კომენტარი

15 წელი აგვისტოს ომიდან: საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება

7 აგვისტო, 2023 • 1866
15 წელი აგვისტოს ომიდან: საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება

საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 15 წლისთავს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 15 წლის შემდეგ ურყევი რჩება ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„ჩვენ ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით, რომელმაც აირჩია ევროკავშირის და ნატოს გზა“, — წერს მიშელი.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

„ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, — ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლინტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„დღეს თხუთმეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი მიწის 20% დაიკავა. რუსეთი კვლავ უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე“, — წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.

„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები — აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი — კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარის მიერ. უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და იმეორებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, — ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„15 წლის შემდეგ საქართველო კვლავ ატარებს რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ნაიარევს“, — წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე.

ტალინი აცხადებს, რომ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.

ესტონეთის ელჩი საქართველოში რინა კალიურანდი, თავის მხრივ, დასძენს რომ საქართველო იყო რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი მსხვერპლი 2008 წელს და რუსეთი უნდა შეაჩერონ.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს გამოეხმაურა ესტონეთის პრეზიდენტი კაია კალასიც.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი“, — წერს კალასი.

რუსული ოკუპაცია დაგმო ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს უკრაინა იცავს თავის თავისუფლებას იმავე აგრესორისგან. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან“, — აცახდებს ნაუსედა.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოზე თავდასხმა.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, — ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 15 წლისთავზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს სლოვენიაც. სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„15 წლის წინ რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალ ფაზაში. დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში“, — ნათქვამია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აგვისტოს ომის 15 წლისთავი არის რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის შეხსენება.

ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების მისია ეუთო-ში.

„15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ, ბევრი დევნილია. რუსეთის 2008 წლის თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათთვის, ვინც აგრძელებს ტანჯვას რუსეთის შემოსევების კვალდაკვალ საქართველოსა და უკრაინაში“, — ნათქვამია მისიის განცხადებაში.

„რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია“, — ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი