ახალი ამბებიკომენტარი

2 ტყუილი „რუსულ კანონზე“ | ირაკლი მელაშვილი

9 აპრილი, 2024 •
2 ტყუილი „რუსულ კანონზე“ | ირაკლი მელაშვილი

ავტორი: ირაკლი მელაშვილი, თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი


პირველ ჯერზე, როცა ხელისუფლება ეცადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამერიკული კანონის ანალოგად გამოეყვანა, მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ტყუილი იმდენად ნათელი იყო, რომ მიუხედავად კანონის ფორმალურ და ჭეშმარიტ ინიციატორთა სრული უტიფრობისა, მათ მაინც კანონის უკან გატანა და შეცდომის აღიარება მოუწიათ.

ახლა „გინდა თუ არა ამერიკულიაო“, ეს გზავნილი აღარ აქვთ, არ იმუშავა ამ ტყუილმა. სამაგიეროდ წინ წამოწიეს მორიგი ცრუ არგუმენტი, თითქოს ამ კანონის მიღება აუცილებელია არასამთავრობო და მედია სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად!

ხელისუფლების, მათი ჯიბის ექსპერტების და „არღნის ჩიტებად“ მოვლენილი სახელისუფლო ჟურნალისტების ეს ერთადერთი, თითქოს მეტ-ნაკლებად რელევანტური არგუმენტიც რომ მტკნარი სიცრუეა, ამას, უბრალოდ, დღეს არსებული ქართული კანონმდებლობის მარტივი ანალიზიც ადასტურებს:

ტყუილი პირველიკანონის მიღება ხელს შეუწყობს NGO-ების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას:

ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, ვინც გრანტს იღებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, სრულად წარადგენს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროში გრანტის დანიშნულების, მიღებული თანხების ოდენობის, გრანტის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). მათ შორის იქ არის ინფორმაცია, რაში იხარჯება გრანტით მიღებული თანხები (შეხვედრები, კონფერენციები ტრანსპორტი და რეგიონებში გასვლა, რეკლამა, გამოცემები, პროექტში მუდმივად თუ დროებით დასაქმებული პირები და ა.შ.)

„საგადასახადო კოდექსის“ გარდა არსებობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი დამტკიცების თაობაზე“.

ამ დოკუმენტის 5 მოზრდილ ცხრილში გაწერილია რამდენიმე ათეული ფინანსური თუ შინაარსობრივი მონაცემი (მათ შორის დეტალურად, თითოეული ხარჯი რა დანიშნულებით, რა ღონისძიების თუ აქტივობის დასაფინანსებლად გაიწია, შესაბამისი დოკუმენტაციით), რის თაობაზეც გრანტის მიმღები წარადგენს ინფორმაციას საგადასახადო ორგანოებში.

ეს ინფორმაცია ბევრად უფრო დეტალურია, ვიდრე ის, რის წარდგენასაც NGO-ებს ავალდებულებს ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი. იმ „გენიოსებს“, რომელთაც მართლა გჯერათ, რომ  NGO-ების საქმიანობას მთავრობა არ აკონტროლებს, აგერაა ამ დოკუმენტის ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4234420?publication=0

შებრძანდით და თავად შეადარეთ არსებული მოთხოვნები იმ მოთხოვნებს, რასაც ნჯო-ებს უწესებს ახალი კანონპროექტი. შეადარეთ და თავად დარწმუნდით, ვინ იტყუება, მთავრობა, რომელიც გეუბნებათ, რომ ამ კანონით ფინანსური გამჭვირვალობის ახალი სტანდარტის დანერგვას აპირებს, თუ ისინი, ვინც ვამბობთ, რომ არანაირი ახალი სტანდარტი არ ინერგება და რეალურად კანონის მიღების მიზანი სრულიადაც არ არის NGO-ების საქმიანობის გამჭვირვალობა.

ტყუილი მეორეაღნიშნული კანონით უფრო გამჭვირვალე ხდება მედიის დაფინანსება!

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლში ვკითხულობთ:

„4. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია, ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე, გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.“

ანუ, სახელმწიფოს, კონკრეტულად კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ნებისმიერი მედიასაშუალება დღესაც ბევრად უფრო დაწვრილებით აწვდის ინფორმაციას მისი დაფინანსების წყაროების და დამფინანსებლების ვინაობის შესახებ, ვიდრე ამას ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს. ვისაც მართლა სიმართლე აინტერესებს, საქმე რომ გავუადვილო, აგერაა, ბატონო, ამ კანონის ბმულიც და თავად შეადარეთ, რამდენად მაღალია მედიის ანგარიშგების დღეს არსებული სტანდარტი იმ მოთხოვნებზე, რასაც ამ კუთხით მედიაორგანიზაციებს ახალი კანონპროექტი უყენებს. https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866?publication=73

ამრიგად, ტყუილია, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მედიისთვის ადგენს ფინანსური გამჭვირვალობის რაიმე ახალ სტანდარტს!

ახლა ამ საკითხის საგარეო პოლიტიკურ მდგენელზე.

აბსოლუტური იმბეცილი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, როცა ოფიციალურად, კანონის დონეზე სტრატეგიული პარტნიორების მთავრობების ან მათი ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაცემულ გრანტებს ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის დაფინანსებად აფასებ, ეს ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებს არათუ სტრატეგიულ პარტნიორად არ თვლი, არამედ რეალურად ამ ქვეყნის მტრებად მიიჩნევ.

დიახ, ამ კანონით „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს პოტენციურ მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს აშშ-ს და ევროკავშირს, რადგანაც კანონით ადგენს, რომ ამ ქვეყნების მთავრობების და/ან ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაცემული გრანტები ჩვენი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას შეიძლება მოხმარდეს და ამის გამო, ამ ქვეყნებიდან გრანტებით შემოსული თანხები კონტროლის სპეციალურ ზომებს უნდა დაექვემდებაროს.

დიახ, ამ კანონის თანახმად საქართველოს ხელისუფლება აპირებს დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი არა რუსებისგან, ვისაც ამ ქვეყნის ტერიტორიები აქვს დაპყრობილი, არამედ აშშ-სა და ვეროკავშირისაგან! ყველასთვის, ვისაც ჭკუა და ნამუსის შერჩენია, ესაა რეალობა.

მაშინ თუკი ხელისუფლება გამჭვირვალობის არანაირ ახალ სტანდარტს არ აწესებს, რატომ იღებს ამ კანონს? რჩება ერთადერთი ლოგიკური დასკვნა, ქვეყანაში მატულობს კორუფცია (მარტო მე არ ვამბობ ამას, ეს ბრძანა მმართველი პარტიის, როგორც თავად ეძახიან, უპირობო ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა).

მმართველ პარტიას თავის რიგებში კორუფციის მატება კი არ აწუხებს, მისი ლიდერების ამოცანაა, რამენაირად ხელი შეუშალოს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც იძიებენ ხელისუფლების წევრების, მინისტრების, დეპუტატების, მოსამართლეების კორუფციის ფაქტებს.

არასამთავრობო სექტორს აკრძალვით ჯერ ვერ კრძალავენ. ეს კანონი სჭირდებათ იმისთვის, რომ ნებისმიერი მკვლევარი ან სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც არ ეთანხმება „ქართულ ოცნებას“, ხალხის თვალში გამოიყვანონ როგორც უცხოეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები, რომლებიც ემსახურებიან არა საქართველოს ინტერესებს, არამედ თავიანთი დამფინანსებელი გრანტის მიმცემი ორგანიზაციებისა და მათი მთავრობების დავალებით ებრძვიან პატრიოტ და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველ ხელისუფლებას. ამ კანონის ერთადერთი მიზანია, ხალხს დაუმტკიცონ, რომ ის, ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს, ყველა უცხოეთის აგენტია, მათი ფულითაა ნაყიდი და ფულის გულისთვის არა საქართველოს, არამედ უცხოელების ინტერესებს ემსახურება!

რეალობაში, თუკი „ქართულ ოცნებას“ მართლა NGO-ების და მედიის გამჭვირვალობის გაზრდის სურვილი ჰქონდათ, ეს საკითხი მარტივად იჭრებოდა, საგადასახადო კოდექსში, ნჯოების ანგარიშგების წესსა და მაუწყებლის კანონში წარმოადგენდნენ ცვლილებებს, სადაც გაწერდნენ ახალ ვალდებულებებს ამ ორგანიზაციების გამჭვირვალე საქმიანობისათვის და არც არავის ექნებოდა არაფერი საჩხუბარი.

იქნებ დაფიქრდეთ ის ადამიანები, ვისაც გულწრფელად გჯერათ, რომ ნჯო-ების გამჭვირვალობის პრობლემის მოგვარებისთვის შემოდის ეს კანონი, რატომ არ წავიდა ხელისუფლება ამ მარტივი გზით?

ირაკლი მელაშვილის მოსაზრება სრულად ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.


ავტორის შესახებ: ირაკლი მელაშვილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995წწ. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი,  მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; თვითმმართველობის ექსპერტი.

რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი