კომენტარი

დავუდგათ ძეგლი ჯონ ლენონს

27 ოქტომბერი, 2010 • 1283
დავუდგათ ძეგლი ჯონ ლენონს
  • ფეისბუქზე გაჩნდა ჯგუფი, რომელიც ხელმომწერებს აგროვებს ირაკლი ჩარკვიანისთვის ძეგლის დასადგმელად. 

სექტაში ბევრი ადამიანია გაწევრიანებული.
ერი მაშინვე ორ ნაწილად გაიყო: მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ირაკლის თავად არ სურდა ძეგლი (ანუ, ტიპი სიცოცხლეშივე მიგვანიშნებდა, რა უნდოდა): ჩიტები ასკინტლავენო და ალბათ, აქვე მაგალითად მოჰყავდა უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ძეგლი ლონდონში.
მომხრეები კი უკვე მაკეტის შექმნაზე ფიქრობენ.

როგორც გავიგე, ლადო ბურდული ამ ამბავმა ძალიან აღაშფოთა. ორ ბუმბერაზ კლასიკოს მომღერალს ჯერ კიდევ ირაკლის სიცოცხლეშივე მეფის ტიტულზე სერიოზული დავა ჰქონდათ (მოვიდა მერე გალაკტიონი და თვითონ დაიდგა უპატრონოდ მიგდებული გვირგვინი). ვფიქრობ, სიღრმით ორივეს ჯონ ლენონი სჯობს, მაგრამ რას ვიზამთ, ეს უკანასკნელი პაციფისტი აღმოჩნდა და ბრძოლებსა და ჩინ-მენდლებზე თავის დროზე ხმაურიანად განაცხადა უარი.

ძეგლის დადგმის მომხრეთ სერიოზული დისკუსია გაუმართავთ: როგორი უნდა იყოს ძეგლი, სიმბოლური თუ ტიპური?! როგორ უნდა ჩანდეს მეფე: გიტარით თუ კალმით? იქნებ, გვირგვინით თავზე სჯობს, თან ტოგა შემოვაცვათ.. არა, მოიცათ, საუკეთესო ვარიანტი მოსაწევით ხელში ხომ არ იქნება?!

რა სისულელეა, ძეგლი სიმბოლური უნდა იყოს, მაგრამ როგორი?!. რა სულელური კითხვაა, რა თქმა უნდა, “მშვიდი ცურვის” მსგავსი..

არავის უჩნდება კითხვა: როგორი უნდა იყოს “მშვიდი ცურვა?!”

ბუნებრივია, კითხვის დასმა სისულელეა: ლენონის “Imagine” თუ წარმოიდგინეს და აგერ, 70 წლისთავზე ლივერპულში ძეგლიც დაუდგეს,

ჩვენი ირაკლია ნაკლები ბიჭი თუ ვაკელი კაცის “მშვიდი ცურვა” რამით ჩამოუვარდება ვიღაცა ლივერპულიდან ლონდონს და მერე ნიუ-იორკს ჩამოთრეულის “Imagine”-ს?!

ჰოდა, აქვე საინტერესო იდეაც გაჩნდა: ირაკლი არამარტო მომღერალი, ნიჭიერი მწერალიც არის და ძეგლში ესეც გავითვალისწინოთო.

ბევრმა არ იცით, მაგრამ ჯონ ლენონიც წერდა მოთხრობებს, ლექსებს, ხატავდა არაჩვეულებრივად და ეს ყველაფერი ხშირად სიმღერაზე უკეთ გამოსდიოდა.

საბოლოოდ რომ შევჯამდეთ:

ირაკლი ხომ წერდა კარგ მუსიკას? – წერდა;
ლენონიც წერდა.
ირაკლი ხომ წერდა მოთხრობებს? – წერდა;
ლენონიც წერდა.
ირაკლი ხომ კაიფობდა? – კაიფობდა.
ლენონიც კაიფობდა.

მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩარკვიანი-ქეთათოს ქართული დუეტი საეჭვოდ ჩამოჰგავს ლენონი – ონოს მართლაც რომ, გენიალურ დუეტს, ჩემი წინადადება ასეთია: ყველამ ვიცით, რომ ახლა წერეთლის ძეგლების აღებაა მოდაში. ჰოდა, ჩვენ მოდას ხომ არ ჩამოვრჩებით?! თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მოოქროვილი ქანდაკება რომ გვიდგას, მოვანგრიოთ და დავუდგათ ჯონ ლენონს ძეგლი, ოღონდ – იოკოსთან ერთად: ქართველი ერიც მადლიერი დარჩება, მსოფლიო საზოგადოებაც და რაც მთავარია – ქეთათოც.

P.S. მაგრამ აი, ლადო ბურდულს რა უნდა ვუყოთ, ვერ ვხვდები.

მასალების გადაბეჭდვის წესი