ადვოკატი ია სირანაშვილი აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციამ იმ დროს დააკავეს, როცა აივნიდან გადახტომას აპირებდა და ამის გამო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

„როდესაც დაინახა ბატონმა თამაზმა ჩემი ცემა-ტყეპა, ასევე მის ცოლს ხელი ჰკრეს და დააგდეს, აქეთ მისი შეშინებული ბავშვების ტირილი, ამდენი ძალადობის შემხედვარე გადაირია ადამიანი და დააპირა თვითმკვლელობა, კერძოდ, აივნიდან გადახტომა და ამ დროს დააკავეს იმ მოძალადე პოლიციელებმა, რომლებმაც მე მცემეს. ადამიანი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე და ედავებიან დაუმორჩილებლობას“, – განუცხადა ია სირანაშვილმა ჟურნალისტებს.

თამაზ ელიზბარაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი აცხადებს, რომ იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ელიზბარაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

„გვიან ღამით, როდესაც შემოასახლეს ბატონი თამაზი იზოლატორში და შემდეგ მე მოვინახულე, ამის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილს საკანში წაუვიდა გული, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში მოვიდა გონს. იგი ამას უკავშირებს პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის, სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხელბორკილების მჭიდროდ მოჭერას და .ა.შ ამასთან დაკავშირებით მან დააფიქსირა იზოლატორში ეს ფატი და დღეს უკვე მოხდა მასთან გასაუბრება, იყო ქალაქი პროკურატურის გამომძიებელი შემოსული. რასაც ჩვენც, ადვოკატებიც დავესწარით“, – განუცხადა „ფორმულად“ ლექსო სვიმონიშვილმა.

თამაზ ელიზბარაშვილმა, რომელიც გუშინ, პირველ სექტემბერს დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადა.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თამაზ ელიზბარაშვილის მანქანა და სახლი ორი მუხლის საფუძველზე გაჩხრიკეს – მუქარის (სისხლის სამართლის 151-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების (სისხლის სამართლის 236-ე მუხლი).

სახლის გაჩხრეკისას თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს.

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა. ელიზბარაშვილის თქმით, მას „იმედის“ თანამშრომლები აქეთ დაესხნენ თავს და დაემუქრნენ პოლიტიკური პოზიციების გამო.

ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ სახლის ჩხრეკისას მასზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს და წიხლები ჩაარტყეს.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.