კომენტარი

ზელენსკი: არასოდეს გავცვლით ერთ სოფელსაც კი რაიმე სტატუსზე

13 ივლისი, 2023 • 1696
ზელენსკი: არასოდეს გავცვლით ერთ სოფელსაც კი რაიმე სტატუსზე

უკრაინის პრეზიდენტმა გამორიცხა რაიმე კომპრომისის შესაძლებლობა უკრაინის ნატოში გაწევრიანების  გამო რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების კონტექსტში და განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს “დათმობს ტერიტორიებს”.

ამ საკითხზე ზელენსკიმ ოთხშაბათს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კერძოდ, “ევროპული პრავდის” ცნობით, ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ იკავებენ თავს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მკაფიო ვადის დასახელებაზე იმ შემთხვევისთვის, რომ გაწევრიანების საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების ობიექტი გახდება:

“დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენსა და შოლცს არ ექნებათ მოღალატეობრივი პოზიცია, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არასოდეს გავცვლით სტატუსს ჩვენს რომელიმე ტერიტორიაზე. თუნდაც ეს იყოს ერთი სოფელი, სადაც ერთი ბაბუა ცხოვრობს.”

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის ეს პოზიცია კარგად იციან პარტნიორებმა:

“ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტზე. ეს არასდროს მოხდება. ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იციან ჩემი პოზიცია”, – დასძინა მან.

ნატოს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, „უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობისთვის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროებას“.

თუმცა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის პირველ დღეს, 11 ივლისს  განაცხადა, უკრაინას ალიანსში მიიწვევენ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება“.

მიწვევასთან დაკავშირებული ფორმულირების გამო ზელენსკიმ თავდაპირველად გააკრიტიკა ალიანსი და “აბსურდული და უპრეცედენტო” ფორმულირება უწოდა, თუმცა უკვე 12 ივნისს განცხადება შეარბილა და თქვა, რომ  კიევი მადლობელია, ნატოში გაწევრიანების გზიდან მაპი რომ ამოიღეს, თუმცა დასძინა, იდეალური“ იქნებოდა, უკრაინა ნატოში რომ მიეწვიათო.

მასალების გადაბეჭდვის წესი