კომენტარი

ვერძეული: მეტი სამუშაო იქნება მთავრობასთან, რომ პრობლემების პოლიტიკურ დონეზე აღიარება მოხდეს

26 იანვარი, 2016 • 1384
ვერძეული: მეტი სამუშაო იქნება მთავრობასთან, რომ პრობლემების პოლიტიკურ დონეზე აღიარება მოხდეს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი სოფო ვერძეული აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა და მთავრობამ გამოხატონ პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდაცავ სისტემაში გადასადგმელი ნაბიჯების მიმართ.

სოფო ვერძეული იყო ერთ–ერთი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთაგან, რომლებიც დღეს, 26 იანვარს გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. ნეტგაზეთი ვერძეულს ამ შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.

EMC–ის იურისტის განცხადებით, პრემიერმა შეხვედრაზე გამოხატა ინიციატივა, რომ მართლმსაჯულების საკითხები დამატებით სამუშაო ფორმატში განიხილონ. ამას ვერძეული დღევანდელი შეხვედრის ხელშესახებ შედეგად აფასებს.

“რაც შეეხება სხვა თემებს, მე ვფიქრობ, რომ დამატებით იქნება სამუშაო მთავრობის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ პრობლემების მიმართ მგრძნობელობა და ამ პრობლემების აღიარება მოხდეს პოლიტიკურ დონეზე. დღეს, უბრალოდ, დაისვა ეს თემები, თუმცა განვრცობა, დამატებით დისკუსია და მსჯელობა არ მოჰყოლია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თანასწორობის პოლიტიკის საკითხებს, სოციალური პოლიტიკის საკითხებს სჭირდება დამატებით მუშაობა და დღეს რაიმე ხელშესახები, კონკრეტული დაპირებები ამ მიმართულებით არ მიგვიღია, განსხვავებით მართლმსაჯულების საკითხებისგან, რომელზეც იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ ვიმუშაოთ სხვა ფორმატში,”– ამობს სოფო ვერძეული.

ვერძეულის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა და მთავრობამ სამართალდამცავ სისტემაში გადასადგმელი ნაბიჯების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატოს, მათ შორის, ცალსახად დაუჭირონ მხარი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. სოფო ვერძეულს იმედი აქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს, უფრო მეტი თემა დადგეს პოლიტიკურ დღის წესრიგში და მოიპოვოს პრემიერ–მინისტრისა და გუნდის მხარდაჭერა.

“ვფიქრობ, რომ უფრო მეტია სამუშაო იმისთვის, რომ თანასწორობის პოლიტიკის მიმართ არსებული პრობლემების უფრო უკეთ გაცნობიერება მოხდეს მთავრობის მხრიდან. მათ შორის, ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც მუსლიმი თემის მიმართულებით არის გამოხატული და პრემიერ–მინისტრს დავუსვით კითხვა, რა სტრატეგია და ხედვა აქვს ამ მიმართულებით. მე ვფiქრობ, რომ არის უფრო მეტი სამუშაო, მათ შორის მთავრობის შიგნით, იმისთვის, რომ უფრო მეტი გააზრება მოხდეს იმ პრობლემების რეალური საფუძვლების, რაც ჩვენ დღეს გვაქვს თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით. მათ შორის, რელიგიური უმცირესობის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად სოციალური პოლიტიკის მიმართულებით უფრო მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს ამ თემას მთავრობის გუნდში და ამ მიმართულებით პრინციპული არის შრომის ინსპექციის გაძლიერების თემა, რომელზეც, იმედია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დასმული საკითხები დამატებით იქნება განხილული უკვე სხვა ფორმატებში,”– ამბობს EMC–ის იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი