კომენტარი

“ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა – პრეზიდენტი

16 ოქტომბერი, 2023 • 13808
“ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა – პრეზიდენტი

“ოცნების ოცნების დრო დამთავრდა”, – განაცხადა პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ოქტომბრის მიმართვაში. მოქალაქეებს მან მას შემდეგ მიმართა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია: 

“ჩემი დუმილის დრო დასრულდა. სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა, ჩავთვალე,  რომ ჩემი ჩარევა არ იყო საჭირო. ჩემი წარმომადგენლების როლი იყო მნიშვნელოვანი და შეასრულეს ეს ვალდებულება. 

მე დღეს, მართალი გითხრათ, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში არაფერი აღარ მიკვირს და არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც დღემდე იყო დარჩენილი ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი,  რომელიც გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა. 

დღეიდან ესეც აღარ არის, ისეთი გადაწყვეტილება დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს. ყოველ მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი სამმა ადამიანმა გადაარჩინა თავისი რეპუტაცია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალიან დამაზიანებელია: 

“ეს ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება იმ დროს,  როცა ყველა ინსტიტუცია არის ასეთი დამახინჯებული და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთისა – პრეზიდენტი. 

ამიტომ მინდა გაგამხნევოთ და  გითხრათ, რომ მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი და  დავრჩი. ქუჩაში ვიდექი ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი, სცადეს და დემოკრატიაც, რადგან ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად”. 

თუმცა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ოცნების” ოცნების დრო დასრულდა:  

“ეს არის მცდელობა “ოცნების”, მაგრამ “ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე აღარ მაინტერესებს.  მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო –  როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი თუ  როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას მომავალი გვაჩვენებს”. 

პრეზიდენტის  თქმით, პარლამენტში მივა იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრის დროს:

“პარლამენტშიც მივალ და, სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად. 

მინდა ვურჩიო , ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები –  მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც, ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა. ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.




მასალების გადაბეჭდვის წესი