კომენტარი

რატომ განარისხა პატრიარქი დავით პაიჭაძის ტელეგადაცემამ?

20 დეკემბერი, 2010 • 2770
რატომ განარისხა პატრიარქი დავით პაიჭაძის ტელეგადაცემამ?

ილია მეორის პატრიარქობის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, როგორიც მოხდა 2010 წლის 17 დეკემბერს. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ საკათედრო ტაძრის ამბიონიდან წარმოთქმული ქადაგება მთლიანად მიუძღვნა ერთ ტელეგადაცემას, მის წამყვანს და სტუმრებს.

ისტორიას არ ახსოვს, რომ პატრიარქ ილია მეორეს მთელი ქადაგების განმავლობაში ესაუბროს კონკრეტულ პიროვნებებზე, მათი გვარების დასახელებით. უწმინდესი ერთ-ერთის ოჯახსაც შეეხო და ამცნო მრევლს, თუ ვისი შვილი და ძმისშვილია ბექა მინდიაშვილი. მართლაც, პატრიარქი თითქოს არაადექვატურია, რადგან, თუ მას გადაცემა არ მოეწონა, შეეძლო მისი კრიტიკა საპატრიარქოს პრესცენტრისათვის ან რომელიმე სასულიერო პირისათვის დაევალებინა.

ის გარემოება, რომ ერის სულიერი მამა თავისი საპატრიარქო კათედრიდან ღმერთის, ეკლესიის, ერისა და სამშობლოს მტრებად მოიხსენიებს ბექა მინდიაშვილს, დავით პაიჭაძესა და გიგა ზედანიას, უაღრესად გასაკვირი უნდა იყოს.  პატრიარქი ამბობს, რომ ეს იყო „ცუდზე უარესი გადაცემა და მიჰყავდა ეს დავით პაიჭაძეს. მასთან ერთად საუბრობდნენ ჯერ ბექა მინდიაშვილი და შემდეგ გიგა ზედანია… ეს არის უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ“.

ტელეგადაცემა, რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ იქ, როგორ შეიძლება გახდეს იმხელა საფრთხე ეკლესიისა და ერისათვის, როგორადაც უწმინდესმა წარმოაჩინა? მართლაც, ისმის კითხვა, რა ილაპარაკეს წამყვანმა და სტუმრებმა ისეთი, რამაც ესოდენ განარისხა კათოლიკოს-პატრიარქი? რა უდიდესი ცოდვა ჩაიდინეს მათ წინაშე ღვთისა? „რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, ეს იყო კრიტიკა ეკლესიისა, ეს იყო კრიტიკა სინოდისა და პატრიარქისა“ – ამბობს პატრიარქი.

საპატრიარქოს, სინოდის და თვით პატრიარქის კრიტიკა სხვა დროსაც მრავალჯერ გაისმა, მაგრამ ერის სულიერი მამის იმ ზომის განრისხება არ გამოუწვევია, რომ პირადად წარმოეთქვა მძაფრი ფილიპიკა. შეიძლება ითქვას, რომ უწმინდესი „მიზეზებს ეძებს“ ამ სამი პიროვნების დასადანაშაულებლად: „მაგალითად, გიგა ზედანია, მან მოიყვანა ციტირება მარქსისა, რომ ყოველი რელიგია ოპიუმიაო. აი, ასეთ ადამიანებს… რაღა დროს მარქსია?“. მარქსის ციტირების გულისთვის შესაძლებელია, რომ ეკლესიის მეთაურმა ადამიანი ღვთის წინაშე უდიდეს ცოდვილად გამოაცხადოს? ვაგრძელებ პატრიარქის ქადაგების ციტირებას: „მე ძალიან ვწუხვარ, რომ ბექა მინდიაშვილი არის მღვდლის ძმისშვილი, მამა არჩილის ძმისშვილი. მამა არჩილიც და მისი ძმაც დიდი ადამიანებია, და ეკლესიური და მორწმუნე ადამიანებია, და აი, ძმისშვილი გამოვიდა, მე არ ვიცი, ათეისტია, თუ ათეისტზე უარესია?!“.

ათეისტ თანამოქალაქეების მიმართ სიძულვილის გაღვივებას რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა, რა თქვა ასეთი ბექა მინდიაშვილმა იმ ტელეგადაცემაში, რომ პატრიარქი მას არა მარტო ბიძას და მამას უპირისპირებს, არამედ „ათეისტს“ თუ „ათეისტზე უარესს“ უწოდებს? მისი უწმინდესობა ამით არ კმაყოფილდება და ბექა მინდიაშვილს სემინარიაში შეგზავნილად აცხადებს: „ბექა მინდიაშვილი თითქოს სწავლობდა სემინარიაში, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩემს დროსაც იყვნენ, როცა მე ვიყავი სტუდენტი, იყვნენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც სპეციალურად მოგზავნილნი იყვნენ სემინარიაში“.

არ დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიის მეთაური საუბრობს საქართველოს ეკლესიის მთავარ ტაძარში, ლიტურგიული შესამოსლით შემოსილი, მრავალრიცხოვანი მრევლისა და ტელემაყურებლის წინაშე. იგი ხმარობს უმძაფრეს ფრაზებს ტელეგადაცემის დასახასიათებლად: „ისინი ცდილობენ, რომ რაღაც განხეთქილება შეიტანონ სინოდში… ეს არის ანტიეროვნული გადაცემები… მე არ შემეძლო არ მეთქვა ამის შესახებ, იმიტომ რომ უკვე მეორდება რამდენიმეჯერ და ეს საშიშია ჩვენი ერისთვისაც, ხელისუფლებისათვისაც, ეკლესიისთვის, ყველასთვის“. უფრო მეტიც, კათოლიკოს-პატრიარქი ღვთიური სასჯელით ემუქრება გადაცემის მონაწილეებს: „მე მინდა გავაფრთხილო, მამაშვილურად გავაფრთხილო, რომ ღმერთი დაუსჯელს არ დატოვებს და მერე ნუ იტყვიან, თუ რატომ გვსჯის ღმერთიო?“

 ახლა კი ვნახოთ, რა მოხდა დავით პაიჭაძის ამ უკვე ისტორიულ ტელეგადაცემაში. დავიწყებ მეორე სტუმრიდან. გიგა ზედანიამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის ფინანსური რესურსების გადაცემა გამჭვირვალე უნდა იყოს; რომ აუცილებელია საჯარო დებატები, რათა იმ ადამიანებმა, ვისაც ამის სურვილი აქვს, შეძლონ თქმა- გარკვეულ საკითხებში ჩვენ ეკლესიას არ ვეთანხმებითო; რომ საქართველოში რელიგია ფაქტიურად არის გაძალიანება მოდერნულობის მიმართ; რომ ჩვენი ქვეყნის ბედისწერა ახლა არის პოლიტიკა და არა რელიგია; რომ ქართველობის და მართლმადიდებლობის გაიგივება მიუღებელია; დაბოლოს, მან მართლაც მოიყვანა მარქსის ციტატა, როდესაც საუბრობდა რელიგიის ორ სოციალურ როლზე. დამეთანხმებით, რომ გიგა ზედანიას ისეთი არაფერი უთქვამს, ერის სულიერი მამის მიერ ღვთის წინაშე უდიდეს ცოდვილად გამოცხადების ღირსი გამხდარიყო. ბექა მინდიაშვილმა ისაუბრა იმ ვარაუდის შესახებ, რომ წმინდა სინოდის მომავალ კრებაზე ეპარქიების დაყოფა და ეპისკოპოსთა რიცხვის გამრავლება დაკავშირებულია ძალაუფლებისათვის ბრძოლასთან ეკლესიის შიგნით და გარკვეული კანდიდატის საპატრიარქო ტახტისაკენ გზის გაკაფვასთან. მან ისაუბრა საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯაროდ მსჯელობის შეუძლებლობაზე, რომ მედიაში ამგვარი პრობლემების ანალიზს სრული ტაბუ ადევს; რომ ამგვარი საჯარო დებატები სასიცოცხლოდ აუცილებელია, ხოლო საპატრიარქოს უბრალოდ ეშინია ამ დებატების. მან ასევე თქვა, რომ ეკლესიის შიგნით არსებობენ გავლენიანი იერარქები, რომლებსაც საკუთარი დაჯგუფებები ჰყავთ. ასევე გაუსვა ხაზი, რომ საზოგადოებისათვის უცნობია, სად მიედინება სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული უდიდესი ფინანსები. ბექა მინდიაშვილმა გააკრიტიკა მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რადგან ის აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ხოლო მისი ლოცვა-კურთხევით გამომავალ ჟურნალში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ოკუპაცია ღვთის წყალობა იყო საქართველოსათვის, რადგან რუსული სამხედრო ბლოკპოსტები ზეციური დაბრკოლებებია საქართველოსათვის ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე.

ვაღიარებ, რომ ბექა მინდიაშვილის საუბარი საპატრიარქოს საჯარო კრიტიკას წარმოადგენს, მაგრამ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის მიერ პირადად მისი უმოწყალო ლანძღვა, ოჯახის წევრებთან დაპირისპირება, სემინარიაში შეგზავნილად და ათეისტზე უარესად გამოცხადება მაინც საკვირველი და არაადექვატურია. ისმის კითხვა – კიდევ რამე ხომ არ უთქვამს ბექა მინდიაშვილს დავით პაიჭაძის გადაცემაში? დიახ, მე ჯერ არ შევხებივარ ერთ საკითხს, რომელზედაც ბექა მინდიაშვილმა ისაუბრა და რომელიც არის პატრიარქ ილია მეორის მრისხანების ნამდვილი მიზეზი.

ბექა მინდიაშვილმა გააკრიტიკა ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელიც საქართველოს პატრიარქის ძმისშვილია. დავით პაიჭაძემ წაიკითხა ციტატა ინტერნეტში გავრცელებული ტექსტიდან, რომელიც ამბობდა, რომ პატრიარქი თავის ძმისშვილს უმზადებს საპატრიარქო ტახტს და პატრიარქის ძმისშვილი დასაყრდენს იმაგრებს ეკლესიაში. დავით პაიჭაძემ დასვა კითხვა: მართლაც მნიშვნელოვანია ოჯახისა და ნათესავების ინტერესები პატრიარქისათვის? სწორედ აქ გათავდა გადაცემის სამივე მონაწილის საქმე, მეტი რომც არაფერი ეთქვათ.

ბექა მინდიაშვილმა აღნიშნა, რომ მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტალისტ იერარქს საპატრიარქოში, მანაც მოსკოვში მიიღო სასულიერო განათლება; იგი მფარველობს ეკლესიის წიაღში მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, მაგალითად „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს“, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გამოდის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და ფუნდამენტალისტი სასულიერო პირის რაფაელ კარელინის წიგნები. აღნიშნა, რომ მიტროპოლიტი დიმიტრი მჭიდროდ თანამშრომლობდა ასლან აბაშიძესთან და არასოდეს აპროტესტებდა მის სეცესიონისტურ რეჟიმს. შემდეგ ბექა მინდიაშვილმა მოიყვანა დიმიტრი შიოლაშვილის ციტატა, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (21-27, 2007): “სახარებაში წერია – ღმერთი ამბობს, ვისაც მე დავეჯახები, დაიმსხვრევა და ვისაც მე დავეცემი, გაიჭყლიტებაო“.

მინდიაშვილმა აღნიშნა, რომ არა მარტო სახარებაში არ წერია ამისთანა რამ, არამედ ციტატა აჩვენებს, რომ მიტროპოლიტ დიმიტრის ღმერთი ჯავშანტრანსპორტიორი ან ატომური ბომბი ჰგონია.

როგორც აღვნიშნე, დავით პაიჭაძეს, გიგა ზედანიასა და ბექა მინდიაშვილის ბედი მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხსენებისთანავე უკვე გადაწყვეტილი იყო, რადგან საუბარი შეეხო პატრიარქის ოჯახური კლანის მემკვიდრე უფლისწულს, საუბარი შეეხო პატრიარქის ოჯახური კლანის ინტერესებს. ამას საპატრიარქოში არავის აპატიებენ. რატომ უნდა დასაჯოს ღმერთმა ეს სამი ადამიანი, იმიტომ რომ პატრიარქის ძმისშვილი გააკრიტიკეს? რატომ ჰგონია კათოლიკოს-პატრიარქს ღმერთი თავისი ოჯახური კლანის ინტერესების ლობისტი?

ერის სულიერი მამა არა მარტო იმუქრება, არამედ სურს, ხელისუფლება დაუპირისპიროს ამ სამ პიროვნებას: „მე მაწუხებს ერთი რამ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. და ეს პიროვნებები, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ჩაუნერგონ ჩვენს მოსახლეობას რაღაც ცუდი განწყობილება ხელისუფლების მიმართ. ფაქტიურად, ეს გადაცემა იყო ანტიხელისუფლების მიმართ და არა ეკლესიის წინააღმდეგ“. ერის სულიერი მამა არ ერიდება, რომ თვითონ ხელისუფლებასაც დაემუქროს:“ მე ძალიან მაფიქრებს ის ფაქტი, რომ ეს გადაცემა იყო პირველი არხით, ე.ი. სახელმწიფო ხელისუფლების ტელევიზიის არხით. თუ ეს ხელისუფლების დავალებითაა, მთლად უარესი… მე მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისათვის. ამით ისინი აკეთებენ იმ მზაკვრობას, რომ ეს მორწმუნე ხალხი აღდგეს ხელისუფლების წინააღმდეგ“.

 ქადაგებიდან ჩანს, რომ მზაკვრობას თვითონ ეკლესიის მეთაური მიმართავს და პირდაპირ ემუქრება ხელისუფლებას ხალხის აჯანყებით. და ეს ყველაფერი საკუთარი ძმისშვილის კრიტიკისათვის? არსებული უამრავი რეალური პრობლემიდან მთელი ქადაგება არც ერთისთვის არ მიუძღვნია კათოლიკოს-პატრიარქს. მაგრამ, როდესაც საჯაროდ დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ არა მარტო მრავალი წელია ეკლესიას მისი ოჯახური კლანი მართავს, არამედ მომავალშიც საპატრიარქო ტახტზე მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის გამეფება იგეგმება, ერის სულიერმა მამამ მაშინვე განგაშის ზარებს ჩამოჰკრა, მობილიზაცია გაუკეთა ღმერთს, წმინდანებს, ეკლესიას, ერს, ხელისუფლებას, ეკლესიის ისტორიას: ეს სამი ადამიანი იულიანე განდგომილს შეადარა. ბოლოს კი აღვნიშნავ ორ ფაქტს: 1) არა მარტო მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი თანამშრომლობდა მჭიდროდ ასლან აბაშიძესთან, არამედ ასლან აბაშიძის გაქცევამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 2004 წლის 4 მაისს, შემდგარი წმინდა სინოდის კრება აცხადებდა: „მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბატონ ასლან აბაშიძის მხარდაჭერით აჭარაში მრავალი ეკლესია-მონასტერი აიგო, ამოქმედდა სასულიერო გიმნაზიები და მასთან არსებული ბაგა-ბაღები, სამრევლო სკოლები, მოხუცებულთა თავშესაფარი და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლები. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდს მიაჩნია, რომ აჭარაში განვითარებული ნეგატიური მოვლენები ხშირ შემთხვევაში არის გაუგებრობისა და გარეშე ძალების ჩარევის შედეგი“. 2) მეორე ფაქტის შესახებ კი უკვე აღარ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. უბრალოდ მოვიყვან პატრიარქის ციტატას 17 დეკემბერს წარმოთქმული ქადაგებიდან და მკითხველისთვის ვფიქრობ, უკვე დიდი ხანია ყველაფერი გასაგებია: „ამ გადაცემაში შეეხო ერთ-ერთი მათგანი რუსეთის ეკლესიას… რომ რუსეთის ეკლესია მუდამ, თითქოს მუდამ იყო ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი და დღესაც ასეა. ე.ი. გამოდის რომ… გვინდა რომ ჩატეხონ ის ხიდი, რომელიც არის ეკლესიებს შორის. და ჩვენსა და რუსეთის ეკლესიას შორის. ჩვენ ვინ გვეკითხება იმას, თუ რუსეთის ეკლესია გამტარებელია თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკის“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი