კომენტარისაზოგადოება

„მუხლებგადამტვრეული შეიყვანეს საკანში“ – რეპრესირებული ვახტანგ კოტეტიშვილის ისტორია

4 ივლისი, 2024 •
„მუხლებგადამტვრეული შეიყვანეს საკანში“ – რეპრესირებული ვახტანგ კოტეტიშვილის ისტორია

„მუხლებგადამტვრეული შეიყვანეს საკანში. ესე იგი რაღაცაზე სთხოვდნენ ხელის მოწერას.  არ მოაწერა, არ ჩაუშვა ვიღაცები და 1 კვირაში დახვრიტეს“, — ამბობს გუგა კოტეტიშვილი, რეპრესირებული ვახტანგ კოტეტიშვილის შვილიშვილი და მწერალ ვახუშტი კოტეტიშვილის შვილი.

ვახტანგ კოტეტიშვილი 1938 წელს,   ე. წ. ტროიკის გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

ოფიციალური ბრალის თანახმად, ის ანტისაბჭოურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა სოციალიზმის გამარჯვების.

„რა ბრალდებით ხვრეტდნენ მაშინ ხალხს, გასაგებია,  ხომ? ვახტანგი ატარებდა შავ ბაფთას. მერე როგორც გვითხრეს, როცა დაკითხვაზე დაიბარეს, კითხეს: შავ ბაფთას რატომ ატარებ, საქართველოს გლოვობო? მისთვის გასაგები იყო უკვე, რაც ხდებოდა და უპასუხა: აბა, კლოუნი ხომ არ ვარ, წითელი ბაფთას მეკეთოსო? და აღარც დაბრუნებულა სახლში.  ლენინი ატარებდა წითელ ბაფთას”, — იხსენებს გუგა კოტეტიშვილი.

ვახტანგ კოტეტიშვილი თონეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.  გუგა კოტეტიშვილის თქმით, ის  სვეტიცხოვლის ეზოში იზრდებოდა:

„სწავლობდა გიმნაზიაში, შემდეგ სამი უნივერსიტეტი დაასრულა, პეტერბურგსა და ტარტუში. ძალიან მრავალმხრივი პიროვნება იყო. ისაა ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი საქართველოში. დაწერილი აქვს მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის ანთოლოგია. კრიტიკოსი იყო, ლინგვისტურად დაამტკიცა, რომ ხევისბერი გოჩა ალექსანდრე ყაზბეგის დაწერილი იყო.

აკადემიის რექტორი იყო. ასევე — ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, უშვებდა გაზეთს. უამრავ რამეს ახერხებდა. მის ლექციებზე სასწაულებს ყვებიან, ისე ატარებდა ამ ლექციებს. ყველაფერი ეს 42 წლამდე მოასწრო, როცა კიდევ რამდენი რამ შეეძლო და რამდენ ნაშრომს გააკეთებდა”, — ამბობს გუგა და აღნიშნავს, რომ მამამისისა და მისთვისაც  ვახტანგი იყო სიმონ ერისთავის პორტრეტი, რომელიც სახლში ჰქონდათ.

ვახტანგ კოტეტიშვილი

„მამაჩემის დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა. ის იყო საოცარი ქალი, რომელსაც ჰყავდა 2 გოგო. იცოდა, რომ მშობიარობა არ შეიძლებოდა, რადგან თირკმელები აწუხებდა. მაინც გააჩინა, რადგან ვახტანგს ძალიან უნდა ბიჭიო და შეიძლება ბიჭი იყოსო. ასეთ რისკზე წავიდა, იმშობიარა, გააჩინა ბიჭი (ვახუშტი) და გადაყვა მშობიარობას.

მამაჩემს არ ახსოვდა დედა, ხოლო მამა როცა დაუხვრიტეს, 2 წლის იყო. უმცროსი და ავადმყოფობდა და ვერ გადაიტანა დედის სიკვდილი. დარჩა ლეილა, 14 წლის გოგო, რომელმაც მამაჩემი გაზარდა.”

რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, გუგა კოტეტიშვილის თქმით, მამამისი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ხალხისთვის  იყო მტრის შვილი.

„ქუჩაში არ ესალმებოდნენ,  ეშინოდათ. პოეტი ნიკო სამადაშვილი, რომელიც ვახტანგის მეგობარი იყო, ის მოდიოდა ხოლმე და შორიდან, ქუჩიდანვე ყვიროდა: კოტეტიშვილებო გამოდით, თქვენთან მოვდივარ. მას არ ეშინოდა, ამას ხაზს უსვამდა  და მოჰქონდა ხან კარაქი, ხან რაღაც. ის იყო ერთადერთი კაცი, რომელიც ყველას გასაგონად მოდიოდა.

სხვა მხრივ, ხალხისგან  იყო კატასტროფული დამოკიდებულება. მათ ეშინოდათ გვერდზე დგომა, გამოჩენა.  მიუხედავად ყველაფრისა, ეს გაჭირვებაგამოვლილი ხალხი, ჩვენი ნათესავები, არავინ არ გაბოროტდა. საოცარი ხალხი იყო“,  — იხსენებს გუგა კოტეტიშვილი.

მისივე თქმით, ბევრი წლის შემდეგ ვახუშტი კოტეტიშვილს უთხრეს, რომ მისი მამა, ვახტანგი, მუხლებგადამტვრეული შეიყვანეს საკანში.

„ვიღაც მჯდარა მასთან ერთად. ვახუშტი მას ასწავლიდა ტკივილის მოთმენას, თურმე,  არ უნდა ისუნთქო ამ დროს. ეს იყო შემზარავი, როცა გავიგეთ, მუხლებგადამტვრეული იყო. ესე იგი, რაღაცაზე სთხოვდნენ ხელის მოწერას, არ მოაწერა, არ ჩაუშვა ვიღაცები და 1 კვირაში დახვრიტეს.

ვახტანგის დასაფლავების ადგილი უცნობია. წლების შემდეგ მამადავითზე გააკეთეს რეპრესირებულების, დაკარგულების ერთიანი საფლავი. ასევე არსებობს მისის სახელობის ქუჩა.“

სტალინური რეპრესიების მსხვერპლის შთამომავლის თქმით,  ყველა ტირანი და ყველა დიდი პოლიტიკოსი საშინელებებს სჩადიოდა, ხალხს სწირავდნენ და ჭადრაკივით თამაშობდნენ.

„სტალინი იქნება თუ ბერია, რაღაცები გაკეთდა მაშინ საქართველოში, რაღაცები კეთდებოდა , რასაც ვერ მივხედეთ და გაპარტახდა, კარგი იქნებოდა გაფრთხილება, მაგრამ ჩემთვის ერთი  ადამიანის სიკვდილიც კი დაუშვებელია.

სტალინი უდიდესი პიროვნება იყო, უნიჭიერესი კაცი იყო და საშინელი დესპოტი. მე არანაირი სიმპათია არ გამაჩნია, გაზრდილი ვარ გარემოში, სადაც იყო მისი სიძულვილი და ახლაც ამას ვემხრობი.  დახვრიტო თუ არ დახვრიტო, ასე გადაწყვიტო ადამიანის ბედი, რასაც არ უნდა აგებდე, მე არასწორად მიმაჩნია.  როგორ შეიძლება ეს გაამართლო. ის ახალგაზრდები, ვინც განათლება მიიღო საზღვარგარეთ, უნიჭიერესი ხალხი. იგივე პეტრე ოცხელი, სადილზე აიყვანეს. ვიღაცამ უთხრა, წამო ,ვჭამოთო. უცნობ სიტუაციაში აღმოჩნდა და რადგან იქ იყო, გააქანეს და დახვრიტეს 27 წლის გენიოსი. რად ღირდა ეს? რას მივაღწიეთ ეგეთს, რომ მართლა გენოფონდი მოსპე? რისთვის, რა იდეისთვის?“, — აღნიშნავს გუგა კოტეტიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი