ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კავშირი „ასოციაცია ატუ“ მშრალ ხიდთან რესტორნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც ტერიტორიის ნაწილს სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუცვალეს.
ინფორმაცია თავდაპირველად დედაქალაქის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.
„რესტორნის აშენება და მისი მართვა საქველმოქმედო საქმიანობა ნამდვილად არაა. ეს ასოციაცია კი, საშემოსავლო სამსახურის ვებ-გვერდზე სწორედ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრშია რეგისტრირებული. სხვათა შორის, ზუსტად ეს ფონდი ბაკურიანში აშენებს აპარტამენტებს, რაც ასევე ცალსახად არაა საქველმოქმედო საქმიანობა. ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები აშკარად სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ, ისე რომ მათი ანგარიშები კანონის დარღვევით გასაიდუმლოებულია და გაურკვეველია ვისი ფულით (შემოწირულებით) ხორციელდება ეს საქმიანობები. მაგალითად, შეგახსენებთ, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ 452 მილიონი ლარი იაფი სესხის სახით მისცა თავის სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებს… აშკარად ყურადღება მისაქცევია, ვისი მილიარდები ტრიალებს ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდებში. ხომ არაა ეს ერთ-ერთი შავი ხვრელი სანქცირებული რუსების/ირანელების დასახმარებლად ან შავი ფულის გასათეთრებლად“, — წერს აბესაძე.
ასოციაცია „ატუ“ გეგმავს რესტორნის აშენებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ 4 078 კვადრატული მეტრის ფართობზე.
არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე ატვირთული მასალებით ირკვევა, რომ ამ მიზნით, მოთხოვნილია ტერიტორიის ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, თავის მხრივ, დაეთანხმა, „მშრალ ხიდთან“ მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.15.04.030.016) სარეკრეაციო ზონა 2-ის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით ცვლილებას და გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის სარეკრეაციო ზონა 2-ის მოხსნის საკითხს.
„ასოციაცია ატუ“ მტკვრის სანაპიროზე აღნიშნულ უძრავ ქონებას 2008 წლიდან ფლობს.
