კომენტარი

სავიზო რეჟიმის გაუქმება და კრემლის 4 მიზანი – გიორგი კობერიძე

10 მაისი, 2023 • 1091
სავიზო რეჟიმის გაუქმება და კრემლის 4 მიზანი – გიორგი კობერიძე

პოლიტილოგი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება კრემლის სიგნალია, რომ თბილისს მოკავშირედ აღიქვამს და აჯილდოებს.

კობერიძის თქმით, მოსკოვს სურს დასავლეთისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველო რეალურად არაა მათი მოკავშირე და ამასთან ერთად, ცდილობს თბილისი რუსეთზე მაქსიმალურად დამოკიდებული გახადოს.

მისივე აზრით, ევროკავშირის საუკეთესო პასუხი მოსკოვის ამ ნაბიჯზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება უნდა გახდეს.

რუსეთის გადაწყვეტილება, კობერიძის აზრით, მიუთითებს შემდეგზე:

1. პოლიტიკური სიგნალია საქართველოს ხელისუფლებისათვის – მოკავშირედ აღგიქვამ და გაჯილდოებო;

2. პოლიტიკურ-ეკონომიკური სიგნალია – საქართველოს მარგინალურ ხიდად გამოყენება სურთ. გავლენიან პირებს დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისას ერთ-ერთ დერეფნად თუკი კვიპროსი მიაჩნდათ, ახლა საქართველოს გამოყენებასაც არ მოერიდებიან;

3. საერთაშორისო სიგნალია – საქართველო თქვენი (დასავლეთის/უკრაინის) მოკავშირე არ არის და თავს ნუ შეიწუხებთ რუსეთის გავლენის სფეროში ცხვირის ჩაყოფისაგანო;

4. ეკონომიკური სიგნალია – რუსეთი ცდილობს საქართველოს შუა აზიის რესპუბლიკების მსგავსად გადაქცევას – მაქსიმალური ეკონომიკური დამოკიდებულების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტების რუსიფიკაციასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას.

“ახლა, ამის საპასუხოდ ყველაზე კარგი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს, რომელიც შეიძლება არც კი ეკუთვნის ხელისუფლებას, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნის ხალხს. მოტივაციისათვის ამაზე კარგი პოზიტიური სიგნალი არაფერი იქნებოდა“, – მიიჩნევს კობერიძე.


რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა.

აგრეთვე, რუსეთმა გააუქმა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე.

ამ თემაზე იხილეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი