ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის შესავალი სიტყვა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 სინდისის პატიმრის სხდომაზე.
დღეს არის საქართველოს ევროპული მომავლის მცველების, სამშობლოს პატრიოტების სამსჯავრო! და რისთვის ასამართლებს რეალურად სასამართლო ამ ახალგაზრდებს?! რადგან ისინი იცავენ იმ ღირებულებებს. რასაც თავადაც უნდა იცავდეთ თქვენ – პროკურატურა და სასამართლო.
რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია, საიდან დაიწყო ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკურ მოტივაციაზე დამყარებული სისხლის სამართლის საქმე ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ.
2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებული განცხადებით – 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებამ ცალსახად გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დაიწყო 28 ნოემბერს და გრძელდება დღემდე.
საქართველოს ევროპული მომავლის, ღირებულებების, განვითარებისა და ჩვენი ისტორიული არჩევანის დასაცავად ათი ათასობით ქართველთან ერთად პარლამენტის წინ იდგა ხელოვანი ანდრო ჭიჭინაძეც.
პირველივე დღიდან, როცა ანდრო ჭიჭინაძემ იგრძნო რეალური საფრთხე, რომ ქვეყანა კარგავდა ყველაზე ღირებულს – თავისუფლებას და ევროპულ მომავალს, მსახიობი იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო თითოეული მოქალაქე. რომ დაეცვა ქვეყანა. ანდრო ჭიჭინაძე იდგა საჭირო დროს, საჭირო ადგილას, მისთვის, მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, შვილისთვის, ყველა რიგითი ქართველისთვის, თქვენთვისაც და, რაც მთავარია, სამშობლოსთვის.
მიუხედავად მძიმე 28 ნოემბრისა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ ასეულობით მოქალაქე ვნახეთ ნაცემი და ათეულობით დაკავებული, სამართალდამცავების მიერ სიკვდილამდე ნაცემი ჟურნალისტები, სასტიკი და წამების ტოლფასი მოპყრობა, რომლის გამოც დღემდე არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტებმა 29 ნოემბერს გაცილებით მეტი ადამიანი გამოიყვანა რუსთაველზე. ხელწერა იგივე იყო, როგორც 28 ნოემბერს. სამართალდამცავების მხრიდან საშინელი გინება, შეურაცხყოფა მოქალაქეების მისამართით, ბოთლების სროლა, უკანონო დაკავებები, ცემა დაკავებისას, ღირსების შემლახავი ქმედება და ასე შემდეგ. იქ, რუსთაველის მოედანზე, იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც, რომელიც იმყოფებოდა კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად პირველი სკოლის ტერიტორიაზე, როცა შეიტყო, რომ მისი ერთ–ერთი ახლობელი იმყოფებოდა დაპირისპირების ეპიცენტრში ჭიჭინაძის ქუჩაზე. მის სანახავად, რომ დარწმუნებულიყო ამ ადამიანის უსაფრთხოებაში, აღნიშნულ ტერიტორიას მიუახლოვდა, რა დროსაც დაინახა, როგორ იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ, ნიღბიანი სამართალდამცავები აქტივისტების მისამართით და ისროდნენ წყლით სავსე პლასტმასისა და შუშის ბოთლებს. ერთ–ერთი მათგანი თავად ანდრო ჭიჭინაძესაც მოხვდა ფეხში და სწორედ ეს ფაქტი არის აღნიშნული 05 დეკემბრის დაკავების ოქმში, სადაც ჭიჭინაძე უთითებს, რომ მარჯვენა ფეხის წვივის არეში აღენიშნება დაზიანება, რომელიც მან მიიღო რამდენიმე დღის წინ რუსთაველის ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე.
წარმოიდგინეთ ვითარება , როდესაც კანონის დაცვით მოქმედი პოლიციელები იგინებიან დედის მისამართით, სასტიკად სცემენ და არბევენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობენ თავის ტოლ ახალგაზრდებზე მშვიდობიანი პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამო და ის, ვინც კანონს უნდა იცავდეს, საშინელი სიტყვებით იგინება სწორედ იმ კადრებში , რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა . ნახავთ ამ კადრებს თავად.
ის, რომ მოქალაქეთა მხრიდან აქცია იმართებოდა მშვიდობიანი ფორმით და ასეულობით მოქალაქეზე იძალადა რეჟიმმა, ეს დაცვის მხარის მოსაზრება არ არის. ეს არის ფაქტები, რომლებზედაც საუბრობს არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ა.შ.
ერთადერთი, ვინც ამ დროს იყო აგრესიული და მოძალადე, ეს პოლიციისა და შსს–ს წარმომადგენლები იყვნენ. უამრავი საჯაროდ გავრცელებული ვიდეო იყო, რომელიც ასახავდა ამ პირების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას და, დარწმუნებული ვარ, ეს თქვენც კარგად ნახეთ, ბატონო მოსამართლე.
და რა ხდება ? პროკურატურა დებს ანდრო ჭიჭინაძეს ბრალს იმაში, რასაც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები სჩადიოდნენ. თუმცა სასამართლო პროცესზეც კი ერთი მტკიცებულება ვერ მოაქვს ამ ბრალის დასადასტურებლად
საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად მიჩნეული იყო, რომ თითქოსდა საბჭოთა კავშირში არ იყო და არც შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს. თავად ისეთ ბინძურ სისტემაშიც კი, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი, საბჭოთა მანქანა ერიდებოდა ვინმესთვის დაებრალებინა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მიანიშნებდა. თუმცა ამას 2025 წელს დაჟინებით სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის მიმართ ცდილობს პროკურატურა.
ვიდრე კონკრეტულად სხვადასხვა საკითხის განხილვაზე გადავალთ, აუცილებელია, რომ ბრალის დადგენილებიდან ამოვიკითხოთ ბრალის ფორმულირება. რაში ედება ბრალი ანდრო ჭიჭინაძეს.
ბრალი – „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ–ერთი პირი, ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში, რა დროსაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეები პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით განლაგებულ და მოქმედ სამართალდამცავების მიმართ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უწყვეტად ახორციელებდნენ წინააღმდეგობას და მათზე თავდასხმას, რისთვისაც იარაღად იყენებდნენ ქვებს, რკინის ნაჭრებს, სხვა მძიმე საგნებს, პიროტექნიკურ ნაკეთობებს, ადვილადაალებად ნივთიერებებს, ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს და სხვა ისეთ საგნებს და მოწყობილობებს, რასაც შეეძლო გამოეწვია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანება. გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არბევდნენ, აზიანებდნენ და ანადგურებდნენ სხვის ქონებას. იგი აქტიურად მონაწილეობდა რა ამ ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“
ბრალდებაში აღნიშნული ფრაზები და სიტყვები იმდენად ზოგადი ხასიათის არის, რომ ძალიანაც რომ მოინდომო მისგან შინაარსის ან რაიმე სახის უკანონო მოქმედების ამოკითხვა – ვერ შეძლებ.
მინიმუმ ფორმალურადაც, ვიდრე დეტალურად გავყვებით დანაშაულის შემადგენლობას, წარმოდგენილი ვიდეოების ხანგრძლივობაც კი ეწინააღმდეგება ბრალდების ფორმულირებას, რომ ანდრო ჭიჭინაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებდა რაიმე სახის მოქმედებებს, როდესაც ამის მტკიცებულება არ არსებობს. როგორ შეიძლება რამდენიმეწამიანი ვიდეოთი, ზოგადად, აღნიშნო, რომ რაიმე სახის მოქმედება უწყვეტად და ხანგრძლივად არის განხორციელებული.
მინდა ვისაუბრო ზოგადად 225-ე მუხლზე და შემდგომ დავუბრუნდე მის შესაბამისობის საკითხს ბრალის ფორმულირებასთან.
ეს განზრახი დანაშაულია, აუცილებელია პირს ჰქონდეს განზრახვა ჩაიდინოს ძალადობრივი ქმედებები და ამისთვის გაერთიანდეს ან შექმნას ჯგუფი
2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე 225-ე მუხლს ერქვა „მასობრივი არეულობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება შეეძლო მასას, ე.ი. რამდენიმე ასეულ ადამიანს. სადღეისოდ კი ამ მუხლის მოქმედების არეალი საფუძვლიანად და კანონმდებლის მიერ კონკრეტული მიზეზით არის დავიწროებული. იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორთანაც ახლა გვაქვს საქმე. თავიდან იქნეს აცილებული ადამიანების მასის შეკრება და მათთვის ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულის დაბრალება. ამის პრევენციის მიზნით კანონმდებელმა შეცვალა ნორმის შინაარსი და აღნიშნა რომ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აუცილებელია მინიმუმ 3 პიროვნების არსებობა საქმეში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ სამიდან მინიმუმ ორი უნდა იყოს მონაწილე, ხოლო ერთი ორგანიზატორი.
ნორმის სამეცნიერო განმარტება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს ორგანიზატორი პიროვნება ან პიროვნებები, რომლებიც იქნებიან დანაშაულის ინიციატორები, გასცემენ შესაბამის განკარგულებებს და მითითებებს საერთო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ და ამავდროულად აკონტროლებენ დანაშაულის ჩადენის პროცესს.
ორგანიზებული დანაშაულების ნიშანთა ჩამონათვალი საკმაოდ ზუსტად არის შეჯამებული თვით ტერმინში – „ორგანიზებული“. ეს სიტყვა ნიშნავს მწყობრი სახის მინიჭებას, მოწესრიგებას.
ზოგადად რას ნიშნავს ძალადობა? – ყველაზე მარტივი ფორმა ძალადობის ახსნის არის შემდეგი – „ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავიანთი ნებით არ თანხმდებიან.“ როგორ შეიძლება ეს დეფინიცია როგორმე შევუსაბამოთ ანდრო ჭიჭინაძის მოქმედებას?
ზოგადად რას ნიშნავს ჯგუფური ძალადობა? – ეს არის პროტესტის გამოხატვის მართლსაწინააღმდეგო ფორმა. ის არის ორგანიზებული დანაშაულის ნაირსახეობა. აუცილებელია, სასამართლომ გაამახვილოს ყურადღება, რომ გარდა სხვა შემადგენლობისა, რომელზედაც მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, დანაშაულის ორგანიზებული ხასიათი არის ერთ–ერთი აუცილებელი პირობა.
ობიექტური მხრივ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში ამ ადგილას და სხვა. გარდა ამ ყველაფრისა, ორგანიზებული იერარქია, რაც არის უმთავრესი, წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ნიშანს. დანაშაულებრივ დაჯგუფებას მართავს ხელმძღვანელი. მას ემორჩილება ყველა წევრი, რომლებიც თავის მხრივ გარკვეული თანრიგით ექვემდებარებიან ერთმანეთს. თითოეულ საფეხურზე მდგომ წევრს გააჩნია გარკვეული ძალაუფლებაც, ფუნქციაც, რომ განახორციელოს თავისი ვალდებულებები და ა.შ.
მეტიც, ორგანიზება და ხელმძღვანელობა, როგორც მოქმედება, დასრულებულია არა მაშინ, როცა პირი ორგანიზებას გაუკეთებს ჯგუფურ ძალადობას, არამედ მაშინ, როცა ამ ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას თან ახლავს სხვადასხვა ქმედებები: ძალადობა, რბევა და სხვა.
აი, ახლა მე რაც ჩამოვთვალე, რომელი მათგანი არის საქმეში?
იმისთვის, რომ ბრალდებამ დაამტკიცოს 225-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებაში პიროვნების მონაწილეობა, ამისთვის მინიმუმ რამდენიმე ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაგვიდასტუროს:
ჩამონათვალი კრიტერიუმების:
მიზანი – ანუ განზრახვა, ჩაიდინო ძალადობრივი დანაშაული და ამისთვის გაწევრიანდე ორგანიზებულ ჯგუფში
- სახეზე უნდა იყოს ორგანიზატორი/ხელმძღვანელი ან მინიმუმ მონაწილე
- ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა
- კავშირი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის
- უკანონო მოქმედების შედეგად დაზიანებული სამართალდამცავი ანუ მიყენებული ზიანი
პროკურატურას ერთი მტკიცებულებაც კი არ აქვს წარმოდგენილი, რომ აჩვენოს ანდრო ჭიჭინაძე მოძალადედ, რომელიც თავს ესხმის ან ძალადობს ვინმეზე და განსაკუთრებით სამართალდამცავზე. ზუსტი დროც კი არ არის მითითებული ბრალის დადგენილებაში, თვეების მანძილზე ბრალი დაზუსტებულიც კი არ არის და, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი კავშირზე ვინმე სხვა პიროვნებებთან, რომლებიც მსახიობმა სასამართლოში გაიცნო.
225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეუძლებელია ჩაიდინო უმოქმედობით. მას სჭირდება აქტიური მოქმედება, რომლის განხორციელებასაც პროკურატურა ვერ ადასტურებს. არცერთი მოქმედებით ანდრო ჭიჭინაძეს არ განუხორციელებია თავდასხმა სამართალდამცავზე.
სად არიან პიროვნებები, რომელთა სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ა. ჭიჭინაძის მიერ განხორციელებული მოქმედებებით დაზიანდა? სად არიან ხუთი თვის თავზეც კი? პროკურატურა მესიასავით ელოდება ასეთი ადამიანის გამოჩენას, რომ როგორმე თეთრი ძაფით შეკერილი საქმე გაამყაროს, მაგრამ ასეთი ადამიანი ვერ გამოჩნდება 9 თვის შემდეგაც კი, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს. არათუ ანდრო ჭიჭინაძის მიერ დაზიანებული ადამიანი, არამედ ის პიროვნებაც ვერ გამოჩნდება, ვინც იტყვის და დაადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტი დაინახა.
ხუთი თვის შემდეგაც კი ერთი ფაქტი მაინც არსებობს იმისა, რომ ანდრო ჭიჭინაძეს ვინმესთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც უბიძგა უკანონო მოქმედებისკენ? გამოვლინდა რომელიმე ბრალდებულთან კავშირი?
რატომ არსებობს ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში და რატომ არ არის ის გაერთიანებული სხვა მუხლების შინაარსში? – მაგ. რატომ არ არის ჩადენილი მოქმედება ხულიგნობა? პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჯგუფური ძალადობა, 225-ე მუხლის მიხედვით, აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია.
პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს ბრალს სდებს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ისე რომ, პირველ რიგში, ვერ ადასტურებს ძალადობრივ მოქმედებას და შემდგომ მის ორგანიზებულ ჯგუფურ ხასიათს. ფაქტები, რომლებზედაც პროკურატურა მიუთითებს, განხორციელებულია სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა დროს და დამოუკიდებლად, ურთიერთცოდნისა და განზრახვის მტკიცებულების გარეშე. ბრალდება კონკრეტულ ინდივიდებს ბრალად სდებს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორებიცაა საგნების სროლა (დაუდგენელი მძიმე საგანი, ჯოხი, ბოთლი, ფოიერვერკის ნარჩენი), მაგრამ ვერ ადასტურებს : 1. ამ მოქმედებას, რადგან ვიდეოებში რადიკალურ სხვა რამე ჩანს, 2. ამ მოქმედებების განხორციელებას სამართალდამცავების მისამართით, 3. ვინმეს ან რამის დაზიანების ფაქტს, 4. მოქმედების ორგანიზებულ ჯგუფურ ხასიათს, 5. განზრახვას უკანონო მოქმედებების განხორციელებისას.
დანაშაულის სუბიექტური მხარე – გარდა იმისა, რაზედაც ობიექტურად ვსაუბრობთ და წმინდა ფაქტებზე, რომლებიც დადასტურებადია დროის კონკრეტულ სივრცესა და მონაკვეთში, ბრალდების მხარემ ასევე უნდა დაადასტუროს განზრახვა ანდრო ჭიჭინაძის, რომ მას თავისი რაიმე სახის მოქმედებით სურდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გზით, ძალადობით, რბევით, სხვისი ნივთის დაზიანებით ან ა.შ. სამართალდამცავზე თავდასხმა.
სისხლისსამართლებრივ სისტემაშიპასუხისმგებლობა დაფუძნებულია ინდივიდუალურ ბრალზე, რაც გულისხმობს პირის გასამართლებას დანაშაულში ინდივიდუალური კონტრიბუციის, მონაწილეობის ხარისხის შესაბამისად. იგი პერსონალურად იკიცხება.
ვერც ერთი მტკიცებულებით ანდრო ჭიჭინაძის მიმართ ბრალეულ მოქმედებას ვერ ასახელებს და ვერც შემდგომში მტკიცებულების სახით ადასტურებს პროკურატურა.
საქმის განხილვის წინარე პერიოდი
ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებული არგუმენტები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამის ფონზე სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა, გვაფიქრებინებს, რომ აქტივისტების, სამშობლოს სიყვარულით სავსე ახალგაზრდების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები ეყრდნობოდა ერთადერთ საფუძველს და ეს არის პოლიტიკური მოტივაცია. ის ფაქტი, რომ ზოგადად დაიწყო ანდრო ჭიჭინაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ის, რომ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა, ის, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან არარელევანტური მტკიცებულებები დევს სისხლის სამართლის საქმეში, წინასასამართლო სხდომაზეც კი არ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმე არსებითად განსახილველად გადმოგეცათ, მეტი არაფერია თუ არა იმის თქმის საფუძველი, რომ სისხლის სამართლის საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს და ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს.
ამაზე არ მივუთითებთ მხოლოდ ჩვენ, დაცვის მხარე, ამას ხაზს უსვამენ ქვეყნის შიგნით არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ და სამართლებრივ შეფასებას უკეთებენ სინდისის პატიმრების სახელით მოხსენიებულ სისხლის სამართლის საქმეს, მას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს ასევე ევროპარლამენტი და ევროსაბჭო, რომლებიც საკუთარ რეზოლუციებში პირდაპირ წერენ, რომ ბრალდებულები და მათ შორის ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
მათ შორის მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ 2025 წლის 29 იანვრის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც საუბრობს პოლიტიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში და პუნქტ 7.5.-ში მიუთითებს, რომ ერთ–ერთი მოთხოვნაა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ასევე, 2025 წლის 10 თებერვლის ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის მე-5 პუნქტი ამბობს, რომ ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებულები. ასევე, 2025 წლის 12 თებერვლის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომლის მე-11 პუნქტის მიხედვითაც საუბარია, რომ ევროსაბჭო კატეგორიულად გმობს საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ 1900 რეზოლუციის გათვალისწინებით პოლიტიკურ პატიმრებად მოიხესნია დაკავებული პირები და მოითხოვა მათი გათავისუფლება .
ის, რაც სურს პროკურატურას, ეს უფრო ჰგავს მძევლად ხელში აყვანას, რომ კონკრეტულად ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული ქმედებებით საზოგადოება აიძულო, უარი თქვას მათთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაზე, რომ გამოხატოს პროტესტი, იფიქროს ქვეყნის მომავალზე და ეს არის დემონსტიტრება საჩვენებელი დასჯის.
რატომ ანდრო ჭიჭინაძე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არ არის საჭირო იყო ადვოკატი, მოსამართლე ან იურიდიული განათლების მქონე პიროვნება. პასუხი მარტივია, ბრალდებას სურდა ეჩვენებინა, რომ ისეთი პიროვნების დატყვევებაც კი შეგვიძლია, როგორიც ანდრო ჭიჭინაძეა. ნიჭიერი ხელოვანის, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა პროტესტის გამოხატვისას მხოლოდ მშვიდობიან გზას მიმართავს, ის არის ცნობილი ხელოვანი საზოგადოების ფართო მასებისთვის. პროკურატურა ცდილობს ანდრო ჭიჭინაძის პიროვნება დახატოს მოძალადედ, როცა მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ სხვაზე ზრუნვა იყო მისი მოქმედებების მოტივი.
უკანონოდ დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ელოდებიან ოჯახის წევრები, მეგობრები, ვასო აბაშიძის თეატრი, რომელიც დღემდე გაჩერებულია, და მისი საამაყო წარმომადგენლები, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან, მაყურებელი და, რაც მთავარია, უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვები, რომლებსაც „სიცილით თერაპიის“ ფარგლებში ანდრო ჭიჭინაძე კლინიკებში სტუმრობდა, ართობდა და სიცოცხლეს უხალისებდა. დღეს კი ეს ბავშვები ანდრო ჭიჭინაძეს უკანონო პატიმრობაში გისოსებს იქით ხედავენ.
პროკურატურამ არასწორად შეარჩია ადამიანი, რომელსაც მოძალადედ დახატავდა. ვერც ერთი წარმოდგენილი აბსურდული სიტყვა და ბრალდება ვერ გადაწონის ანდროს ამ პიროვნულ თვითებებს და ვერ დააჯერებს ვერც სასამართლოს და ვერც საზოგადოებას, რომ ის მოძალადეა. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს ობიექტურ და მიუკერძოებელ სასამართლოზე.
მტკიცებულებები
გარდა ზემოაღნიშნულისა, აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ ფაქტებს, რომლებმაც დღეს აქამდე (არსებით განხილვამდე) ძლივს მოიყვანა საქმე.
უკანონოდ, ყოველგვარი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის გარეშე მოხდა ანდრო ჭიჭინაძის დაკავება, მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც იმედი ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს, რომ რაიმე სახის უკანონო ნივთს ამოიღებდა, თუმცა მხოლოდ ანდროს ტელეფონის ამოღება შეძლეს.
არცერთ შემთხვევაში:
- სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ პროკურატურას, გარდა წმინდა აბსტრაქტული მსჯელობისა, არ წარუდგენია სასამართლოსთვის არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საფრთხეების რეალურობას რამდენადმე მაინც დაასაბუთებდა.
- სასამართლოს არ უმსჯელია, როგორ და რა სახით შეეძლო ბრალდებულებს „დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება“, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ უკვე მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და მათ კარგად ესმით, რომ „დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება“ მხოლოდ მათი პასუხისმგებლობის დამძიმებას გამოიწვევდა.
- სასამართლოს არ უმსჯელია, თუ როგორ და რა გზით შეეძლო ანდრო ჭიჭინაძეს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლა ან განადგურება.
- სასამართლოს არ უმსჯელია მსახიობის პიროვნების, საქმიანობის, ოჯახური ან ქონებრივი მდგომარეობის და ნასამართლობის უქონლობის შესახებ.
- დაბოლოს, ზოგადი ხასიათის ფრაზეოლოგიას თუ არ ჩავთვლით, სასამართლოს დამარწმუნებლად არ დაუსაბუთებია, თუ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – გირაო ან თუნდაც შინაპატიმრობა, სხვა ისეთ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, როგორებიცაა, მაგალითად, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადება ან/და ელექტრონული მონიტორინგი, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ამ ვითომდაც „რეალური“ საფრთხეების განეიტრალებას.
ვის ემუქრებოდა ანდრო ჭიჭინაძის გარეთ ყოფნით საფრთხე თუ არა პოლიტიკური მოტივი. თუ არა პოლიტიკური მოტივი, რომ ვიღაცას უნდა ცნობილი ხელოვანი ადამიანი დასაჯოს. ვიღაცას უნდა და ეს ვიღაცა არის სისტემა, რეპრესიული სისტემა, რომელიც აჩვენებს, რომ შეუძლია მსახიობი, ხელოვანი ადამიანი, რომელიც ემსახურება ხელოვნებას, ემსახურება სიკეთეს, საზოგადოების ცნობიერების გაძლიერებას, ბავშვებში სიყვარულისა და ღიმილის დათესვას, ემსახურება ქვეყნის ევროპული იდეის დაცვას, დასაჯოს და ამით სხვებს უთხრას – „ყველა დაისჯებით“. როგორ შეიძლება სასამართლო პატიმრობაში ტოვებდეს ადამიანს, რომლის შესახებაც არცერთ შუამდგომლობაში არ არის ერთი კონკრეტული მტკიცებულება, ერთი კონკრეტული მტკიცებულებაც კი, რისთვისაც უნდა იყოს პატიმრობაში ანდრო ჭიჭინაძე თუნდაც ერთი დღით, არათუ თვეებით.
თამარ მჭედლიშვილის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში წავიკითხეთ მსჯელობა მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურის მსჯელობა „ზოგადი და აბსტრაქტულიაო“. საინტერესოა, სხვა საფრთხეებთან მიმართებით ან დღეს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე ვსაუბრობთ ანდრო ჭიჭინაძესთან მიმართებით, რომელი ნაწილი არ არის ზოგადი და აბსტრაქტული? საქმის/ბრალდების რომელი ნაწილი არის დასაბუთებული?
ბატონო მოსამართლე, ანდრო ჭიჭინაძეს პროტესტი მშვიდობისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის გუშინ არ დაუწყია. არც 28 ნოემბერს. მისი პროტესტი ჯერ კიდევ მისი ოჯახის ახლობლის და საქართველის ტკივილის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმიდან დაიწყო, როცა მაღალჩინოსნებმა წამებით მოკლეს ანდროს ოჯახის ახლობელი სანდრო გირგვლიანი და შემდგომ პოლიტიკური მოტივაციის გამო საქმე იმ დონემდე არაეფექტური გამოძიებით წავიდა, მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება, რომ დღემდე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს დაეკისრა პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიდა დონეზე სხვადასხვა საქმეში. (ამ საკითხზე ჩემ შემდგომ ანდრო კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებს).
ბევრჯერ აღვნიშნეთ დაცვის მხარემ და კიდევ განვმეორდებით, როგორც თავის დროს სანდრო გირგვლიანის თეთრი ძაფით შეკერილი, პოლიტიკური მოტივაციით სავსე საქმე გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში, ისე ანდრო ჭიჭინაძის სრული საქმეც გაიგზავნება ევროპულ სასამართლოში, დღეს სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებით აქვს საშუალება სახელმწიფოს სამომავლოდ ოდნავ მაინც გამოუსწოროს მდგომარეობა სტრასბურგის სასამართლოში.
ერთი რამ უნდა შევახსენოთ ასევე სასამართლოს. მართალია, დღეს ვსაუბრობთ სტრასბურგის სასამართლოში სრული საქმის გაგზავნის საფრთხეზე, მაგრამ რეალობაა, რომ აღკვეთის ნაწილში საქმე უკვე გაგზავნილია ევროპულ სასამართლოში და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 4 დღეში მიიღო ანდრო ჭიჭინაძის საქმე და დაარეგისტრირა. თითოეულ პროცესს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ევროპული სასამართლოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
დარღვეული მუხლების ჩამონათვალი და მათი ახსნა:
საქ. კონსტიტუცია – მე-13 და მე-18 მუხლი.
კონვენცია – მე-5 და მე-6 მუხლები. მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, მე-13 მუხლი – სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება და მე-18 მუხლი – პოლიტიკური მოტივაცია.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი – მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი (დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი), 166-ე (სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება), 171-ე (დაკავების საფუძვლები), 121-ე მუხლი (პირადი ჩხრეკა), 198-208 (აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, გასაჩივრება), 208-ე (წინასასამართლო სხდომის გადაგრძელება), 219-ე მუხლი (წინასასამართლო სხდომა), მე-3 მუხლის მე-12 ნაწილი (ალბათობის მაღალი ხარისხი), 82-ე (მტკიცებულებათა შეფასება).
სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა – სასამართლო არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ ის ასეთად უნდა ჩანდეს. ხალხში ნდობას იწვევს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ბოლოს მინდა ამით მივმართოთ სასამართლოს და ჩემი სიტყვაც დავასრულო. „სხვისი ცოდვის გამართლება უფრო უარესია, ვიდრე ის, რომ თავად შესცოდო.“ ჩვენ, დაცვის მხარემ, არაერთხელ მივეცით საშუალება სასამართლოს, რომ გადაერჩინა მართლმსაჯულება, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოახერხა. ახლა თქვენ, ბატონო მოსამართლე, გაქვთ კიდევ ერთი შანსი ამ მდგომარეობიდან გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების. ამისთვის კი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. ის უკანონობა , რაც პროკურატურამ თუნდაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით განახორციელა, თქვენ აქ, სასამართლოში, არ უნდა დააკანონოთ.
დაბოლოს
ეს არის საქმე, რომელსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა, გაზომოს ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რომლის დაცვა გევალებათ თქვენ.
ეს არის საქმე, რომელსაც საზოგადოება ადევნებს თვალს და გიყურებს თქვენ, გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას და უდანაშაულო, პატრიოტ მოქალაქეებს გაიმეტებთ თუ არა პოლიტიკური დასჯისთვის. თავად გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ წნეხს, დაიცავთ თუ არა სამართლიანობას როგორც თავისთავად ღირებულებას.
ასეთი საქმეები რჩება ისტორიას, როგორც გამოცდა – მართლმსაჯულების, თქვენი პირადად, და ესაა მოსამართლის ტვირთი და ვალდებულებაც, დაიცვას არა მხოლოდ ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომლის დაცვაც კონსტიტუციამ დაგავალათ, მასთან ერთად დაიცვათ სამართლიანობაც.
ამავე თემაზე
პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს ასამართლებენ იმ მუხლით, რაშიც 5 ივლისის მოძალადეები გაამართლეს
როგორ შეიცვალა პროკურატურის რიტორიკა სინდისის 11 პატიმრის საქმეზე