,,რაც სანდრო ახმეტელმა გააკეთა, იმის აღიარება არ მომხდარა”, – ამბობს მანანა ახმეტელი, სანდრო ახმეტელის შვილიშვილი. მართალია, იგი სანდრო ახმეტელს არ იცნობდა, თუმცა პაპა მის განუყრელ ნაწილად და დარდად იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი წლების მანძილზე ქართული თეატრმცოდნეობის მიერ ყურადღების მიღმა დარჩენილი სანდრო ახმეტელი და მისი მოღვაწეობის პერიოდიც იყო, თუმცა ყველაფერი ბაბუაზე პირველი მოგონებებიდან იწყება:
პირველი მოგონება სანდრო ახმეტელზე
არ ვიცნობდით ერთმანეთს, ვერ მოვესწარი, ამიტომ, როდის შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში ეს სახელი და გვარი, ვერ გეტყვით. ბავშვობიდან ამ ატმოსფეროში ვიზრდებოდი, ამ სახელის ხსენებაში, ისტორიული ფაქტების გახსენების ფონზე – ასე თანდათან გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
იმდენად შემოვიდა ჩემს პიროვნებაში, რომ ჩემი გამუდმებული დარდი გახდა, ეს ბავშვობიდან დამყვა – ყველაფერი მაღელვებს, რაც მის სახელთანაა დაკავშირებული და მტკივნეულად ვრეაგირებ.
ჩემდა საბედნიეროდ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ისე უმწიკვლოდ იცხოვრა ამ ადამიანმა, რომ არავითარი უსიამოვნო ფაქტი არ შემხვედრია. წინაპრის ცხოვრებაში შეიძლება ისეთი რამ ამოტივტივდეს, რაც შეგარცხვენს და გულს დაგწყვეტს, მე ასეთი რამ არ მქონია, ამიტომ მისი ძალიან მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ კონფლიქტებში იყო გახვეული, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ძალიან სახიფათო ცხოვრება განვლო და რთულ ეპოქაში ცხოვრობდა, სადაც ადამიანები თავის სულს იოლად ჰყიდდნენ, სუფთად იარა.
სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც მოხდა მისი რეაბილიტაცია და საჯაროდ პირველად მაშინ გაისმა მისი სახელი. 20 წელიწადი სანდრო ახმეტელის ხსენება არ იყო, მხოლოდ ახლობლები გამოხატავდნენ ხოლმე თავიანთ დამოკიდებულებას, მისი სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა საზოგადოებას. როგორც კი რეაბილიტაცია მოხდა, ხმა ამოიღეს თანამედროვეებმა, უცნობი ადამიანები წერილებს და ლექსებს მიგზავნიდნენ, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ეს ყველაფერი უცბად ამოძრავდა და ერთი რეალობიდან, სადაც აკრძალული იყო მისი ხსენება, სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდი.
ოჯახი და შიში
მამა ძალიან მტკიცე ნებისყოფის კაცი მყავდა, გარკვეულწილად მამამისს ჰგავდა, მისთვის შიში დამახასიათებელი არ იყო, სამაგიეროდ დედა იყო ძალიან შეშინებული, რადგან გაიარა 1937 წელი. საზოგადოებისგან იზოლირების სინდრომი ჰქონდა, მეც ასეთ ატმოსფეროში მზრდიდა, არ უნდოდა გამოვჩენილიყავი, თვალსაჩინო გავმხდარიყავი. მისი აზრით, ასე მიცავდა ხიფათებისგან. ტრავმირებული თაობა იყო – დაშინებული რეპრესიებისგან, დევნისგან და ზეწოლისგან.
მამაჩემი იდევნებოდა, როცა მამამისი დააპატიმრეს. მისი აზრით, გადაასახლეს, რადგან ფორმულირება ასეთი იყო – გადასახლებულია 10 წლის ვადით, მიწერ-მოწერის უფლების გარეშე – მამაჩემს სჯეროდა, რომ მამამისი სადღაც არსებობდა, მოდიოდნენ ადამიანები, ჰყვებოდნენ ზღაპრებს – სანდრო აქ ვნახე, სანდრო იქ შემხვდა, ციხეში ვიღაცამ ნახაო… სულ იყო მითქმა – მოთქმა ამის გარშემო.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემი სულ წერდა წერილებს, აგზავნიდა მოსკოვის პროკურატურაში. კარგად მახსოვს, საწერ მაგიდასთან იჯდა ხოლმე, ფანატიკოსი შვილი იყო, თავის მამაზე შეყვარებული. მოითხოვდა განმარტებას – 10 წელი გავიდა, სად არის და როგორ არისო . იქიდან, რა თქმა უნდა, პასუხი არ მოდიოდა.
მოგვიანებით, სანდრო ახმეტელის ოფიციალური რეაბილიტაციის შემდეგ, მივიღეთ ნაგლეჯი, რომ იგი უდანაშაულო იყო, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები არ არსებობდა და რეაბილიტირებული იყო. მამაჩემმა მეორედ მიიღო ტრავმა ამის გამო, რადგან უცოდველი ადამიანი დაიღუპა, შეეწირა ამ გაუგებრობას და ეპოქის სისასტიკეს. მამაჩემი 1937 წლის მერე საერთოდ გადაიმალა, რაიონებში მუშაობდა, რომ არ გამოჩენილიყო.
ქართული თეატრის ისტორია სანდრო ახმეტელის გარეშე
რეპრესირებული ოჯახი რეპრესირებული ოჯახია…მეც გამომყვა ეს წუხილი, გარკვეულწილად შეიძლება კომპლექსიც არის, რადგან ყურადღება გამახვილებული მაქვს ამ ყველაფერზე.
თეატრმცოდნეობას, რომელსაც ევალებოდა ქართული თეატრის ისტორიის შექმნა და დაწერა, ეს 20 წელიწადი ამოგდებული ჰქონდა თეატრის ისტორიიდან. პერიოდი, რომელიც დაკავშირებული იყო ახმეტელთან, იწერებოდა ახმეტელის გარეშე, მისი სპექტაკლები არც იხსენიებოდა.
რაკი ეს 20 წელიწადი არ არსებობდა, თეატრმცოდნეები ეძებდნენ კომპრომისულ ვარიანტებს, რათა განესაზღვრათ მისი ადგილი ქართულ თეატრში. ითვლებოდა, რომ მარჯანიშვილი იყო ქართული თეატრის ფუძემდებელი, რეფორმატორი, ნოვატორი. ამიტომ მოძებნეს ხელსაყრელი ფორმულირება, რომ სანდრო ახმეტელი იყო მარჯანიშვილის ნიჭიერი მოწაფე.
იმ ყველაფრის აღიარება, რაც სანდრო ახმეტელმა გააკეთა არ მომხდარა და დეფინიცია დღემდე არ არის დაზუსტებული – სანდრო ახმეტელი არის ქართული ეროვნული თეატრის, ეროვნული მოდელის შემქმნელი, ის არის ქართული, ეროვნული თეატრალური ფორმების ფუძემდებელი. ეს რომ საბოლოოდ ითქვას, ამისთვის დიდი ბრძოლაა საჭირო. მე რომ მკითხოთ, ეს საკითხი დღემდე არ არის დაზუსტებული და გარკვეული.
პირველი სპექტაკლი, რომელიც სანდრო ახმეტელმა დადგა, უკვე რეფორმატორული იყო – „ბერდო ზმანია“ 1920 წელს დაიდგა ქართულ სცენაზე და ახმეტელის კონცეფციის საწყის წერტილად უნდა მივიჩნიოთ. ეს სპექტაკლი დღემდე თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი – თითო-ოროლა თუ გაიხსენებს. არადა, სიახლეები და მისი კონცეფციის საფუძვლები ჩადებულია სწორედ „ბერდო ზმანიაში“.
1924 წელი – თეატრალური კორპორაცია „დურუჯი“
1924 წლიდან იკერება სანდრო ახმეტელის საქმე, რომელიც 20 ტომისგან შედგება, კორპორაცია „დურუჯი“ კი უკვე ფაშისტურ ორგანიზაციადაა აღიარებული. ეს ერთ-ერთი ბრალდება იყო ახმეტელის საქმეში.
„დურუჯი“ თავისთავად მეამბოხე და რეფორმატორული ორგანიზაცია იყო (კორპორაციას სათავეში ედგა მარჯანიშვილი). ამ კორპორაციის საშუალებით ახმეტელმა დაანგრია ძველი, დრომოჭმული ფორმები ქართულ თეატრში. სპექტაკლის „ინტერესთა თამაში“ ანტრაქტზე გამოვიდა აკაკი ვასაძე და კორპორაცია „დურუჯის“ მანიფესტი წაიკითხა, რომელმაც შეძრა მთელი თეატრალური სამყარო. მაშინ ქართული თეატრი ნატურალისტური, ყოფითი თეატრი იყო და ძირითადად მოქცეული იყო რუსული სამხატვრო თეატრის გავლენის ქვეშ, რის წინააღმდეგაც იბრძოდა ახმეტელი მთელი თავისი არსებით.
სანდრო ახმეტელი და პოლიტიკური თეატრი
შილერის „ყაჩაღებში“ თავად შილერს აქვს ფრჩხილებში ქვესათაური – In Tirannos, ეს ახმეტელს არ გამოუგონებია, უბრალოდ მან მოხსნა სათაური ყაჩაღები და პირდაპირ დააწერა In Tiranos – ე.ი. ტირანიის წინააღმდეგ, ეს არის 1933 წელი, მე ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი არის სანდრო ახმეტელის მთელი შემოქმედების მწვერვალი, მისი ესთეტიკა აქ უკვე კულმინაციას აღწევს და თვითონვე ამბობს, რომ აქ უკვე დამთავრდა პირველი ეტაპი. შილერი იყო ლაკმუსის ქაღალდი. რამდენად შეიძლებოდა, ეროვნული ფორმები იმავდროულად ინტერნაციონალური ყოფილიყო, სწორედ გერმანული დრამატურგიის ფონზე გამოჩნდა.
პროტესტანტული სული ჰქონდა. რასაკვირველია, მებრძოლი კაცი იყო, პოლიტიკურ თეატრს ქმნიდა. ძალიან უშიშარი პიროვნება იყო, სხვანაირად ალბათ ამ რეფორმას ვერც გაატარებდა. შემტევი პიროვნება იყო, უკომპრომისო და დაუთმობელი. ოღონდ თავისი იდეა და კონცეფცია განეხორციელებინა, არაფერს არ უშინდებოდა, მიდიოდა პირდაპირ, ჯიქურ და გარკვეულწილად, საკუთარი ხასიათისთვის მსხვერპლიც გახდა.
ბერიასთან ღია კონფლიქტი ჰქონდა, ამას არც მალავდა. ბერია თეატრში ვერ შედიოდა, არ უშვებდა თეატრში, რეპეტიციაზე დასწრების სურვილი ჰქონდა. მოგეხსენებათ კონტროლის ეპოქა იყო. არავითარი კონტროლი, იხურებოდა სარეპეტიციო დროს თეატრის კარი და ვერავინ შეაღებდა, ბერიაც კი.
222 დღე აწამეს – დაპატიმრება და დახვრეტა
49 წლის იყო, როდესაც თეატრიდან გაათავისუფლეს. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი, გრანდიოზული გეგმები ჰქონდა – მიწვევები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მთელი ევროპიდან.
სანდრო ახმეტელმა ოპერით დაიწყო მოღვაწეობა და ოპერითვე დაამთავრა თავისი ცხოვრება. რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ პეტერბურგში კიროვის საოპერო თეატრში ბოროდინის ოპერას „თავად იგორს“ დგამდა, მაგრამ ამ სპექტაკლს განხორციელება არ ეწერა. 1936 წლის 18 ნოემბერს დააპატიმრეს მოსკოვში და ჩამოიყვანეს თბილისში.
ხელბორკილებით დააყენეს სატვირთო მანქანის საბარგულზე და მთელ ქალაქში ჩამოატარეს, ამის შემდეგ ჩააგდეს დილეგში, სადაც 222 დღე აწამეს. 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს, ამ პერიოდში სულ იყო წამების, დაკითხვების და საშინელი მოპყრობის მსხვერპლი. უმძიმესი ისტორიაა…