ავტორი: ნინო სურამელაშვილი [რატი რატიანი], მწერალი
საქართველოს მომავალზე რომ ვფიქრობ, თუ არაფერი შეიცვალა, განვითარების მხოლოდ ერთ ვარიანტს ვხედავ – ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურების.
ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყანაში იქნება ახალგაზრდა კაცების არმია, რომელიც საარსებოდ და გადასარჩენად ერთადერთ გზას დაინახავს – გახდეს ან პოლიციელი, ან სპეცრაზმელი, რომ ის შემოსავალი და პრივილეგიები ჰქონდეს, რაც არცერთ ჩვენგანს აღარ ექნება. ეს მათ სხვებზე მაღლა დააყენებს.
და მართლაც, რა უნდა აკეთოს ახალგაზრდამ, რომელსაც განათლების მიღების შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტად შეუზღუდეს.
სკოლიდან მხოლოდ საძულველი საზეპიროები და ზედაპირული პატრიოტული მოტივები აქვს წამოღებული. სხვა არაფერი.
ამ ახალგაზრდამ არაფერი იცის მრავალფეროვანი და მდიდარი სამყაროს შესახებ – მეცნიერების, კოსმოსის, ახალი აღმოჩენების შესახებ. ზუსტ მეცნიერებებს თავი დავანებოთ, სკოლას ისე დაამთავრებს, მსოფლიოს დიდი ქალაქების სახელებიც არ ეცოდინება. მისი ცოდნის წყარო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებია, სადაც ერთმანეთში აზელილ ტყუილ-მართალს ეუბნებიან – ზღაპრებს. იჯერებს იმიტომ, რომ ვისაც მისთვის ნამდვილი ცოდნა უნდა მიეცა და ეს სამყარო დაენახებინა მთელი თავისი მშვენიერებით – მასწავლებელს, მშობელს, სახელმწიფოს – მიატოვა და მხოლოდ მის ფიზიკურ საჭიროებებზე იზრუნა.
თქვენ არ გეგონოთ, ფიზიკურ საჭიროებებს – კვებას, მკურნალობას და თავზე ჭერს არაფრად ვაგდებდე. არა. მაგრამ ადამიანისთვის ეს ყველაფერი აზროვნების უნარს მოაქვს, მარტო ფიზიკურ ძალას კი არა. აზროვნება ადამიანის ბედისწერაა. რაც არ უნდა დააჩლუნგო, სადღაც და ვიღაცაში მაინც წამოყოფს თავს და დამჩლუნგებელს უხერხულობას შეუქმნის.
მაშ ასე, ახალგაზრდა, რომელიც სხვა გზას ვერ ხედავს იმიტომ, რომ განგებ დააბრმავეს, მიდის იქ, სადაც კარგი ხელფასი და პრივილეგიები ექნება – ხდება ავტორიტარის არმიის წევრი და მხოლოდ მორჩილება მოეთხოვება. რომ უთხრან, გადი და თქვი, ვირი ვარ ვყვირივარო, არ უნდა იკითხოს, რატომო, არამედ გავიდეს და იყვიროს. რასაც უკვე ვხედავთ დღეს, სასამართლოებში.
რომ უთხრან, გადი და კაცი მოკალიო, უნდა გავიდეს და მოკლას. იმიტომ, რომ გარეული ცხოველივით მხოლოდ თავის გადარჩენის ინსტინქტი ექნება შერჩენილი.
ეს არმია ხალხს არ დაიცავს. მისი ერთადერთი საქმე მხოლოდ ერთი კაცის და მისი საეჭვო გარემოცვის დაცვა იქნება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არ გვეყოლება პოლიცია, არამედ ჩვენივე სისხლის და ხორცისგან შექმნილი არმია, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად იქნება ჩვენი სისხლი დაღვაროს.
რამე ხომ არ გეცნოთ? კი, ზუსტად ეს ხდება ირანში წლებია – წლების განმავლობაში ტვინგამორეცხილი კუნთიანი არმია ხოცავს საუკეთესო, შეუიარაღებელ და უდანაშაულო ახალგაზრდებს, მერე კი მიდის და ღმერთს ადიდებს, თითქოს მრისხანე მტერი დაამარცხა.
მაგრამ ამ ახალგაზრდების მშობლებს არ გეგონოთ, თქვენი შვილები ხელშეუხებლები იქნებიან. ისინი მხოლოდ საზარბაზნე ხორცია.
ერთი სპარსული არაკია მოჭიდავეზე, რომელიც ძლიერ მოწინააღმდეგესთან დამარცხდება და შინ დაბრუნებული, გაბრაზებული, მოხუც დედას ძირს დაანარცხებს და მოკლავს. რა ქნას, სხვას ვერ მოერია.
ამ არმიის გაძლიერებას მოემსახურება უნივერსიტეტებში ცვლილებები, მთელი რიგი ფაკულტეტების – პირველ რიგში, სამეცნიეროს გაუქმება, განათლების რაც შეიძლება მეტად შეზღუდვა. ახალგაზრდების შეფერხება, რომ საზღვარგარეთ მაინც ისწავლონ (სკოლებში მეთორმეტე კლასის გაუქმება, რომელიც ფორმალური საშუალება მაინც იყო, სკოლადამთავრებულებს სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ესწავლათ).
მაგრამ განათლება ხომ მხოლოდ ხელს შეუშლის უსიტყვო მორჩილებას?
მზია ამაღლობელმა ძალიან მნიშვნელოვანი რამე დაგვიბარა:
„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“.
იმიტომ, რომ ცვლილებების გარეშე გასული ყოველი დღე ამ ჩვენს ახალგაზრდებს და მთელ ქვეყანას უფრო მეტად გვაგდებს ურჩხულის ხახაში.
მაშ, ვისი იქნება მომავალი?
კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული მასალები შესაძლოა არ გამოხატავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას/მოსაზრებას.








