კომენტარი

გიორგი მიქანაძე: ”ეკონომიკური წარმატებისათვის ქვეყანაში ბევრი კომპლექსური პრობლემაა მოსაგვარებელი”

17 ოქტომბერი, 2010 •
გიორგი მიქანაძე: ”ეკონომიკური წარმატებისათვის ქვეყანაში ბევრი კომპლექსური პრობლემაა მოსაგვარებელი”

წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთის ფედერაცია იყო, თუმცა დღეს ამ ქვეყანასთან ვაჭრობის მაჩვენებელი მნიშველოვნადაა შემცირებული. იმ ინტერესთა ჯგუფებს შორის, რომლებმაც რუსული ბაზრის დაკარგვის შემდეგ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები განიცადეს, ერთ-ერთი მთავარი – ღვინის მწარმოებლები იყვნენ. ჩვენი ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან, საქართველოს მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტთან, გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულების ლექტორთან ბატონ გიორგი მიქანაძესთან სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა:

ბატონო გიორგი, გასული ორი თვის განმავლობაში ერთერთი აქტუალური საკითხი რთველი იყო. ყოველწლიურად მთავრობას  მევენახეთა სუბსიდირება უწევს. რამდენად სწორ და ეფექტურ პოლიტიკად მიგაჩნიათ სახელმწიფოს მხრიდან მევენახეთა მუდმივი სუბსიდირება?   

ცოტა ხნის წინათ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ფაქტი მოხდა: ჩემს მეგობარს, ეკონომიკის ექსპერტს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს ვკითხე – „რა ხდება, წელს თითქოს რაღაც წყნარად და მშვიდად ჩაიარა რთველის საკითხმა და ხომ მშვიდობაა ჩვენი აღმოსავლელი გლეხობის თავს მეთქი?“ მან ასეთი პასუხი გამცა: „ყოველ წელს ერთი და იგივე კეთდება და ალბათ ამას შეჩვეული, ხმაურს ვეღარ ამჩნევო“. ეს მართლაც ასეა. გერმანიაში, მაგალითად,  სოფლის მეურნეობა და ფერმერობა მოწინავე ადგილზე დგას და მას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის  მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, იქ, ასევე, ძალზე აქტუალურია სახელმწიფოს სუბსიდირების საკითხი სოფლის მეურნეობისათვის. მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმების შესაბამისად, სახელმწიფოს ურჩევენ, თავი შეიკავონ სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, კერძო სექტორის სუბსიდირებისაგან. მიუხედავად ამ შეთანხმებისა, გერმანიის მხრიდან, თუ არ ვცდები, სამჯერ იყო აღნიშნული შეთანხმების დარღვევის ფაქტი, რაზედაც მან საყვედური მიიღო მოკავშირე ქვეყნებისგან, კერძოდ, ის ფინანსურად დაეხმარა სოფლის მეურნეობას. მართლაც, იმდენად შრომატევადია ეს სფერო და ისეთ გარჯას მოითხოვს, ძნელია, ადამიანი მიწას მიამაგრო და მას სტიმული ჰქონდეს, მასზე იმუშაოს. ალბათ, გლეხს განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნა, ვინაიდან ნატურალური, ბუნებრივი პროდუქტი აუცილებელია ჩვენი ცხოვრებისათვის, რაც მეტწილად გლეხის ხელით მზადდება. გერმანიის მთავრობამ ყველა ხერხი იხმარა, შემოვლითი გზები მოეძებნა სოფლის მეურნეობის დასახმარებლად, შეიმუშავა პროგრამები, რომელთა საშუალებითაც გლეხობას, სხვადასხვა დარგობრივ უნივერსიტეტთან და სასწავლებლებთან შეთანხმებით, იაფი მუშახელით ეხმარება, ისინი გლეხებს სასწავლო პრაქტიკებზე იაფ მუშახელს უგზავნიან განსაზღვრული პერიოდულობით. არის ფაქტები, როდესაც სახელმწიფო გლეხობას ინფრასტრუქტურით ეხმარება, რათა საქმიანობა გაუადვილოს, ასეთ მოქალაქეებს ნაადრევად ენიშნებათ პენსიები, მთავრობა ეხმარება მათ  წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზრების მოძებნაში  და მისი გარანტირებული რეალიზების საშუალებას აძლევს. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ინვესტიცია იდება მეცნიერებაში, რათა გაიზარდოს გლეხის შრომის პროდუქტიულობა და მცირე მეურნეობებმა მაღალ მწარმოებლობას მიაღწიონ. ამ თვალსაზრისით, ახორციელებენ გლეხების სასწავლო და საინფორმაციო გადამზადებებსაც. არსებობს კიდევ დახმარების ბევრი სხვა საშუალება, რომელსაც სხვადასხვა განვითარებული ქვეყნები მიმართავენ. ალბათ, არც ჩვენი ქვეყნისათვის იქნება ურიგო რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე.

თვითონ სიტყვა ”სუბსიდია” ლათინურიდან მომდინარეობს და ფულად ან ნივთიერ დახმარებას ნიშნავს, რომელსაც სახელმწიფო ადგილობრივ ორგანოებს, ფირმებს, ცალკეულ პირებს ან სხვა სახელმწიფოებს უწევს. საქართველოში მიმდინარე საქმიანობას რაც შეეხება, აქ, ჩემი შეფასებით, აქცენტი არ კეთდება უშუალოდ სუბსიდირებაზე, მეტწილად ხდება გლეხებისათვის გასაღების ბაზრების მოძიება. ეს გასაღების ბაზრები ისევ ქართული ქარხნებია, რომლებიც გლეხების მიერ წარმოებულ პროდუქციას იბარებენ. არ მიმაჩნია, რომ ეს დახმარების სწორი ფორმაა სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ მოცემული ეტაპისათვის შესაძლებელია გამართლებული იყოს; კერძოდ,  ერთი მხრივ, ეხმარები გლეხს, მის ოჯახს, მაგრამ მეორე მხრივ, დაუსაქმებელს ტოვებ მთელს ქარხანას, მასში დასაქმებულ ადამიანებს, რადგან მათ ჩაიბარეს ყურძენი, რომელიც ზედმეტია და არაფერში სჭირდებათ. არადა, სწორედ მათ უნდა გადაიხადონ ბიუჯეტში გადასახადები და  მათგან უნდა მიიღოს შემოსავლები სახელმწიფომ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად. ორივე მოსაფრთხილებელია, გლეხიც და კერძო წარმოებაც. მე თუ მკითხავთ, კერძო წარმოებას უფრო მოვუფრთხილდებოდი. ალბათ, თქვენც კარგად იცით, რომ ბაზარს თავისუფლება სჭირდება დარეგულირებისათვის. თუმცა, ვიდრე განვითარებადი ქვეყანა გვქვია, მაინც გამართლებულია სახელმწიფოს მხრიდან რიგი ჩარევები სხვადასხვა კერძო საქმიანობებში. თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებელია ეს ჩარევები იყოს დაბალანსებული, შორს გათვლილი და შედეგების მომტანი. უპირველეს ყოვლისა, შედეგების მომტანი როგორც მოკლევადიან, რომელზეც სამწუხაროდ უფრო მეტი აქცენტი კეთდება, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. სამწუხაროდ, ქვეყანაში, ჯერჯერობით, დაულაგებელი სიტუაციაა როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური კუთხით, ნელ-ნელა მოდის მწყობრში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ისევ ვითარდება ბიზნეს გარემო. 2008 წელს დაწყებულმა რუსულმა ოკუპაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა, ამას მსოფლიო გლობალური კრიზისიც დაემატა, რომლის მავნე ზემოქმედების შედეგები კვლავაც გრძელდება. პირველ კითხვას ასე დავამთავრებდი. ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს, რომ უმჯობესია დაეხმარო ადამიანს, ასწავლო საქმის კეთება და მიაჩვიო დამოუკიდებელ ცხოვრებას, ვიდრე დაეხმარო ფინანსურად და მას შემდეგ, რაც ამ კონკურენტულ გარემოში მარტო დატოვებ, – უსუსურობისგან დამარცხდეს. ვფიქრობ, რომ ამ ერთ წინადადებაშიც გაცემულია პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც თქვენ დასვით. 

ამავე დროს, ქართველი ღვინის მწარმოებლები მუდმივად საუბრობენ, რომ მათ გასაღების ბაზრის პრობლემა აქვთ.  თუმცა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბატონმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ, მაგალითად, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახამად, საქართველოს მხარეს თურქეთში წლის განმავლობაში მილიონი ლიტრი ღვინის გატანა შეუძლია, რეალურად კი ამ ქვეყანაში მხოლოდ 40-60 ათასი ლიტრი ღვინო გადის. რა არის აღნიშნული პრობლემების მთავარი მიზეზი კომპანიების მენეჯმენტი თუ სხვა რამ? 

 ზემოთ მშრომელთა ე.წ. გაზარმაცებაზე ვსაუბრობდი. კარგია, როდესაც სახელმწიფო ამაზე ზრუნავს, იგი კერძო ბიზნესს სთხოვს დახმარებას, რომ მან შემოდგომის პროდუქტი ჩაიბაროს და გლეხებს დაეხმაროს; თავის მხრივ, სახელმწიფო გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ამ კერძო სექტორსაც სჭირდება ხელის შეშველება. სწორედ ის ასაქმებს ადამიანებს, მართავს საქმიანობას, იხდის გადასახადებს, სწორედ ის არის ქვეყნის ეკონომიური კეთილდღეობის ბერკეტი. 

ჩვენი ქვეყანა, კარგად მოგეხსენებათ, განვითარებადი სახელმწიფოა. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ყველაფერი ვითარდება; ვითარდება პოლიტიკური კულტურა და დამოკიდებულებები,  ეკონომიკა, ვითარდებიან ადამიანები, შესაბამისად, საზოგადოებაც და ვითარდება ინსტიტუციები სხვადასხვა მიმართულებით. ისე ვერ მოხერხდება, რომ ერთი რომელიმე მიმართულება განვითარდეს და მას სხვა დანარჩენი ჩამორჩეს. რა მდგომარეობაშიც არის სახელმწიფო, პოლიტიკა, იმ მდგომარეობაშია ეკონომიკა, საზოგადოება და ინსტიტუციები. შესაბამისად, ჩვენ ვართ განვითარების პროცესში და ეს პროცესები გარდაუვალია. ასეთ პირობებში  მხოლოდ გონივრული და გაანგარიშებული სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა არის საჭირო. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი კონკრეტული მიზეზის ხსენება თქვენს მიერ კონსტატირებული ფაქტისა – ძნელია. მიზეზი კომპლექსურია, ის ყველა სფეროშია, როგორც მწარმოებელში, ისე მომხმარებელში, სახელმწიფოში და ა.შ. მთავარია პროგრესი და წინსვლა შეიმჩნეოდეს. მე, ჩემი მხრივ, ჩვენს საზოგადოებას ამას ვამჩნევ და მომავლის დიდი იმედი მაქვს. 

აქვე ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს მინდა შევეხო. როგორც მოგეხსენებათ, გასულ 2009 წელს საქართველოს რეალური (მუდმივ ფასებში გამოხატული) მთლიანი შიდა პროდუქტი 3.9%-ით შემცირდა, ანუ, შესაბამისად, შემცირდა ის მაკროეკონომიკური მაჩვენებელიც, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ფარგლებში  წარმოებული საქონლისა და მომსახურების საბოლოო ღირებულებას დროის რომელიმე პერიოდში განსაზღვრავს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა. გასულ 2009 წელს, ზემოთ ხსენებული მაჩვენებლის კლებაში გათვალისწინებულ უნდა იქნას 2008 წლის მძიმე დანატოვარი რუსეთის მიერ – საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა და ასევე მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ფინანსური კრიზისი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მშპ–ს კლების არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. აქვე უნდა ვთქვა, რომ დამაიმედებელია, ასევე, მიმდინარე მდგომარეობაც აღნიშნული მაჩვენებლის შესაბამისად (საქართველოს მშპ ერთი წლის განმავლობაში 4.5%-ით გაიზარდა და წლის ბოლომდე ზრდა დაახლოებით 5%-მდეა ნავარაუდევი). ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით და შემდგომში ციფრებით აღარ გადაგტვირთავთ: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეალურმა მშპ-მა 4 მლრდ 252 მლნ 600 ათას ლარი შეადგინა (ერთ სულ მოსახლეზე 958 ლარი), მეორე კვარტალში– 4 მილიარდ 954 მილიონ 300 ათასი ლარი (ერთ სულ მოსახლეზე – 1 117 ლარი), მესამე კვარტლის მონაცემებიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ეს  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციაა  და შედეგები დამაიმედებელია. ამ მონაცემებით ზრდა აშკარად შესამჩნევია და აქვე აღვნიშნავ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განხილვას აღარ შევუდგები და უშუალოდ ჩვენი საუბრის თემას დავუბრუნდები.

ალბათ, ახლა ამის დრო არ გვაქვს და  თემატურიც არ იქნება, თორემ  ჩემს აზრს გაგაცნობდით  იმ პიროვნულ პრობლემებსა და კომპლექსებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების მანკიერებაა. აქ, ძირითადად, საზოგადოების საქმიან წრეებს ვგულისხმობ და თავად საზოგადოებასაც, ვინაიდან სწორედ მთლიანი საზოგადოებიდან გამოირჩევიან ხოლმე ასეთი საქმიანი წევრები. მენეჯმენტიც ხშირ შემთხვევაში დამნაშავეა, რომ ვერ  ხდება უცხოური ბაზრების ათვისება, ასევე გამოუცდელობა მმართველობით კულტურაში და სტრატეგიების შემუშავებაში. სწორედ აქ დევს ყველაზე დიდი ხიფათი – მართვის სტილში გარეული პიროვნული კომპლექსები. ამ კომპლექსებს ადამიანი და მენეჯერი  არეგულირებს და სწორ მიმართულებას აძლევს მიღებული განათლებით და გამოცდილებით. თუმცა ამაზე მერე ვისაუბროთ, თუ ამის შესაძლებლობა და ინტერესი იქნება. 

თქვენი აზრით, რატომ მოხდა ისე, რომ ქართველი ღვინის მწარმოებლები გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ რუსულ ბაზარზე და რუსული ემბარგოს შემდეგ ძალიან გაუჭირდათ ახალი ბაზრების ათვისება? 

მე ასე ვიტყოდი – ქართველი ღვინის მწარმოებლები კი არ იყვნენ რუსულ ბაზარზე აქტიურები და მერე კი არ გაუჭირდათ ახალი ბაზრების ათვისება, არამედ რუსული ბაზარი იყო აქტიური, რომელმაც იცოდა ქართული ღვინის გემო და ფასი, მოითხოვდა ამ პროდუქტს და ჩვენც  ვაწვდიდით. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილი ჰქონდა დიდი ოდენობით ღვინის გაყალბებას და ნამდვილი, ნატურალური ღვინო ნაკლებად შედიოდა რუსულ ბაზარზე. რუსული ბაზარი ჩვენი პროდუქციის ფალსიფიცირებულობის გამო არ დახურულა ჩვენთვის, თუმცა ამის გამო რომ დახურულიყო, უკეთესი იქნებოდა. ამ  შემთხვევაში გაკონტროლდებოდა ხარისხი და  მაღალი ხარისხის და არაფალსიფიცირებული პროდუქცია ჩვეულებრივად გაიყიდებოდა დიდ რუსულ ბაზარზე. აქ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც ქართველ ღვინის მწარმოებლებს და, ფაქტობრივად,  ყველას, ვისაც გასაღების ბაზარი ჰქონდა რუსეთში, ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. თქვენ ვერ მეტყვით, რომ ჩვენი მწარმოებლები ძალას  იშურებდნენ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გასატანად, ახლაც არ ცდილობენ თურქეთის, ჩინეთის, ამერიკის, თუ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ბაზრების ათვისებას. ამაში კერძო მწარმოებლებს ძალიან აქტიურად ეხმარება და გვერდში უდგას სახელმწიფოც, რასაც ვერ დავუკარგავთ. გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის შეუქცევადმა პროცესმა ინფორმაციების სწრაფი გაცვლა მოიტანა ქვეყნებს შორის და განვითარებული ქვეყნების მიერ სხვადასხვა უცხოური ბაზრების სწრაფი ათვისება მოხდა, მომრავლდა ტრანსნაციონალური კომპანიები, მსოფლიოში მოიმატა განათლების დონემ, გაიზარდა კერძო კომპანიების მწარმოებლურობა და ეს ყველაფერი ხდებოდა იმ დროს, როდესაც  ჩვენ სახელმწიფოს ვალაგებდით და გადარჩენაზე ვფიქრობდით, ჩვენ ჩამოვრჩით ყველაფერს, თუმცა ეს პროცესები კიდევ უფრო ადრე დაიწყო. მსოფლიოში ამაღლდა განათლების დონე,  უკვე ძნელი ხდება ბაზარზე შეღწევა, არ ხარ საკმარისად კონკურენტუნარიანი, ვინაიდან არავინ გიცნობს და ყველას თავისი, მიჩვეული პროდუქტი ურჩევნია. დღეს უკვე ძალიან ძნელია ბაზარი დაიპყრო რომელიმე პროდუქტით. ძველად, თუნდაც გასული საუკუნის დასაწყისში და უფრო ადრეც, ქართული ღვინო რომ გაგეტანა ევროპულ ან აზიურ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მეტი პოპულარობით ისარგებლებდა, ვინაიდან ბევრი კონკურენტი არ ეყოლებოდა. დღეს უკვე ტექნოლოგიებიც დაიხვეწა და პროდუქციის ფართო არჩევანიცაა მსოფლიო ბაზრებზე. 

საქართველოს სახელმწიფომ ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი ჩრდილოკავკასიაში რეგისტრირებული რუსეთის მოქალაქეებისათვის. გარდა პოლიტიკური კონტქსტისა, უნდა ვეძიოთ თუ არა ამ გადაწყვეტილებაში ეკონომიკური ასპექტები? და თუ კი, იქნებ უფრო კონკრეტულად ვთქვათ, რა ძირითადი ეკონომოკური სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველოს სახელმწიფომ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან? 

ეს არის ცალსახად პოლიტიკური და ჩემი აზრით, კარგი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც  ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები მოსახლეობის საქართველოსთან ინტეგრაციას. მათთვის თბილისი გახდება ცენტრი. სახელმწიფოს აღებული გეზი და პოლიტიკა,  განვავითაროთ ქვეყანა ისე, რომ ყველას ჰქონდეს სურვილი აქ ცხოვრებისა, აფხაზეთში მცხოვრებლებსაც, ცხინვალში მცხოვრებთაც და ჩვენი მეზობლების მცდელობა კარგ მეზობლურ დამოკიდებულებაში ჩვენთან ყოფნისა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კარგი ქვეყანა, სადაც შეიძლება ჩახვიდე და კეთილგანწყობილად მიგიღონ კარგ გარემოში, ცალსახად კარგია. აქ მე ინფრასტრუქტურულ  განვითარებას ვგულისხმობ და იმ კონტექსტს გავუსვამ ხაზს, რაც თქვენ გაინტერესებთ. არ არსებობს პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე და არ ასებობს ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე. ეს მარტივი აქსიომაა. ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური თვალსაზრისითაც  მომგებიანი იქნება, თუ პოლიტიკურადაც გაამართლებს. არ მინდა დაშვებები გავაკეთო და მერე ვარაუდებზე ვიმსჯელოთ. ამას საკმაოდ ვრცელი მსჯელობა დასჭიდება და ცალკე თემაა. რომ ვთქვა, დიდი ბაზარი გაეხსნება ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ან ბევრი ფულის მხარჯველი ჩამოვა და ქართულ მომსახურებას შეიძენენ და ბევრ ფულს დატოვებენ ჩვენს ქვეყანაში მეთქი – ალბათ, არა, თუმცა იმდენად, რამდენადაც პოლიტიკურად გაამართლებს და ეკონომიკურადაც გამართლებული იქნება, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. 

როდესაც საუბარი რუსეთსაქართველოს ურთიერთობებს და განსაკუთრებით მის ეკონომიკურ მხარეს შეეხება, ყოველთვის აქტიურდება თემა, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება. უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და თუ კი, რა იქნება ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური სარგებელი? 

თუ პოლიტიკურ ფაქტორს გამოვრიცხავთ და ყველა კონფლიქტს, პრობლემასა თუ გაურკვევლობას დავივიწყებთ, რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობის პირობებში საქართველო ამ ჟესტით მხოლოდ მოიგებს, იმიტომ, რომ მხარს დაუჭერს და შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობს  მეზობელ ქვეყანას და მისგან მეტ კეთილგანწყობასა და ნდობას დაიმსახურებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გამარტივდება ქართველი მწარმოებლებისთვის რუსულ ბაზარზე გასვლა. თუმცა ასეთი „ზღაპრული“ მდგომაროება და დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთს შორის, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ არის. პირიქით, სახეზეა სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ითქვას, ჩიხშია შესული. მოკლედ რომ ვთქვა, რუსეთი დიდ სარგებელს ნახავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით და მას ეს ძალიანაც უნდა, მაგრამ თუ საქართველოს მხარე, რუსეთთან დღეს არსებული პოლიტიკური დამოკიდებულებებით, მხარს დაუჭერს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ჩვენი ქვეყანა რუსეთზე რაიმე სახის  ზემოქმედების მოხდენის სერიოზულ ბერკეტს დაკარგავს. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენს ხმაზეა დამოკიდებული მათი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება – არგაწევრიანების საკითხი. თუ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს დაარღვევს მას, ამ შემთხვევაში საქართველო, ალბათ, უნდა დათანხმდეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თუმცა მეეჭვება, რომ ეს ასე მარტივად მოხდეს. 

ზოგადად, უჭერთ თუ არა მხარს საქართველორუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას? რა სარგებელი ან რა ნაკლოვანი მხარეები შეიძლება გააჩნდეს ამ გადაწყვეტილებას? 

მე მშვიდობის მოყვარული ადამიანი ვარ და მიმაჩნია, რომ, ზოგადად, ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა,  მხარს ვუჭერ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის აღდგენას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ყველა სხვა თვალსაზრისით, ოღონდ, ერთი პირობით: ამ კეთილმეზობლურ ურთიერთობაში უნდა იყოს თანასწორუფლებიანობა. ალბათ, არ უნდა არსებობდეს არც ერთი პოლიტიკოსი რუსეთში, რომელიც იფიქრებს, რომ საქართველო რუსეთის გარეშე არ ვარგა, უხეშად რომ ვთქვათ,  რუსეთმა უნდა „მიხედოს“ მას, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე. უნდა იყოს სახელმწიფოთაშორისი თანასწორუფლებიანობა, რაც, ვფიქრობ, დღევანდელ რუსეთს გაუჭირდება, თუმცა, ჩემი გადასახედიდან, ორივე ქვეყნისათვის ასეთი კეთილმეზობლური დამოკიდებულება მეტად მომგებიანი იქნება. ერთი პარადოქსული ფაქტია, რომ ქართველებს არ გვაქვს მტრის განცდა. საზოგადოებას თემა „პატრიოტი“, როგორც მე ვაკვირდები, შინაარსობრივი გააზრების გარეშე ესმის. ამ საკითხში ჩვენს ხალხს ერთსულოვნება და პატრიოტული დამოკიდებულების რეალური გამოხატულება აკლია.  მაშინ, როდესაც  ქართველი ბიჭები რუსების ხელით ცხინვალში იხოცებოდნენ, ჩვენ, ქართველები,  რესტორნებში რუსულ მუსიკებზე და დაკრულზე ვცეკვავდით და ვერთობოდით. ეს იყო სიგიჟე, პირდაპირ გეტყვით.  ეკონომიკის და ამავე დროს პოლიტიკის განვითარება საზოგადოების გარეშე ვერ ხდება. ორივე შემთხვევაში დამკვეთი საზოგადოებაა. ეს თემა ცოტა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რასაც ვფიქრობ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. ბევრი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში, ამას ზემოთაც ვამბობდი და ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ალბათ, სახელმწიფომ ამაზეც უნდა იზრუნოს, ამაში კი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი