კომენტარი

ხაბეიშვილი უარყოფს, რომ სააკაშვილის ფიზიკური გამოხსნის პირობა დადო

23 მარტი, 2023 • 3005
ხაბეიშვილი უარყოფს, რომ სააკაშვილის ფიზიკური გამოხსნის პირობა დადო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა უარყო თავისივე ნათქვამი, რომლის მიხედვითაც, მზად იქნებოდა, ფიზიკურად გამოეხსნა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, თუ ეს საჭირო გახდებოდა.

დღეს, 23 მარტს, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ამ საკითხზე კითხვის დასმის გამო ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი „ქოცური ნარატივის“ გავრცელებაში დაადანაშაულა.

ჟიჟილაშვილმა მას ჰკითხა:

„ჩვენ ყველას გვახსოვს ცოტა ხნის წინ, როცა თქვენ იყრიდით კენჭს პარტიის თვამჯდომარის პოზიციაზე, ამბობდით, რომ პარტიის მენეჯმენტის ცვლილებით ეს საკითხი გააქტიურდებოდა და სააკაშვილის ფიზიკურ გამოხსნასაც კი აანონსებდით, თუკი ამისი აუცილებლობა იქნებაო. ახერხებთ თუ არა ამ დაპირების შესრულებას? ფიზიკურ გამოხსნაზე არ მაქვს საუბარი. ზოგადად, ამ საკითხში აქტიურობას ისეთ დონეზე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს სხვა გზა, თუ არა სწორი გადაწყვეტილების მიღების“.

ხაბეიშვილს აღნიშნულ კითხვაზე მწვავე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და ჟიჟილაშვილს შემდეგი სიტყვით მიმართა:

„ფიზიკურ გამოხსნასთან დაკავშირებით, უკაცრავად, მაგრამ მე ვთქვი, რომ ფიზიკურად მზად ვართ ბრძოლისთვის-თქო. თუ გინახავთ, ლევან ხაბეიშვილს ოდესმე უკან დაეხიოს, ესეც მომიყევით და ამ ქოცურ ნარატივს ნუ აჰყვებით მართლა. უხერხულია, მუდმივად საუბრობდეთ და კითხვას სვამდეთ იმაზე, რომ თურმე ვიღაც ფიზიკურად გამოიხსნის ვინმეს.“

აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს შორის კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ჟიჟილაშვილმა ხაბეიშვილს უთხრა, რომ „ქოცური ნარატივია“, როცა არასასურველი კითხვის გამო თავს ესხმი ჟურნალისტს. მან პოლიტიკოსს ისიც შეახსენა, რომ ტელეგადაცემები ვერ იქნება უბრალოდ მისი განცხადებების გამტარი და მან უნდა გასცეს კითხვებს პასუხი.


მიმდინარე წლის იანვარში, როცა ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობდა,  ტვ „პირველის“ ეთერში თქვა, რომ უფრო აქტიური იქნებოდა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში. ის ამბობდა, რომ ფიზიკურადაც არ დაიხევდა უკან.

ტვ „პირველის“ ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, „შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“, ხაბეიშვილმა უპასუხა:

„კი, თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ამაზე არ წავალთ. აქ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის ბედზე კი არის საუბარი, საუბარია სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში ოპოზიცია ყოველთვის დამარცხდება „რუტინული არჩევნებით“ და ამიტომ „ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებებია საჭირო რევოლუციურად სწრაფად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი