კომენტარი

„რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება – ახვლედიანი

7 აპრილი, 2024 • 2731
„რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება – ახვლედიანი

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS-ის) მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი აცხადებს, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება.

როგორც თინათინ ახვლედიანი ნეტგაზეთთან ამბობს, „რუსული კანონის“ შემობრუნება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და მედიის თავისუფლებას შეეხება. მათ შორის ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის ახალი რეკომენდაციების პირველივე პუნქტთან, სადაც ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს.

„[მმართველ პარტიაში] აცხადებენ, რომ ასეთი კანონები ევროკავშირშიც არის მიღებული. თუმცა, ევროკავშირში საუბრობენ, რომ მიიღონ დემოკრატიის ხელშემწყობი პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა, მაგრამ ჯერ მიღებული არ არის. ამბობენ, რომ საფრანგეთმა მიიღო [კანონი], იქაც არ არის მიღებული, სენატში გადავიდა განსახილველად.

რაც შეეხება განსხვავებას [ამ ინიციატივებსა და “ოცნების” კანონპროექტს შორის]. ევროკავშირის იდეაა მიიღონ კანონი, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება იმ ძალებზე, რომლებიც მოქმედებენ ევროკავშირის გარეთ. აქაც ამოსავალი წერტილი არის დემოკრატიის გაძლიერება და ევროპული ღირებულებების დაცვა. ჩვენი კანონპროექტი საერთოდ არ განასხვავებს ამ ყველაფერს და იმას ეხება თუ არა ევროპულ ქვეყნებს.

ამ კანონპროექტში ასევე არაა დასახელებული ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მეტოქე ან ქვეყანა, საიდანაც რისკები მოდის. ევროკავშირის სტრატეგიებსა და დოკუმენტებში ძალიან ხშირადაა ამაზე საუბარი. მაგალითად, ბევრ დოკუმენტში ჩინეთი მოხსენიებულია ევროკავშირის მეტოქედ. ვიცით ვინ არის ევროკავშირისთვის რისკების შემცველი. როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ახსენებს ჩრდილოვანი მეზობლის პოლიტიკას, ვიცით რომ ეს არის რუსეთი. პირდაპირ ამბობენ ვისზე იქნება გამიზნული და ეს ძალიან დიდი განსხვავებაა „ქართული ოცნების“ კანონპროექტთან“ შედარებით“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი.

ამასთან, თინათინ ახვლედიანის თქმით, მთავრობის მიერ რუსეთის და დასავლელი პარტნიორების ერთ სიბრტყეზე დაყენება მიუთითებს, რომ  ქვეყანას სტრატეგიული საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია.

„საერთოდ, ჯერ ხდება მტრის, მეტოქის ან საფრთხის იდენტიფიცირება და შემდგომ მსგავსი კანონების მიღება,  სტრატეგიები ამაზე არის მორგებული. არ შეიძლება არ ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მტერი, საიდან მოდის რისკები და ისე ვქმნიდეთ კანონმდებლობას. ეს არც სტრატეგიული ფიქრია და არც სტრატეგიული დაგეგმვაა.  ჯერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი საგარეო პოლიტიკა და შემდეგ ამასთან უნდა იყოს თანხვედრაში სტრატეგიული და უსაფრთხოების დოკუმენტები.

თუკი საქართველო საგარეო პოლიტიკის მთავარ ორიენტირად ნამდვილად ევროკავშირს ირჩევს, მაშინ მსგავსი კანონების ინიციირება არ უნდა ხდებოდეს.

გარდა ამისა, ეს კანონპროექტი ფოკუსირებულია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, რომლებიც საგრანტო დაფინანსებას იღებენ. ევროკავშირის ან თუნდაც საფრანგეთის კანონში მხოლოდ დაფინანსების გამო არ ხდებიან [სუბიექტები] ამ კანონის პირდაპირი სამიზნე.  აქ რადგანაც ბევრი ორგანიზაცია სწორედ საერთაშორისო გრანტებით მოქმედებს, პირდაპირ გვეუბნება კანონი რაზე იქნება აქცენტი“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი.

მისი თქმით, თუ საქართველოს ნამდვილად უნდა დემოკრატია, ეს გათვლა არასწორია,  რადგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია ამის საწინდარია.

თინათინ ახვლედიანის თქმით, თუ მმართველი პარტია „რუსულ კანონს“ მიიღებს,  ბრიუსელში საქართველოს რეპუტაციას, რომელიც ისედაც შერყეულია, კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

„საქართველოსადმი ნდობა ძალიან შერყეულია მას შემდეგ, რაც მმართველი ძალა გამოეყო შარლ მიშელის შეთანხმებას. თუმცა, ახლა რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირისთვის იმედის გაცრუება, ამით მმართველმა ძალამ საჯაროდ ხალხისთვის მიცემული პირობაც დაარღვია, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა ამ კანონს. ბრიუსელს სურს ხაზი გაუსვას, რომ ეს გარღვევაა იმ დაპირებასთანაც, რაც თავად „ოცნებას“ ჰქონდა საზოგადოებასთან.

ისედაც ბევრი კითხვის ნიშანია დღეს ბრიუსელში და საქართველოს მიმართ ნდობა ძალიან შერყეულია. ეს გამოიწვევს უფრო მეტ კითხვის ნიშანს, ეჭვქვეშ დააყენებს, საქართველო ნამდვილად ირჩევს თუ არა ევროპულ მომავალს და ნამდვილად რჩება თუ არა დემოკრატიის შენების პროცესში. თუ ეს შეირყა, საქართველოს თავისთავად არ ექნება ევროპული მომავალი. კანდიდატის სტატუსი დეკემბერში ხალხს გადაეცა, მაგრამ მთავრობამ და ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ ის ნამდვილად რჩება დემოკრატიის შენების პროცესში“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი.

როგორც თინათინ ახვლედიანი ამბობს, „რუსული კანონი“ ცალსახად ხელს შეუშლის საქართველოს მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას. ის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას არ ელის, თუმცა ფიქრობს, რომ შემდგომი ინტეგრაციის პროცესი გაიყინება.

„უკრაინას და მოლდოვას უკვე მწვანე შუქი აქვთ მოლაპარაკებების დაწყებაზე და ჩვენ ისედაც ჩამორჩენილები ვართ. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს საქართველოს მეტ ჩამორჩენას უკრაინასა და მოლდოვასთან, რაც ჩვენთვის ცუდია, რადგან ჩვენ მათთან ერთად მივდივართ პროცესში.

თურქეთსაც აქვს სტატუსი 1999 წლიდან, მაგრამ როგორც მის შემთხვევაში მოხდა, საქართველოსთანაც შეიძლება ასე მოხდეს და გაიყინება ევროკავშირთან ურთიერთობები. სტატუსი სტატუსისთვის არ გვჭირდება. სტატუსის მიღება პირველი ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და თუკი გაწევრიანების პროცესი წინ არ წავიდა, მხოლოდ სტატუსი არაფერს გვაძლევს“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი.

როგორც თინათინ ახვლედიანი ამბობს,  საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყნის ევროინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩება, კითხვები საქართველოს მოსახლეობასთან გაჩნდება.

„ხალხი, რომელიც შარშან მარტში იდგა ქუჩაში და ამ კანონის უკან გაწვევა მოახერხა, იგივე ხალხი მიდის და ირჩევს იგივე ხელისუფლებას… ეს უკვე იწვევს კითხვებს – თუკი ხალხს უნდა ევროპული მომავალი, რატომ აძლევს ხმას იმ  მთავრობას, რომელიც მუდმივად საბოტაჟს უწყობს ევროპულ არჩევანს. კითხვები ჩნდება რამდენად ხედავენ ისინი მმართველ ძალას მათ ძირითად ორიენტირად და გიდად ევროკავშირის გზაზე. რა თქმა უნდა, თუ დემოკრატია გვაქვს, ქართველი ხალხი ირჩევს, იმას ვისაც ირჩევს და ეს შედეგები ყველამ უნდა მივიღოთ, მათ შორის ევროკავშირმაც. თუმცა, არჩევნებში მათი გამარჯვება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ეს აჩენს კითხვებს, რატომ აკეთებს ქართველი ხალხი ასეთ არჩევანს“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი