კომენტარი

ხმალაძე: შეწყალება მთელ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო და არა რელიგიური ხელისუფლების მიერ

5 დეკემბერი, 2015 • 2163
ხმალაძე: შეწყალება მთელ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო და არა რელიგიური ხელისუფლების მიერ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი “რესპუბლიკური პარტიიდან”, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში არსად არსებობს ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც რელიგიურ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება. ასე გამოეხმაურა ხმალაძე დღეს ილია მეორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის ესაუბრა პრემიერს, რათა პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება მიენიჭოს.

“შეწყალების უფლება მთელ მსოფლიოში წყდება სამოქალაქო ხელისუფლების მიერ და არა რელიგიური ხელისუფლების მიერ. უმთავრესი მიზეზი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანები, მოქალაქეები უმრავლეს შემთხვევაში აღიარებენ სხვადასხვა რელიგიას. შესაბამისად, არის სახელმწიფოებში სხვადასხვა კონფესიები და რაც აერთიანებს ყველას, ეს არის სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც ყველასთვის საერთოა. ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ასეთი უფლებები, არა მხოლოდ შეწყალების უფლება, ვთქვათ, კანონების გამოცემის უფლება, კანონების აღსრულების უფლება, სასამართლო ხელისუფლების უფლება ენიჭება სამოქალაქო ხელისუფლებას და არა – რელიგიურს.”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ ილია მეორე მიენიჭოს ანალოგიური უფლება, აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება.
შესაძლებელია თუ არა მსგავსი ცვლილების განხორციელება? – ამ კითხვაზე ხმალაძე პასუხობს, რომ “შეუძლებელი არ არის, უბრალოდ, რამდენად სწორია და მიზანშეწონილია ზოგადად ასეთი რამ?”
დაუჭერდა თუ არა პირადად ის მსგავს საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს? – ვახტანგ ხმალაძე პასუხობს:
“მე არ დავუჭერდი მხარს, მე არ მიმაჩნია ეს სწორად, უბრალოდ, როგორც არგუმენტი, მე თქვენ მიგითითეთ იმაზე, რომ ასეთი რამ არ არის არსად”.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი”, – განაცხადა ილია მეორემ დღეს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი