ავტორი : არჩილ იაკობაშვილი 


საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, სუსი წარმოადგენს საპარლამენტო უწყებას სხვა კონსტიტუციური ორგანოების მსგავსად (პროკურატურა, სასამართლოები, ეროვნული ბანკი, საზმაუ და ა.შ.), ექვემდებარება სრულ საპარლამენტო კონტროლს და ზედამხედველობას. 

აღნიშნულის საპირისპიროდ შსს, როგორც სამართალდამცავი და საზოგადოებრივი წესრიგის ერთადერთი ცენტრალიზებული ორგანო, ერთ-ერთი სამთავრობო უწყებაა.

როდესაც ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძე წარადგინა ვიცე-პრემიერობის და სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამართალდამცავ ორგანოებს, გამოდის, რომ ირაკლი კობახიძის ვერსიით მამუკა მდინარაძე უნდა გახდეს შსს-ს კურატორი თუ კოორდინატორი, რომელსაც მთავრობის ერთ-ერთი წევრი მინისტრი ისედაც ხელმღვანელობს – რა გამოდის, რომ შსს-ს ერთი მოქმედი მინისტრი და ერთი სუპერმინისტრი ეყოლება ?

ყოველივე ეს წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კონსტიტუციასთან, რომლის მიხედვით მთავრობის ახალი წევრი, თუნდაც ვიცე-პრემიერის და სახელმწიფო მინისტრის რანგში, ერთდროულად სუსის და შსს-ს კოორდინატორი არ შეიძლება იყოს.

აგრეთვე, წარდგენის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს საერთაშორისო გამოცდილება ან სხვა ქვეყნების ანალოგიური მაგალითი საჯაროდ არ დაუსახელებია, მის ინიციატივაში თითქოს გარკვეული პარალელი არსებობს ე.წ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და პოლონეთის რესპუბლიკის მოდელებთან.

მართლაც, გერმანული მოდელის მიხედვით ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციის უფროსი იმავდროულად, როგორც სახელმწიფო მინისტრი-კოორდინატორი, არის ფედერალური მთავრობის წევრი და მისი ძირითადი მოვალეობაა სპეც.სამსახურების, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სამართალდამცავი და საზოგადოებრივი წესრიგის ორგანოების კოორდინაცია.

ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ გერმანიის შემთხვევაში ფედერალურ დონეზე ოთხივე სპეც.სამსახური (კონსტიტუციური უსაფრთხოება – BFVS, საგარეო დაზვერვა – BND, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და ციფრული უსაფრთხოება – BSI, სამხედრო დაზვერვა – BMAD) წარმოადგენს სამინისტროთაშორის უწყებებს ფედერალურ მთავრობაში და მკვეთრად დეცენტრალიზებულ სამსახურებს, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სრულად ინტეგრირებულ სტრუქტურულ ერთეულებს.

მაგალითად, საიდუმლო ინფორმაციას კონკრეტულ ციფრულ საფრთხესთან დაკავშირებით მოიპოვებს საინფორმაციო-ციფრული უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, აღნიშნულ ინფორმაციას გრიფით გადასცემს ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციას, რომლისგანაც ხდება შემდეგ საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი დარგობრივი სამინისტროსთვის. ზუსტად ამას ნიშნავს კოორდინაცია. 

აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გერმანულ მოდელში პარლამენტისგან სრულად დამოუკიდებლად ოთხივე სპეც.სამსახურის ხელმღვანელს შესაბამისი ფედერალური მინისტრების ერთობლივი წარდგინებით ნიშნავს ფედერალური კანცლერი და უნდა დაამტკიცოს მთავრობის სრულმა შემადგენლობამ – ე.ი. მოქმედებს კოალიციური კონსენსუსის პრინციპი, ხოლო მათი კოორდინაცია ხდება კანცლერის ადმინისტრაციის უფროსის დონეზე, თავის მხრივ ფედერალური მთავრობის წევრი სახელმწიფო მინისტრის რანგში.

გერმანული მოდელის მიხედვით ოთხივე სპეც.სამსახური ანგარიშვალდებულია მხოლოდ მთავრობის წინაშე, პარლამენტს შეუძლია მხოლოდ საკომიტეტო მოსმენაზე დაიბაროს სპეც.სამსახურის ხელმძღვანელი ინტერპელაციის წესით, მაგრამ არა პლენარულ სხდომაზე, ხოლო მისი თანამდებობიდან გადაყენების უფლება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივაა.

გერმანიისგან განსხვავებით, რომლის მაგალითების შერჩევითად მოყვანით ირაკლი კობახიძემ გამოიჩინა თავი, საქართველოს სპეც.სამსახურები არ წარმოადგენენ დეცენტრალიზებულ ორგანოებს და ინტეგრირებულია ერთ მონსტრ უწყებაში, კერძოდ- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუს-ში, რომელიც პოლიტიკური პოლიციაც არის, საგარეო დაზვერვაც, ანტიკორუფციული ორგანოც, რეგიონალური ხელისუფლებების და სხვა კონსტიტუციური ორგანოების ზედამხედველიც  და ა.შ.

შესაბამისად, მომავალ კოორდიანტორად და სუპერმინისტრად მამუკა მდინარაძის წარდგინების მოტივი, რომელიც ირაკლი კობახიძემ საზოგადეობას შესთავაზა, არის ბუნდოვანი და საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო – ის უნდა იყოს ან მხოლოდ შსს-ს კოორდინატორი, ან მხოლოდ სუს-ის კოორდინატორი, მაგრამ ორივე ორგანოს კოორდინატორი ერთად და ერთდროულად ვერ იქნება – ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

დიდი ალბათობით, მამუკა მდინარაძე, როგორც მთავრობაში დაწინაურებული მომავალი ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი, მოსალოდნელია, რომ გახდება ერთპარტიული იდეოლოგიის და პროპაგანდის კოორდინატორი ირაკლი კობახიძის მთავრობაში.

აგრეთვე, ვიცე-პრემიერად და სახელმწიფო მინისტრ-კოორდინატორად მამუკა მდინარაძის მთავრობაში დაწინაურების ანტიკონსტიტუციურობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2017 წელს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, სამწუხაროდ, არ ემსახურებოდა საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, არამედ მხოლოდ ქვეყნის ძირითადი კანონის მორგებას ჩრდილოვან მმართველობასთან.   


ავტორის შესახებ:  არჩილ იაკობაშვილი, გერმანიის ქრისტიანდემოკრატიული კავშირის წევრი, ეკონომიკის პროფესორი.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის მოსაზრებებს.