კომენტარი

ევროპარლამენტარი: ეს სტრატეგია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს წააგებინებს

2 სექტემბერი, 2024 •
ევროპარლამენტარი: ეს სტრატეგია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს წააგებინებს

„მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრის, ჩეხი ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას შეფასებით, ოპოზიციის აკრძალვა ეწინააღმდეგება დემოკრატიის რაობას და დე ფაქტო სახელმწიფოს მიტაცება იქნება.

მან ხაზი გაუსვა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხა საქართველოსთვის ისეთივე სანქციების დაწესება, როგორც ეს ბელარუსის შემთხვევაში მოხდა.

მისი თქმით, ევროკავშირს აქვს ბერკეტების სისტემა რომლის დიდი ნაწილი ჯერ გამოყენებული არ არის.

„გაწევრიანებაზე საუბრები შეწყვეტილია მიუხედავად იმაზე, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირს ახლა არ შეუძლია ინდივიდუალური სანქციების იმპლემენტაცია, მაგრამ ეს არის წევრი სახელმწიფოების განსახილველი, ასევე აშშ-ის. ვფიქრობ, არის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, რომელიც ინდივიდუალურ სანქციების იმპლემენტაციით დაინტერესებული იქნებოდა“, — განუცხადა გრეგოროვამ ჟურნალისტებს თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე.

ის ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიერ უკრაინის ომის მოგების იმედი აქვს.

„განხილვაზე ითქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად არასდროს შეუცვლია კურსი. ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, რასაც მე ვეთანხმები, ბოლო 6 წელი ფოკუსირებული ვარ საქართველოზე და ვიცი, რომ ეს კრიტიკა [არადემოკრატიულობაზე] ახალი არ არის. თუ გინდა აკრძალო ოპოზიციური პარტიები და ამას ამბობ არჩევნებამდე, ნორმალურ დემოკრატიაში არჩევადი არ იქნებოდი. არავინ აირჩევდა პარტიას, რომელიც დემოკრატიას გაანადგურებდა. მე ვფიქრობ, ეს სტრატეგია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს წააგებინებს. შეიძლება ეს კარგია დემოკრატიისთვის, მაგრამ გასაკვირია პარტიის მხრიდან, რომელსაც განზრახული აქვს მოგება. ჩემი აზრით, ისინი ვარაუდობენ, რომ მომავალ თვეებში რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში და გამარჯვებულ მხარეს ყოფნა სურთ. ჩვენ ამას არ დაუშვებთ — უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, — განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პირობას დებს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, აკრძალავს თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც, ბოლო გამოკითხვებით, მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი