კომენტარი

მორდორის თვალი კინოცენტრისკენ მოტრიალდა — ნუცა კუხიანიძე

15 ივნისი, 2023 • 4865
მორდორის თვალი კინოცენტრისკენ მოტრიალდა — ნუცა კუხიანიძე

მსახიობი ნუცა კუხიანიძე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას აკრიტიკებს და ამას თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის მოსპობის, ასევე ხელოვნების დაქვემდებარებისა და ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს.

ამის შესახებ კუხიანიძე ნეტგაზეთთან საუბრობს.

“ერთადერთი რეორგანიზაცია რაც შეიძლება კინოცენტრში მომხდარიყო, არის ბიუჯეტის სერიოზული ზრდა და პროცესები, რომლებიც კიდევ უფრო წაახალისებდა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობას და გვერდში დგომას.

იმის შემდეგ, რაც მორდორის [ბნელი სამეფო ტოლკიენის სამყაროში] თვალი კინოცენტრისკენ მოტრიალდა, დაიწყო სფეროს დასუსტება და მიზანმიმართული განადგურება… სფეროსი, რომელიც წლებია, მიუხედავად წარმოუდგენელი სირთულეებისა, ახერხებს ამდენი წარმატების მიღწევას იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებმაც შეძლეს და ახალი ქართული კინო შექმნეს და კვლავაც ქმნიან.

ეს არის არაკომპეტენტური, დავალებების შემსრულებელი, რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების ხელით თავისუფალი სიტყვის და გამოხატულების მოსპობის, ხელოვნების დაქვემდებარების და ცენზურის დაწესების მცდელობა, რისი მომსწრენიც ვართ ყოველდღიურად, ყველა დარგსა და სფეროში.

უკვე გაჩნდა მოსაზრებები, ასეთი კინო უნდა გადავიღოთ თუ ისეთი. მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში. თამაშობენ მათ ნოსტალგიურ შეგრძნებებზე. აღარასოდეს იქნება იმ ფორმის კინო, რომელიც თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ის დრო დამთავრდა, ძველს ვეღარ დააბრუნებ, ხელოვნებას ვერ დააკონსერვებ და გაყინავ. ნუ ჰგონია ხელისუფლებას, რომ შეძლებს თავისუფალი ნების გამოხატვის დახშობას იმ მტკიცებულებების განადგურებით, რომლებიც ადასტურებს, რომ ის არსებობდა, იდეები არ გაქრება, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოლებენ და მას დაიცავენ”, — აცხადებს ნუცა კუხიანიძე.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

გირჩევთ წაიკითხოთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

ფოტო მთავარ გვერდზე © პირველი არხი/”გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”

მასალების გადაბეჭდვის წესი