კომენტარი

სანამ გარეთ ვართ, დრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ- ზურაბ ჯაფარიძე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

19 დეკემბერი, 2025 •
სანამ გარეთ ვართ, დრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ- ზურაბ ჯაფარიძე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

შვიდთვიანი ვადის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების გამო შეიძლება “ნებისმიერ დროს ჩასვან ისევ ციხეში”.  “შეიძლება ძაან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.“



ზურაბ ჯაფარიძე 19 დეკემბერს, დათქმულ საათზე ადრე გაათავისუფლეს, რის გამოც მხარდამჭერებმა პენიტენციურ დაწესებულებასთან დახვედრა ვერ შეძლეს, თუმცა მის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ.

„არ ვიცი, არაფერი არ აუხსნიათ. უბრალოდ მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი. და ჩასალაგებელი არაფერი არ მქონდა, მაისურით ვიყავი… გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს იმიტომ, რომ ძაან სქელი არისო და რაღაც სტანდარტებში არ ჯდებოდაო. ამიტომ მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული, დაახლოებით ერთ საათში, და იმის დახმარებით შევძელი ახლობელთან დარეკვა, რომ მეთქვა,  გარეთ ვარ-თქო. არაფერი არ ვიცოდი”, – განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

“შვიდთვიანი იზოლაციის მერე, როცა ინფორმაცია მარტო ტელევიზორიდან გაქვს მიღებული, არ მგონია, მაინცდამაინც სწორი იყოს, რომ ახლა დავდგე და მოვყვე, ჩემი აზრით, რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე, დაველაპარაკო, რაღაცებს მოვუსმინო, რაღაცებში გავერკვე, მაგრამ ნუ, ძაან ბევრი დროც არ დამჭირდება. რამდენიმე დღე დამჭირდება იმისთვის, რომ აზრზე მოვიდე. რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა სხვებს დაველაპარაკო და მერე ვიტყვი ჩემს აზრს, რა იქნება სწორი და როგორ უნდა გავაგრძელოთ [ბრძოლა]”, – ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი.

„ერთი, რაც მინდა, მინდა ყველა მოვიკითხო, ვინც რუსთავში არიან, ქალთა [ციხეშიც], ჩემთანაც, ჰოსპიტალზე ცალკე არის… ცალკე გლდანში ვინც არიან, ყველას მოკითხვა. მეორე, რაც მინდა, არის-  ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ შვიდი თვის განმავლობაში ჩემს ოჯახს გვერდით ედგა.

რასაც შეეხება ახალ ბრალს… არაფერი, ანუ გზავნილი არის, მარტო ჩემზე არ არის, ჩემზეც, ელენე ხოშტარიაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც… ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ ხელახლა, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ – ან უნდა გაჩუმდეთ, ან უნდა ქვეყნიდან წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის, ამიტომ მერე რას იზამენ…

 ცხადია, არც ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას და არც არავინ არ დააპირებს, რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს, და მგონია, რომ კარგად ვიცნობ. ამიტომ, მერე რას იზამენ, არ ვიცი. მე არ მგონია, რომ მაინცდამაინც ახლა გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩამსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით, ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას, მაგრამ რატომაც არის ჩამოკიდებული ეგ [ბრალი], იმიტომ არის, რომ მუდმივად ამ განცდის ქვეშ ვიყო – რომ შეიძლება, რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაგსვან ციხეში. ამიტომ  ჩემი ამოცანაც არის ის, რომ შეიძლება ძაან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ.“

მისი თქმით, „დაახლოებით ვართ მიჯნაზე, რომ ჩეჩნეთის მაგვარი რაღაცა წარმონაქმნად გადავიქცეთ [საქართველო]:

“ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე რუსეთი.

რაღაც ეტაპი, როცა ჯერ კიდევ რეჟიმი მალავდა თავის რეალურ სახეს, ეს ეტაპიც გავლილი აქვთ. ანუ, აი, მაგალითად, გასაგები რომ იყოს, რას ვგულისხმობ: რამდენიმე წლის წინ რომ გეჩვენებინათ, თუნდაც თქვენთან ეთერში, რომ ვიღაცას სახლში უდევს 7 მილიონი დოლარი, რომელიც ვიღაც ყოფილ მინისტრს ან პრემიერს… ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. და ახლა ისინი არიან გათავხედებულები ისე, რომ უკვე, აი, ეს აღარ ადარდებთ. ანუ ღიად გაჩვენებენ თავიანთ სასახლეებს, გალავნების უკან რომ ცხოვრობენ, განახებენ, რომ სეიფებში უდევთ ოქროს ზოდები, უდევთ მილიონები, მოპარული ფული და შემდეგ უკვე ფეხებზე ჰკიდიათ – ეგ არის ჩეჩნეთი!

მანამდე თუ ამას ერიდებოდნენ, რომ ეჩვენებინათ, ახლა თავხედურად გაჩვენებენ, რომ ჩვენ, აი, ასე ვცხოვრობთ და პლუს თქვენ თუ ხმას ამოიღებთ, დაგლეწავთ და არავინ არ დაისჯება. ეგ არის ჩეჩნეთი, ჩეჩნეთი სხვა არაფერი არ არის. მანდ ვართ ახლა.

აი, გულწრფელად რომ გკითხოთ – თბილისიდან შეიძლება აშხაბადი გამოვიდეს? გჯერათ? ხომ ვითომ დეპრესია და ნიჰილიზმია, მაგრამ ვინმეს გულწრფელად გჯერათ, რომ თბილისიდან აშხაბადი შეიძლება გამოვიდეს? არ გამოვა! თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როცა გადაუარეს ამ ქვეყანას და გაჟლიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი.


ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში,  როგორც არ უნდა იწვალონ, რაც არ უნდა ეცადონ, იქნება აშხაბადის „კიჩი“. სასაცილოები იქნებიან”. 

ზურაბ ჯაფარიძე, როგორც დაპატიმრებამდე, ახლაც ამბობს, რომ “ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”:

“ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერც ერთ შემთხვევაში ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, რომელიც აქ ვცხოვრობთ, ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში გამოიარა. იმაზე რთული ვერ იქნება. გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინმე თუ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა… ნებისმიერ შემთხვევაში ბოლოს ჩვენ მოვიგებთ. შეუძლებელია, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება. არ გარუსდება, გამორიცხულია.

ამ ხალხს, რომლებიც ამ სასახლეებში გალავნების უკან ცხოვრობენ… ერთი, რომ შეხება არა აქვთ და არ იციან, ამ ქვეყანაში რა ხალხი ცხოვრობს და ამ ქალაქში რა ხალხი ცხოვრობს, არ გვიცნობენ უბრალოდ… და მეორე – უწიგნურები არიან. ორი წიგნი არ წაუკითხავთ, რომ წიგნებიდან მაინც გაეგოთ, ეს ქვეყანა რა ქვეყანაა და რა ხალხის ქვეყანა არის. ამიტომ გამოდის „კიჩი“, რასაც აკეთებენ. რაღაცა მახინჯ, სასაცილო, თავის ჭკუით დიქტატურას აშენებენ და შეუძლებელია, არ გამოვა.

რაც შეეხება ერთობას – მე ყოველთვის ვიყავი მაგ პოზიციაზე, რომელიც ერთობას უჭერდა მხარს და ახლაც იგივეს ვაპირებ. არ მგონია, ჩემში შეიცვალა რამე, მაგრამ მე რასაც ვუსმენდი, სხვებში შეიცვალა. ბევრს ვხედავ ისეთს, 3 წლის წინ, 4 წლის წინ, მე რომ ვეუბნებოდი, რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა და საწინააღმდეგოს მიმტკიცებდა, ახლა ვუსმენდი და ეთერებში ლაპარაკობდნენ, რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა. მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა, მგონია, რომ უკვე ბევრმა გაიაზრა.“


7-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საღამოს აქციაზე გეგმავს მისვლას, მანამდე დროს კი ოჯახთან ერთად გაატარებს.

ზურაბ ჯაფარიძე სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, სადაც  7 თვე გაატარა.

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს 7- თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი იმის გამო, რომ არ მივიდა “ოცნების” პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ზურაბ ჯაფარიძის სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი თქვა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას “სწავლობდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი