კომენტარი

ექსპერტი ხსნის, რაში ეხმარება თურნავას ბრძანება სანქცირებულ პირებს

20 სექტემბერი, 2024 •
ექსპერტი ხსნის, რაში ეხმარება თურნავას ბრძანება სანქცირებულ პირებს

აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებიდან 4 დღის შემდეგაც უცნობია,  იცავენ თუ არა ქართული ბანკები საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. 

ეროვნული ბანკის განცხადებით,  ქართული საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს იცავს. თუმცა, როდესაც ასეთი სანქციების ქვეშ საქართველოს მოქალაქე ექცევა, ეროვნული ბანკის ბრძანების შესაბამისად, ქართულმა ბანკებმა საერთაშორისო სანქციები რომ აღასრულონ, უნდა არსებობდეს საქართველოს სასამართლოების სისტემაში მიღებული შესაბამისი განაჩენი.

როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოს კომერციული ბანკები და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არ აღასრულებენ, ამ საკითხებზე ნეტგაზეთი კაპიტალის ბაზრის ექსპერტს მარინა გულედანს ესაუბრა.


ქალბატონო მარინა, როგორ და რა დროში უნდა მიეღოთ ბანკებს გადაწყვეტილება აშშ-ის სანქციების აღსრულების შესახებ?

თუ სანქცირებულ ფიზიკურ პირებს  ბანკში არ აქვთ ანგარიშები, მაშინ არც არაფერია გასაკეთებელი. მაგრამ თუ აქვთ, როგორც წესი, ბანკი არ ემსახურება სანქცირებულ პირებს.  იმისათვის, რომ ბანკები შემთხვევით არ მოემსახურონ სანქცირებულ პირებს და თან ამაში არ ჩართონ ამერიკული კომპანიები ან ინვესტიციები, სანქცირებული პირების საბანკო ანგარიშები უნდა დაიხუროს. 

პრაქტიკა ასეთია, თუმცა „მაგნიტსკის აქტში“ ასე პირდაპირ არ არის მითითებული და  წერია, რომ აქტივები უნდა გაიყინოს.  

ბანკი, რომელიც თანამშრომლობს რომელიმე სხვა ბანკთან,  რომელიც აშშ-თანაა დაკავშირებული ან ამერიკული საკუთრებაა, არ შეიძლება ემსახურებოდეს სანქცირებულ პირს და ახორციელებდეს ამ პირის რაიმე ტრანზაქციას. 

აქ ტექნიკურად ორი გზაა: 1. ვხურავ სანქცირებული პირის ანგარიშს; 2. ან არ ვხურავ ანგარიშს, მაგრამ არ ვახორციელებ ისეთ გადარიცხვებს და მომსახურებას, რომლის მეშვეობითაც შეიძლება პროცესში ჩავრთო ამერიკასთან დაკავშირებული კომერციული ბანკები.

ბანკებში არის რისკის მართვის და შესაბამისობის დეპარტამენტები, რომლებიც  პასუხისმგებელი არიან, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც ბანკი ახორციელებს, შესაბამისობაში იყოს როგორც შიდა, ასევე  გარე ნორმებთან.   

რადგან ეს ყველაფერი ადამიანური რესურსის ჩართვით ხდება, ცალსახად ახლავს ოპერაციული რისკი, რომ ვიღაცას შეიძლება რაღაც შეეშალოს. ანუ, თუ ანგარიში არ მაქვს დახურული, შეიძლება შეცდომით რაღაც ტრანზაქცია გავატარო და უკონტროლოდ, ირიბად ამერიკული ბანკიც ჩავრთო,  რომელიც  „მაგნიტსკის აქტის“ საფუძველზე, ძალიან დიდ ჯარიმებს და სანქციებს ექვემდებარება. 

ამიტომ რისკი ისაა, რომ შეიძლება მე არაფერი არ გავაკეთო, მაგრამ პოტენციურად ვიყო საფრთხის შემცველი ნებისმიერი ბანკისთვის. როგორც წესი, შემდეგ არ იჭერენ ურთიერთობას ასეთი ტიპის სუბიექტებთან მაღალი რანგის ბანკები. ამიტომ არის ძალიან დამაზარალებელი ეროვნული ბანკის ასეთი დამოკიდებულება და პოზიცია.

სანქცირებული პირებიდან მხოლოდ ზურაბ მახარაძე ადასტურებს, რომ მას ამ დროისთვის მოქმედი ანგარიში „ქართუ ბანკში“ აქვს და ჯერჯერობით სანქცირების გამო  ბანკისგან რაიმე შეტყობინება არ მიუღია. რა რისკის წინაშეა  „ქართუ ბანკი“, სანამ იქ სანქცირებულ პირს მოქმედი ანგარიში აქვს?

ტექნიკურად მე ასე მესახება, რომ ლარის შიდა გადარიცხვები, რომელიც არ ეხება საკორესპონდენტო ანგარიშებს, შესაძლებელია, ლეგიტიმური იყოს, რომ გაკეთდეს. უბრალოდ, პრაქტიკაში ასე არ ხდება, რადგან ამ ტიპის სანქციებს ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს – ეს არის გზავნილი, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები, დარღვეული აქვთ ადამიანის უფლებები და ეს „მაგნიტსკის აქტი“ თავის სიმძიმით ძალიან მნიშვნელოვანი რეჟიმია, რომელსაც აშშ აწესებს.

ამიტომ მე არ გამიკვირდება, რომ „ქართუ ბანკი“ [რადგან ძალიან პოლიტიზებულია და კონტროლირებული ხელისუფლების მიერ], ჩაერთოს ლარის გადარიცხვებში ამ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ისე, რომ საერთაშორისო გადარიცხვებს არ შეეხონ. „ქართუ ბანკისთვისაც“ მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოს ურთიერთობა იმ ბანკებთან, რომლებიც საერთაშორისო მომსახურებას უწევენ.

აქ არის კიდევ ერთი სპეციფიკა. რატომ აკეთებს ეროვნული ბანკი ასეთ განცხადებებს?  ეროვნულმა ბანკმა მშვენივრად იცის, რომ არცერთი ბანკი ამას არ გააკეთებს, პოტენციურად „ქართუს“ გარდა.  მას სჭირდება საყოველთაო მოქმედების მარეგულირებელი ნორმის შემოღება, რომლის ფარგლებშიც „ქართუს“ მიერ ამის გაკეთება იქნება კანონიერი. შესაბამისად, სანამ ეს ხელისუფლება იქნება სათავეში, მანამდე ამ სანქცირებულ ადამიანებს არ ელოდებათ ქართული სასამართლოს მიერ რაიმე გამამტყუნებელი განაჩენი და ნებისმიერი ბანკისთვის ლეგიტიმურს ხდის, რომ მათ მოემსახუროს. ეს ბანკები რომ ამას არ შეასრულებენ, ვიცით, მაგრამ, მაგალითად, „ქართუს“ ჩაეთვლება, რომ კანონიერად ემსახურება სანქცირებულ პირებს.

როგორ უნდა მოიქცეს „თიბისი ბანკი“, სადაც დეკლარაციის მიხედვით, ანგარიში აქვს სანქცირებულ პირს –  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს(ხარება)?

„თიბისი ბანკს“ „ქართუსგან“ განსხვავებული სიტუაცია აქვს, რადგან არის ლონდონის ბირჟაზე. ეს ნიშნავს, რომ „თიბისის“ აქციებს ფლობს სხვადასხვა იურისდიქციის წარმომადგენელი ინვესტორები და მათ შორის, ამერიკელებიც. ამიტომ „თიბისის“ არ ექნება არანაირი გამოსავალი და არც სჭირდება, გარდა იმისა, რომ ანგარიშები დახუროს. საერთოდ ვერ მოემსახურება ვერაფრით ამ სანქცირებულ პირებს, გამორიცხულია. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ „თიბისი“ დახურავს ანგარიშებს. გამორიცხულია, რომ ეს არ გააკეთონ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბირჟაზე პრობლემები შეექმნებათ. რამდენ ხანში ევალებათ ამის გაკეთება, ამისთვის ექნებათ შიდა პროტოკოლები და, სავარაუდოდ, ძალიან მალე ევალებათ რეაგირება, თუ უკვე არ მოხდა.

შესაძლებელია, რომ ამ ადამიანებს „თიბისის“ ნაცვლად „ქართუ ბანკში“ გაუხსნან ანგარიშები და იქ ჩაურიცხონ ხელფასი?

რა თქმა უნდა, თუ „ქართუში“ სხვა სანქცირებულს ერიცხება თანხა და ეროვნული ბანკი ამბობს, რომ სანქციების შესრულება სავალდებულოა მარტო იმის შემდეგ, რაც საქართველოს სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. ეროვნული ბანკი ყველა ბანკს ეუბნება, რომ ამ სანქციების შესრულება არ არის სავალდებულო, რადგან იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას. პრინციპი, რომელიც შეიძლება კეთილშობილურად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში თვალთმაქცურია – ეს არის დროის მოგება  და  ფანჯრის შექმნა სანქცირებული ადამიანებისთვის, რომ  მინიმალური საბანკო  მომსახურების შესაძლებლობა ჰქონდეთ „ქართუში“. ასეთი შესაძლებლობა „თიბისიში“ ან „საქართველოს ბანკში“ არ ექნებათ.

თან ვხედავთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები იძახიან, არ გვაწუხებს სანქციები და ავიტანთო… შესაბამისად, ხომ უნდა დაუმტკიცონ თავიანთ გუნდის წევრებს და ამ ორ მაღალჩინოსანს, რომ დაიცავენ, რადგან პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. 

ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა, რომ ეროვნული ბანკი ამ სიტუაციაში იმდენად არაა დამოუკიდებელი და იმდენად კონტროლდება მისი მმართველი პირი, რომ ამხელა რისკზე და სასწორზე დებს მთელ საბანკო სისტემას. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. 

„მაგნიტსკის აქტით“ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩამოწერილია, რა შემთხვევებში არ შეიძლება ტრანზაქციები. „ქართუ ბანკი“ უბრალოდ არ გამოიყენებს საკორესპონდენტო ანგარიშებს. გამორიცხულია, რომ ამერიკული ბანკი გამოიყენოს საკორესპონდენტო ურთიერთობაში ამ სანქცირებული პირების იმ მომსახურებაში, რომელიც მაგალითად, საერთაშორისო გადარიცხვებს ეხება. შეიძლება მხოლოდ ლარებში გააკეთოს რაღაც, რომ ანგარიშგებაში კარგად არ გამოჩნდეს,  ან რომც გამოჩნდეს, ეროვნულ ბანკში ნათია თურნავა ზის და ხელს დააფარებს. ამ დონეზე ვართ ჩამოსული.

„ქართუსგან“ დოლარში მომსახურება გამორიცხულია. თუ დოლარის ანგარიში აქვს და ამას სანქცირებული პირი კონვერტაციას უკეთებს, მართალია, ეს ბანკის შიგნით მიკროდონეზე ხდება, მაგრამ ეს ბანკები ერთმანეთთან ვაჭრობენ და ასეთ დროს ხშირად საკორესპონდენტო ანგარიშები გამოიყენება. ამიტომ სავალუტო ტრანზაქციებიც რისკის შემცველია.

[„ქართუსაც“ ] არ უღირს ამ რისკის გაწევა, რადგან პატარა ბიზნესი არ არის და როგორც ბანკმა, ხომ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. თუ ფრთხილად გააკეთებენ და საერთოდ იზოლაციაში იქნება ეს ანგარიში,  მერე ნაღდი ანგარიშსწორებით გაიტანს, არსად არ გადარიცხავს ეს პიროვნება და მხოლოდ ლარში იქნება ეს მოძრაობა, ალბათ, ასეთი იზოლაციური მიდგომით აპირებენ, რომ შეფარული იყოს და არსად არ გამოჩნდეს.

თუმცა, როგოც წესი, საბანკო ბარათები ვიზა და მასტერქარდია,  ამ ბარათებით უნდა გამოიტანოს ლარიც. ამიტომ სანქცირებული ადამიანი, სავარაუდოდ, ოპერატორთან უნდა მივიდეს და პირდაპირ ნაღდი ანგარიშსწორებით უშუალოდ მიმდინარე ანგარიშიდან გამოიტანოს თანხა და არა საბარათე ანგარიშიდან. როცა ვიზა და მასტერქადს იყენებს ეს ადამიანი ან ბანკომატიდან გამოაქვს ფული, ის უკვე როგორც უნაღდო ტრანზაქცია, კონტაქტში შედის იმ კომპანიასთან, სადაც ამერიკელი მესაკუთრეა ან კავშირი აქვს ამერიკასთან და სხვა ქვეყნებთან და ამას უკვე ვეღარ გააკეთებს.

თავად ფაქტი რომ საქართველოს რამდენიმე ადამიანია სანქცირებული, როგორ მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და რა გავლენას ახდენს ქვეყნის რისკიანობის შეფასებისას? 

რა თქმა უნდა, ცუდად ფასდება და ამას თავისი ეფექტი ექნება. 

ზოგადად, ნებისმიერი ინსტრუმენტის და ფასის შეფასებისას, მდგენელებში შედის ქვეყნის და პოლიტიკური რისკი. ეს არის სიტუაცია, რომელშიც მაღალჩინოსნები არიან კრიმინალები. მართალია, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი, მაგრამ ფაქტების შემოწმების  სტანდარტის „მაგნიტსკის აქტისა“, რომელზე დაყრდნობითაც სანქცირებულ პირებზე მითითებას აკეთებენ, ძალიან მაღალია და უტყუარობის მეთოდზეა დაფუძნებული. ამას მოსახლეობაც ვხედავთ, ჩვენ თვალწინ ხდებოდა ის დანაშაულები, რომელთა გამოც ეს ადამიანები ამ სიაში აღმოჩნდნენ.

ყოველდღე რაღაც ხდება და ეს დამაზიანებელია ინვესტორებისთვის, მაგრამ მთელი მსოფლიო შემოგვყურებს, როგორ ჩავატარებთ არჩევნებს.  ახლა ყველა ერიდება გადაწყვეტილების მიღებას, რომ იქნებ რამის შეცვლა მოვახერხოთ.

წარმოიდგინეთ, რომ ჩადიხართ ქვეყანაში, სადაც  დაშვებულია ადამიანის მოკვლა.  იცით, რომ მოსახლეობის 90% მორალურად წესიერია და არ მოკლავს, მაგრამ კანონით დაშვებულია.  რას იზამთ, ჩახვალთ? დაახლოებით ასეთი სიტუაციაა.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკები აშშ-ის ფინანსურ სანქციებს არ აღასრულებენ – როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? როგორ აისახება ეს ქვეყანაზე და მისი მოქალაქეების ცხოვრებაზე?

საერთაშორისო წვდომა და ტრანზაქციების განხორციელება შეუძლებელი იქნება. ბანკებთან ჩახსნიან  ურთიერთობას ის საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც მათ შუალედურ მომსახურებას უწევენ. ეს არის უზარმაზარი ობობას ქსელი მთელ დედამიწაზე. ჩვენი საბანკო სისტემა კი არის ქართული, მაგრამ ასე ამოგლეჯილად მარტო ქართულ იურისდიქციაში არ არსებობს. ამ მხრივაც აბსურდული არის ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელიც ჩვენს საბანკო სისტემას აკვალიფიცირებს როგორც სრულიად იზოლირებულ, ცალკე გამოყოფილ ეკოსისტემას.

თუ ემიგრანტი მიჩვეულია კონკრეტული არხის გამოყენებას გადმორიცხვისას, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ის მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი მისი ქართველი ნათესავისთვის, რომელიც საქართველოში უნდა მივიდეს რომელიღაც ბანკში და გამოიტანოს ეს თანხა. ვერ გააკეთებს. მოუწევს ახალი არხების ძებნა ამისთვის. შეხედეთ, რა დაემართა რუსეთს – არსებობს „მირ ბარათი“, ვიზა და  მასტერქარდს ვერ იყენებს და კუსტარული მეთოდებით ცდილობენ გადარიცხვა-გადმორიცხვას. ეს ყველასთვის დისკომფორტია. 

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ძალიან დიდი სირცხვილია და საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე დამღას გასვამს ქვეყანას.

ფოტო: bm.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი