ახალი ამბები

უკრაინას ნატოში მოვიწვევთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება — სტოლტენბერგი

11 ივლისი, 2023 • 961
უკრაინას ნატოში მოვიწვევთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება — სტოლტენბერგი

„შევთანხმდით, რომ უკრაინას ალიანსში მოვიწვევთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება“, — ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის პირველ დღეს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდნენ სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე უკრაინის ნატოსთან დასაახლოებლად:

  • მრავალმხრივი დახმარება უკრაინისთვის, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მშენებლობის და კრიტიკული საჭიროებების შესავსებად.
  • ნატო-უკრაინის საბჭო, სადაც მხარეები თანასწორნი იქნებიან.
  • უკრაინა გახდება ნატოს წევრი წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე.

გარემოებებს შორის, რომელიც ხელს უშლის უკრაინის მოწვევას ახლავე, ნატოს გენერალურმა მდივანმა დაასახელა, ერთი მხრივ, მიმდინარე ომი, მეორე მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების  სფეროებში თავსებადობის საკითხი, კარგი მმართველობისა და კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით გასატარებელი რეფორმები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე გააკრიტიკა ვილნიუსის სამიტის მოსალოდნელი შედეგები უკრაინასთან დაკავშირებით. ზელენსკი საუბრობდა სწორედ იმ ფორმულირებაზე, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა მოგვიანებით პრესკონფერენციაზე გაახმიანა.

„ვილნიუსში, ნატოს სამიტზე უკრაინა იქნება წარმოდგენილი იმიტომ, რომ ეს პატივისცემის ამბავია. მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ გარკვეული ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება. უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა ვადები არ არის განსაზღვრული არც მოწვევისთვის და არც უკრაინის წევრობისთვის. ამავდროულად, უკრაინის მიწვევისთვისაც კი გაურკვეველი ფორმულირება ემატება „პირობების“ შესახებ. როგორც ჩანს, არ არის მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისა და არც გაწევრიანების შესახებ“, — დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა ვილნიუსში, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, ხვალ კი ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი