კომენტარი

დეგნანი ფრენებზე: გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მისასალმებელი ასეთი საჩუქარი სასტიკი აგრესორისგან

15 მაისი, 2023 • 1125
დეგნანი ფრენებზე: გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მისასალმებელი ასეთი საჩუქარი სასტიკი აგრესორისგან

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პუტინმა, რომელიც ელჩის თქმით, უსასყიდლოდ არაფერს აკეთებს, ახლა:

„ჩვენ გვესმის რატომ შეიძლება ქართველები შფოთავდნენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ გაუკეთა პუტინმა ეს საჩუქარი საქართველოს ახლა. ვფიქრობ, ბევრი ქართველი უფრო ბედნიერი იქნებოდა პუტინს რომ რუსული ჯარები გაეყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, უკან წაეღო „აღიარება“ და შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ჟესტი ქართველებისთვის. პუტინი საზღაურის გარეშე არაფერს აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, რატომ აკეთებს ამას იმის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის“ — აცხადებს კელი დეგნანი.

კელი დეგნანს კითხეს, რა შეიცვალა 2019 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ფრენები აკრძალა და დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს აკრიტიკებდნენ ამის გამო და მოუწოდებდნენ გადაეხედა ამ გადაწყვეტილებისთვის.

ელჩი აღნიშნავს, რომ 2019 წლის შემდეგ, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა, მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა დაიწყო. შესაბამისად, ელჩის თქმით, გაუგებარია რატომ უნდა იყოს პუტინის მსგავსი სასტიკი აგრესორისგან ამგვარი ჟესტი მისასალმებელი:

„უსაფრთხოების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრ ასეთ ავიაკომპანიას არ აქვს სათანადო ნაწილებსა და მომსახურებაზე წვდომა, რაც აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კითხვას თუ რა არის სხვაობა 2019 წელთან მიმართებით, მას შემდგომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში და გააჩაღა სასტიკი, სისხლიანი ომი. დახოცა ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო შეჭრა, რომელიც მიმართულია მეზობელი ქვეყნის განადგურებისკენ. ესაა ყველაზე დიდი სხვაობა და მართლაც გაუგებარია რატომ უნდა იყოს მისასალმებელი ასეთი ჟესტი, ასეთი საჩუქარი ისეთი სასტიკი აგრესორისგან, როგორიც რუსეთია“ — აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა დააანონსა, საქართველომ აშშ-სგან ქართული აეროპორტების შესაძლო სანქცირებაზე პირველი გაფრთხილება მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის თქმით, თუკი ქართული აეროპორტები სანქცირებულ ავიახომალდებს მოემსახურებიან, თავადაც სანქცირების რისკის ქვეშ დადგებიან.

საქმე ის არის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ მოსკოვს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, მათი ნაწილი კი სწორედ სამოქალაქო ავიაციის სფეროს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი