კომენტარი

ებრაელების განადგურება და თანამედროვე საზოგადოება

3 თებერვალი, 2011 • • 7682
ებრაელების განადგურება და თანამედროვე საზოგადოება

“მე არ ვიღებ ფილმს, რომ გავიგო, არამედ, რომ არ გავიგო”.

კლოდ ლანცმანი, “შოა”

 

ნიურნბერგის პროცესების მასალებში ასეთი მოწმობა მოინახება:

“მოწმე (პოლონელი გუშაგი ოსვენციმში): ბავშვებიან ქალებს ყოველთვის მათთან ერთად აგზავნიდნენ კრემატორიუმში. შემდეგ ბავშვებს გამოგლეჯდნენ მათ მშობლებს კრემატორიუმის გარეთ და ცალკე უშვებდნენ გაზის კამერებში. როცა გაზის კემერებში ებრაელების განადგურებამ პიკს მიაღწია, გასცეს ბრძანება, რომ ბავშვები კრემატორიუმის ღუმელში, ანუ შახტში კრემატორიუმის გვერდით, გაზით მოწამვლის გარეშე შეეგდოთ.

სმირნოვი (რუსი მოსამართლე): ეს როგორ უნდა გავიგო? ცეცხლში ცოცხლად აგდებდნენ, თუ ჯერ კლავდნენ?

მოწმე: ცოცხლად აგდებდნენ. მათი ყვირილი ბანაკში ისმოდა.

სმირნოვი: რატომ აკეთებდნენ ამას?

მოწმე: ძნელი სათქმელია. არ ვიცით, გაზის ეკონომია უნდოდათ, თუ ადგილი აღარ იყო საკმარისი გაზის კამერებში.”

ემილ ფაკენჰაიმი, რომელსაც მოჰყავს ეს ეპიზოდი თავის “რა არის იუდაიზმი?”-ში,(

Emil L. Fackenheim, What is Judaism? An Interpretation for the Present Age, New York: Collier, 1988.)

აგრძელებს: “რუსი მოსამართლე ნამდვილად მედეგი იყო. და იგი ნამდვილად კიდევ უფრო მედეგი გახადა იმ ყველაფრის მოსმენამ, რისი გაგებაც მას აქამდე სასამართლო პროცესზე მოუწია. მაგრამ ამის დაჯერება მას არ შეეძლო, სანამ მოწმემ არ ახსნა.” ფაკენჰაიმიც უსვამს საკუთარ თავს კითხვას, რომელზეც მან წლების განმავლობაში ვერავითარი პასუხი იპოვა. შეიძლება გაზის კამერები სავსე იყო. მაგრამ, გაზი იაფი იყო და ადვილად იშოვებოდა. ხოლო, თუკი ბავშვების ყვირილი ესმოდათ ბანაკში, რამდენიმე ასეული მეტრით მოშორებით კრემატორიუმებიდან, მაშინ ის ესმოდათ, და მით უფრო ხმამაღლა, მათ ჯალათებსაც. “როგორ შეიძლებოდა ამ ბრძანებების გაცემა? როგორ შეიძლებოდა მათი შესრულება?” ფაკენჰაიმი, რომელსაც ებრაელი ხალხისათვის მიყენებული განუმეორებელი დანაშაულის შემდეგ, რომლის სიმბოლოა ოსვენციმი, იუდაიზმის რაობის ხელახალი განმარტება ამოძრავებს, ასე ასკვნის: “ჩვენ უნდა შევკრთეთ ძრწოლითა და შიშით იმისაგან, რაც მათ [ნაცისტმა დამნაშავეებმა, დ.დ.] ოსვენციმის ბავშვების მიმართ ჩაიდინეს, უნდა შევეწინააღმდეგოთ ყოველივეს, რაც კი შორეულად მაინც წააგავს ამას; მაგრამ, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერავითარი იმედი ვერ გვექნება იმისა, რომ ამას [თუ რატომ მოხდა ოსვენციმი, დ.დ.] ადეკვატურად გავიგებთ. ერთადერთი გზა გვრჩება, აღვწეროთ ნაციზმი მის მთლიანობაში, რომლის ყველაზე სახასიათო გამოხატულებაც იყო ოსვენციმი, როგორც თანამედროვე კეპრთაყვანისმცემლობა. ეს იყო უპრეცედენტო კერპთაყვანისმცემლობა”. 

 

 

ფაკენჰაიმის დასკვნაში ჭეშმარიტების მომენტი დევს. იგი კატეგორიულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ გაგებული იქნეს, რატომ მოხდა გერმანელების მიერ ექვსი მილიონი ევროპელი ებრაელის გეგმაზომიერი განადგურება “ებრაელების საკითხის” ეგრეთწოდებული “საბოლოო გადაწყვეტის” (Endlösung) პროცესში მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი დაჟინებული უარი, ეძიოს რაიმე საბოლოო ახსნა ამ კაცობრიობის ისტორიაში ერთჯერადი მოვლენისა, გაცილებით უფრო თანმიმდევრულია, ვიდრე მრავალი, გერმანელი იქნება თუ ქართველი, მეცნიერისა თუ ჟურნალისტის მცდელობა, ან ისტორიული კვლევების შედეგად, ან სულაც მათი საგრძნობლად უგულებელყოფით, ეცადოს უპოვოს ოსვენციმის ‘ენიგმას’ და ნაციონალ-სოციალიზმის ბარბაროსობას დასაბუთებული ახსნა. ფაკენჰაიმს არა სწამს არც ეკონომიკური, ან, როგორც მარქსისტებთან ვხვდებით, პოლიტეკონომიკური განმარტებისა. ბრმა რწმენა, რომ ნაცისტები ებრაელების განადგურებისას რაციონალური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ, სწორია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც რაციონალობა – და იგულისხმება ყოველთვის ეკონომიკური, სამეურნეო გათვლა-გამოთვლა, რომლის მეშჩანური სახეც გაზის დაზოგვაა, თუგინდ ეს იყოს მომაკვდინებელი “ციკლონ ბ” – თავად დისკრედიტირებულია კაცობრიობის ცივილიზაციის პროგრესირებით, რომლის მხოლოდ უკიდურესი შედეგიცაა ოსვენციმი. უნივერსალური ზნეობრივი იმპერატივი, რომელსაც მოიხმობს ფაკენჰაიმი, მოითხოვს, კითხვის ქვეშ დაყენებული იქნეს თავად ეს ეკონომიკური რაციონალობაც, რომელიც არ არის მხოლოდ ცნობიერების ფენომენი, არამედ თანამედროვე კაპიტალისტური ურთიერთობების უარყოფითად გადამლახველი საზოგადოების საგნადქცეული აზროვნების ფორმაა. ფაკენჰაიმი, კონსერვატიული მორწმუნე, გრძნობს იმას, რაც ლიბერალური თუ ანტი-ლიბერალური ისტორიკოსებისთვის ცხრაკლიტულს მიღმა რჩება: რომ თანამედროვე ცივილიზაცია განმანადგურებელი გახდა თავისი არსით, ამან კი სწორედ ოსვენციმში გამოუთქმადი სისასტიკით იჩინა თავი. მაგრამ იგი არ ცდილობს ამ ცივილიზაციის ტოტალური ეკონომიკური ურთიერთობის სახით გასაგნებული აზროვნების ფორმის წვდომას. ფაკენჰაიმი მას უბრალოდ აზროვნების ერთ-ერთ ტიპად მიიჩნევს და,  საბოლოოდ, მას, მართალია, პლურალურად გამოცხადებული, მაგრამ პარტიკულარული რწმენის სასარგებლოდ უკუაგდებს. იუდაური რწმენა ფაკენჰაიმთან ღმერთის გამოცხადების უშუალო შედეგია, რომელიც დღეს არნახულ კერპთაყვანისმცემლობას უპირისპირდება. ამ უშუალობის გამო კი, ის გაუშუალებელი რჩება ტოტალურად ქცეულ რეალურ აზროვნების ფორმასთან და ამის გამო, კერძოდაც.

უშუალობის მსგავსი დაცვა საფუძველია გიორგი მაისურაძის სტატიისა 27 იანვარს ჰოლოკოსტის გახსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. უკვე ის საგულისხმოა, რომ ეს დღე, რომლითაც მსოფლიოში აღინიშნება საბჭოთა არმიის მიერ 1945 წელს, კატასტროფის უკვე მოხდენის შემდეგ, ოსვენციმის გათავისუფლება, მხოლოდ “ჰოლოკოსტის გერმანიაში ხსოვნის დღედ” იხსენიება. ეს შეიძლება ანარეკლად ჩაითვალოს საქართველოს ვითარებისა, როცა მსოფლიო ცივილიზაციისაკენ ლტოლვა ევროგაერთიანების დროშის აღლუმზე ფრიალში გამოიხატება: საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ბაზარში ჩართვა პირველი თვითმიზანია. ჰოლოკოსტი უცხო და შორეულ მოვლენად განიხილება, ხოლო, წერილში ამასთან თვით ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ვინაობაზე მარტოოდენ ბუნდოვან მითითებას ვპოულობთ; ძირითადი თემა გერმანული “ნაციონალური კულტურაა”.

“ერთმა ხალხმა, ერთმა ნაციამ არათუ მხოლოდ სხვა ხალხები, არამედ თავისი ერთი ნაწილიც ‘არასრულფასოვნად’, საკუთარი თავის უღირსად (sic.), ‘ანტისხეულად’ გამოაცხადა და მას სიცოცხლის უფლება ჩამოართვა.” ყურადსაღებია, სავარაუდოდ, უბრალოდ არარეფლექტირებული, მიკუთვნება ებრაელებისა გერმანელი ხალხისადმი. ანტისემიტიზში, რომელიც სტატიაში არც არის ხსნებული, დამახასიათებელი მომენტია ებრაელების არათვითმყოფად ხალხად, მიწის გარეშე მოხეტიალე ერად სტიგმატიზირება, რაც ქრისტიანული ანტიიუდაიზმიდან იღებს სათავეს და სტალინის მიერ ერის ენით, მიწითა და საერთო კულტურული ტრადიციებით განსაზღვრებაშიც იჩენს თავს. ეს მომენტი არ შეცვალა 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებამ. გერმანული ანტისემიტიზმისთვის კი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან რადიკალიზდება, პოლიტიკურ მოძრაობად იკვრება და 1933 წელს ნაციონალ-სოციალისტების მიერ “ძალაუფლების ხელში ჩაგდების” შემდეგ ეტაპობრივად ელიმინატორულ ანტისემიტიზმად ყალიბდება, ებრაელები არათუ არ იყვნენ გერმანელი რასული “სახალხო ერთობის” (Volksgemeinschaft) ნაწილი, არამედ ისინი ნაციონალ-სოციალიზმის პოლიტიკური შეშლილობის პათიურ პროექციაში წარმოისახებოდნენ იმ ‘ანტი-რასად’, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ უტევდა გერმანიის ხალხს. მსხვერპლისა და ბოროტმოქმედისათვის ადგილების შეცვლით, ამ ‘ანტი-რასის’ საბოლოო განადგურება აუცილებლად ცხადდებოდა სახალხო ერთობისათვის კეთილდღეობის მოსაპოვებლად. “ებრაელები არიან ჩვენი უბედურება!”, ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ნიურნბერგის მასობრივი ყრილობის დარბაზის თავზე აფრიალებული ამ ლოზუნგის შინაარსი სწორედ ებრაელების სრული განადგურების გერმანული ნაციის ბედნიერების გარდაუვალ პირობად გამოცხადებაა.

გერმანელების მიერ ებრაელების დევნის და, საბოლოოდ, მათი ელიმინაციის პირველადობა კი, ის, რომ სწორედ ებრაელები აღიქმებოდნენ აუცილებელ და არა შემთხვევით პირველ მტრებად, შემდეგი განსაზღვრებით იკარგება და უგულებელიყოფა: “ასეთები აღმოჩდნენ, პირველ რიგში, ებრაელები, რომელთაგანაც დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ჰოლოკოსტს ემსხვერპლა. აგრეთვე ბოშები, ჰომოსექსუალები, კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები, უნარშეზღუდული ადამიანები, კრიტიკულად მოაზროვნეები, რომლებიც რეჟიმთან დაპირისპირებას ბედავდნენ, – ერთი სიტყვით, ყველა, ვინც ნაცისტთა ‘აღმატებული არიული რასის’ გარეგნულ თუ სააზროვნო სტერეოტიპებში არ ჯდებოდა.” ჩამონათვალი აკურატულია. თუმცა, არც ის აიხსნება, რატომ “აღმოჩნდნენ” მსხვერპლნი, პირველ რიგში, ებრაელები, და არც ის იხსენიება, რომ სინტი და რომაც, ჰომოსექსუალებიც, კომუნისტებიც განსხვავებული მოტივებით და, შესაბამისად, რაოდენობითაც, ვიდრე ებრაელები იდევნებოდნენ და ნადგურდებოდნენ – რარიგ სამართლიანიც არ უნდა იყოს შენიშვნა, რომ რაოდენობრივი მაჩვენებლები თავისთავად არაფერს ხსნიან; პირიქით, სწორედ მათი გაგებაა აუცილებელი. მწერალ ელი ვიზელს მიაწერენ ფრაზას: “ყველა მსხვერპლი არ იყო ებრაელი, მაგრამ ყველა ებრაელი იყო მსხვერპლი”.

საკითხი დგას ჰოლოკოსტის სინგულარობაზე, არა მარტო ებრაელების განადგურების თავისებურებაზე, რამდენად ამაზრზენადაც არ უნდა ჟღერდეს ერთი გენოციდის მეორის მიმართ თავისებურებაზე მსჯელობა, არამედ მის შეუდარებლობაზე კაცობრიობის ისტორიაში. მაისურაძესთან, საპირისპიროდ, ვხვდებით ფარულ დაშვებას, რომ ელიმინატორული ანტისემიტიზმი მხოლოდ ერთ-ერთი რასიზმია სხვათა გვერდით – ისინი ყველანი არაადამიანური არიან. თუკი სწორია, რომ “ოსვენციმი არაადამიანურობისა და სიმხეცის სიმბოლოდაა ქცეული, რადგანაც ისინი (sic.) ადამიანურობის იმ განსაზღვრებაში აღარ თავსდება, რომელიც დასავლურმა, ყველაზე მეტად კი სწორედ თავად გერმანულმა აზროვნებამ შექმნა”, მაშინ საკითხავია, რატომ არ იქცა ამ სიმბოლოდ, რის სახითაც მისი გახსენების ევროპული სტანდარტიზაციის პირობებში მართლაც შეშდება ჰოლოკოსტი, ან ოსმანური თურქების მიერ სომხების მიმართ ჩადენილი, ან რუანდაში ჰუთუების მიერ ტუტსის ხალხის გენოციდი?  

მთავარი სხვაობა არ არის ის, რომ მთლიანი ხალხის განადგურება იყო გამიზნული და თითქმის განხორციელებული კიდეც. არც ის თავისთავად, რომ ექსტერმინაციას ინდუსტრიულად ორგანიზებული ფორმა ჰქონდა. საკონცენტრაციო ბანაკები განადგურების ქარხნები იყვნენ მართლაც. არც ის, რომ როგორც მაისურაძე წერს, ამ ინდუსტრიას “სრულიად რაციონალური, გერმანული სიზუსტითა და პედანტურობით გამოთვლილი სიკვდილის ინდუსტრიის” ხასიათი ჰქონდა, “რომელიც ადამიანების დახოცვის ეფექტიანობასა და რენტაბელურობას ემსახურებოდა”. ჰოლოკოსტის იდეალიზაციაა, მის განხორციელებაში წარმოისახოს სიზუსტე, რომელიც განვითარებული კაპიტალიზმის პერიოდში წარმოებული ნებისმიერი სხვა ინდუსტრიული საქმიანობისათვის არანაკლებად მახასიათებელი იქნებოდა; ამის შედეგი კი, მსხვერპლის შერბილებაა. ამ სიზუსტისათვის “გერმანულის” წოდება კი თავად ხისტი ნაციონალური სტერეოტიპია, რომლის მიზანიცაა, ასე მომაკვდინებლად “ზუსტად” დახასიათებული ინდუსტრია საკუთარი წარმოსახვითი საზღვრების გარეთ გაირიყოს. ინდუსტრიაა ის, რაც გერმანიას, ყველაზე მეტი, დასავლეთს ახასიათებს, ხოლო, ინდუსტრიული წესით წარმოება, რომელიც განვითარებული კაპიტალიზმის ეპოქაში მაშინერიის სისტემის ფორმას იძენს, საქართველოში სრულიად უცხოა. განდევნის ტაქტიკა იკვეთება.

“პედანტურობა” კი, წესების ასოკირკიტა შესრულება მათი მიზნის გაუთავისებლად, ისტორიული ფაქტების მიხედვით მცდარია და ეს დახასიათება განადგურებულ მსხვერპლს აკნინებს. “მაგალითად, გამოთვალეს, რომ ‘გაზის კამერა’ ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე ადამიანების დახვრეტა ან ჩამოხრჩობა: დახარჯული მომწამლავი გაზის ღირებულება კი ბევრად იაფია, ვიდრე დახვრეტის შემთხვევაში გამოყენებული ტყვიების საფასური. […] უფრო ძვირი ჯდებოდა გვამების ლიკვიდაცია, რისთვისაც საკონცენტრაციო ბანაკებში ძირითადად კრემატორიუმებს იყენებდნენ. ასეთ არაეკონომიურ ხარჯვასაც რაციონალური ახსნა მოეძებნება: პირველ რიგში, კრემაცია ყველაზე ‘სუფთა’ და ჰიგიენური მეთოდია, რომლითაც შეიძლება გვამის ხრწნის შედეგად წარმოშობილი ინფექციებისგან თავის დაცვა.” ჰოლოკოსტში ებრაელების განადგურება მხოლოდ საკონცენტრაციო ბანაკებით იზღუდება, რათა ის ჰოლოკოსტის ფანტასტიურ სახეს მოერგოს. გამოტოვებულია ეგრეთწოდებული სიკვდილის მარშები, რომლებითაც ომის ბოლო ორი წლის განმავლობაში შვიდას ათასამდე ბანაკის პატიმარი გადმოჰყავდათ აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში მათი გზაში განადგურების მიზნით და ამ დროს ერთი მესამედის მოკვლა მოახერხეს შიმშილით, გაუძლურებით, ან მასობრივი დახვრეტებით, სანამ მოკავშირე ჯარები გადარჩენილებს იხსნიდნენ. გამოტოვებულია სამუშაო ბანაკები, რომლებიც საკონცენტრაციოების გარდაც არსებობდნენ; ებრაული ‘შრომა’ იქ, ყოველდღიური ფიზიკური ტანჯვისა და ზნეობრივი დამცირების გარდა, განადგურებას ნიშნავდა: პატიმრებს ამუშავებდნენ არა პროდუქტიულობის ასამაღლებლად, არამედ სამუშაო ძალის, რომელიც აღარ იყო ასეთი, განადგურების მიზნით. გამოტოვებულია პოლიციის ბატალიონების მიერ, მაშასადამე, არა ეგრეთწოდებული გაწვრთნილი ჯალათების, ეს-ეს-ის “თავისქალას” შენაერთების, არამედ ასიათასობით ნორმალური გერმანელი მოქალაქის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები. ის, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში მკვლელობები სიტყვის ან პირდაპირი, ან გადატანითი მნიშვნელობით სუფთად სრულდებოდა, ის, რომ ყველგან “პრაგმატიკა” სუფევდა, ჰოლოკოსტის შესახებ სტერეოტიპის პროექციის ნაყოფია; ჰოლოკოსტის ნებისმიერი სახე მის რეალობას სცდება. ათწლეულებია უკვე, რაც ისტორიულმა კვლევებმა ცხადყვეს, მათ შორის, სამაგალითოა დენიელ ჯონა გოლდჰეიგენის “ჰიტლერის მონდომებული ჯალათები”, რომ უმეტეს შემთხვევებში ჩვეულებრივ გერმანელ მოქალაქეებს არავინ აძალებდა ებრაელების დევნასა, მათ რიტუალურ საჯარო დამცირებებში, მათთან მასობრივ ფიზიკურ გასწორებებში, ყაჩაღურ დარბევებში, წამებასა და საბოლოოდ, ბინძურ მკვლელობებში მონაწილეობას. კანონით არ იყო გათვალისწინებული არავითარი სასჯელი, თუკი პოლიციელი, ან დარაჯი მკვლელობებში მონაწილეობაზე უარს იტყოდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები, გლეხები, მუშები, მოხელეები, კაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, ნებაყოფლობით და საკუთარი ინიციატივით მონაწილეობდნენ სისხლიან მკვლელობებში, როგორც იზოლირებულ სიკვდილის ბანაკებში, ისე მათ ფარგლებს გარეთაც, ფრონტის ხაზზეც, და საკუთარ სახლთანაც. გაუგებარი, მაშასადამე, მხოლოდ ის კი არ არის, რომ ომში დამარცხების შემდეგ გერმანელების “აბსოლუტური უმრავლესობა” მკვლელობებში მონაწილეობას ან მათ შესახებ ცოდნას უარყოფდა. მართლაც, როგორც “პარადოქსულად” აღნიშნავს გიორგი მაისურაძე, “ნაციონალ-სოციალისტებს საკუთარი ბარბაროსობა სრულიად გაცნობიერებული ჰქონდათ, მათ ზუსტად იცოდენენ, რასაც სჩადიოდნენ”. მაგრამ ეს არაა საკმარისი მთელი შეუცნებადის წარმოსადგენად. გერმანელებმა, არა მხოლოდ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრებმა, არა მარტო იცოდნენ, რასაც ახორციელებდნენ, არამედ ეს მათი უპირველესი სურვილი იყო. გერმანელ ქერა ბესტიებს სწყუროდათ საკუთარი პათოლოგიური ზიზღის თანახმად საკუთარი ხალხის ხსნა ებრაელების სრული ამოხოცვით.

ებრაელების განადგურება არ იყო საშუალება რაიმე მიზნისათვის. ის იყო თვითმიზანი. საბოლოო ტელოსი, რომლის აღსრულებისთვისაც გერმანელები მზად იყვნენ წასულიყვნენ ყველაფერზე, თვით ომის წაგებაზეც კი. ცნობილია ისტორიული ფაქტები, როდესაც ომის ბოლო ფაზაში, როცა გერმანიის საბოლოო დამარცხება ნელ-ნელა უკვე იკვეთებოდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო და ლოგისტიკური რესურსები, ისევე როგორც სამუშაო ძალა არა ფრონტზე, არამედ ებრაელების “საბოლოო” განადგურების მიზნით ბანაკებისკენ იგზავნებოდა. კუნძულ როდოსზე გერმანელმა სამხედროებმა გაქცევისას დატოვეს ომში აუცილებელი დიდძალი მსხვილი ტექნიკა, მხოლოდ იმისათვის, რომ თან წაეყვანათ იქ თავმოყრილი ებრაელები მათ გასანადგურებლად. ასეთი მასობრივი თავგანწირვა ინდივიდის სახალხო ერთობასთან უწინააღმდეგო გაიგივებას წაიმძღვარებს.

 ძირი ეთხრება როგორც პედანტურობის მტკიცებას, წარმოდგენას, თითქოს ჰოლოკოსტი იყო გულგრილი ბიუროკრატებისა და რაფინირებული ტექნოკრატების ბანალური ბოროტება – ებრაელების ექსტერმინაცია იყო მასობრივი აღვირახსნილი შეშლილობა, თუმცკი საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურის თანახმად ორგანიზებული წესით. ისე, ძირი გამოთხრილი აქვს მისი ეკონომიკური ინტერესებით ახსნისა და, მაშასადამე, საბოლოოდ რაციონალური გამართლების მცდელობასაც. თვითშენარჩუნება, რომლის საშუალებადაც წარმოისახება მიზნობრივი რაციონალობა, ვერ ხსნის ჰოლოკოსტის სინამდვილეს, როგორც ამას ცდილობენ გერმანიაში, მაგალითად, ავტორები გიოტც ალი და სუზანე ჰაიმი: ეკონომიკურ თვალთახედვას ეპარება, რომ არც ექვსი მილიონი ებრაელის განადგურება, რომლებიც არ გამოიყენებოდნენ მუშა ძალად საჭირო პროდუქციის მასობრივად საწარმოებლად, თანამედროვე მონების სახით, არც თავად გერმანელების ნამდვილი ქცევა, რომელიც სამხედრო, პარტიული, ბიუროკრატიული, ეკონომიკური ინსტიტუტების სხვადასხვა საფეხურებზე ებრაელების განადგურებას, მას შემდეგ, რაც 1942 წლის 20 იანვარს, ვანზეეს კონფერენციაზე შემუშავებული იქნა “საბოლოო გადაწყვეტის” გეგემა და ის პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა, არ შეესაბამება თვითგადარჩენის რაციონალურ პრინციპს. ამ ზოგადი პრინციპის წინასწარ დაშვება და შემდეგ მთელი ისტორიული მოვლენების მისთვის მისადაგება გერმანიაში საკუთარი დანაშაულის დაფარვის, ანუ გამართლების საშუალებად მოქმედებს: თუ არსებობს ზოგადადამიანური თვითგადარჩენის რაციონალობა, მაშინ ომიც და ებრაელების განადგურებაც შეიძლება მისით აიხსნას, თუკი არა პირდაპირ გამართლდეს; კონკრეტული დანაშაული უნივერსალურ მარადიულ სტრუქტურას გადაელოცება. მაგრამ ასევე ჩიხში შედის დაპირისპირებული ისტორიული პოზიციაც, რომლის წარმომადგენლადაც შეიძლება ისრაელელი დენ დინერი დავასახელო: მართალია, იგი თავის კვლევებში ასკვნის, რომ ებრაელების განადგურების პროცესი ‘რაციონალური ქმედების’ ფარგლებს სცდება, რამდენადაც გერმანელები ეკონომიკურად, წესით, აუცილებელ სახმარ ღირებულებას, სამუშაო ძალას, მიზანმიმართულად ანადგურებენ. მაგრამ დინერიც საბოლოოდ გერმანულ სიტუაციას გამონაკლისად განიხილავს: ჰოლოკოსტი, როგორც ჩვეული გახდა, ცივილიზაციის გარდატეხვად აღიწერება – რომელიც, ოღონდაც, არაფერს აკლებს კაპიტალისტური, სამართლებრივი ფორმით გაშუალებული ექსპლოატაციის რაციონალობას, როგორც დინერი აღნიშნავს.

ამით იმთავითვე ყურადღების არიდან იკარგება ის განვითარება, რაც კაპიტალისტურმა სამყარომ ლიბერალური კაპიტალიზმის პერიოდიდან მონოპოლურ კაპიტალიზმზე გადასვლით განვლო. ის შეიძლება აღიწეროს ეკონომიკისა და სახელმწიფოს შერწყმად, ანდა, დამოუკიდებელი მიმოქცევის სფეროს გაუქმებით და კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის შედეგად წარმოების პროცესისა და კაპიტალის რეალიზაციის პროცესის ერთმანეთთან გაიგივებად, მსხვილი კონცერნების ხელში მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც სახელმწიფო სუვერენების მაკონტროლებელ საფუძველს წარმოადგენენ. კაპიტალისტური ეკონომიკის აღმოცენება, რომელიც იყო ბუნებრივი მდგომარეობიდან სუბიექტის გამოთავისუფლების პირველი ცივილიზაციური გამოხატულება, რამდენადაც პირველყოფილი და ფეოდალური თემური, ბუნებრივ გარემოებებზე დამოკიდებული ბატონობა შეიცვალა პირადი სამუშაო ძალის ბაზარზე გატანისა, ბუნებისგან თავისუფალი კაპიტალის აკუმულაციითა და ამდენად თავისუფალი სუბიექტურობის ჩანასახით, ინდუსტრიალიზაციისა და მონოპოლიზაციის პერიოდის შედეგად, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გაძლიერდა, ლიბერალური კონკურენტული კაპიტალიზმის მოხსნით დასრულდა. მონოპოლურ კაპიტალიზმში საცვალმა ღირებულებამ სრულიად დაიმორჩილა სახმარი ღირებულება, მისი ემფატიური აზრით, როგორც სამუშაო ძალა. სახმარი ღირებულება თანდათან ზედმეტი გახდა კაპიტალის რეპროდუქციის “ავტომატური სუბიექტისათვის”, როგორც მას ერთხელ მარქსმა უწოდა. კაპიტალისთვის სახმარი ღირებულების განადგურება აღარ წარმოადგენს სირთულეს, ის ჩანაცვლებადი ხდება. ამის გამოხატულება არა მარტო მუშაკთა ფლუქტუაცია, გაღატაკება, ან ეგრეთწოდებული საშუალო ფენის, სადაც ის არსებობს, სამუშაო პროცესზე და მის ანონიმურ აღმასვლა-დაღმასვლაზე, პერმანენტულ კრიზისზე, დამოკიდებულებაა. არამედ, სახმარი ღირებულების განადგურება ანტიმოდერნულ რეაქციასაც იწვევს, რომელიც საცვალ ღირებულებას, ამ აბსტრაქტულ პრინციპს, რომელიც ეკონომიკაში კაპიტალის სახით საგნობრივი ხდება, ზიზღის ობიექტად იქცევს. ანტისემიტიზმი, ისტორიულად ებრაელებს ცირკულაციის სფეროს აგენტებად, ფულის მცვლელებად, მევახშეებად, წარმოისახავდა. გამძაფრებული სახით ის ებრაელებს უიგივებს საერთოდ საცვალ ღირებულებას. თავის შეშლილობაში, იგი ებრაელების სახით ღირებულების განადგურებით ლამობს საკუთარი ‘ბუნებრივი ალაგის’, ‘პატიოსანი შრომის’, გაქრობის პირას მყოფი სახმარი ღირებულების გაუშუალებლად ხსნას. ებრაელებს ანადგურებენ როგორც კაპიტალის, საცვალი ღირებულების, პერსონიფიკაციას. სიკვდილის ქარხნებში, რომლებიც ტყუილად არ ატარებენ ინდუსტრიული საწარმოს ფორმას, არაფრად ქცეული ნამდვილი სახმარი ღირებულება, სამუშაო ძალა, პათოლოგიურ დელირიუმში ღირებულების სახით პირდაპირი აზრით ნადგურდება. რეაქციული ანტიკაპიტალიზმი, რაც ნაციონალ-სოციალიზმი იყო, და რაც ყველა რეაქციული იდეოლოგია დღეს არის, იმთავითვე ანტისემიტური, ისტორიის პროცესში განუმეორებელი სახით უკიდურეს რეალიზაციას აღწევს სწორედ გერმანიაში. სიკვდილი, როგორც წერს პაულ ცელანი, რომელსაც აციტირებს გიორგი მაისურაძეც, არის ოსტატი გერმანიიდან. ოსტატი განისაზღვრება საქმის საუკეთესოდ შესრულებით, ამისათვის კი აუცილებელია საქმის სიყვარული. ნაციონალ-სოციალისტური გერმანია იყო სიკვდილის სიყვარული საზარელ ლტოლვაში მატერიალურად გაენადგურებინა ის, რაც სინამდვილეში არის ადამიანური საზოგადოებრივი ურთიერთობის შედეგი: საცვალი ღირებულება. ამ განადგურების გაგება შეუძლებელია სწორედ ამ ზუსტი აზრით. თავად კაპიტალისტური წარმოების წესი, რომელიც ოდესღაც იძლეოდა დაპირებას, შესაძლებლობის საშუალებით, საზოგადოების ჭეშმარიტად თავისუფალ მდგომარეობაში გადაყვანისა, რადგანაც კაპიტალის სახით საზოგადოება გამოეყო ბუნების ბატონობას და პირველად მიაღწია ისეთ მდგომარეობას, როდესაც მისი წარმოების დონით შესაძლებელი ხდება ადამიანური მოთხოვნილებების პრინციპულად ისე დაკმაყოფილება, რომ აღარავინ იყოს ბუნებაზე დამოკიდებული, აღარავინ შიმშილობდეს, რადგანაც ისტორიულად არ მოხდა რადიკალური გადატრიალების გზით ამ თავისუფალი მდგომარეობის მიღწევა, ბარბაროსულ მდგომარეობაში გადავიდა. ნაციონალურ-სოციალისტური გერმანია იყო ამ მდგომარეობის უკიდურესი შედეგი. ის, რაც განვითარებულ კაპიტალიზმში ყოველდღიურად ანადგურებს სახმარ ღირებულებას, ნამდვილად კი მოიხსნებოდა თავისუფალი ადამიანების ასოციაციის დამყარების მეშვეობით. ენით აღუწერელი ოსვენციმი ამის აუცილებლობის მარადიული მოწმობაა.

თეოდორ ადორნომ, ახსენებს  მაისურაძე, 1949 წელს დაწერა: “ოსვენციმის შემდეგ ლექსის წერა ბარბაროსობაა” ­– და განაგრძო: “და ეს ღრღნის იმ შემეცნებასაც, რომელიც გამოთქვამს, თუ რატომ იქცა დღეს შეუძლებელი ლექსების წერა”. კრიტიკა, ისევე როგორც კულტურის კრიტიკა, არ იმყოფება იმ მთლიანობის გარეთ, რომელსაც ის აკრიტიკებს, არამედ ის იმანენტურია. ჰოლოკოსტი მაისურაძესთან აიხსნება გერმანული “კულტურული ნაციით”, რომელიც შემდეგ უკუიგდება მტკიცებით, რომ კულტურა “ცალკეული ინდივიდების მიერ იქმნება”. ამით ხელოვნების, ან აზროვნების უშუალო ენა წარმოისახება, რომელსაც თითქოს არაფერი შეიძლება ჰქონდეს საერთო იმ მთლიანობასთან, რომლის ნაწილიც ის არის. ასეთ გაუშუალებელ სუბიექტივიზმს აკრიტიკებდა ადორნო ცელანთან. “სიკვდილის ფუგის” შემდეგ, რომელსაც ადორნომ პირდაპირ არ უძღვნა თავისი დასკვნა, არამედ პოეტმა თავად დააკავშირა თავისი ლექსები მასთან, 1960 წელს, ცელანმა ადორნოს თავისი პროზაული ნაწერი “საუბარი მთაში” გაუგზავნა. ის მათ არშემდგარ შეხვედრას ეხება. ადორნომ უპასუხა წიტატით თავისი წიგნიდან კომპოზიტორი გუსტავ მალერის შესახებ: “‘წინადადების დიალოგის შემქმნელ განლაგებაში მისი შინაარსი ვლინდება. ხმები სიტყვაში უვარდებიან ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთის გადაფარვა და დაჯაბნვა სურდეთ: აქედან მომდინარეობს ნაწარმოების ამოუწურავი გამოხატულება და ენასთან მსგავსება.’ ასე მგონია, რომ ამით მართლაც ლირიკაში შემოტანილია ისეთი ელემენტი მუსიკიდან, რაც აქამდე ამ სახით არ არსებულა, და რასაც არაფერი აქვს საერთო ლირიკის მუსიკალური არსების კლიშესთან”. ცელანიც წერდა იმავე წელს, რომ “უფრო რუხი” ენის “მუსიკალურობას”, რომლითაც იგი თავის ახალ ლექსებს თხზავდა, “აღარაფერი აქვს საერთო იმ ‘კეთილჟღერადობასთან’, რომელიც ჯერ კიდევ უსაშინლესთან ერთად ან მის გვერდით მეტ-ნაკლებად უდარდელად გაიჟღერდა” – და ამით საკუთარ “ფუგასაც” გულისხმობდა. ისევე როგორც ცელანის ლექსებიც არ განიზრახავდნენ “ისტორიაზე უფრო მეტი სიზუსტით … განცდილი სისასტიკის” “არეკვლას”, როგორც წერს მაისურაძე, არამედ, მუსიკალური მასალის გამოცდილებასთან ანალოგიურად, ლექსებში  პირდაპირ პროტოკოლირდება ავტორის პირადი ტანჯვა, ადორნომაც “ნეგატიურ დიალექტიკაში”, ცელანის ლექსების ზეგავლენითაც, განაახლა თავისი ვერდიქტი ლექსებზე: “გამუდმებულ ტანჯვას ისეთივე უფლება აქვს გამოხატულებაზე, როგორც წამებულს ღრიალზე; ამიტომაც, შესაძლოა მცდარი იყო, რომ ოსვენციმის შემდეგ შეუძლებელია ლექსის წერა. თუმცა, მცდარი არ არის არანაკლებ კულტურული კითხვა, შესაძლებელია თუ არა ოსვენციმის შემდეგ ცხოვრება”. ამ კითხვაზე პასუხი ღიაა მხოლოდ მთლიანობის ახსნის და მისი გამართლების მცდელობისას.




მასალების გადაბეჭდვის წესი