„თუ აქამდე ავტორიტარულ ტენდენციებზე ვსაუბრობდით, ახლა სახეზეა ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციის გეგმა“, — ასე აჯამებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია გზავნილებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ოფისის პრეზენტაციიდან.
„ქართულ ოცნება“ ირწმუნება, რომ 2012 წლის შემდეგ რეკორდული, 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს, ხოლო 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს. ხელისუფლებაში მეოთხე ვადით მოსვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისგებაში მიცემას ჰპირდება.
„ოცნების“ შეკრებაზე მოსმენილი მთავარი გზავნილია ასეთია: არც კი იფიქროთ, რომ ხელისუფლებიდან წავალთ, პირიქით, ძალაუფლების კონსოლიდაციას ვაპირებთ. იყო ოპოზიციის განადგურების პირდაპირი მუქარა, რეპრესიების დაანონსება. ერთპარტიულ სისტემაზეც არ არის საუბარი — ერთ ადამიანს მიაჩნია, რომ უნდა აკონტროლოს მთელი საქართველო კიდევ 12 წელიწადი. ეს პრობლემაა არა მხოლოდ დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის მომავლისთვის. ისინი მზად არიან, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ყველაფერზე წავიდნენ, რადგან ძალაუფლების დაკარგვა ძალიან აშინებთ. იციან, რომ თუ დამარცხდნენ, დაახლოებით იმავე ბედში აღმოჩნდებიან, როგორც წინა ხელისუფლებები (მათ შორის, ბევრი მათგანი — ციხეში). იმის ნაცვლად, რომ დაეწყოთ ფიქრი ხელისუფლების გაყოფაზე, მზად არიან, რეპრესიები თვითონ დაიწყონ, რომ გაასუფთაონ პოლიტიკური ველი, დაასუსტონ სამოქალაქო საზოგადოება და მედია და შექმნან ახალი ტიპის, აზერბაიჯანის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი. იმედია, ქართულ საზოგადოებას სხვა გეგმები აქვს“, — ამბობს კორნელი კაკაჩია.
ამ ვითარებაში, კორნელი კაკაჩიას აზრით, ოპოზიციაც უნდა დაფიქრდეს და პოლიტიკურმა ელიტამ უარი თქვას არაფორმალური ვენდეტის წესზე, რომელიც ხელს არ უწყობს კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე კონკრეტული პროგრამული დაპირებები არ გახმიანებულა, თუმცა გამოიკვეთა კამპანიის ძირითადი ხაზი — „26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“. „მშვიდობა, ავტორიტარიზმის ხარჯზე“ და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გადავადება არ არის ის არჩევანი, რომლის წინაშეც, კაკაჩიას აზრით, ქართული საზოგადოება რეალურად დგას. ხოლო პროპაგანდა, რომ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხებით მშვიდობას საფრთხე დაემუქრება, მხოლოდ ერთ ადამიანზე მორგებული პოლიტიკური სისტემის განმტკიცებას ემსახურება:
„რეფერენდუმი არის იმის შესახებ, საქართველოს უნდა თუ არა გახდეს ევროკავშირის წევრი და უარი თქვას დამყაყებულ სიტუაციაზე. ქართველმა ხალხმა უნდა დაადასტუროს, რომ მზად არის ცვლილებებისთვის. თუ ახლა არ მოხდა ეს ცვლილებები, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით ძალიან სერიოზულად ჩამოვრჩებით და ათწლეულები დაგვჭირდება. ახლა არის წყალგამყოფი, რომლის შემდეგაც რუხი ზონები არ იარსებებს. ევროკავშირი ფართოვდება და ან იქნები ევროკავშირის წევრი, ან იქნები რუსეთის გარშემო ახალი პოსტსაბჭოური ჭაობის ნაწილი, რომლისგანაც ვცდილობდით გაქცევას. საზოგადოებამ ეს უნდა გაიაზროს, სადამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა იზოლაციური ტენდენციებით, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას არა აქვს არც ადამიანური და სხვა პოლიტიკური რესურსი ან სურვილი, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა. ქვეყანას კი სჭირდება სერიოზული გადატვირთვა, რომ დადგეს დემოკრატიულ რელსებზე“.
„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი სისუსტე, კაკაჩიას აზრით, ისაა, რომ დამანაწევრებელ ძალად რჩება ქართულ პოლიტიკაში.
„გამარჯვების შემთხვევაშიც მათ არ ექნებათ საშუალება, რომ საზოგადოება გააერთიანონ“, — ამბობს ის.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ გზავნილებს, კაკაჩია საფუძველშივე მცდარად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოკავშირე იქნება. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი ტრამპისთვის ნომერ პირველი სისტემური მეტოქეა.
ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის.
„შუა დერეფნის კონცეფცია მისაღებია და ჩინეთთან ურთიერთობების წინააღმდეგიც არავინ არის, მაგრამ „შუა დერეფნის“ კონცეფციაც მოითხოვს ორივე მხარესთან კარგ ურთიერთობას. „ქართული ოცნების“ რეჟიმის თავისებურებებიდან და ავტოკრატიული ბუნებიდან გამომდინარე, ის ვერ ახერხებს და ვერ მოახერხებს კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ევროპასთან. ამ საგარეო და საშინაო პოლიტიკით, ევროინტეგრაცია ვერ ხერხდება“, — დასძინა კორნელი კაკაჩიამ.
„ქართული ოცნება“, რომელმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონით და თანმდევი არადემოკრატიული პროცესებით გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია, ირწმუნება, რომ მის მიზნად კვლავ რჩება ევროკავშირში „ღირსებით“ და მშვიდობით“ გაწევრიანება. ბიძინა ივანიშვილმა და „ოცნების“ ყველა ლიდერმა თავის გამოსვლაში ისაუბრა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ.
„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ არის მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო. 16 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ სიით მიიღებს.
ამ თემაზე:
რა თქვა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე – სრულად