კომენტარი

ქართველები და ოსები სტამბოლში

2 ნოემბერი, 2010 • 1581
ქართველები და ოსები სტამბოლში

15 წელია იმართება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეხვედრები, სადაც დაპირისპირებული საზოგადოებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს შეხვედრები, ძირითადად, საზღვარგარეთ მიმდინარეობს და მათ „სამოქალაქო დიალოგს“ ან კიდევ „სახალხო დიპლომატიას“ ეძახიან.

ხშირად, სახალხო დიპლომატიისაგან არასწორად მოითხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებასა და მათ გატარებას, ანუ კონფლიქტების მოგვარებას. ეს პოლიტიკოსების საქმეა. სახალხო დიპლომატიას გაუცხოებულ მხარეთა დაახლოება და მტრის ხატის განეიტრალება ევალება.

პირველად სამოქალაქო დიალოგში სამხრეთელ ოსებს შევხვდი. 1997 წლის გაზაფხულის ერთ დღეს თბილისში, სასტუმრო „ივერიას“ მახლობლად, ქართველი ჟურნალისტები შევიკრიბეთ. ჩვენ, ცხინვალელ ჟურნალისტებთან ერთად, ოთხდღიან შეხვედრაზე უნდა გავმგზავრებულიყავით. ამ შეხვედრის ორგანიზატორმა, გიორგი გოგსაძემ _ კონფლიქტების მოგვარების ცენტრის ხელმძღვანელმა, განგვიცხადა, რომ ოს ჟურნალისტებს გზად ავიყვანდით და ქობულეთში ჰასანას სასტუმროში დავიდებდით ბინას. ქართველ ჟურნალისტებს შორის იყვნენ ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ჟურნალისტები: ეკა ხოფერია, კახა ძებისაშვილი, მამუკა უშუკაშვილი და სხვები.

მანამდე ცხინვალში ნამყოფი არ ვიყავი და გაოცებული დავრჩი, როცა ჩვენი მიკროავტობუსი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ცხინვალის ცენტრში აღმოჩნდა. იქვე ოსი ჟურნალისტები იკრიბებოდნენ: მზია კოკოითი, ინგა კოჩიევა, ინალ პლიევი, დინა ალბიოროვა და სხვები. ჩვენ მანქანიდან გადმოვედით და სამხრეთ ოსეთის მთავრობის შენობის წინ ახალგაცნობილ კოლეგებთან მასლაათი გავმართეთ. როგორც მათ გვითხრეს, ჩვენ ცხინვალის ქუჩებშიც თავისუფლად შეგვეძლო გადაადგილება, რადგან ქართველების აქ ყოფნა არავის უკვირდა. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ თბილისიდან და გორიდან ასევე დადიოდნენ სამარშრუტო ავტობუსები. მგზავრებს, ძირითადად, მოვაჭრეებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგუშაგოზე თითქმის არასოდეს ამოწმებდა იქ მდგომი ადგილობრივი მილიცია.

ნახევარ საათში ჩვენც მშვიდად დავტოვეთ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი და გეზი ქობულეთისკენ ავიღეთ.

აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე პოლიციამ და უშიშროების თანამშრომლებმა მანქანიდან გადმოსვლა მოგვთხოვეს. პასპორტები შეგვიმოწმეს და დეტალურად გამოგვკითხეს, თუ სად და რა მიზნით მივდიოდით. ოსი ჟურნალისტების გამოჩენამ სულ მთლად ააფორიაქა სამართალდამცავები. მათ ჯერ მანქანა დაგვაყენებინეს სადგომზე და შემდეგ ბარგიც შეგვიმოწმეს გულდასმით. ჩვენი კოლეგა ოსები შეშფოთდნენ. ისინი აღელვებას ვერ ფარავდნენ. ვინ იცის, რა საშინელი პერსპექტივა წარმოუდგათ თვალწინ. „უკან ხომ არ გავბრუნდეთ?“ _ გვეკითხებოდნენ ისინი.

ძალოვანებმა ბარგის შემოწმებისა და ხელმძღვანელობასთან სატელეფონო თათბირის შემდეგ ქობულეთისკენ გაგვიშვეს. შეხვედრის ორგანიზატორი _ გიორგი გოქსაძე წყენას ვერ ფარავდა: აკი, ყველა გავაფრთხილეთ ბათუმში ამ ვიზიტის თაობაზეო.

ეგრეთ წოდებული «საზღვრის» დატოვების შემდეგ უკვე ხასიათზე მოსულმა ინალ პლიევმა ღიმილით განაცხადა: „კი, მაგრამ თქვენ კონფლიქტი აჭარაში გაქვთ თუ სამხრეთ ოსეთში?!“

რა უნდა მეთქვა? მწარედ ჩამეცინა.

იმ დღეს ოს ჟურნალისტებს საქართველოს პოლიტიკური მოწყობის შესანიშნავი მოდელი ვაჩვენეთ.

2010 წლის ოქტომბერს კიდევ ერთ ქართულ-ოსურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. მართალია, დღეს აჭარის კურორტები შესანიშნავადაა მოწყობილი ასეთი შეხვედრების მოსაწყობად, მაგრამ ახლა ოსებს არ შეუძლიათ აქეთ გადმოსვლა. ოსებთან შეხვედრები, ძირითადად, სტამბულში იმართება.

სტამბული საინტერესო და ეგზოტიკური ქალაქია. იქ მოსახვედრად თბილისიდან თვითმფრინავით ორი საათია საჭირო. აი, ცხინვალელ ოსებს კი 5000 კილომეტრის დაფარვა და ორი დღე სჭირდებათ, ვიდრე სტამბულში მოხვდებიან: ცხინვალი-ვლადიკავკაზი (ავტოტრანსპორტით) და ვლადიკავკაზი-მოსკოვი-სტამბული (თვითმფრინავით).

ქართულ-ოსურ შეხვედრაზე საქართველოდან პაატა ზაქარეიშვილი, არჩილ გეგეშიძე, გოგი ხუციშვილი, მანანა მებუკე, გელა ზოსიაშვილი, მარი ოთარაშვილი და მე ვმონაწილეობდით. ეს უკვე რიგით მეხუთე დიალოგი იყო შეხვედრების ციკლისა _ „თვალსაზრისი“, რომელიც ჯორჯ მეისონის (ვაშინგტონი) უნივერსიტეტის პროფესორის ალან სუზან ნანის ხელმძღვანელობით იმართება.

დაპირისპირებულ მხარეთა გარდა, ასეთ შეხვედრებს ესწრებიან ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები. მათთვის მნიშვნელოვანია ასეთი დიალოგის მონიტორინგი. სავარაუდოდ, ასეთ შეხვედრებზე მომზადებული რეკომენდაციებიც მოქმედებს ევროკავშირისა თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მოგვარების სფეროში. ასეთ შეხვედრებზე გასაოცრად საინტერესოა ქართველებისა და ოსების დიალოგი. კამათი, ძირითადად, ისტორიულ ასპექტებზე, დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რუსეთისა და დასავლეთის როლზე, დევნილების დაბრუნებაზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე, ტყვეთა გაცვლასა და დაღუპულთა საფლავების მოძიებაზე მიმდინარეობს.

ოქტომბრის შეხვედრის თემა ახალგორის რაიონისთვის ჩვენგან გაზის მიწოდებასა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან გორის, ქარელისა და კასპის რაიონების სარწყავი წყლით მომარაგებას ეხებოდა. როგორც გაირკვა, ჩვენ უფრო დამოკიდებული ვყოფილვართ სამხრეთ ოსეთზე, ვიდრე  ისინი –ჩვენზე. ლენინგორის რაიონს, სადაც 100 პროცენტი საქართველოსადმი ლოიალურად განწყობილი მოსახლეობა ცხოვრობს,  თუ ამ ზამთარშიც  არ მივაწვდით გაზს, მაშინ ოსების დე ფაქტო მთავრობა იძულებული იქნება, ახალგორიც რუსეთიდან შემოყვანილი გაზის მილს მიუერთოს. გაზსადენის გაყვანას წელიწადზე მეტი დრო და რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი დასჭირდება. რუსული ეკონომიკისთვის კი ეს არ უნდა იყოს ძნელად მოსაგვარებელი. რუსეთის მთავრობამ ანალოგიური პროექტი უკვე განახორციელა: საქართველოდან ელექტროენერგიის სისტემატური გამორთვის გამო, ახალგორში დენი ცხინვალიდან გაიყვანეს.

ქართველი მონაწილეები დაუფარავად აღნიშნავდნენ, რომ სამხრეთ ოსეთთან შემდგომი ინტეგრაციისთვის, საქართველოსთვის პერსპექტიულია ამ რეგიონის ეკონომიკურად მიბმა. ამ მოსაზრებაში, ალბათ, არის რაციონალური ხედვა, თუმცა არა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ჯიუტად აგრძელებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იზოლაციისა და მოგუდვის პოლიტიკას.

იყო საკითხი, რაზეც საერთო აზრამდე მივიდნენ ქართველი და ოსი მონაწილეები. ეს ერთ გადაუჭრელ პრობლემას _ ზონკარის წყალსაცავის მოსალოდნელ კატასტროფას ეხება. ცხინვალის მახლობლად, სოფელ ზონკარში, პატარა ლიახვზე წყალსაცავია აშენებული. მართალია, წყალსაცავი ამჟამად დაცლილია და არ ფუნქციონირებს, მაგრამ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოსალოდნელია მდინარის მიერ ჩამოტანილი მასალით (ბუნებრივი ნარჩენებით) მწყობრიდან გამოსული ჩამკეტ-გამშვები სისტემის ამოქოლვა და წყალსაცავის სტიქიურად გავსება. გავსებულმა წყალსაცავმა, შესაძლოა წყლის წნევას ვერ გაუძლოს და დამბა დაანგრიოს. ხელოვნური წყალდიდობა კი, თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთისა და გორის რაიონის ზოგიერთ სოფელს წალეკავს. ამ შეხვედრაზე მომზადდა რეკომენდაციები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მთავრობისადმი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პოლიტიკური ვაჭრობის გარეშე, მიიღონ ევროკავშირის მატერიალური მხარდაჭერა, რათა ზონკარის წყალსაცავზე დაუყოვნებლივ დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საოცარია იმის აღქმა, როცა ორი, მენტალობით ძალიან მსგავსი საზოგადოება, ერთსა და იმავე საგნებს (მოვლენებს) რადიკალურად საპირისპიროდ აფასებს. გასაკვირია იმის მოსმენა, თუ როგორ ემადლიერებიან რუსეთს და როგორ ეიმედებათ მისი. ისინი ყვებოდნენ რუსეთზე, როგორც მხსნელზე და მე მახსენდებოდა ჩვენი დამოკიდებულება ამერიკისადმი. თურმე ცხინვალში ჩვენს გადაცემებს დიდი აზარტით უყურებენ, თანაც გულზე სკდებიან «უსამართლობის» გაგონებაზე. და არ იკითხავთ, რა მიაჩნიათ მათ უსამართლობად? რუსეთის «დაუმსახურებელი კრიტიკა!» საოცარია არა? მაგრამ ეს ფაქტია! ჩვენ კი რას ვაკეთებთ კონტროლირებად საქართველოში:) ბოღმიანად ვიმეორებთ: «ნახავთ ოსებო, რუსეთი რასაც გიზამთ!» შესაძლოა, ჩვენ უფრო ადეკვატურად ვაფასებდეთ მოვლენებს და ოსები მართლაც განსაცდელის წინაშე იდგნენ, მაგრამ ამაში ხომ ჩვენ ვართ დამნაშავე. აფხაზებისგან განსხვავებით (და ამასაც თავის მიზეზი აქვს), ისინი ხომ ლოიალურები იყვნენ ქართული სახელმწიფოს მიმართ? თუნდაც 9 აპრილის გახსენებაც კმარა, როცა ოსებმა ჩვენთან თანადგომა გამოხატეს.

მწარეა იმის გააზრება, რომ ისტორიულად ჩვენი მოძმე ხალხი, ვისთანაც ჩვენ ყველაზე მეტი შერეული ოჯახი გვაქვს, ვინც წლების მანძილზე ასე იოლად ქართველდებოდა და ჩვენთან ერთად იყოფდა წარმატებასაც და ტკივილს, დღეს მტრად მოგვეკიდა და ერთადერთ ხსნად რუსეთთან ინტეგრაცია მიაჩნია.

თუკი მშვიდობა შენარჩუნდა, სახალხო დიპლომატია აუცილებლად შეუწყობს ხელს მხარეთა შორის ნდობის აღდგენასა და საზოგადოების დაახლოებას. პოლიტიკოსებმა უნდა გადადგან თამამი ნაბიჯები მშვიდობისაკენ და არა ომის პროვოცირებისკენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი