„ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ სიით მიიღებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 16 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა.
„მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც “ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმებაც, მათ შორის, შემთხვევითი არ არის, იმიტომ, რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად დღეს, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩვენებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ხალხის ძალა“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ არის მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებდა კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ გასულ წელს შეიმუშავა, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს. ეს კანონპროექტი ერთი წლის მერე პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს და მიიღეს.