კომენტარი

„აქედან ნახევარი ნაბიჯია ცენზურამდე“ — თამთა მელაშვილი რუსულ კანონზე

7 მარტი, 2023 • 830
„აქედან ნახევარი ნაბიჯია ცენზურამდე“ — თამთა მელაშვილი რუსულ კანონზე

„ეს კანონპროექტი შეგვეხება ყველას, აბსოლუტურად ყველას“ — ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ფემინისტი მწერალი თამთა მელაშვილი რუსულ კანონპროექტებზე საუბრისას.

„ძალიან გაცოფებული ვარ, ასე არასდროს ვყოფილვარ. რაც თავი მახსოვს და რაც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. ჩვენ ამ ქვეყანას ვაშენებთ 30 წელია, დამოუკიდებელ ქვეყანას. ვშრომობთ, ვსწავლობთ.. ვისაც როგორ შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რათა გვქონდეს ნორმალური აწმყო და კარგი მომავალი,  არა მხოლოდ ჩვენი შვილებისთვის, არამედ ჩვენი და ჩვენი მშობლების თაობებისთვისაც. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დგება საფრთხის ქვეშ იმ ადამიანების მიერ, ვისაც არასდროს არც არაფერი უსწავლია და არც შესაფერისი პროფესიონალიზმი აქვს, ვინც გამდიდრდა და ძალაუფლება მოიპოვა ძალიან საეჭვო მეთოდებით.

თითქოს ისე ჩანს, რომ ეს კანონპროექტები მხოლოდ მედიასა და არასამთავრობოებს მიერთება, მაგრამ სინამდვილეში ყველა ჩვენგანს, ყველა მოქალაქეს, აბსოლუტურად ყველა ჩვენგანს აყენებს საფრთხის ქვეშ, რადგან არ დარჩება სფერო, ვისაც კანონი არ შეეხება. ამის მაგალითია რუსეთი, სადაც კარგად ჩანს, როგორ იმუშავა და რა დღეში ჩააყენა ეს ქვეყანა.

ამ კანონის მიღება ნიშნავს მარადიულ შიშში, ძრწოლაში ცხოვრებას, ნიშნავს, ერთმანეთისგან გათიშვას – არა მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებს გათიშავს, არამედ ადამიანებს. ვიცხოვრებთ უნდობლობაში, დაუსრულებელ კოშმარში, რომლისგანაც თავის დაღწევაც იქნება ძალიან, ძალიან რთული. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. იმიტომ, რომ თუ ეს მოხდება, ჩვენ ყველაზე ცუდად ვიცხოვრებთ, თუკი ოდესმე გვიცხოვრია და აქედან გამოსასვლელი გზა უკვე აღარ იქნება“, — ამბობს მწერალი.

მელაშვილი დასძენს, რომ კანონი მოიტანს იმას, რაც დღეს რუსეთში ხდება — დადუმებულ ხალხს, რომელსაც ნორმალურად ცხოვრების საშუალება წაართვეს:

 „ჩვენ არ გვინდა რუსეთში, არ დავბრუნდებით რუსეთში. რამდენიმე ადამიანის ძალაუფლებისა და პრივილეგიის გამო, რუსულ ფულზე შემჯდარი ადამიანების გამო ეს ქვეყანა არ უნდა დაიღუპოს“.

უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებით მომუშავე ორგანიზაციებზე საუბრისას თამთა მელაშვილი იხსენებს, რომ თავად არაერთხელ მიუღია დახმარება ისეთი ორგანიზაციებისგან, რომელთა დისკრედიტაციასა და შეზღუდვას ხელისუფლება ცდილობს:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რამდნეიმე დღის წინ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ეწერა, რომ ორგანიზაცია ერთ მილიონ ადამიანს დაეხმარა საქართველოში. ამ 1 მილიონში ვიყავი მეც და როდის, იცით? ვარდების რევოლუციამდე, როდესაც სტუდენტმა, ძალიან ჩაგრულმა და მარტოდ მიტოვებულმა, მივაკითხე საქმის გამო. მახსოვს, იქ დამხვდნენ გოგოები, რომლებიც ჩემზე 2-3 წლით უფროსები თუ იქნებოდნენ, და გამიწიეს კონსულტაცია. შეიძლება, ეს შეხვედრა რაღაც დიდი შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ თუნდაც ის ცოდნა, რაც მომცეს, მე ამან ძალიან გამაძლიერა.

2017 წლის 17 მაისის მერე „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT“ იყო პირველი, რომელმაც ჩვენ – მსხვერპლებს, ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაგვიწია და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდებოდა უფასოდ. იმ მომენტში ამ ადამიანების კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო — მომაცოცხლეს და გამომიყვანეს მდგომარეობიდან.

ამასთანავე, ქალთა ორგანიზაციაც, რომელმაც მე განათლებაც მომცა, მეგობრებიც, თანამოაზრეებიც შემძინა — ამას აღარ ჩამოვთვლი. მეც ვარ ერთ-ერთი ბევრ მოქალაქეს შორის, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია გვერდში დასდგომია. მეტიც, სხვების მსგავსად, ამ ორგანიზაციებს ხშირად ის დახმარება და ის მხარდაჭერა გაუწევიათ ჩემთვის, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და არასდროს არ აკეთებდა. სხვა ყველაფერთან ერთად, ამიტომ მეც ძალიან მტკივა და მეც ძალიან მეხება ეს ყველაფერი“, — ამბობს თამთა მელაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამით არ დაკმაყოფილდება და რეპრესიულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს და შეეხება მას, როგორც ავტორს.

„აქედან ნახევარი ნაბიჯიც კი არ არის ცენზურამდე. არ ვიცი, მკითხველისთვის ქართველი ავტორები რამდენად ძვირფასები ვართ და იმედია, ვიღაცებისთვის ვართ მნიშვნელოვანი. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც დავწერეთ, იმასაც ვეღარ წაიკითხავენ და რაც მომავალში შესაქმნელი გვაქვს, ის უბრალოდ აღარ შეიქმნება. ეს ნიშნავს ჩაკეტილ ბნელ სივრცეში ცხოვრებას, რომელსაც არავინ, არცერთი ჩვენგანი არ იმსახურებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვშრომობდით, ვსწავლობთ ამ ქვეყნისთვის და გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, ამ კარგ ქვეყანაში ცხოვრება“, — ამბობს მელაშვილი.

ინტერვიუს ბოლოს თამთა მელაშვილის ვკითხეთ, რას ეტყოდა იმ დეპუტატებს, ვინც კანონპროექტს ხმას მისცემენ. მან გვიპასუხა, რომ ისურვებდა, „ოცნების“ რიგებშიც გამოჩენილიყო 2-3 ადამიანი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მართალი იქნებოდა თავის სინდისთან  და საქართველოს მოსახლეობასთან.

„ვინც ამ კანონს მისცემს ხმას, ის არის ერთმნიშვნელოვნად მოღალატე და მე მჯერა, რომ ისტორია მაინც მიუჩენს თავის ადგილს“, — აცხადებს თამთა მელაშვილი.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხება.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. მეტიც ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი