გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე მივიდნენ და ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.
ელჩის თქმით, არჩევნებზე მისვლა არის ის მინიმუმი, რაც მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. ამის შესახებ მან ნინი შენგელიასთან პოდკასტში ისაუბრა.
„თუ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მოქალაქეს ხელში ძალაუფლება აქვს. კარგია აქტიურობა და აზრის დაფიქსირება, პოდკასტის შექმნა, სტატიის დაწერა, არასამთავრობო ორგანიზაციაში გაწევრიანება, პრაქტიკული მუშაობის შესრულება, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ საბოლოოდ ჯამში დემოკრატიაში კანონები პარლამენტში იწერება და მთავრობა იმისთვის არის, რომ სახელმწიფო კარგად მართოს.
ასე, რომ თუ ნამდვილად გსურთ რაიმეს ცვლილება, ჩაერთეთ პოლიტიკაში. შეუერთდით პარტიებს, შედით პარლამენტში, დაწერეთ კანონები. აი, სად არის ნამდვილი ძალაუფლება.
თითოეულ მოქალაქეს, ვინც 18 წელს გადააბიჯა, სუპერძალა აქვს ხელში, ეს არის ხმის მიცემის უფლება. გერმანიაში ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ხმა მისცეთ. გერმანიაში ამას კანონი არ ავალდებულებს, თქვენ არ ხართ იურიდიულად ვალდებული, რომ ხმა მისცეთ და თავი აარიდოთ, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, სადაც ვსაუბრობთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, ღმერთო ჩემო, წადით და ხმა მიეცით. ეს მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ“, – აცხადებს პიტერ ფიშერი.
ელჩმა ასევე მიმართა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შესაძლოა, აპათიურები იყვნენ არჩევნების მიმართ.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, ნუ იქნებით აპათიურები, ნუ იტყვით: „მე ვერაფერს შევცვლი“, „ეს ჩემზე არაა დამოკიდებული“, „მე მხოლოდ ერთი ადამიანი ვარ“ ან „მაინც არ მაინტერესებს პოლიტიკა“… ეს თქვენი ცხოვრების, თქვენი მომავლის საკითხია და პირადად თქვენ გეხებათ“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.