ფიქრები წილხვედრიდან ემიგრაციაზე

ბოლო რამდენიმე წელია მთაწმინდაზე ერთ ოთახში ვცხოვრობ. ჩვეულებრივ, დილით სამსახურში, ან უნივერსიტეტში ყვითელი ავტობუსით მივდივარ,  ყურსასმენები მიკეთია და Soundcloud-ზე რომელიმე დეპრესიულ სიმღერას ვუსმენ . სიმართლე ვთქვა, ხანდახან ისიც კი მგონია, რომ არცერთგან სიარულს არა აქვს აზრი. საერთოდ, ბოლო ორი წელიწადია ძალიან დაბნეული ვარ. დიდხანს რომ ჩემს ამ მდგომარეობას უყურა, გასულ შემოდგომას, ლექციის შემდეგ ლექტორმა მკითხა, ვაპირებდი თუ არა დეპარტამენტში დავრჩენილიყავი და მომავალში კათედრის პროფესორობაზე მეფიქრა. ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და გულწრფელად გამოვუტყდი: საქართველო არაჰეტეროსექსუალი მამაკაცებისათვის არაა, აქ ბედნიერებას, რომელსაც ვეძებ, ვერასდროს მივაღწევ და შესაბამისად, ვერ გადამიწყვეტია, საერთოდ უნდა დავრჩე თუ არა საქართველოში მეთქი.

კაცმა რომ თქვას, არც ის ვიცი, სადმე სხვაგან მაინც თუ ვიქნები  ბედნიერი და ბოლო წლებში გადატანილ ტრავმებს თუ დავივიწყებ როდესმე. ახლაც მახსოვს, 2013 წლის 17 მაისს ჩემს ფანჯრებთან ჩამოვლილი სკოლის მოსწავლეების მოფაშისტურო შეძახილები ‘’სიკვდილი პედერასტებს’’ – რუსთაველთან ახლოს ცხოვრებას ეს ახლავს თან, ყველა უბედურებას საკუთარი ფანჯრებიდან უყურებ, პირდაპირ ეთერში.

უკანასკნელ წლებში შინაგანად თითქოს ორად გავიყავი. ჩემს ერთ ნაწილს საქართველოში დარჩენა სურს: ძალიან მინდა, აქ მუშაობა შემეძლოს და  ერთი აგური მეც დავდო ქართული საზოგადოების ასაშენებლად. მეორეს მხრივ, აქედან წასვლაზე ვფიქრობდი. პირველ შემთხვევაში, თუ საქართველოში ვიცხოვრებ, მომიწევს გაორებულმა ვიცხოვრო და ჩემი ნამდვილი პიროვნება დავმალო- თბილისში, იმის გამო, რომ გეი ვარ,  ვერასდროს ვიქნები მიღებული და სრულფასოვან ადამიანად აღქმული. ვერასდროს შევძლებ, ვიცხოვრო შეყვარებულ ბიჭთან ერთად და მყავდეს შვილი, რომელიც სკოლაში ივლის. ბევრჯერ დავფიქრდი და გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი თავის ბედნიერება შვილის გარეშე ვერ დავინახე. საქართველოში კი (გეი) წყვილს შვილი ჰყავდეს ალბათ ფანტასტიკის სფერო უფროა.

რომელი უნდა ვარჩიო? დავრჩე საქართველოში და აქაურობაზე ვიზრუნო? თუ საკუთარი ბედნიერების საძიებლად სხვა ქვეყანაში სამუდამოდ გადავბარგდე?  რამდენიმე წლიანი ფიქრების შემდეგ, მეორე არჩევანისაკენ გადავიხარე. ვიცი, არავის ვუნდივარ აქ – საშუალო სტატისტიკური ქართველი ყველა კვლევის თანახმად, მკვლელს, ქურდს ან ყაჩაღს უფრო ისურვებდა მეზობლად, ვიდრე – ‘’პიდარასტს.’’ მჯერა, ბედნიერების პერსპექტივის გარეშე ვერასდროს შევძლებ ცხოვრებას. ეს პერსპექტივა კი საქართველოში გეი ადამიანთა მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულებების გამო არ ჩანს და არც აპირებს გამოჩენას.

ან რომ დარჩე – ვისთვის და რისთვის უნდა თქვა უარი სხვა ქვეყანაში უსაფრთხოდ, ბედნიერად ცხოვრებაზე?  ძველი ბიჭებისათვის, საკუთარ დედებს რომ აგინებენ და  ქუჩაში იფურთხებიან? თუ ‘’ვაზელინი’’ ხალხისათვის, რომელიც ყველა მთავრობას ‘’აპრავებს’’? იქნებ ჩემი ასობით ნაცნობისათვის, რომელსაც არცერთ პრობლემაზე წლებია ხმა არ ამოუღია? თუ იმ ადამიანებზე, ერთი სიტყვა რომ არ შეუწევიათ თავისი გეი ან ლესბოსელი მეგობრების ფეხქვეშ გათელილი უფლებებისათვის? ან იმ IX-X კლასის მოსწავლე გოგო-ბიჭებისათვის, რუსთაველზე 2013-ში ‘’სიკვდილი პედერასტებს’’ რომ გაჰკიოდნენ?

ვიცი, ბევრი მეგობარი წასვლას პრობლემისაგან გაქცევად შეაფასებს. ჩემი ჰეტეროსექსუალი მეგობრები ამას მეტყვიან ცხადია, მეტყვიან და ვერც კი გააცნობიერებენ იმ ჩაგვრის სიმძიმეს, რომელსაც საქართველოში შესაძლოა გეი მამაკაცი გრძნობდეს. ვერ გააცნობიერებენ, რადგან ჩემ მეგობარ გიორგის არასოდეს გამოეკიდება ვინმე თავის შეყვარებულ ნათიას თუ ჩაკიდებს ხელს. მსგავსი რამისათვის მე და ჩემს შეყვარებულს ალბათ, აგვკუწავდნენ კიდეც. მე, საკუთარ შეყვარებულს აეროპორტში თუ ავტოსადგურზეც ვერ გამოვმშვიდობებივარ როდესმე ჩახუტებით – ვინმეს რამე არ ეფიქრა.

გვირჩევენ დაბეჯითებით თანამემამულეები, ქუჩაში ნურაფერს გამოხატავთ, ოთხ კედელში არავინ შემოგივარდებათო. თითქოს მამაკაცთან ურთიერთობა, რომელიც გიყვარს, მხოლოდ სექსი იყოს და შესაძლებელი იყოს გრძნობები 4 კედელში გამოკეტო – სიძულვილი, რომელიც თბილისის ისედაც ჭუჭყიან და ნაგვიან ქუჩებში დგას, მართლაც რამდენიმე კედელში გკეტავს, გხუთავს და ბედნიერების საშუალებას არ გაძლევს.

ერთი კვირის წინ ეს ყველაფერი ჩემს პრაღელ მეგობარს მოვუყევი. მანაც გაკვირვებულმა მკითხა, თუ ასეა, რატომ ვერ გადამეწყვიტა წასვლა აქამდე. და რაც მას ვუთხარი: ჩემს ამჟამინდელ ტრაგედიას სხვაგან გადაცხოვრებისას კიდევ ერთი დაემატება, როცა აღმოვაჩენ, რომ მე და ჩემს უცხოეთში გაზრდილ შვილს სხვადასხვა მშობლიური ენა გვექნება მეთქი.

მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ქვეყნის ალბათ 80% სიამოვნებით გაგიშვებდა სადმე გემით ზღვაში სხვა ‘’პედერასტებთან’’ ერთად და ‘’გაწმენდდა ქვეყანას’’ ჩემნაირი ‘’უწმინდურებისაგან’’.  მძიმეა იმისათვის თვალის გასწორება, რომ მამამ შეიძლება სახლიდან გაგაგდოს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შეყვარებული შეიძლება ბიჭი იყოს. ძნელია, ძალიან ძნელი, როცა საკუთარი დედა თვითმკვლელობით გაშანტაჟებს, თუკი ‘’ოდესმე კაცთან ერთად დაგინახავს.’’

ვერც ვერასდროს დამინახავს. ძალიან შორს წავალ და ალბათ არც არასდროს შევეხმიანები. საკუთარი ოჯახი, უპირველესად დედა, პირველი და ალბათ ბოლო ვინმე იქნება ვისაც ერთგვარ ‘’სამაგიეროს’’ გადავუხდი. ალბათ, ვინც გვიყვარს, იმათგან ყველაზე მეტ გაგებას და თანაგრძნობას ველოდებით ადამიანები.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ ზაფხულს წავალ, წავალ და იმედია, უკან აღარასოდეს დავბრუნდები. ყველა იმ უბედურების მიუხედავად, რაც აქ გამოვცადე, ვიცი, აქაურობა მაინც მიყვარს. თუმცა, ამაზე ზუსტად ის ვიცი, რომ ჩემს ქვეყანას არ ვუყვარვარ, მხოლოდ იმის გამო, რომ გეი ვარ. მე კიდევ ცალმხრივი სიყვარულის არ მწამს, ვისაც არ უყვარხარ, თავი უნდა დაანებო. თანაც, არ ვუყვარვარ, რბილი ნათქვამია, ‘’ზოგი უნდა ჩამოახრჩო, ზოგი უნდა დაწვა’’ – ო, ერთ-ერთი კომენტატორი წერდა 17 მაისის ვიდეოზე, მეორემ – ძაღლები უნდა მიუსიო მაგ ტრანსსექსუალებსო, მესამემ – უნდა გაყარონ საქართველოდანო.

დამიჯერეთ, არავისი გაყრა არ გჭირდებათ და ყველა საკუთარი ფეხით წავა. ბოლო 25 წელიწადში 2-მა მილიონმა  დატოვა საქართველო. დარჩენილთაგან კიდევ 2 მილიონი ალბათ მომდევნო 25 წელიწადში დატოვებს აქაურობას. და დაგრჩებათ ეს ‘’ღვთისმშობლის წილხვედრი,’’ სიღატაკის, შიმშილის და შუასაუკუნეებრივი ობსკურანტიზმის ქვეყანა თქვენ, ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს. ჰო, მამაკაცებს, რადგან თქვენ, ქართველი ქალები და გოგონები, გეი მამაკაცებზე მეტად დაჩაგრულები და უფლებააყრილები ხართ, მხოლოდ, რახან გემით სადმე კუნძულზე არ გაგიშვებენ და ქალობის გამო ტაბურეტკით არ დაგდევენ, ამას ვერ აცნობიერებთ.  

P.S. ან იქ, სხვაგან ვენდომები კი ვინმეს?! საკუთარმა საზოგადოებამ თუ არ მიმიღო და სხვა ქვეყანა როგორ დამიგულებს თავისიანად?!

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანონიმი ავტორის წერილი