საზოგადოება

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

10 მაისი, 2023 • 1921
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა.

განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებში რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ. თუმცა ვიზა კვლავ იქნება საჭირო სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს წასასვლელად.

რაც შეეხება რუსეთში უვიზოდ გამგზავრებას, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ 180 დღიდან 90 დაყონ.

2022 წლის დეკემბერში მოსკოვში არ გამორიცხავდნენ სავიზო რეჟიმის გაუქმებას, „თუ ამისთვის პირობები დადგება“.


სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით 1999 წელს პირველად რუსული მხარე გამოვიდა. პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერის პოსტს იკავებდა, ეს იმით ახსნა, რომ რუსეთი, ჩეჩნეთის ომის პირობებში, არ აკონტროლებდა საზღვრის ნაწილს და მას „ბოევიკები“ უპრობლემოდ კვეთდნენ. მანვე თქვა, რომ ეს დროებითი ზომა იქნებოდა.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ ზომას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, სავიზო რეჟიმი 2000 წლის ბოლოს დაწესდა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, 2012 წელს გაუქმდა. საქართველოს მოქალაქეებს კი ვიზა რუსეთში წასასვლელად პუტინის ამ გადაწყვეტილებამდე სჭირდებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი