ნეტგაზეთი | აურზაური (მხოლოდ) ქალების გამო? აურზაური (მხოლოდ) ქალების გამო? – Netgazeti
RU | GE  

აურზაური (მხოლოდ) ქალების გამო?

მე ფემინისტი ვარ და მე არ „მოვკეტავ“!

მაშინ, როდესაც ქართული პრესის სარვარმარტო პუბლიკაციებში რიგი გამოცემის ავტორები იმაში გვარწმუნებდნენ, რომ ბოლო პერიოდში აქტუალურად ქცეული თემა სამთავრობო ორგანიზაციებში გენდერული პროპორციულობის დაცვის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ „საბჭოთა სოციალური ინჟინერიის“ გამოძახილია, ხოლო  ზოგი ქალი ავტორი იმასაც ირწმუნებოდა, რომ „ევროპის გავლენით ჩვენც ფემინისტობა მოგვინდა და იმ პრობლემებზე ვდარდობთ, რაც საერთოდ არ არსებობს საქართველოში“ (საკუთარი ჰიპოთეზის დასადასტურებლად კი “ვეფხიტყაოსნის” პროტაგონისტების ხასიათებს იხმობდა),  პრესა.გე-ს საიტზე უკვე დიდი ხნის გამოქვეყნებული იყო ბლოგ-ტექსტი სათაურით –„გუშინწინ გაჟიმულები“ (10. 01. 2011). საინტერესოა, რომ ზოგიერთის აზრით, „გენდერულად უპრობლემო“ საქართველოში ასეთი დისკრიმინაციული სათაურით და სიძულვილის ენით დაწერილ წერილს მხოლოდ ფეისბუქზე დარეგისტრირებული მომხმარებლებიდან 436 მომწონებელი გამოუჩნდა.

საგანგაშოა, რომ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენის პრესაში გამოყენება არავის – არც მედია-მფლობელსა და არც მკითხველს – ეხამუშება. საგანგაშოა, როდესაც ეს სიძულვილის ენა საზოგადოების არათუ უმცირესობის, არამედ უმრავლესობისადმი არის მიმართული და უფრო მეტად საგანგაშოა, რომ ეს პათოსი ამავე ქვეყნის 436 მოქალაქის მოწონებას იწვევს. ხსენებული ტექსტის ბოლო ნაწილი ეხება ქართული ტელე-არხების გადაცემებს, მანამდე კი ავტორი ბაკურ სვანიძე „ლირიკულ გადახვევას“ გვთავაზობს და თბილისში ტურისტად ჩამოსული ახალგაზრდა ევროპელი კაცის ენით გვეუბნება, რომ თურმე თბილისიდან „კიდე ჰო,“ მაგრამ რაიონული ცენტრებიდან ევროპაში წასული ქართველი ქალები „სულ ბოზები! ბოზები! ბოზები!“ ყოფილან.  აღარ დავსვამ კითხვას, თუ სად ნახა ბაკურ სვანიძემ ქართველი „ძველი ბიჭის“ ლექსიკით მოსაუბრე ევროპელი, რომელიც ქალის სექსუალურ რეალიზაციას „ბოზობას“ დაარქმევდა. სამაგიეროდ სახეზეა 434 ადამიანის (და ვინ იცის, კიდევ რამდენი თანამემამულის) მსოფლმხედველობა, რომელიც იწონებს რა ამ ტექსტს, ავტორის მსგავსად, ქალის მიერ სექსუალური თავისუფლების რეალიზაციასა და პროსტიტუციას შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

სწორედ ამ სტატიის სათაურს უწოდა „განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაციამ“ „პრესა.გე“-ს მიმართ დაწერილ ღია წერილში სექსისტური (და არა თავად ბაკურ სვანიძეს – სექსისტი). სალექსიკონო განმარტების თანახმად, სექსიზმი არის სოციალური კონსტრუქცია, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს მათი სქესობრივი განსხვავების საფუძველზე განსხვავებულ უფლებებსა და მოვალეობებს ანიჭებს, მიაწერს რა ქალებს „სტერეოტიპულ ნიშნებს“ ან დისკრიმინირებად როლებს; გამოიყენება გოგონებისა და ქალების დისკრიმინაციის აღსანიშნავად (სვანიძის ზემოთხსენებულ ტექსტში: „გაჟიმული“, რომელიც მკითხველში ცალსახად აღძრავს ქალის ასოციაციას, სახელდება „ბოზი“-ს კონტექსტში. ვფიქრობ, ყველაფერი ისედაც ცხადია).

თუმცა სვანიძემ ამ შეფასებას, რა თქმა უნდა, სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთა და საპასუხო წერილში („მე – სექსისტი და რეტროგრადი, თქვენ – მოწინავე ფემინისტებს მოგმართავთ: მოკეტეთ!!!“) თავისი პუბლიცისტური ნარატივი განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა, სხვადახვა ბრუნვაში შემოგვთავაზა რა სიძულვილის ენის შემდეგი ფორმულირებები: „ავადმყოფი ფემინისტები“, „აშკარად შეზღუდული ტვინები“, „მახინჯი აზრით დაპროგრამებულები“, „გამოგენდერებული ქალი“…  კეთილი რჩევის სახით უნდა აღინიშნოს: ნაცვლად იმისა, რომ ავტორს დრო მკითხველის დარწმუნებაში დაეხარჯა, – რომ „ავადმყოფი ფემინისტების“ ქვეშ არ მოიაზრებს ეკატერინე გაბაშვილსა თუ ბარბარე ჯორჯაძეს; რომ „ეკატერინე გაბაშვილის ბიოგრაფია დღემდე სასთუმალთან“ უდევს და იგი მისი „უსაყვარლესი მოღვაწეა“, – სჯობდა ეს წიგნი არა მხოლოდ სასთუმალთან სდებოდა, არამედ შიგადაშიგ ეკითხა კიდეც. რადგან ასეთ შემთხვევაში სწორედ იქ ამოიკითხავდა მის მიერ მოთხოვნილ დამადასტურებელ მასალას იმისა („ახლა მინდა თქვენ მომიტანოთ საიდანმე იმის დამადასტურებელი მასალა, რომ ბარბარე ჯორჯაძე და ეკატერინე გაბაშვილი, მას შემდეგ, რაც მოილევდნენ ქალთა სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლას, შინ მიდიოდნენ და ქმრებს ეუბნებოდნენ – კაცო, მიდი შენ ქვაბები გარეცხე და მე აგერ, კრამიტი რომ არის სახურავზე შესაცვლელი ავძვრები და შევცვლიო.“), თუ როგორ გამოიყურებოდა ეკატერინე გაბაშვილის ოჯახური იდილია: „დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი, ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა.“ დიახ, როდესაც ამ გამოცდილების მქონე ეკატერინე გაბაშვილი ქალთა განათლებისა და პოლიტიკური საქმიანობის უფლებისთვის იბრძოდა, ამ უფლებების მოპოვებაში, როგორც თავად უწოდებს, „იმ ვიწრო კედლების“ გარღვევას ხედავდა, „რომელსაც ოჯახის  დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებობას.“ მაგრამ რა საჭიროა წიგნის კითხვა, როდესაც შეიძლება იგი მხოლოდ სასთუმალთან გედოს, ხოლო პრესა.გე-ზე კი მიზოგინიური გამონათქვამებით სავსე წერილები უპასუხისმგებლოდ აქვეყნო, მით უმეტეს, რომ ქართულ საზოგადოებაში „დამლაიქებელიც“ არ დაგელევა.

როგორი გამონათქვამებია მიზოგინიური? სოციოლოგიაში მიზოგინია განისაზღვრება როგორც სექსისტური უმსჯელობებისა და იდეოლოგიის ცენტრალური ნაწილი: მიზოგინია, როგორც ასეთი, არის ქალების ჩაგვრისა და შევიწროვების  მნიშვნელოვანი საფუძველი მამაკაცების მიერ დომინირებულ, პატრიარქალურ საზოგადოებაში. მიზოგინიის გამოხატვის ფორმები განსხვავებულია, დაწყებული პორნოგრაფიული შინაარსის ხუმრობებით, ქალებზე ძალადობით დამთავრებული. შეიძლება მიზოგინიური ფორმულირება „გაჟიმული“ სვანიძეს გროტესკიც კი ჰგონია, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას ავიწყდება, რომ გროტესკი ხელოვნების ფორმაა და მასზე საუბარი შეიძლება მხატვრულ ნაწარმოებში, მაგრამ არა პუბლიცისტიკაში.

„აგენდერებულთა დაგენდერებისათვის, ანუ გამოგენდერებამდე წასაკითხი“ იმავე ავტორმა ამა წლის 23 მარტს გამოაქვეყნა. სწორედ იმ მარტს, როდესაც კვლავაც რიგი გამოცემის ქალი ბლოგერი გვარწმუნებდა, „საქართველოში ქალები არც ისე დაჩაგრულები არიან“-ო (გაუგებარია, მაინც რას ნიშნავს ეს რელატიური ფორმა „არც ისე“), ხოლო ჩვენი საზოგადოების ამ ოდას შემდეგნაირად ამთავრებდა: „ეხლა კი ისღა დამრჩენია … კაცების წინააღმდეგ ბრძოლა გავაგრძელო იმ უფლებებისთვის, რომელიც ქართველი ქალებისთვის არც არავის წაურთმევია.“ რა თქმა უნდა, ვერავინ წაგართმევს უფლებას, რომელიც ჯერ არც კი მოგიპოვებია. იმ ვითარებას კი, რომ საქართველოში ქალებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად შედგომისთვის რიგი უფლებები ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვთ, ოჯახური ძალადობის სტატისტიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ ის ფაქტიც მოწმობს, რომ „აგენდერებულთა დაგენდერებისათვის ანუ გამოგენდერებამდე წასაკითხი“ – ეს დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის სინთეზი – უკვე ფეისბუქის 612-მა მომხმარებელმა მოიწონა, ანუ დაეთანხმა სვანიძის შემდეგ აზრებს: „ფემინიზმი ეს არის ყოვლად მახინჯი მოვლენა და პირდაპირ იტყუება ყველა, ვინც გვეუბნება, რომ თითქოს ევროპაში მიღებული წესი იყოს, რომ ქმარი ცოლის თანაბარ მონაწილეობას იღებს რეცხვის, ხეხვის, წმენდის, ხვეტის თუ კიდევ სხვა ტიპის საოჯახო საქმეებში. სისულელეა ის, რომ თითქოს ევროპაში მიღებული იყოს ქალის იმავე ხარისხით ‘პიროვნული და სექსუალური თავისუფლება’, რა ხარისხითაც ამის უფლება საკუთარ თავს კაცმა შეიძლება მისცეს.“ როდესაც მედია-საშუალებაში იწერება, რომ ევროპაში ქალის „პიროვნული და სექსუალური თავისუფლება“ მამაკაცებისას ჩამორჩება, ანუ რომ ევროპულ საზოგადოებაში ადგილი აქვს ადამიანების თავისუფლების სეგრეგაციას – ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ფაქტია -, ეს ევროპის ქვეყნების ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული ღირებულებების („ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია ღირსებისა და უფლებების მიხედვით“) დარღვევაში დადანაშაულებაა: შეიძლება საქართველოში მავანთათვის აღმოჩენა იყოს, მაგრამ „პიროვნული თავისუფლება“ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს განეკუთვნება და იგი თავის თავში გულისხმობს სექსუალურ თავისუფლებასაც. სწორედ ზემოთ ციტირებულ პასაჟზე მიუთითა „განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაციამ“ „პრესა.გე“-ს ღია წერილში, რომ მისი ავტორის მოსაზრებები და აზროვნების სტილი არათუ თანამედროვე ევროპულს (რომლის ექსპერტობაზეც იგი თავს სდებს), არამედ თავად საქართველოში მომქმედ კანონმდებლობასაც ჩამორჩება: გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის თანახმად, გენდერული თანასწორობა არის “ადამიანის  უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში” (კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მე-3 მუხლი, 1 ბ პუნქტი, 2010).

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბაკურ სვანიძის სამოქალაქო ცნობიერება, როდესაც იგი  6 აპრილს გამოქვეყნებულ თავის საპასუხო ბლოგ-ტექსტში („მე – სექსისტი და რეტროგრადი, თქვენ – მოწინავე ფემინისტებს მოგმართავთ: მოკეტეთ!!!“) წერს: „კანონის არგუმენტად მოტანა, ასეთ თემაზე საუბრისას, ელემენტარული სისულელეა.“ საინტერესოა, პრესა.გე-ს ჟურნალისტის აზრით, საკანონმდებლო სფეროს ნაცვლად რა უნდა არეგულირებდეს ქვეყანაში სამოქალაქო ცხოვრებას? შეიძლება მას სამოქალაქო კანონზე უკეთეს და უმაღლეს მარეგულირებლად „ძველი ბიჭების ინსტიტუტი“, „ქუჩური მორალი“, „უბნის ბირჟა“ ან სულაც საფიხვნო მიაჩნია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისი სამოქალაქო იდეალები, რბილად რომ ვთქვათ, სულ მცირე, დროს აცდენილია. აზროვნებით დროსჩამორჩენილი ადამიანი კი რეტროგრადია, და თუკი სვანიძე თავად ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო დონეზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობა მისთვის წარმოუდგენელია, მაშინ რატომ უკვირს, როდესაც მისი ფორმულირებები შესაბამისად ფასდება?

ნუ ჩამორჩებით საკანონმდებლო დონეზე აღიარებული უფლებების და მოვალეობების გააზრება-გაცნობიერებას, და არ იქნებით რეტროგრადი!

ნუ უწოდებთ სექსუალურად რეალიზებულ ქალს „ბოზს“ და არ იქნებით სექსისტი!

ნუ გეგონებათ გენდერული თანასწორობა „კრამიტის შემკეთებლისა და ქვაბების მრეცხავის“ ფუნქციების არევა, ხოლო თუ ეს მაინც ასე გგონიათ, მაშინ ნუ გაასაღებთ საკუთარ თავს გენდერულად მგრძნობიარე ადამიანად!

ნუ დაარქმევთ ფემინიზმს „ყოვლად მახინჯ მოვლენას“ და არ იქნებით პატრიარქალური ცნობიერების მატარებელი!

ნუ გამოიყენებთ საჯარო სივრცეში ქალების სოციალური ჯგუფის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს და სიძულვილის ენას, და არ იქნებით მიზოგინი!

და მაშინ „აურზაური (თითქოსდა მხოლოდ) ქალების გამოც“ აღარ იქნება.

პ.ს. მე როგორც პრესა.გე-სთვის მიწერილი ღია წერილის თანაავტორი ვუერთდები ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ თამთა მელაშვილის წერილს და ვამბობ: მე ფემინისტი ვარ და მე არ „მოვკეტავ“!

თათა ცოფურაშვილი
თათა ცოფურაშვილი

ავტორის შესახებ

თათა ცოფურაშვილი არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სწავლობდა და დისერტაცია დაიცვა ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია).
ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თათა ცოფურაშვილი