კომენტარი

სა-კონტროლო

11 ნოემბერი, 2010 • 1166
სა-კონტროლო

წარმოიდგინეთ ისეთი სასიამოვნო სანახაობა, როგორიც იყო სანაპირო, სერიალ „მაშველებში“ საგანგებო სიტუაციის განმუხტვის შემდეგ. გარუჯული, მოხდენილი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში ატომური ომის შემდეგ გაჩენილი იდიოტების და მუტანტების ბრბოდ არიან ქცეულნი. სანაპირო კი – დახურული რეზერვაცია, რომელსაც მცველები ჯიპებით უვლიან გარს, რომ ინტელექტის ნებისმიერი გამოვლინება მოსპონ, რადგან ასეთები არც რეზერვაციაში საცხოვრებლად გამოდგებიან და არც ნორმალურ საზოგადოებაში. როგ ფილიფსის ეს მოთხრობა ხშირად მახსენდება, როცა ჩვენს სამშობლოში განვითარებული ესა თუ ის ისტორია ჩემს საინფორმაციო  ველს მძიმედ ებერტყება.

გუშინ საინფორმაციო სააგენტოებმა თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ისინი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათი სკოლის მოსწავლეებმა საატესტაციო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებულ პროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა კონკრეტული სკოლები უცნობი იყო.

მართალია, გან. მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტისას განუცხადებია, რომ ეს დირექტორები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია და თითქოს მათ საკუთარი ნება-სურვილით დატოვეს ადგილები, მაგრამ ნამდვილად რთული დასაჯერებელია,  8 დირექტორი, მათი მოსწავლეების აქციაში მონაწილეობამ ისე შეძრა, რომ მათ ერთდროულად შეჰკივლეს, „მოსაკლავი მე ვარ მხოლოდო“ და გათავისუფლების შესახებ განცხადებების წერას შეუდგნენ.

რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნულ აქციაში მონაწილე მოსწავლეების ინტელექტუალურ მონაცემებზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ როდესაც სამინისტრო პირდაპირ მითითებებს აძლევს სკოლებს, რომ მათ ნებისმიერი საშუალებით აღკვეთონ ბავშვების მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენების მცდელობები, აქციის განმეორების და პედაგოგების და დირექტორების მხრიდან დიქტატის განუხორციელებლობის შემთხვევაში მათ გათავისუფლებით ემუქრება, აქ საქმე, მართლაც, როგ ფილისფსის მოთხრობაში აღწერილ რეზერვაციაზე უარეს სამყაროსთან გვაქვს.

ჩემი აზრით, ქვეყანა, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს, მიღებული გადაწყვეტილების განმტკიცებას, გადადგმული ნაბიჯების საჭიროების „დაკანონებას“, საპროტესტო მუხტის გაქრობას, საკუთარ სისხლში დაკონსერვებული ხორცია. სიმართლეს, რომელიც ძალაუფლების გამოყენებით დგინდება, შეუძლებელია დადებითი შედეგები მოჰყვეს.

ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთა სააზროვნო შესაძლებლობების თვალსაჩინოებისთვის ისიც გამოდგება, რომ ისინი ხედავენ, აკრიტიკებენ და მწარედ დასცინიან ქართული ოპოზიციის შეუდარებელად პრიმიტიულ  და აყროლებულ ვარსკვლავებს: გრეჩიხებს, ძიძიგურებს, ნოღაიდელებს თუ ბურჯანაძეებს, მაგრამ მათი აზროვნების ამ იმედისმომცემ ფართხალს ის აბათილებს, რომ ისინი თვალს ხუჭავენ ანალოგიური წონისა და მასშტაბის იდიოტურ წარმონაქმნებზე ხელისუფლებაში. მაგალითისთვის: ვარძელაშვილი, კირკიტაძე, შაშკინიც კი საკმარისია. შეუძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც ამჩნევს „უცნობის“ მავნებლობას, ვერ ამჩნევდეს იგივე მიხეილ სააკაშვილის საღი აზრისგან სრულიად მოწყვეტილ გადაწყვეტილებებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ძალზედ უცნაურ ცალმხრივ აზროვნებასთან გვაქვს საქმე, რის მიხედვითაც, არსებობენ ცუდი მავნებლები და კარგი მავნებლები, იმის გათვალისწინებით, თუ ვის უქიცინებენ ისინი კუდს და ვის სამსახურში დგანან.

ძალაუფლების მქონე მონსტრები ყოველთვის ცდილობდნენ და ეცდებიან ინდივიდის “შეზღუდვასა” და მოთვინიერებას, ინდივიდისა, რომლის ქცევის ნორმები არ ჩაჯდება არსებული სისტემის ჩარჩოებში, სახელმწიფოს, საპატრიარქოს პრეტენზია აქვს, ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების, რეალობის რეგლამენტირება მოახდინოს, მაგრამ როდესაც მათი მეთოდები ყოველგვარ, თავისუფალ საზოგადოებაში დაშვებულ ზღვარს გადადის, გარემო თანდათან ნადგურდება და უცხო ხდება მოაზროვნე სუბიექტისა თუ შეუქცევადი სუბექტიზაციის პროცესისთვის.

ერთდროულად ყველაფერზე წერას მხოლოდ ჭრიჭინა ავტორები ცდილობენ. გსურთ, სწრაფად და ეფექტურად მოიპოვოთ ბრძენის იმიჯი? მაშინ წერე, რაც იცი და რისთვისაც კი ყური მოგიკრავს. წერე ყველაფერი, ყველაფერზე, ყველაფერში, ყველაფრით, მერე რა, რომ მათ შორის კავშირი შეიძლება არც არსებობდეს,  პოსტოდერნს ხომ ისეთი ფართო ხვრელი აქვს, რომ გაშლილი ქოლგაც შეეტევა და სამების ტაძრის გუმბათიც. სინამდვილეში კი, ასეთი ავტორები ბებიამისის ნიფხავსაც ვერ აღწერენ მთელი დღის განმავლობაში, წინ რომ ედოთ.

ჰოდა, ამიტომ მგონი, ჩემთვისაც აჯობებს, აქ დავასრულო, სანამ გაბრაზების ახალ ტალღას ქართული სახელმწიფოს დამახინჯებული ჰორიზონტისკენ გავუტაცივარ.

მასალების გადაბეჭდვის წესი