ამერიკული მედიის ინფორმაციით, ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის მამული 51.5 მილიონ აშშ დოლარად (4 900 დოლარი კვადრატულ ფუტზე), რაც ჰიბისკუსისა და პალმის კუნძულებისთვის რეკორდული ფასია.
ქონების რეესტრის მონაცემების მიხედვით, გამყიდველია კომპანია 270 S. Hibiscus Drive Inc., რომელმაც 2021 წელს ამ ქონების თეთრ კარკასში 19 მილიონი დოლარი გადაიხადა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამ იურიდიულ პირს Wolsen Real Estate-ის დამფუძნებელი დენის სმიკალოვი მართავს, თუმცა მისი ერთადერთი აქციონერი გიორგი ბაჩიაშვილია.
მამულის მყიდველია Liholiho Trust, ხოლო მინდობილი პირი დანიელ კრებსი.
ვილას აქვს შვიდი საძინებელი და შვიდი აბაზანა, ასევე ღამის კლუბი, აუზი და ორი კერძო ნავსაყუდელი, რომელიც გათვლილია 105 ფუტის სიგრძის იახტაზე.
შეგახსენებთ, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 10 მარტს დამნაშავედ ცნო კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ორივე მუხლში.
გიორგი ბაჩიაშვილი ასევე ბრალდებულია „მტკვარი ჰესის“ საქმეში. როგორც ბიტკოინების, ისე „მტკვარი ჰესის“ საქმეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია.
ბიტკოინების საქმეში პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებოდნენ, რომ მან დიდი ოდენობით, კერძოდ, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიოჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.
განაჩენის გამოცხადებიდან მალევე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც დაზარალებულმა, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა წამოიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე დაჩქარებულ ვადებში განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილის სასარგებლოდ თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინების გადახდა დაეკისრა.
მტკვარი ჰესის საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.
მესამე, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბაჩიაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ბაჩიაშვილმა ქვეყანა 2025 წლის მარტში დატოვა, თუმცა 27 მაისს სუს-მა მისი დაკავების შესახებ განაცხადა. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს და საქართველოში „აირზენას” ჩამოიყვანეს თვითმფრინავით, რომლის ბორტზე სუს-ის მაშინდელი უფროსი, ანრი ოხანაშვილიც იყო. 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში ბაჩიაშვილს სცემეს.
გარდა ამისა, დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს — მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს. პროკურატურა მათ ედავებოდა შვილის დახმარებას „უკანონოდ მოპოვებული შემოსავლების ლეგალიზაციაში”.
ბაჩიაშვული პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მიმდინარე წლის თებერვალში გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც „სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი“.
