რესპუბლიკურმა პარტიამ 3 მარტს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გააფორმებენ ორპარტიულ შეთანხმებას. რას ნიშნავს ეს შეთანხმება და როგორ შეიძლება დასრულდეს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არსებული დაპირისპირება – “ბათუმელები” პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტს, გია ნოდიას ესაუბრა:
როგორ შეაფასებთ 3 მარტს გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრსა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შორის. თქვენი აზრით, ვინ გამოვიდა გამარჯვებული ამ შეხვედრიდან?
ზოგადად ვიტყვი კვირიკაშვილის განცხადებაზეც, რომ ეს ძალიან პარადოქსული განცხადება იყო. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ღია დაპირისპირება კოალიციაში უნდა იყოს მტკივნეული მისი ხელმძღვანელობისთვის. უნდა გადაედგა მკვეთრი ნაბიჯები, მაგრამ ხუთშაბათამდე ეს არ გააკეთეს, მანამდე მაინცდამაინც არ აწუხებდათ. მეორე ნაწილი პარადოქსისა იყო ის, რომ თითქოს [პრემიერის] კრიტიკის სამიზნე იყო უფრო თინა ხიდაშელი და რესპუბლიკელები, ვიდრე გოგი თოფაძე. თუმცა გოგი თოფაძემ დაიწყო ეს ბრძოლა, დაპირისპირება და პირველმა გამოიტანა ეს გარეთ.
ამის ახსნა არის იმაში და, ალბათ, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ [პრემიერის] განცხადება ერთგვარად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო. ივანიშვილს შეიძლება თოფაძის განცხადებაც არ მოეწონა, მაგრამ უფრო მეტად გააღიზიანა თინა ხიდაშელის პასუხებმა, როდესაც ის ცოტა სააკაშვილის სტილში საუბრობდა, რომ ის და მისი ქმარი არიან მთავარი პრობლემა რუსეთისთვის, რესპუბლიკური პარტია არის მთავარი უზრუნველმყოფელი პროდასავლური კურსის და თუ ვინმე ებრძვის კოალიციის შიგნიდანაც რესპუბლიკურ პარტიას, სინამდვილეში მათ მეზობელი სახელმწიფო ებრძვის. როგორც ჩანს, სწორედ ამან გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ ის, ბუნებრივია, თვლის, რომ ის არის სწორედ გარანტი საქართველოს პოლიტიკური კურსისა – იყოს პროევროპული და პროევროატლანტიკური. ასე რომ, მეტისმეტად ბევრი აიღო თავის თავზე თინა ხიდაშელმა და სწორედ ამით აიხსნება [კვირიკაშვილის] განცხადება. რაც შეეხება შემდგომ შეხვედრას, დავით უსუფაშვილმა თავის სტილში მაქსიმალურად გააბუნდოვანა, რაზე იყო საუბარი.
არ ფიქრობთ, რომ ყველამ გააბუნდოვანა, ვინც ამაზე კომენტარი გააკეთა?
მერე პრემიერ-მინისტრმაც. როგორც ჩანს, შეგვიძლია ვივარაუდოდოთ, რომ ეს რესპუბლიკელების იდეა იყო (შეიძლება, პირადად უსუფაშვილის), რომ “ქართულ ოცნებასთან” პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდეს და არა სხვა წევრებთან – რაღაც ასეთი. ეს რაღაც პარადოქსული იდეაა თავისთავად. ხუთწევრიან კოალიციაში ორი პარტიის ხელშეკრულება რას უნდა ემსახურებოდეს? მაგრამ მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, ერთია: რესპუბლიკური პარტია რჩება თუ არა კოალიციაში და რჩება საერთოდ კოალიცია თუ არა? ჯერჯერობით იმის ნიშნებია, რომ რესპუბლიკელები თავის ადგილზე დააყენეს; მიჯირყნეს, ასე ვთქვათ, მაგრამ გაგდებას მაინც არ უპირებენ. “რესპუბლიკელებიც” შეეგუენ მიჯირყვნილების პოზიციას იმიტომ, რომ წასასვლელი მაინცდამაინც არ აქვთ. მარტო თვითონ თავის თავის რწმენა არ აქვთ, რომ რაღაცას მიაღწევენ არჩევნებში. ეს ჩანს ამ ეტაპზე, თუმცა პრემიერის 4 მარტის განცხადებაში სათუოდ იყო, “თუ წავალთ, როგორც კოალიცია არჩევნებზე, მაშინ ასე იქნება”, თითქოს 100 %-ით გადაწყვეტილი არ არის არჩევნებში კოალიციით მონაწილეობის საკითხი. როგორც ჩანს, გარკვეული დაშინების პოლიტიკაა ყველა პატარა პარტიის მიმართ, ვინც კოალიციაშია და პირველ რიგში, რესპუბლიკელების მიმართ. თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, შეძლება, “ქართული ოცნება” მარტო წავიდეს არჩევნებზე, ან ყოველ შემთხვევაში, რესპუბლიკელების გარეშე და დაახლოებით იმდენივე ხმას აიღებს, რასაც მათთან ერთად აიღებდა. ეს გაურკვევლობა, ალბათ, იმიტომ სჭირდებათ, რომ რაღაც დისციპლინა დაამყარონ უფრო კარგად კოალიციაში. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ უნდათ, მიჯირყვნილი რესპუბლიკელები ჰყავდეთ მაინც.
თქვენ კი მიჯირყვნას ეძახით, მაგრამ რესპუბლიკელები საუბრობენ სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ორ პარტიას შორის უნდა გაფორმდეს. კვირიკაშვილიც ამბობს, რომ თანახმაა ამაზე.
თანახმაა, მაგრამ ის უფრო არაცალსახად ამბობს იმ თვალსაზრისით, რომ მერე დანარჩენი პარტიებიც უნდა შემოუერთდნენ თუ ა.შ. მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა რას ნიშნავს? არის კოალიცია და მიდიხარ არჩევნებზე. ალბათ, გულისხმობენ, რომ იქ რაღაც ღირებულებები და პრინციპები უნდა იყოს ჩამოთვლილი. მერე თუ ვინმემ თქვა, რომ არ მინდა ნატოო, აი, ბატონო, ასეთი რამ წერია ამ სტრეტეგიულ პარტნიორობის დოკუმენტში. თუ კოალიცია მიდის არჩევნებზე 5 პარტიით, გაუგებარია ჩემთვის 2 პარტიას შორის ხელშეკრულება.
დაახლოებით ასეთი რაღაც ხომ არ ხდება – ვთქვათ, რესპუბლიკურ პარტიას უნდა კოალიციაში დარჩენა, მაგრამ უნდა, რომ მხოლოდ ქართული ოცნების პარტნიორი იყოს და მათ ქმედებებზე და განცხადებებზე იყოს პასუხისმგებელი?
ეჭვი არ მეპარება, რომ ასე უნდათ. არა მგონია, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ მათ ეს არ უნდათ, მაგრამ მათ ჭკუაზე ბიძინა ივანიშვილი არ ივლის. თუ ეს მათ უნდათ და რაღაცნაირად ხაზს უსვამენ ამას, მით უმეტეს, ეს ასე არ მოხდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი “რესპუბლიკელებს” არ შეუქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომ მათ შეუძლიათ ასეთ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა.
თუ საბოლოო ჯამში ორმა პარტიამ გააფორმა ეს ხელშეკრულება სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რას ნიშნავს ეს სხვა პარტიებისთვის?
არ ვიცი, რას ნიშნავს. მე მგონი, თუ ასე მოხდა და ამ ორ პარტიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, სხვა პარტიებმა, უხეშად რომ ვთქვათ, თამაშგარე მდგომარეობაში უნდა იგრძნონ თავი. ანუ, რაღას აკეთებენ ისინი? ახლა მრეწველებმა და ფორუმმა ცალკე უნდა დადონ ხელშეკრულება?!
ან ცალკე უნდა დადონ მათაც ქართლ ოცნებასთან ხელშეკრულება საუკეთსო ვარიანტში…
ანუ ყველამ ცალ-ცალკე უნდა დადონ ხელშეკრულებები “ქართულ ოცნებასთან”, ეს მხოლოდ ხაზს გაუსვამს იმას, რომ მთავარი “ქართული ონებაა”, დანარჩენები – უმცროსები. რაც რეალობაა, ცხადია, მაგრამ რად უნდა ამას ხელშეკრულებები. შეიძლება რესპუბლიკელებთან ერთ რამეზე თანხმდება და მრეწველებთან სხვა რამეზე. კოალიცია თუ არის, ხელშეკრულება უნდა იყოს, მაგრამ ხუთივე პარტიის. პრემიერის განცხადებამაც აქეთკენ მიანიშნა, რომ შეიძლება თავიდან მათ [რესპუბლიკელებმა] იმუშაონ, მაგრამ მერე ხუთივე პარტია უნდა შეუერთდეს.
ერთიანი პროგრამით როგორ უნდა შევიდნენ საარჩევნო პროცესში?
არჩევნების წინ კოალიცია, სტრატეგიული ხელშეკრულება და პროგრამა პრაქტიკულად ერთი და იგივე უნდა იყოს იმიტომ, რომ თუ იმ ხელშეკრულებაში ის წერია, რამდენი ადგილი ეკუთვნის რესპუბლიკურ პარტიას, ესეც სხვა პარტიებთან ერთად უნდა იყოს; რამდენი პორტფელი, თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, ვთქვათ. შეიძლება ასეთი რამეები ეწეროს, მაგრამ ისევ ის შეკითხვაა: რატომ სხვა პარტიები არა? თუ პრინციპები, ღირებულებები და პოლიტიკური მიზნები წერია, მაშინაც რატომ მარტო ეს ორი პარტია – ეს არ მესმის, უბრალოდ.
თქვენი პროგნოზი როგორია ამ დაპირისპირებების და გაუგებრობების ფონზე?
თუ დაუცაცხანა ბიძინამ, რომ ცუდად ვინც მოიქცევა, გავაგდებ და თუ დარჩებით, წესიერად მოიქეცითო…
მხოლოდ ივანიშვილზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული?
არსებითად, ყველა ასე თვლის. მეჭიაური და ზოგიერთ სხვა ამას პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინას უნდა დაუჯეროს. მე მგონი, რესპუბლიკელებსაც კარგად ესმით, რომ ბიძინას კეთილი ნება რომ არ იყოს მათ მიმართ ჯერ კიდევ შერჩენილი, მათ არავინ დატოვებდა კოალიციაში.
თუმცა რესპუბლიკელებს აქვთ პროდასავლური იმიჯი, რომელიც შუძლიათ გამოიყენონ კოალიციაში პოზიციების გასამყარებლად.
ცხადია. ამას ზედმეტად იყენებენ. ჩემი აზრით, ამან გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილი. მან იცის, რომ ამიტომ ჰყავს რესპუბლიკელები, მაგრამ ისინი რომ ამბობენ, უჩვენოდ არაფერი გამოგივათ, ჩვენ ვართ ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ინტელექტუალურები და ა.შ. ეს, ბუნებრივია, რომ იწვევს, ერთი მხრივ, მეჭიაურის და სხვა დეპუტატების გაღიზიანებას. მაგრამ თვითონ ბიძინა ივანიშვილისაც, იმიტომ, რომ მისთვის ეს ყველა არის ხალხი, რომლებსაც ქირაობს და იყენებს. გასაგებია, რომ რესპუბლიკელებს სხვა უბანს აბარებს და მეჭიაურს და სხვებს – სხვას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, თვითონ არის განმსაზღვრელი ზოგადი კურსის და ზოგადი პოლიტიკის.
პრაგმატული თვალსაზრისით, ვის უფრო სჭირდება კოალიცია – კოალიციისთვის უფრო მნიშვნელოვანია “რესპუბლიკელების” იქ ყოფნა, თუ “რესპუბლიკელებისთვის”, რომ იყვნენ ძლიერ ძალასთან, რომელიც დაეხმარება პარლამენტში მოსახვედრად?
ამ შემთხვევაში, არასიმეტრიულია ურთიერთობა. კოალიციას სჭირდება იმიტომ, რომ რესპუბლიკელების გარეშე სპეკულაციები განახლდება ისევ, მართლაც პროდასავლურია თუ არა “ქართული ოცნება”. მეორე მხრივ, ალბათ, მათ რწმენა აქვთ და განსაკუთრებით ხშირია ლაპარაკი, რომ უნდა განახლდეს პარტია “ქართული ოცნება”, რომ მათ შეეძლებათ დასავლური განათლების, იმიჯის და კარგი ინგლისურის მცოდნე ხალხი შემოიყვანონ “ქართულ ოცნებაში” და ისინი ერთგვარად ამ ფუნქციაში ჩაანაცვლებენ “რესპუბლიკელებს”. “რესპუბლიკელებისთვის” ეს არის ერთადერთი შანსი, რომ იყვნენ ხელისუფლების ნაწილი. ახლა თუ გავლენ კოალიციიდან, ძირითადი ოპოზიციური ძალა ვერ იქნებიან და შეიძლება 5 %-იანი ბარიერიც ვერ გადალახონ.