხების, ანუ მხოლოდ სარწმუნოებრივად სანდო ხალხების ჩასახლება დაიწყო ( მაგრამ გავა რამდენიმე ათეული წელიწადი და მათგან მხოლოდ ერთი, ყველაზე ,,ღვიძლი“, აფხაზობასთან უამრავი ძაფებით თუ არტერიით დაკავშირებული განაცხადებს, რომ იგი ავტოქტონია ამ მიწაზე, ის, ვინც დახვდა კი, მოსულია, ქართული მიწის სტუმარი).

სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის იაკობ გოგობაშვილის ცნობილი წერილი, რომელიც რუსული ცენზურის პირობებში იწერებოდა. ავტორი ალბათ აფხაზთა ბედის გამო წუხილს ვერ გამოთქვამდა, რადგან ასეთ შემთხვევაში წერილის გამოქვეყნება გაუჭირდებოდა. დიპლომზე მუშაობისას 70-80-იანი წლების ქართულ პრესაში რამდენიმეჯერ შევხვდრივარ ქართველი მოღვაწეების მოკლე სტატია-კომენტარებს აფხაზთა გასახლებისა თუ მდგომარეობის გამო. ავტორს ჩვენ სხვა მხრივ ვიცნობთ, როგორც ,,იავნანამ რა ჰქმნას?“, კავკასიის ხალხების განსაკუთრებული მტრობა-მოყვრობის მცოდნეს, ამიტომ აზრად არ მოგვდის, მის დამოკიდებულებაში სხვისი ტერიტორიის დასაკუთრების ხარბი სურვილი ამოვიკითხოთ, მაგრამ აფხაზებისთვის ეს წერილი ძნელი წასაკითხია. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ქართველი წაიკითხავდა მშვიდად ნაწერს, რომელშიც საქართველოდან ქართველების გასახლების შემდეგ მის დასახლება-დანაწილების გეგმებზე იქნებოდა საუბარი. შესაძლოა, ღირდეს იმის გამოკვლევა, თუ როგორ იწერებოდა სტატიების ეს სერია, როგორი იყო გარემო, შეზღუდვები – ზოგადად, განათლებული ქართველების დამოკიდებულება კავკასიური ომის, მუჰაჯირობის, აფხაზეთში ქართველების ჩასახლების, აფხაზური ენის უფლებების მიმართ. იდეალურ შემთხვევაში, სჯობს, კვლევა თანამშრომლობით ჩატარდეს.

აქ, მანამდეც ( როცა აფხზების თქმით ,, კავკასიაში რუსეთი ქართველებმა შემოიპატიჟეს“) და შემდგომაც, ბერიას პერიოდის ჩათვლით, როცა ქართველები უნებლიეთ აფხაზების მოპირდაპირე მხარეს დავდექით, ჩვენ გვერდით ჯერ რუსეთის იმპერია დადგა, ისევ შემთხვევით, საკუთარი ინტერესის გამო, მერე კი – ბერიას და სტალინის პერიოდში – საბჭოთა ხელისუფლება.

ორივე ისტორიული მომენტი ( და ალბათ შუაში მოქცეული პერიოდიც) იმით გამოირჩეოდა, რომ ქართველების ნაციონალური განცდა ჯერ მე-19 საუკუნის ყაიდის ნაციონალიზმად ყალიბდებოდა, მერე კი ახალ, საბჭოთა ტიკში ჩაისხა და ბერიასეული კონცეფციით განვითარდა, აფხაზები უფლებააყრილ და კედელთან მომწყვდეულ ხალხად რჩებოდა. სწორედ ამ პერიოდში დასრულდა ქართული ნაციონალიზმის იმ სახედ ჩამოყალიბება, რომელმაც ჩვენს დრომდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. ცვლილებებს და ჩასწორებებს ის დღემდე არ ექვემდებარება და თუ კრიტიკული, ლიბერალური განწყობის ადამიანები სხვა ჭრილში მის გავლენას ეწინააღმდეგებიან, აფხაზეთის მიმართ თითქმის უკრიტიკოდაა გაზიარებული.

მართლაც, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან თანდათანობით იკარგება აფხაზეთის ბედისადმი თანაგანცდა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო რუსული ,,ჩინებით“ ნაყიდ თავად-აზნაურობასთან დაპირისპირებულ ,,თერგდალეულებში“, ახალ ლიბერალურ ინტელიგენციაში, როგორც ზედმიწევნით ქართული სენტიმენტალობა. თანდათანობით ამ ნიშას რუსი ნაციონალისტი ექსტრემისტები იკავებენ. რუსული ნაციონალიზმი ქართულ ნაციონალიზმს ყველა შესაძლო ხერხით ებრძვის. ეს უკანასკნელი უფრო და უფრო ყრუ და ბრმა ხდება აფხაზობის სატკივარისადმი, რომლის მიზეზიც რუსული წნეხი იყო. ახლა თანდათან ქართული ნაციონალიზმი ცდილობს, ,, წნეხობაში“ ჩაანაცვლოს რუსული ანალოგი. რაც მეტად ,,წითლდება“ ქართული ნაციონალიზმი, მით უფრო ანტიაფხაზური ხდება.

ფოტო: mokvi.files.wordpress.com

ფოტო: mokvi.files.wordpress.com

იმის მიხედვით, რაც წამიკითხავს, 1905-07 წლებში ( სწორედ ,,დამნაშავეობის“ სტატუსის მოხსნის წინა და შემდგომ პერიოდში, როცა ქართული ეროვნული ინტელიგენცია ძლიერ, ქმედით ძალად ყალიბდება, მისი დიდი ნაწილი უკვე ევროპაშია ნასწავლი და რუსული იმპერიის სააზროვნო და კულტრული ინსტრუმენტებისადმი სრული მიუღებლობა უყალიბდება) მეჩვენება ჩანერგილი ის ხინჯი, რაშიც რუსული მემარცხენე-მემარჯვენე ძალების წვლილი გარკვეული თანაფარდობით უნდა იყოს.

თუმცა სამართლიანი იქნება, ქართულმა მხარემ ჯერ საკუთარი შეცდომებზე გაამახვილოს ყურადღება. აღსანიშნავია თუნდაც გენერალ მაზნიაშვილის ჯარის ქცევა აფხაზეთში 1919 წლებში, რომელსაც ვერც რუსული ნაციონალსტური პროპაგანდით ავხსნით და ვერც ბოლშევიზმით. ისეთი განცდა რჩება, რომ ამ ორ ხალხს შორის ურთერთობა რაღაც ძველზე- ძველ, არქაულ, ლამის ინტუიციურ ნორმას მისდევდა, რომელიც პრაგმატულობისა და პოლიტიკური სიხარბის გაჩენამ გააქრო.

დღეს უკვე ყველამ იცის, რა ხანგრძლივი მოქმედების პოზიტიური მუხტი დატოვა ქართველებსა და ვაინახებს შორის იმ ერთმა ეპიზოდმა, როცა დეპორტაციიდან დაბრუნებულ ინგუშებს პირველებმა დაუცალეს სახლები და საოჯახო ქონების ნაწილიც დაუტოვეს – იმის მიუხედავად, რომ მათი ტრაგედია ეთნიკური ქართველების, სტალინის, ბერიას და გვიშიანის ხელით დატრიალდა.

23 თებერვალი რომ დგება, დღე, როცა 1944 წელს ჩეჩნების და ინგუშების თითქმის სრული დეპორტაცია მოხდა, საინტერესო დაკვირვებების კეთების საშუალება ჩნდება და ურთიერთგამომრიცხავი შთაბეჭდილებებით ივსება. უმეტესწილად სოციალურ ქსელებზეა საუბარი. ჩრდილოკავკასიელებს წითელარმიელის დღის მოლოცვა აზრადაც არ მოსდით – ისინი იხსენებენ, იხსენებენ, იხსენებენ.. ბევრი მათგანი საკუთარი ოჯახის ისტორიას ყვება, სადეპორტაციო მატარებლებლებში შეტენილი, შეთხელებული ოჯახების ბედს. გამონაკლისი არ შემხვედრია, ყაზახეთის სტეპები ყველას გამოვლილი აქვს. მათ ქართველები მოჰყვებიან, ისინიც აზიარებენ, თანაუგრძნობენ და ა.შ. თუმცა ჩვენ მათსავით კარგად არ გვაქვს ცნობიერება განწმენდილი, ,,მამაკაცების“ დღის დაკარგვას ყველა არ ეპუება. ამ ფენომენის მარაზმატულობაზე დროს ნუ დავხარჯავთ, აფხაზებზე გადავიდეთ. აქ დიდი სიჭრელეა. ვიღაცას მეტი თანაგანცდა აქვს დეპორტირებული ხალხებისადმი, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ზოგადად, ,, მეპროტესტეებიც“ კი ძლივს იცავენ თავს მოლოცვებისგან, რომლებიც საგრძნობლად ეხამუშებათ. ამას რაღაც განსჯამდე მიჰყავს ადამიანი.

თითქოს ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდში მოხდა სასიკეთო, მაგალითად, აფხაზეთის კურორტების მშენებლობა და განვითარება, მეტ-ნაკლები ფინანსური სტაბილურობა, სოხუმის უნიკალური მულტიეთნიკური თანხმობა და მშვიდობა ( რასაც შემდეგ ქართული და აფხაზური ნაციონალიზმი არღვევს), აფხაზებმა საბჭოთა რეჟიმის დამსახურებას მიაწერეს. რაც კი რამაა ავად მოსაგონარი – ჯერ განკულაკება ( მაგალითად, აფხაზები წერენ, რომ სანამ აფხაზეთი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდოდა, პოლიტიკური რეპრესიები თითქმის არ იგრძნობოდა, განკულაკება ნესტორ ლაკობას ხანაში ,,რბილი“ ფორმებით მიმდინარეობდა. რეპრესიები მას შემდეგ გახდა დაუნდობელი, რაც 1931 წელს აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში სტალინმა შეიყვანა. ეს კიდევ ერთი პრეტენზიაა აფხაზებისა ქართველების მიმართ), მერე ბერიას პოლიტიკა, აფხაზური ენის შევიწროვება, სკოლებიდან მისი განდევნა და ქართულის ამარა დატოვება, ერთი სიტყვით – ბევრი რამ, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, ქართულ ინტერესს მიეწერება.

უნდა ვთქვა, რომ ამ სტატიის დაწერა ძალიან გამიჭირდა. თავიდან ჩაფიქრებული მქონდა, დამეწერა სტატია,, ბოლშევიზმი ქართველებსა და აფხაზებს შორის“ – ერთი, რომ ჩვენ ყველას ასე გვაქვს წარმოდგენილი, თითქოს კონფლიქტის პირველი ნიშნები პირველი ქართული რესპუბლიკის დროს ჩნდება: კონფლიქტის ცალ მხარეს ქართული დემოკრატიაა, ქართული მენშევიკური ხელისუფლება, ქართული ჯარი გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, მეორე მხარეს კი – ბოლშევიკური აგიტაციით გაბრიყვებული აფხაზები. ამ პოზიციას ხომ ის რეალობაც უმყარებს ძირს, რომ საბჭოურ ხანას ჩვენ ბედნიერების განცდით გამოვეთხოვეთ, აფხაზები კი დიდხანს ებღაუჭებოდნენ. ზემოთ თქმული ალბათ უკვე ააშკარავებს რთული პრობლემის ერთ ნაწილს მაინც: რაღაც პარადოქსის ძალით, რომელიც, შესაძლოა, ობიექტური კვლევის შედეგად პარადოქსი სულაც არ აღმოჩნდეს, საბჭოთა ბოლშევიკური ქვეყანა, რომელშიც პირველი პირები მათთვისაც საძულველი სტალინი და ბერია იყვნენ, რომლის დროსაც მოხდა აფხაზეთის მოსახლეობის კიდევ ერთხელ ,,გაქართულება“, რომლის დროსაც სრულიად პრიმიტიული გახდა არქაული არისტოკრატული აფხაზური კულტურა, ხოლო ქართველს პირველად მოუვიდა აზრად, აფხაზისთვის ,,ველური“ ეწოდებინა, რადგან რეჟიმმა ასეთად თავად აქცია – ეს სახელმწიფოც კი გარკვეული გარანტი იყო აფხაზებისთვის, დამცავი ინსტანცია, რომელიც გაწითლებული ქართული ნაციონალიზმის ხელში ჩავარდნისაგან დაიცავდა.

აფხაზები თვლიან, რომ სტალინის და ბერიას ტანდემმა საქართველოს პრივილეგირებული მდგომარეობა შეუქმნა და საბჭოეთის და კავკასიის სხვა ხალხებზე მაღლა დააყენა. ეს მტკიცება რამდენიმეგანზომილებიან, ,,ასტიგმატურ“ პასუხს მოითხოვს. პირველი: ორ პრინციპულად განსხვავებულ პოლიტიკურ ტიპაჟზეა საუბარი. პირველის შემთხვევაში მკაფიო პრინციპებზე შეიძლება საუბარი, რაც ნაციონალური პრინციპით ,,სინაზეს“ გამორიცხავდა. ამას ლორეს და ზაქათალის ოლქის სომხური და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემის ფაქტი კარგად მოწმობს, თუმცა კი 1943 წელს ქლუხორის შემოერთებას მცირე დისონანსი შემოაქვს. ბერიას განადგურებულია ჯერ აფხაზეთის ბოლშევიკური ,,ელიტა“, შემდეგ კი, მისი ახალმომძლავრებული ინტელიგენცია. ალბათ აფხაზეთში გაუჭირდებათ იმის აღქმა, რომ საარქივო მონაცემებით, საქართველოში 300 000-მა პირმა გამოიარა რეპრესიის ესა თუ ის სახე, გადასახლებიდან წამებამდე და ,,ლიკვიდაციამდე“. ალბათ ,,ქრისტიანი ქართველი ერის“ ანტირუსული ჯანყებით სავსე მე-19 საუკუნეც საინტერესო გასაცნობი იქნება, მათ შორის კი, ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველოში 1819-20 წლებში მომხდარი ე.წ. საეკლესიო ჯანყი, გამანადგურებელი ამბოხება, რომელსაც ათასობით ქართველი და არანაკლები რუსი ჯარისკაცი შეეწირა. აჯანყების ორი ნაწამები მეთაურიდან ერთი შერვაშიძე იყო, მიტროპოლიტი ექვთიმე გაენათელი. წერენ, რომ რუსეთში გადასახლებული მიტროპოლიტი ალექსანდრე პირველს შეასვედრეს. ქართველი ქრისტიანების ხოცვისა და შევიწროვების გამო მან იმპერატორს ახალი დროის ნერონი უწოდა.

ბოლო შტრიხი, რომლის აუცილებლობა, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობას, არც მე გამახსენდებოდა, ნესტან ბლუაძის მოკლე წერილმა დამასმევინა. როგორც შემოლაწუნებას, მას ბედად მაშინ გადავეყარე, როცა სტატიას ვწერდი. რამდენი ხანია, ყველანი ვიხსენდებთ 23 თებერვალს, იშვიათად-ყარაჩაელების და ბალყარელების დეპორტაციის დღეს, 8 მარტიც გვახსენდება, მაგრამ არასდროს არავინ ახსენებს 15 ნოემბერს. 1944 წლის ამ დღეს საქართველოდან 120 000 ადამიანი, უმეტესად ქართული და თურქული წარმოშობის მუსლიმი სამუდამოდ გადაასახლეს.

ამ ამბიდან კი მეხსიერება ჩვენი საზოგადოების ძველ შიშზე _ უფრო ძრწოლაზე გადადის ( ბოდიშს ვიხდი მაღალფარდოვნებისთვის), რომლითაც 5-მილიონიანი საქართველო რამდენიმე ასი ათასი ,,თურქი მესხის“ დაბრუნებას ელოდა. ასევე მახსოვს, უკვე მოგვიანებით, ჩემი თანაკურსელის მიერ მოტანილი ამბავი ,, შენ არ იცი, რაებს აკეთებდნენ თურმე აქ, რაებს აკეთებდნენ“. ადამიანების განსჯა არასასურველია, შესაძლოა, ყველა შიშს აქვს საფუძველი. ამ პროპორციის გააზრებისას ( 5 მილიონი – რამდენიმე ათეული ათასის წინააღმდეგ, თუ არ ვცდები, 40 000 სულზე იყო საუბარი), ყოველთვის აფხაზეთში დაბრუნების თემა მახსენდება. მოვერიდები აფხაზეთის მოსახლეობის, მათ შორის, ეთნიკური აფხაზების ზუსტი ციფრის დასახელებას. ეს პროპორციები უხეშად ასე გამოიყურებოდა: ომამდელი ერთიანი ოდენობა: 525 ათასი, ომისშემდგომი, 2011 წ. აღწერით – 243 ათასი, ეთნიკური აფხაზების – როგორც ბევრი თვლის, გადამეტებული მონაცემებით – 122 ათასი. და, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები მათ, ვინც იტყვის, რომ ეს ამბავი სულ არ იყო მოსატანი. სასარგებლო მეჩვენება ყველა ფაქტი, შედარება, ექსკურსი, რომლებიც კონფლიქტის მეორე მხარის აქტუალურ პრობლემებს შიგნიდან დაგვანახებს, როგორც საკუთარს. ეს ოდესმე მოლბობაში, კომპრომისის გამოძებნაში დაგვეხმარება.

რასაკვირველია, ყველაფერს ასეთი ტიპის სტატია ვერ იტევს. გარდა ამისა, ჩვენ, და ყველასთან ერთად მეც, გვაკლია კარგი ცოდნა ჩვენი კონფლიქტების ძირების შესახებ. რასაკვირველია, ძალიან დამძაბველია პავლე ინგორყვას მემკვიდრეობაზე საუბარი, რასაც პროფესიონალის არგუმენტები სჭირდება, თუმცა, ვეჭვობ, შემთხვევითი იყოს, რომ აფხაზთა ისტორიის მისი ვერსია სწორედ ბერიას პერიოდში წარმოიშვა, როგორც კვინტესენცია პროცესისა, რომელსაც უკონტროლო აგრესია და ერთმანეთის კვლის სურვილი უნდა მოეტანა. ქართული საზოგადეობა კი ცნობისმოყვარე და გონებაგახსნილია. იმედი მაქვს, რომ როგორც ქრისტიანული ტრადიციის ქვეყანას, მას, პირველ რიგში, სიმართლე სჭირდება.

ამასვე ვიტყვი აფხაზებზეც. იმ ადამიანებს, ვისაც მართლა ესმის, რომ აფხაზეთისათვის საერთო ქართული კონსენსუსი მნიშვნელოვანია: თქვენც ილაპარაკეთ. ასე წარმომიდგენია, ჩვენთან ერთად, აფხაზებმაც უნდა უამბონ ახალგაზრდა თაობას, რაც თავად მიაჩნიათ საკუთარ შეცდომად. არა მგონია, რამე იყოს ამაზე განმწმენდი და პროდუქტიული.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი