კომენტარისაზოგადოება

„რუსები დააყენეს, რათა სახლი ბოლომდე დამწვარიყო”, – გულნარა კიკნაძის ამბავი

5 ივლისი, 2024 •
„რუსები დააყენეს, რათა სახლი ბოლომდე დამწვარიყო”, – გულნარა კიკნაძის ამბავი

გულნარა კიკნაძე 1937 წელს დაიბადა ბაღდათის რაიონ სოფელ დიმში.  3 თვის იყო, როცა მამა, ანდრია კიკნაძე დააპატიმრეს.  მამა არ ახსოვს, 15 წელი ელოდა მისი ოჯახი ანდრია კიკნაძის დაბრუნებას, ბოლოს კი მიხვდნენ, რომ აღარ დაბრუნდებოდა. წლების შემდეგ გულნარამ მიიღო ცნობა მამის დახვრეტის შესახებ.

1937 წელი – მამის დაპატიმრება და ბავშვობა

ბავშვობა მქონდა ძალიან ცუდი, რადგან მამა დაიჭირეს. ვიცოდით, რომ 10 წლით გადაასახლეს, მაგრამ სულ გვატყუებდნენ. საშინელი ბავშვობა მქონდა, დედა სულ ტიროდა, არავინ გამარჯობას არ ეუბნებოდა.

გავიდა 10 წელი და არ ჩამოვიდა მამა. შემდეგ გვითხრეს – 15 წელი ჰქონდა მისჯილი და კიდევ 5 წელი უნდა იყოსო, სულ ტყუილებს ამბობდნენ. გავიდა  ეს 15 წელიც და არ ჩამოვიდა.

მერე უკვე ოჯახის წევრები დარწმუნდნენ, რომ არანაირ ლოდინს აზრი არ ჰქონდა, რადგან საშინელი რეპრესიები იყო, საშინელი, უთანასწორო ბრძოლა სისტემასთან.

იყო საშინელი გაჭირვება და სიდუხჭირე. არ იყო არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი, მაღაზიებში საერთოდ არაფერი არ იყო.  არც ვიცი, როგორ ვცხოვრობდით… ხალხს ძალიან უჭირდა, მათ შორის ჩვენც. სკოლაში დავდიოდი და, რა თქმა უნდა, არ იყო გათბობა – გაყინულები ვისხედით გაკვეთილებზე.

ლენინის ბიუსტი საწერ მაგიდაზე

სახლში გვქონდა ერთი საწერი მაგიდა და ამ მაგიდაზე გვედო ლენინის ბიუსტი,  გახსნილი პალტო ეცვა, ძალიან პოპულარული იყო ეს სურათი იმ დროს – ხელგაშვერილი ლენინი. ეს სულ მახსოვს, მთელ ჩემს სკოლის პერიოდში. კედელზე იყო გაკრული ორი, ვოროშილოვის და ბერიას სურათი. ჩემი ოჯახის წევრებს ეს ყველაფერი შიშის გამო ჰქონდათ გაკეთებული, ვითომ ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის მომხრეები და ბედნიერები.

გაზეთ „კომუნისტის“ პირველ გვერდზე, ყოველდღე იყო სტალინის სურათი. ყველგან ტყუილი იყო – თითქოს ჩვენ ვიყავით ყველაზე ბედნიერები, გვქონდა ბედნიერი ბავშვობა, ყველაზე უკეთ ვცხოვრობდით, კაპიტალისტურ ქვეყნებში ამუშავებდნენ ბავშვებს, ჩვენთან კი – არა; რომ ყველაზე თავისუფალი და ბედნიერი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი.

ბიძაჩემი ამბობდა: ტყუილზე აშენებული ამხელა ქვეყანა მსოფლიოში ალბათ მეორე არ არსებობსო.

იყო საშინელი შიში, ჩემი ოჯახის წევრებს ყოველთვის ეშინოდათ ხმის ამოღება – არ თქვა, არ თქვაო, სულ ამბობდნენ, თუ სისტემაზე ამბობდი რამეს.

1924 წელი – ორჯერ დამწვარი სახლი

პირველად მამაჩემი 1924 წელს დააკავეს და  10 წლით გადაასახლეს ციმბირში.  10 წლის მერე ჩამოვიდა და კიდევ მიიღო მონაწილეობა გამოსვლებში ბოლშევიკების წინააღმდეგ, მერე უკვე დაიჭირეს და დახვრიტეს.

ანდრია კიკნაძე

 

1924 წელს კომუნისტებმა დაწვეს მამაჩემის და ბაბუაჩემი სახლი, (რასაკვირველია, ამ ამბავს არ მოვსწრებივარ), დედა მიყვებოდა, რომ როცა სახლს ცეცხლი წაუკიდეს და იწვოდა, შეგროვდნენ მეზობლები და ჩააქრეს ხანძარი. როცა მეორედ მოვიდნენ დასაწვავად, ხანძრის ირგვლივ დააყენეს ხიშტიანი რუსის კაცები, რათა მეზობლებს მეორედ არ ჩაექროთ ხანძარი.

სახლი ბოლომდე დაიწვა. მამას თურმე ჰქონდა იარაღის კოლექცია დიდ კედელზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ბოლშევიკებმა წაიღეს. ყველაფერი მიწასთან გაასწორეს, არაჩვეულებრივი ეზო, ნარგავები. მახსოვს 4 უზარმაზარი კაკლის ხე და ზეთისხილის ხეები. აუარებელი ხეხილი… ზამთარში ყველაფერი მოჭრეს მეზობლებმა და დაწვეს. არც ვიცი, რას დაემსგავსა იქაურობა, საშინელი სანახავი იყო.

ძლივს შევინარჩუნეთ ის მიწა, რაც შევინარჩუნეთ. სულ გვართმევდნენ. როცა გავთხოვდი, გადავწყვიტეთ გვეყიდა ის ადგილი, სადაც ბაბუაჩემის ჭა იყო და მოგვყიდეს ეს ნაკვეთი, კი არ მოგვცეს, მოგვყიდეს…

შიში… საშინელი შფოთი ამ ყველაფრის გამო სულ გაჰყვა ჩვენს ოჯახს. მე ახლაც მეშინია. არ მეგონა, ამ ასაკში თუ კიდევ გაჩნდებოდა რუსეთის იმპერიაში უკან დაბრუნების საშიშროება.

საბჭოთა კავშირის კვალი

რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის კვალი დარჩა, როგორც წერს ერთი ცნობილი ადამიანი და მწერალი – საბჭოთა კავშირი იყო ტერორზე უარესი, რადგან შევიდა სისხლში და გადავიდა ჩვევაშიო – ზუსტად ასეა, ძალიან ბევრს ენატრება საბჭოთა კავშირი, რა ენატრება, არ ვიცი, საშინელი ცხოვრება იყო, საშინელი…

1800 ლარი კომპენსაციის სახით

როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ამოატივტივა რეპრესირებული ხალხის საკითხი, უნდა მოეცათ 2000-ლარიანი კომპენსაცია. მე და ჩემი ორი მეგობარი ვიყავით დარჩენილი რეპრესირებული ადამიანების შვილები, დაუსრულებლად გვატარეს ნოტარიუსებში და სასამართლოში (ძალიან დაგვეხმარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ბოლოს დაგვიბარეს სასამართლოში, მოგცემენ ფურცელს, რითაც აიღებთ 2000 ლარსო.

ვსხედვართ სასამართლო დარბაზში, გამოვიდა პატარა გოგო,  ფინანსთა სამინისტროდან ვარ, ამ 2000 ლარს უნდა ჩამოვაკლოთ ორასი ლარი, რადგან უჭირს ქვეყანასო და მოგვცეს 1800 ლარი.

პენსია დაგვინიშნეს 7 ლარი და დღესაც 7 ლარი გვაქვს, ამის არავის არ რცხვენია.

თავისი სიცოცხლე შესწირა ხალხმა, რათა საქართველო უკეთესი ყოფილიყო, ყოფილიყო თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული, ამისთვის შესწირეს თავი, მათ შორის მამაჩემმა. არანაირი შეღავათი არ არსებობს რეპრესირებულთა ოჯახებისთვის. ვერ გააკეთეს მემორიალი, სადაც იქნება ჩამოწერილი სია – ვინ დაიღუპა და ვინ შესწირა თავის სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებას. ყველაზე ღირებული, რაც არის ამქვეყნად, ის შესწირეს საქართველოს, ნუთუ არ შეიძლებოდა მემორიალის გაკეთება, სადაც ეწერებოდა, რომ ეს ადამიანები შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას… არაფერი არ გაკეთებულა, ვერც ერთმა მთავრობამ ეს ვერ გააკეთა.

მე რომ მკითხო, საბჭოთა კავშირი იყო შავი ლაქა კაცობრიობის ისტორიაში. ყოველდღე ტყუილი, ძალადობა და ზეწოლა, საშინელი კორუფცია…

უკან დაბრუნების საფრთხე – რუსული კანონი

რუსული კანონი ზუსტად ამისთვისაა – რეპრესიებისთვის; რათა თავისი ნების ქვეშ ამყოფონ ხალხი და არ გვქონდეს თავისუფლება; თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი სიტყვის თქმის უფლება…

ძალიან მინდა ევროკავშირში შესვლას მოვესწრო, მაგრამ ისეთი ასაკი მაქვს, არ ვიცი, მოვესწრები თუ არა. მაგრამ მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები მოესწრნენ თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას. თავისუფალ საქართველოში.

მშვიდობა არაფერია, თუ არ იქნება თავისუფლება, თავისუფლება არის შესაძლებლობა ყველა მიზნის მისაღწევად. უნდა იყოს თავისუფლება, დემოკრატია და მერე აუცილებლად იქნება მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, სწორედ ეს არის ევროპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი