კომენტარი

სეთური: სავარაუდოდ სუს-მა WordPress-ის ჰოსტინგი ქართველი პროვაიდერების საშუალებით გათიშა

26 ნოემბერი, 2015 • 1885
სეთური: სავარაუდოდ სუს-მა WordPress-ის ჰოსტინგი ქართველი პროვაიდერების საშუალებით გათიშა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლის, უჩა სეთურისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განმარტება 25 ნოემბერს პლატფორმა WordPress-ის საქართველოში გათიშვასთან დაკავშირებით არადამაჯერებლად ჟღერს.

25 ნოემბერს მომხმარებლებს საქართველოდან შეზღუდული ჰქონდათ წვდომა ვორდპრესის ჰოსტინგზე განთავსებულ და ვორდპრესის დომენის ქვეშ არსებულ ვებგვერდებზე/ბლოგებზე. სუს-მა განმარტა, რომ მათ ვორდპრესთან კომუნიკაცია ჰქონდათ ტერორისტებთან დაკავშირებული საიტის გათიშვის მიზნით და რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის დაბლოკილია მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გვერდები და სხვა გვერდებზე წვდომა შეზღუდული არ არის. თუმცა ისლამური სახელმწიფოს გვერდი ვორდპრესზე ამჟამადაც არ არის დაბლოკილი, მასზე შეზღუდულია წვდომა მხოლოდ საქართველოდან.

უსაფრთოხების სამსახურის მიერ გავრცელებული არგუმენტი გაიუგებარია, IDFI-ის წარმომადგენლის, უჩა სეთურისათვის.

სეთურის თქმით, ვორდპრესს ოფიციალურ მიმართვაში უნდა მიეთითოს ზუსტი კონტენტი, რომელიც მიუღებელია და განმცხადებლის აზრით უნდა გაქრეს ინტერნეტსივრციდან. ამ შემთხვევაში კონტენტი სრულად ქრება ყველა ქვეყნის ინტერნეტმომხმარებლისათვის:

“მათ შეეძლოთ მიეწერათ ვორდპრესისათვის და მიეთითებინათ კონკრეტულ კონტენტზე, რომელიც იყო მოწოდება ძალადობისაკენ, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არის პრობლემური. ჰოსტპროვაიდერი ამ შემთხვევაში ბლოკავს საიტს და ის უბრალოდ აღარ არსებობს. ამ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა”.

უჩა სეთურის განცხადებით, თუ შეზღუდვა ვორდპრესისაგან დამოუკიდებლად მოხდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილობრივი პროვაიდერების საშუალებით შეძლებდა საიტებებზე/ბლოგებზე წვდომის შეჩერებას.

“საკუთარი ძალებით, ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს გაეკეთებინათ, ამიტომ, სავარაუდოდ, მოხდა ქართველი პროვაიდერებისათვის მიწერილობის გაკეთება, აი, ამ ღონისძიებების განხორციელებების შესახებ. თუ ეს არ დაიბლოკა თვითონ ვორდპრესის ჰოსტინგზე – ეს უკვე პრობლემაა. არსებობს შემოვლითი გზები და თუ ვინმეს უნდა, უყურებს ამ ვიდეოებს. ეს არის არასწორი გამოსავალი და არ არის გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი,” – აცხადებს სეთური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სპეციალური სამძებრო სამუშაოების შესახებ კანონის თანახმად, წვდომა გააჩნია ქართულ ინტერნეტპროვაიდერებზე.

“მესმის, რომ ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო, მაგრამ ფაქტია, ეს მიწერილობა არ არსებობს. თვითონვე ამბობენ, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ ვორდპრესთან და არა- პროვაიდერებთან. ეს არის რთულად დასაჯერებელი, თუ საიტი ჩახსნა ვორდპრესმა, ის დაიბლოკებოდა ყველგან და არ მოჰყვებოდა ამას ყველა ქართული IP-ის ჩაკეტვა. მარტო ქართველებისათვის დაიბლოკა? რა მისწერეს ვორდპრესს? ვიდეომიმართვა ხომ არ იყო მხოლოდ ქართული აუდიტორიისათვის გათვლილი. მას ჰქონდა რუსული სუბტიტრები.”

სეთური იმასაც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მხრივ დადებით შედეგებს არ მოიტანს.

“ფრიდომ ჰაუსის ყოველწლიურ ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით საიტების დაბლოკვის სიხშირე არის თავისუფლების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიცია ჰქონდა ბოლო კვლევის მიხედვით. ეს შემთხვევა სტატისტიკას, რა თქმა უნდა, გააუარესებს.

უჩა შეთურის თქმით, საიტების დაბლოკვა და მათი ინტერნეტსივრციდან ამოიღება ძალადობის შემცველი შინაარსის ან მიუღებელი კონტენტის გამო უცხო არ არის და ამ პრაქტიკას მრავალ ქვეყანაში იყენებენ, თუმცა ამ პროცესში მარეგულირებელი ორგანოების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

“უცხოეთში არსებობს მსგავსი პრაქტიკა, მაგრამ როდესაც ხარ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა, მსგავსი ჩარევა შესაძლოა გახდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. სწორედ ამ პრობლემას ვხედავ მე ამ მოვლენებში,”- ამბობს უჩა სეთური.

ინტერნეტპროვაიდერები სილკნეტი და კავკასუსი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ რომ ამ საკითხს მოიკვლევენ.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ ვორდპრესის ჰოსტინგზე მომუშავე საიტებზე საქართველოდან წვდომის დროებით შეზღუდვის პროცესში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასთანავე, სასამართლო ვერ ამბობს, მიმართა თუ არა სუს-მა ISIS-ის ვებგვერდის აკრძალვის თხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი