კომენტარი

მეჩეთი – მომხრე და წინააღმდეგი

8 თებერვალი, 2011 • 1172
მეჩეთი – მომხრე და წინააღმდეგი

რეგიონული მედია

სადავო ხელშეკრულების დეტალებს „ტვ 25-მა“ იანვარში სამი გადაცემა მიუძღვნა. გადაცემის პროდიუსერი ნათია როყვა ამბობს, რომ მაყურებლის განსაკუთრებული აგრესია ნათლისღების ღამეს გასულმა გადაცემამ გამოიწვია, რომლის სახელწოდება იყო – “მუსლიმთა უფლებები”. პროდიუსერი იხსენებს, რომ იმ ღამეს 100-მდე სატელეფონო ზარს უპასუხეს. ტელევიზიას, ძირითადად, აზიზიეს მეჩეთის აშენების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ.

ნათია როყვა: “იმ ღამეს სმს- გზავნილები დავბლოკეთ, რადგან ისინი, ძირითადად, დისკრიმინაციული ხასიათის იყო: გადაცემა ღამის 12:30 წუთზე დასრულდა, მაგრამ 3 საათამდე მოსახლეობის ზარებს ვპასუხობდით. ზარები დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: “რაც არის, ის იკმარონ”, `ილოცეთ იქ, სადაც უკვე აშენებულია”.

ამ გადაცემის შემდეგ სატელეფონო ზარები იყო “გაზეთ ბათუმელებშიც”. გაზეთის რედაქტორი, ეთერ თურაძე: “ერთ-ერთი მოქალაქე ითხოვდა აჭარიდან იმ ქალის გასახლებას, რომელმაც “25-ე არხის” ეთერში დარეკა და თქვა, რომ რაც არის, ის მეჩეთიც უნდა დავხუროთ. მას ამ თემაზე მოსაზრების დაწერა უნდოდა და იკითხა, თუ გამოვაქვეყნებდით. რედაქციაში სხვა ადამიანების მოსაზრებებიც შემოვიდა, რომლებიც ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთზე გამოვაქვეყნეთ. ჩემთვის ეს ერთი ზარი საკმაოდ საშიში ტენდენციის მაჩვენებელი იყო”.

როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ასეთი თემატიკის საკითხები?

 ამ კითხვას მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე პასუხობს: “ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ გაფორმებულა, საუბარი დაიწყეს პოლიტიკოსებმა და არა მედიასაშუალებებმა:  „უნდა მიდიოდეს მსჯელობა მხარეთა პოზიციებზე, უნდა აუხსნა საზოგადოებას, რა მდგომარეობაშია ქართული კულტურის ძეგლები თურქეთში, რომელთაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვთ. მედიის როლს რაც შეეხება, შეიძლება გავიხსენოთ ირლანდიის მაგალითი (პროტესტანტების და კათოლიკების დაპირისპირების დროს), როდესაც BBC-იმ გახადა ყველაფერი საჯარო და დისკუსიაში ჩართო საზოგადოება”.

 

მოქალაქეების გამოკითხვა

“გაქვთ სურვილი, მიღოთ მონაწილეობა “ბათუმელების” გამოკითხვაში? _ ამ შეკითხვით ბათუმის ერთ-ერთ ხალხმრავალ უბანში ორი 30 წლამდე ახალგაზრდა შევაჩერე. როცა გაიგეს, რომ კითხვები აზიზიეს მეჩეთს ეხებოდა, რამდენჯერმე წაიკითხეს მოკლე ინფორმაცია საქართველო-თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. სანამ სასურველ პასუხებს შემოხაზავდნენ, ამ ორ პირს შორის დიალოგი გაიმართა.

_ შენ რომელს ხაზავ, წინააღმდეგს? _ ეკითხება ერთი მეორეს.

_ არა, რა წინააღმდეგი, რომ იძახი, ევროკავშირში შესვლა გვინდაო, წინააღმდეგს როგორ მოხაზავ?

_ აჰა, თან აქ წერია “ოშკის სანაცვლოდ”. მაშინ მეც თანახმა ვარ, მაგრამ ცენტრში რა სავალდებულოა?

ერთ-ერთი შეკითხვით ჩემთან გადმოდის: 

– ხომ არ იცით, ზუსტად სად აშენდება?

გამოკითხვის დროს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფი შევარჩიე –  კორპუსებში მცხოვრებნი, უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები, ბათუმის საკრებულო, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ და მხოლოდ ერთმა დეპუტატმა განაცხადეს უარი “ბათუმელების” გამოკითხვაში მონაწილეობაზე. უარის მოტივად დაასახელეს, რომ საპატრიარქოს კიდევ ერთ განცხადებას ელოდებოდნენ.

საპატრიარქოს კი ამ დროისთვის უკვე ორი ოფიციალური განცხადება ჰქონდა გაკეთებული…

ჯერჯერობით, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ორ ქვეყანას შორის ხელმოსაწერი დოკუმენტის დეტალები. ოფიციალური პირები, რომლებიც დოკუმენტზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ საუბარია, ერთი მხრივ: ოშკის, ხანძთის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიების გრანდიოზული კომპლექსების აღდგენაზე (თურქეთის ტერიტორია) და მეორე მხრივ, საქართველოში _ მედრესეს (ახალციხე), იქვე წყვილი აბანოს, ხარჯავის მეჩეთის (ადიგენი), კვირიკესა და აზიზიეს მეჩეთის (ბათუმი) აღდგენაზე.

აზიზიეს მეჩეთის აღდგენამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. სწორედ ეს თემა გახდა ბათუმში, პრესკაფეში, დისკუსიის საგანი. დისკუსიის ინიციატორი ბათუმელი “რესპუბლიკელები” იყვნენ. მურმან დუმბაძე: “ნაცვალგების პრინციპი დარღვეულია, რადგან თურქეთში აშენებულ ქართულ ტაძრებს ჩაუტარდება რესტავრაცია, ხოლო საქართველოში სამის რესტავრაცია და ერთის აშენება უნდათ.

სალოცავი ფუნქციის გარეშე მეჩეთი გაცილებით საშიშია. ეს იქნება ოსმალეთის დღევანდელი მემკვიდრის, თურქეთის ოკუპაციის მუზეუმი. მთავრობა ამბობს, რომ საქართველოში უნდა აღდგეს თურქული კულტურის ძეგლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მუსლიმების მიერ აშენებულ მეჩეთებსა და ქართველ მუსლიმებს ხელისუფლება აიგივებს ეთნიკურ თურქებთან”.   

მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება საჯარო უნდა იყოს და საპატრიარქო უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, რადგან ამას სახელმწიფოს კონკორდატი ავალდებულებს. საპატრიარქოს ვებგვერზე გამოქვეყნებულ 18 იანვრის განცხადებაში საპატრიარქო პროტესტს გამოთქვამს.

“საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ”, _ წერია განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია: “საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად ხელისუფლება არ არის ვალდებული, უცხო სახელმწიფოსთან ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების თაობაზე მოლაპარაკების პროცესში ჩართოს ეკლესია”.

რა ეტაპზეა მოლაპარაკება საქართველო-თურქეთს შორის ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების აღდგენის თაობაზე? _ ეს კითხვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკოლოზ რურუას გავუგზავნეთ. 14 იანვარს გაგზავნილ წერილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის, ნიკა ვაჩეიშვილის პრესსამსახურმა კი განაცხადა, რომ “ამ თემაზე კომენტარს ბატონი ნიკა ერიდება”. ნიკა ვაჩეიშვილის ინტერვიუ ჟურნალ “ლიბერალში” გამოქვეყნდა.

_ “ლიბერალი”: რატომ შეჩერდა თურქეთთან მოლაპარაკების პროცესი სამი წლის წინათ?

_ ნიკა ვაჩეიშვილი: “ეს პროცესი მაშინ სწორედ იმიტომ შეწყდა, რომ ჩვენ, გამოუცდელობით და სხვების სურვილით, მოვინდომეთ, ამ ხელშეკრულებას ბევრი ფუნქცია აეღო. მაგალითად, ჩვენ მაშინ ვფიქრობდით, რომ საპატრიარქომ აუცილებლად უნდა მისცეს კურთხევა მეჩეთების განახლებასა და მშენებლობას. ჩემი, როგორც კულტურის მინისტრის პირადი დანაშაულიც მგონია, ამის მოლოდინი რომ მქონდა. ახლა კი ვხვდები, რომ ამით საპატრიარქო უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენეთ. საპატრიარქო უნდა იყოს მოლაპარაკებების ყველაზე არსებითი მონაწილე, მაგრამ არა _ გადაწყვეტილების მიმღები.

უნდა გვახსოვდეს, რომ საპატრიარქოს ზედმეტი არ უნდა მოვთხოვოთ. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ საპატრიარქოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვთხოვოთ, კურთხევა მისცეს მეჩეთების ფუნქციონირებას, ან აკურთხოს მათი მშენებლობა”.

სადავო ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცის აჭარის მუფთმაც. ჯემალ ცეცხლაძემ “ბათუმელებთან” ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იცის, სად აშენდება მეჩეთი, აშენდება თუ არა საერთოდ და არც ის, თუ აშენდება, რა ფუნქცია ექნება. საქართველოში 200-მდე მეჩეთი და 45 სასწავლებელია. ჯემალ ცეცხლაძეს პასუხი აქვს კითხვაზე: არის თუ არა კიდევ ერთი მეჩეთი საჭირო და თუ მიმართეთ ამ თხოვნით ვინმეს? _ “დრომ, დღემ და საათებმა გვიჩვენა, რომ გვაქვს ყოველდღიური მრევლის მატება. იცით, რომ პარასკევს ჯგუფური ლოცვა სრულდება, ბათუმის მეჩეთი ვერ იტევს მრევლს და გვრცხვენია, რომ ლოცვა ქუჩაში გვიხდება. როცა ოჯახში ქორწილის დროს ბევრი სტუმარი მოდის, როგორ იქცევი? ამ დროს მაგიდას შლი გარეთ, მაგრამ თუ გაწვიმდება, პრობლემა გექმნება. დღეს ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო ამერიკაა, თუ ამერიკაში მანჰეტენზე მეჩეთი აიგება, რა პრობლემაა ბათუმში ერთი მეჩეთი რომ აშენდეს?”

უნივერსიტეტის პროფესორს, რამაზ ხალვაშს მიაჩნია, რომ განადგურების პირას მისული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ხელისუფლებამ თურქეთს აჭარაში უკვე არსებული ძველი მეჩეთების რესტავრაცია უნდა შესთავაზოს: “ვფიქრობ, ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა აუხსნას და თურქეთის მხარეც დაარწმუნოს, რომ ეს ხელშეკრულება კულტურის თემაა და არა _ რელიგიის. ეს უფრო სამართლიანი იქნება”.

“ბათუმელებმა” თურქეთის გენერალურ კონსულთან, თურღულ ერჯან ოსთენთან სცადა თურქული მხარის პოზიციის დაფიქსირება. ამონარიდი საკონსულოში გაგზავნილი წერილიდან:

_ “ართვინის გუბერნიაში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით აქამდე თუ აქვს რაიმე ღონისძიება გატარებული თურქეთის სახელმწიფოს და მიმართა თუ არა “იუნესკოს” ამ ძეგლების კონსერვაციის თხოვნით ან მომავალში ხომ არ აპირებს ამის გაკეთებას?

_ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებს ქართული მხარე, ჩაერთოს ართვინის გუბერნიაში არსებული ისტორიული ძეგლების რესტავრაციის აღდგენის პროცესში, თურქეთი შეგუება ამ ძეგლების განადგურებას?”

საკონსულოში გვიპასუხეს, რომ “ბათუმელების” შეკითხვები თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს გადაუგზავნეს და თუ იქ საჭიროდ ჩათვლიან, პასუხს გაგვცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი