კომენტარი

გამომძიებლები მოქალაქეებს დასაკითხად კაბინეტში ვეღარ დაიბარებენ

15 თებერვალი, 2016 •
გამომძიებლები მოქალაქეებს დასაკითხად კაბინეტში ვეღარ დაიბარებენ

ბოლო რამდენიმე კვირაა გამომძიებლებს ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ ტრენინგებს უტარებენ.

ეს იმიტომ, რომ 20 თებერვლიდან შს სამინისტროს, პროკურატურისა თუ სხვა საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები მოქალაქეებს ვეღარ დაიბარებენ თავიანთ კაბინეტებში დასაკითხად, თუ ამას თავად მოქალაქეები არ დათანხმდებიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამართალდამცავების მხრიდან შესუსტდება ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა დასაკითხი პირების მიმართ? ახალი კანონის დეტალებს „ბათუმელებთან“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს.

ბატონო არჩილ, 20 თებერვლიდან ამოქმედდება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, რომლის თანახმად მოწმის დაკითხვის უფლება პოლიციისა თუ პროკურატურის შენობებში გამომძიებლებს აღარ ექნებათ. შეიძლება განმარტოთ, რას ნიშნავს ეს ცვლილება და რამდენად სასარგებლო იქნება ის საზოგადოებისთვის?

არჩილ ჩოფიკაშვილი

არჩილ ჩოფიკაშვილი, ფოტო: რადიო თავისუფლება

შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც უახლეს მომავალში ამოქმედდება და შეეხება დაკითხვის წესს, ახლებურ მიდგომას გვთავაზობს: საქართველოს ისტორიაში პირველად ამოქმედდება შემდეგი  წესი – მოწმე არ იქნება ვალდებული გამომძიებელს მისცეს ჩვენება. უფრო ზუსტად კი, მოწმეს უფლება აქვს გამომძიებელსა და პროკურორს მისცეს ჩვენება, მაგრამ ის არ არის ვალდებული ეს გააკეთოს. შესაბამისად, პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს გაუჩნდებათ მეტი მოტივაცია იმისა, რომ მათი მუშაობის სტილი იყოს არა რეპრესიული, არამედ უფრო თანამშრომლობა-დარწმუნებაზე დაფუძნებული: მოწმეს იძულებით, რეპრესიული მექანიზმებით კი არ აიძულონ ჩვენების მიცემა, არამედ თანამშრომლობით.

თუმცა, სახელმწიფომ მაინც დაიტოვა იძულების მექანიზმი და მოწმე დაავალდებულა, რომ თუ ის უარს ამბობს გამომძიებელთან და პროკურორთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე, მაშინ მას დაკითხავენ მოსამართლის თანდასწრებით.

ის წესი, რომლის ამოქმედებასაც არასამთავრობოები და ადვოკატები ვითხოვდით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, გულისხმობდა არა ამ მოდელს, არამედ მოწმის დაკითხვას პირდაპირ სასამართლოში მხარეების ჩართულობით. შესაბამისად, გამოძიებაში შედგენილ დაკითხვის ოქმს არ ექნებოდა მტკიცებულების სახე და მოწმეს არც იმის ვალდებულება ექნებოდა, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება გაემეორებინა სასამართლოში. გარდა ამისა, აუცილებელი იქნებოდა ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება რომ აღარ ყოფილიყო დასჯადი… გამომძიებელთან მიცემულ ჩვენებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის თუ იქნება სხვაობა, ეს არ უნდა იყოს დასჯადი.

შეიძლება იმის თქმა, რომ ამის მიუხედავად ახალი საპროცესო კოდექსი იქნება ეფექტური?

მიღებული წესი უარესია იმაზე, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული იმ საპროცესო კოდექსით, რომელიც არ მიიღეს, მაგრამ უკეთესია იმაზე, რაც იყო 1998 წლის საპროცესო კოდექსში და რითაც დღემდე ვსარგებლობდით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება შუალედური ვარიანტია. რეალური შეფასებისა და დასკვნების გაკეთება შეიძლება მას შემდეგ, რაც კანონი პრაქტიკაში დაინერგება, ერთი-ორი წლის შემდეგ.

მოსამართლის ჩართულობა ამ პროცესში როგორია, რაიმე ფორმით მონაწილეობს დაკითხვაში, თუ მხოლოდ მოსმენის უფლება აქვს?

დასაკითხ პირს მიიყვანენ სასამართლო დარბაზში და მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, პრობლემა არის ის, რომ დაკითხვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარე. ადვოკატს კითხვების დასმის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა, როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

გარდა ამისა, მოსამართლის როლი არის ის, რომ უზრუნველყოს მოწმის უსაფრთხოება და დაკითხვის პროცესის შესაბამისობა კანონთან.

მოსამართლის ჩართულობა რამდენად არის იმის გარანტია, რომ გამოირიცხოს დასაკითხ პირზე ზეწოლა?

ვერ გამოირიცხება, რადგან მოწმე სასამართლოში მაინც პოლიციას, ან პროკურორს მიჰყავს. ბუნებრივია, სასამართლო დარბაზში მოწმეს არავინ დაუწყებს ზეწოლას, ცემას, მაგრამ სასამართლო დარბაზამდე მისასვლელი გზა არის დიდი და დრო საკმარისი საიმისოდ, რომ მოწმეზე ზემოქმედება შეძლონ. ანუ ამის სრულად დაზღვევა, რომ მოწმეზე პოლიციამ არ განახორციელოს ზეწოლა, არის ძალიან რთული. ამიტომ საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსში კანონის იმ ნორმების შეცვლა, რომლებიც ზღუდავს მოწმის დამოუკიდებლობას.

წინასწარი გამოძიების პროცესში მოწმე პირდაპირ სასამართლოში რომ იკითხებოდეს, ალბათ მაინც არ იქნება გამორიცხული სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა, არა?

როდესაც სასამართლოში არსებითი განხილვის დროს პირველად კითხავენ მოწმეს, დაცვის მხარეს შეუძლია თავისი დასაცავი პირისთვის საჭირო კითხვები დასვას, ანუ შეამციროს იმის ალბათობა, რომ ცალმხრივი იქნება ჩვენება და მარტო გამომძიებლის ინტერესები იქნება გათვალისწინებული დასმულ კითხვებში. საპროცესო კოდექსი 20 თებერვლის შემდეგ დაკითხვას ითვალისწინებს მოსამართლის თანდასწრებით, მაგრამ პირს კითხავენ დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, ნაკლები გარანტიაა იმისა, რომ ჩვენება იქნება სრული, ამომწურავი და ყოველმხრივი.

თუ არის ახალ კანონში რაიმე ისეთი დათქმა, რაც მოწმეს მისცემდა შესაძლებლობას უარი ეთქვა ჩვენების მიცემაზე, წინასწარ გამოძიებაში ზეწოლის შემთხვევაში?

მოწმეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ის დაკითხონ მოსამართლის თანდასწრებით… მაგრამ თუ პროკურატურა იგრძნობს, რომ მოწმე მის სასარგებლო ჩვენების მიცემას არ აპირებს, ბუნებრივია, ექნება ცდუნება მასზე ზეწოლა განახორციელოს.

საქართველოს ხელისუფლება 2010 წლიდან მოყოლებული ყოველ ჯერზე ცდილობდა მოწმეთა დაკითხვის წესის ცვლილების გადავადებას. მოქმედმა ხელისუფლებამაც ეს ორჯერ მოახერხა. რატომ ეშინიათ სამართალდამცავებს ამ კანონის ამოქმედების?

პროკურატურას შიში აქვს იქედან გამომდინარე, რომ ეს არის მოწმის დაკითხვის რადიკალურად ახალი წესი. შესაბამისად, პოლიციისა და პროკურატურის პრაქტიკა, ისევე როგორც ადვოკატების, ძალიან მწირია. ეს არის რადიკალური სიახლე პროცესში, ამიტომ პროკურატურა სიფრთხილით ეკიდებოდა საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ემზადებოდნენ, ტრენინგებს ატარებდნენ ახალი წესის შესაბამისად, უნარ-ჩვევებს იმაღლებდნენ და ასე შემდეგ. გარკვეული შიშები ჰქონდათ და აქვთ კიდეც, რომ ეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელს შეუშლით. სწორედ ამიტომ, 2010 წლიდან მოყოლებული ვერა და ვერ ამოქმედდა კანონი. საბოლოოდ კი, ეს შუალედური ვარიანტი შემოგვთავაზეს.

ეშინიათ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც ვალდებულები არიან უზრუნველყონ საზოგადოების უსაფრთხოება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მართლაც გაჩნდება რაღაც ტიპის საფრთხე საზოგადოებისთვისთუ მათ არ შეუძლიათ ახალ ფორმატზე გადაწყობა, რა გამოდის სისტემა შეფერხებით იმუშავებს?

დღეს ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. პროცესს უნდა დავაკვირდეთ პრაქტიკაში. თავდაპირველად შეიძლება გაჩნდეს პრობლემები, მაგრამ სხვა ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ წესზე გადასვლა მიზანშეწონილია. ეს არ არის ისეთი საკითხი, 100%-იანი სიზუსტით რომ განსაზღვრო, რა იქნება.

დათქმები, რამაც კანონი შუალედურად აქცია, ვისი ინიციატივით შევიდა საპროცესო კოდექსში?

აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ალბათ, ეს შეჯერებული იქნებოდა შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან… აღმასრულებელი ხელისუფლების ეს ინიციატივა პარლამენტმაც გაიზიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი